რადიო თავისუფლების, უფრო სწორედ, როგორც მაშინ ჩვენს რადიოსადგურს ერქვა, „განთავისუფლების“ პირველი ქართული გამოშვება 66 წლის წინ, 1953 წლის 3 მარტს, მიუნხენიდან გავიდა ეთერში.
რადიოსადგური მოკლე ტალღებზე მაუწყებლობდა და საბჭოთა საქართველოს ქართულ ენაზე მოუთხრობდა ამბებს. უფრო ხშირად ისეთ ამბებს, რომლის გაგებაც, კომუნისტური რეჟიმის პირობებში, სხვა მედიით შეუძლებელი იყო.
რადიოს შენობა მიუნხენის ერთ-ერთ ყველაზე მშვენიერ ადგილას, ინგლისურ ბაღში იდგა და როგორც რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი თანამშრომელი, ბიძინა რამიშვილი იხსენებს, მისი ჟურნალისტები „ამ ძალიან რომანტიკულ გარემოში ძალიან არარომანტიკულ საქმეს ეწეოდნენ“.
რადიოს გარშემო საცხოვრებელი კორპუსები ერტყა, საიდანაც, თურმე მათ მუშაობას „კაგებეს“ თანამშრომლები მუდმივად აკონტროლებდნენ.
ბიძინა რადიოში სამუშაოდ 1991 წელს, 32 წლის ასაკში მივიდა. იქ მაშინ ასე ახალგაზრდა არავინ მუშაობდა. სწორედ იმ დროიდან დაიწყო რადიოში თაობების ცვლილება. ბიძინას შემდეგ რადიოს დავით კაკაბაძე და მანანა ალიბეგაშვილი შეემატნენ.
რადიოს ქართული სამსახურის დირექტორი გულნარა პატარიძე იყო, როგორც ბიძინა რამიშვილი ამბობს, მისთვის პირველი შთაბეჭდილება და „ამ რადიოს სავიზიტო ბარათიც“:
„ის იყო ძველი თაობის, 20-იანი წლების ქართული ემიგრაციის შთამომავალი, პარიზში დაბადებული ქალი, რომელიც თავის პიროვნებაში აკავშირებდა საქართველოს და ევროპას“.
მაშინდელ თავისუფლებაში მუშაობდნენ ნოდარ ერისთავი, ლიკა წულუკიძე, კობა მელიქიშვილი, ნუგზარ შარია, იაკობ კრიხელი... ჯანრი კაშია თავიდან პარიზის კორესპონდენტი იყო. რამდენიმე წლის შემდეგ ისევ მიუნხენში დაბრუნდა.
„მე რომ მივედი, იქ სულ სხვა საქართველოს და ქართველების გარემო დამხვდა. ეს იყო ხალხი, ვინც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, საბჭოთა კავშირიდან გაქცევის შემდეგ, საქართველოში ნამყოფიც კი არ იყო... და მიუხედავად მათი ინფორმირებულობისა, მათი შეკითხვების მიხედვით ვხვდებოდი, რომ ძალიან ბევრი რამ არ იცოდნენ და არ ესმოდათ, რა ხდებოდა მაშინ საქართველოში“, - იხსენებს ბიძინა რამიშვილი.
რადიო თავისუფლება მუდმივად ასწორებდა იმ ინფორმაციას, რაც საბჭოთა კავშირის ქვეყნების მედიის საშუალებით გადაიცემოდა. მაგალითად, გადაშლიდნენ ხოლმე გაზეთ „პრავდას“ და იწყებოდა დისკუსია, რომ სინამდვილეში ეს ასე კი არა, სხვაგვარად იყო.
ბიძინა რამიშვილის მისვლის პერიოდში კომუნისტური რეჟიმი აღარ არსებობდა. საბჭოთა კავშირიც დაიშალა, თუმცა ინფორმაციის შემოწმება და ასე გავრცელება, როგორც ბიძინა ამბობს, მაშინაც აქტუალური იყო და დღემდე ასეა რადიო თავისუფლებისთვის.
რადიო თავისუფლების ქართულმა სამსახურმა არაერთი უნიკალური აუდიო ჩანაწერი შემოიანახა. მათ შორის, საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ინტერვიუც, რომელიც 1968 წლის მაისშია ჩაწერილი, გენერლის გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე. მაშინ გენერალი კვინიტაძე 95 წლის იყო. მასთან საუბარს ქართული სამსახურის მაშინდელი დირექტორი, კარლო ინასარიძე უძღვება.
ცნობილი რუსთველოლოგის, ვიქტორ ნოზაძის ინტერვიუ კი 1966 წლის ნოემბერშია ჩაწერილი. წამყვანი მის წარდგენას ასე იწყებს:
„პატივცემული თანამემამულენო, როგორც ვიტყოვინებოდით, პარიზში, მიმდინარე წლის 20 ნოემბერს ჩატარდა დიდი საზეიმო სხდომა, რომელიც მიძღვნილი იყო შოთა რუსთაველის დაბადების 800 წლისთავისადმი. ეს სხდომა მოაწყო ქართულმა სათვისტომომ საფრანგეთში და ქართველ ჟურნალისტთა კავშირმა პარიზში. მთავარი მომხსენებელი ამ საზეიმო სხდომაზე იყო აქ საქართველოში კარგად ცნობილი რუსთველოლოგი, დოქტორი ვიქტორ ნოზაძე. დოქტორი ვიქტორ ნოზაძე ახლა არის ჩვენთან ერთად სტუდიაში. ჩვენ გვსურს მას რამდენიმე შეკითხვა დავუსვათ. მან თანხმობა განაცხადა თავისი აზრი გამოთქვას არა მარტო ამ საზეიმო სხდომის შესახებ, არამედ მისი შრომისა და მოღვაწეობის შესახებ“...
ყველაზე ძველი, 1954 წლის ჩანაწერი კი ქართველი მწერლის, გრიგოლ რობაქიძის ხმას ინახავს. ამ ჩანაწერში რობაქიძე ქართველ ახალგაზრდებს მიმართავს.
„დღეს შეიძლება გაიგოთ ხოლმე, რა საჭიროა ეს რადიო, როცა კომუნიზმი აღარ არსებობსო. ცხადია, დღეს ამის თქმა საქმეში ჩაუხედაობას ნიშნავს, რადგან რადიო თავიუფლება დღეს სრულიად სხვა ორგანიზაციაა, რომლის მიზანი არც პროპაგანდა და არც ანტიპროპაგანდა - მისი საქმე მაქსიმალურად ობიექტური ინფორმაციის გავრცელებაა“, - გვითხრა ბიძინა რამიშვილმა.