Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა შეუძლია უკრაინულ „ოლჰას“?


„ოლჰას“ გამოცდა, 2018 წელი.
„ოლჰას“ გამოცდა, 2018 წელი.

კიევში სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ იმაზე, რომ უკრაინა უფრო საკუთარი იარაღის იმედად უნდა იყოს, ვიდრე დასავლელი პარტნიორების. სამამულო წარმოების იარაღებიდან, რომელიც ბრძოლებში გამოიყენება (მათ შორის რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის) არის - ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „ოლჰა“.

ბოლო კვირას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამამულო იარაღი რამდენჯერმე ახსენა. „ყველაფერი, რაც საჭიროა რუსეთის ნებისმიერი ფორმის აგრესიისგან თავის დასაცავად, უკრაინამ ან თავად უნდა აწარმოოს, ან პარტნიორებთან ერთად“, - თქვა ზელენსკიმ 26 დეკემბერს. „მთავარია, ჩვენი მებრძოლები უზრუნველყოფილნი იყვნენ შეიარაღებითა და სამხედრო ტექნიკით. უწყვეტი მომარაგება, უწყვეტი წარმოება, საკუთარი წარმოების ზრდის ტენდენციით, იქნება ეს ჭურვები თუ ტექნიკა - უკრაინაში თუ პარტნიორებთან ერთად... მტერმა ეს უნდა იგრძნოს - უკრაინული იარაღის ნამდვილი ძალა. ეს უკვე იგრძნობა კიდეც. ბევრი ზუსტი რამ გაკეთდა უკრაინული იარაღით. ოკუპანტებს სულ უფრო ნაკლებად აქვთ მშვიდი ღამეები“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა 6 იანვრის ვიდეომიმართვისას.

უკრაინის ჯარი სამამულო წარმოების იარაღს წარმატებით იყენებს. ეს არის როგორც ჯავშანტექნიკა, მაგალითად, ჯავშნიანი ავტომობილი „კოზაკი“, ასევე ცეცხლსასროლი მცირე იარაღი, რამდენიმე სახის უპილოტო აპარატი და ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსი „სტუგნა“, რომელიც ბევრი ექსპერტის აზრით, ძალიან კარგია. ასევე საკმაოდ ცნობილი გახდა უკრაინული სარაკეტო კომპლექსი „ნეპტუნი“. ვარაუდობენ, რომ ხომალდი „მოსკვა“ მისი საშუალებით ჩაძირეს. ბოლო პერიოდში „ნეპტუნი“ რეგულარულად გამოიყენება ანექსირებულ ყირიმზე თავდასხმისთვის (ამაზე რუსი სამხედროები ლაპარაკობენ).

უკრაინული რაკეტების, სხვა მონაცემებით, რეაქტიული ჭურვების, კიდევ ერთი ტიპი, რომელსაც ამ ბოლო დროს ხშირად ახსენებენ, არის „ოლჰა“. 2023 წლის 30 დეკემბერს ბელგოროდის დაბომბვის დროს ეს რაკეტებიც გამოიყენეს.

მანძილი ბელგოროდსა და უკრაინის იმ უახლოეს წერტილს შორის, საიდანაც თეორიულად შესაძლოა რაკეტა გაისროლო, 40 კილომეტრზე ნაკლებია. ეს მანძილი უბრალო ჰაუბიცის ჭურვმაც შეიძლება დაფაროს. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთის ქალაქს თანამედროვე უკრაინული რაკეტებით დაარტყეს.

„ოლჰას“ უკრაინელები მანამდეც იყენებდნენ. თუმცა, მის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. ინფორმაციის ღია წყაროებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ „ოლჰას“ აწყობა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიიდან მალევე დაიწყეს. შორ მანძილზე მართული რაკეტებიდან იმ დროს უკრაინას მხოლოდ მოძველებული „ტოჩკა-უ“ ჰქონდა. ალტერნატიული იარაღის შექმნა ჯერ კიდევ 1994 წელს სურდათ. 2010-იანი წლებიდან დნეპრის საკონსტრუქტორო ბიურო „იუჟნოე“ აქტიურად მუშაობდა კომპლექტ „საპსანის“ შესაქმნელად. პროექტი თანხების არაეფექტიანი ხარჯვის გამო შეჩერდა. მაგრამ ზოგიერთი მონაცემებით, ამ პროექტის შთაგონებით შეიქმნა „ოლჰა“. მისი გაკეთება უკვე სხვა ბიუროს, კიევის „ლუჩს“ მიანდეს.

ოფიციალურად „ოლჰაზე“ მუშაობის შესახებ პირველად 2016 წელს უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა. ამავე წლის მარტში რაკეტა პირველად გამოცადეს. 2018 წელს მას უკვე მასობრივად აწარმოებდნენ. 2019 წელს უკრაინის ჯარმა „ოლჰას“ პირველი 100 რაკეტა მიიღო, 2020-ში - კიდევ 28.

პეტრო პოროშენკო პოლიგონზე „ოლჰას“ გამოცდისას, 2018 წელი.
პეტრო პოროშენკო პოლიგონზე „ოლჰას“ გამოცდისას, 2018 წელი.

ფინანსური პრობლემების გამო, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის დროს უკრაინას „ოლჰას“ დიდი მარაგი არ ჰქონდა, მხოლოდ ასეულობით ცალი.

„ოლჰას“ ფესვები საბჭოთა რეაქტიულ ზალპურ სისტემაშია („სმერჩ“), რომელიც თავიდანვე უმართავი რეაქტიული ჭურვების სასროლად გააკეთეს. მისი თანამედროვე რუსული ანალოგი არის „ტორნადო-ც“, რომელიც იმავე „სმერჩის“ ბაზაზე შეიქმნა: ამ სარაკეტო სისტემისა და მოდერნიზებული „ოლჰას“ მანძილი და სიზუსტე ერთმანეთს თითქმის ემთხვევა.

სხვადასხვა წყარო „ოლჰას“ უწოდებს როგორც სარაკეტო კომპლექსს, ასევე ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას, მაგრამ ეს მხოლოდ განსაზღვრებაა.

„ეს ტერმინოლოგია მაშინ ჩამოყალიბდა, როდესაც მართვადი ჭურვის შექმნა ტექნიკურად შეუძლებელი იყო მართვის სისტემის სიდიდისა და მოუქნელობის გამო. ამ დროს უმართავი რაკეტა და რეაქტიული ჭურვი სინონიმები ხდებოდა. შეიძლება ითქვას, რომ სისტემებმა, რომლებიც თავიდან შეიქმნა როგორც ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, მაგალითად, „ტორნადო-ც“, თანდათანობით ევოლუცია განიცადა და რეაქტიულ კომპლექსებად იქცა. მაგრამ რუსული ნომენკლატურა მათ ისევ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას უწოდებს“, - განუმარტა რადიო თავისუფლებას დამოუკიდებელმა ანალიტიკურმა ჯგუფმა (Conflict Intelligence Team).

„ოლჰას“ გამშვებ პუნქტს რაკეტებისთვის 12 მიმართულება აქვს. თითოეული რაკეტა 900-1000 კილოგრამს იწონის, მიფრინავს 70-130 კილომეტრზე, მოდიფიკაციის მიხედვით.

„ოლჰას“ მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ამ სისტემის რაკეტებისთვის ატიპური მართვის საშუალებაა. რაკეტის მართვა შეიძლება როგორც ტრაექტორიის საწყის, ისე საბოლოო მონაკვეთზე. საბოლოო მონაკვეთზე რაკეტის მართვას აეროდინამიკური საჭე უზრუნველყოფს, საწყის მონაკვეთზე კი სარტყელი, რომელიც 90 იმპულსური, გაზოდინამიკური ძრავისგან შედგება და „ოლჰას“ წინა ნაწილში მდებარეობს.

სარაკეტო ტექნოლოგიების ექსპერტი ფაბიან ჰოფმანი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ეს იმპულსური ძრავები ფრენის საწყის ეტაპზე რაკეტის სტაბილიზებას უზრუნველყოფენ და საჭირო მიმართულებას ანიჭებენ. საშუალებას არ აძლევენ, სიჩქარის აკრეფისას კურსს გადაუხვიოს.

ჰოფმანი მიიჩნევს, რომ ასეთი სისტემა სიზუსტის მაღალ ალბათობას არა, მაგრამ მიმართულების კორექტირების იმაზე სწრაფ საშუალებას იძლევა, ვიდრე ეს აეროდინამიკური საჭის მეშვეობით შეიძლება მოხდეს. სწორედ ამიტომაც იყენებენ მართვის ამ ტიპს ზოგ ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტაში, მაგალითად, „პატრიოტში“.

„უკრაინული ჯარი ბოლოს და ბოლოს მიიღებს მაღალი სიზუსტის იარაღს, რომელიც ჯარის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად აამაღლებს. ეს იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ „ოლჰა“ მთლიანად უკრაინული კომპონენტებისგან აეწყო. არავის შეუძლია მაღალი სიზუსტის იარაღის წარმოებაში ხელი შეგვიშალოს. ერთ კონკრეტულ რიცხვს ვიტყვი: რაკეტა „ოლჰა“ ათჯერ უფრო ზუსტი და ეფექტიანია ძველ სისტემებთან შედარებით, რომლებიც შეიარაღებაში ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან ჰქონდათ“, - განაცხადა პეტრო პოროშენკომ 2018 წელს, „ოლჰას“ გამოსაცდელი გასროლის შემდეგ.

„სმერჩის“ გასროლა სწავლების დროს ბელარუსში, 2011 წელი.
„სმერჩის“ გასროლა სწავლების დროს ბელარუსში, 2011 წელი.

„ოლჰას“ მართვის ორი სისტემა აქვს - ინერციული და თანამგზავრული (GPS-ზე დაყრდნობით). ფაბიან ჰოფმანის სიტყვებით, ეს თანამედროვე რაკეტების უმრავლესობისთვის სტანდარტული მოწყობილობაა. მას იყენებს როგორც საბჭოთა-რუსული რაკეტა „ისკანდერი“, ასევე რუსული „ტორნადო-ც“, ამერიკული GMLRS-ი და ATACMS-. ამასთან, ჰოფმანი უშვებს, რომ დღეს „ოლჰა“ სიზუსტით GMLRS-ს ჩამოუვარდება. თუმცა, არ გამორიცხავს, რომ მისი მაჩვენებლები მომავალში გაუმჯობესდეს.

ფაბიან ჰოფმანი აღნიშნავს, რომ „ოლჰა“, სავარაუდოდ, რთული და ძვირი ასაწყობია, განსაკუთრებით, მისი სარტყლის გამო (უკრაინული „ფორბსის“ გაანგარიშებით, ერთი „ოლჰა-მ“-ის ღირებულება 300-500 დოლარია, 2-3-ჯერ უფრო ძვირი, მაგალითად, იმავე GLMRS-ზე).

„ყველაზე რთული მრავალი კომპონენტის ერთ სისტემად აწყობაა. უკრაინას შეუძლია რაკეტის ყველა კომპონენტი აწარმოოს, შესაძლოა ყოველთვის იდეალური ხარისხის არა, მაგრამ მათი შეერთება და ამუშავება კიდევ სხვა საკითხია“, - ამბობს ჰოფმანი.

ექსპერტის აზრით, მასშტაბური სარაკეტო წარმოების გამართვას უკრაინა დასავლელი პარტნიორების ტექნიკური დახმარებით თუ მოახერხებს. ევროპის ქვეყნებთან ერთად იარაღის წარმოებაზე პრეზიდენტი ზელენსკი რამდენიმე დღის წინ ლაპარაკობდა.

კიდევ ერთი პრობლემა რუსული სარაკეტო შეტევებია. როგორც ჩანს, ერთ-ერთი სამიზნე არის კიევის ქარხანა „არტემი“, სადაც „ოლჰასთვის“ კორპუსებს აკეთებენ. ასევე სამიზნეა იქვე მდებარე „ლუჩი“, სადაც ამ რაკეტებს აპროექტებენ.

XS
SM
MD
LG