Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დაასანქცირეთ“ - რა შეეხო „ქართული ოცნების“ ლიდერებს და რა შეიძლება ელოდებოდეთ წინ


„სანქცია! სანქცია!“ - ყვიროდნენ მომიტინგეები, 12 დეკემბერს, როცა მათ, რუსთაველის გამზირზე ევროპარლამენტარების დელეგაცია შეუერთდა. ფოტო გადაღებულია 2024 წლის 9 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე.
„სანქცია! სანქცია!“ - ყვიროდნენ მომიტინგეები, 12 დეკემბერს, როცა მათ, რუსთაველის გამზირზე ევროპარლამენტარების დელეგაცია შეუერთდა. ფოტო გადაღებულია 2024 წლის 9 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე.

ევროკავშირის მომხრეთა მასშტაბური პროტესტის პარალელურად, სულ უფრო იზრდება მოლოდინი, რომ ევროკავშირი და ამერიკა მწვავე განცხადებებს გასცდებიან და „ქართული ოცნების“ ლიდერებს ქმედით სანქციებს დაუწესებენ.

12 დეკემბერს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ სავიზო შეზღუდვებს უწესებს საქართველოს 20-მდე მოქალაქეს, მათ შორის - „ოცნების“ მაღალჩინოსნებს.

„სანქცია! სანქცია!“ - ყვიროდნენ მომიტინგეები, 12 დეკემბერს, როცა მათ, რუსთაველის გამზირზე ევროპარლამენტარების დელეგაცია შეუერთდა. მანამდე, ევროპელმა დეპუტატებმა ჟურნალისტების შეკითხვების საპასუხოდ თქვეს, რომ სანქციები უკიდურესი ზომაა და დაწესდება საჭირო დროს.

ევროკავშირის შემთხვევაში უახლოესი თარიღი 16 დეკემბერია, როცა წევრი ქვეყნების მინისტრები საქართველოზე იმსჯელებენ და, დიდი ალბათობით, გადაწყვეტილებას იმავე დღეს მიიღებენ.

აშშ-ის სავიზო შეზღუდვები, დაგეგმილი სანქციები

სახელმწიფო დეპარტამენტის სავიზო შეზღუდვების ახალი პაკეტი შეეხოთ მინისტრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავ უწყებებს და უსაფრთხოების სამსახურის თანამდებობის პირებსა და კერძო მოქალაქეებს - დემოკრატიის ძირის გამოთხრისთვის. მათი გვარები, როგორც ადრე, არც ამჯერად დასახელებულა.

სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ზურგი აქცია საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, რომელსაც ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილი უჭერს მხარს და ქვეყნის კონსტიტუციით არის დაცული.

"ჩვენი დღევანდელი ქმედებები აჩვენებს ამერიკის გადაწყვეტილებას და ემატება აქამდე გამოცხადებულ ნაბიჯებს, რომლებიც შეეხო „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ 100-ზე მეტ პირს და მათი ოჯახის წევრებს", - წერია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 12 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

აშშ-ის საგარეო უწყება ასევე აცხადებს ასევე, რომ სამომავლოდ ამზადებს დამატებით ქმედებებს, მათ შორის სანქციებს“.

5 დეკემბერს, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ საქართველოში პასუხს აგებს ყველა, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს. სახელმწიფო მდივანმა დაგმო სასტიკი და გაუმართლებელი ძალადობა საქართველოს მოქალაქეების, მომიტინგეების, მედიის წევრებისა და ოპოზიციის მიმართ.

ამერიკელი კანონმდებლები, ორპარტიული შემადგენლობით, სენატიდან თუ წარმომადგენელთა პალატიდან, მუდმივად მოუწოდებენ აშშ-ის ლიდერებს, სწრაფად დააწესონ სანქციები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ.

„იმედგაცრუებული ვარ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ არავითარი საზღაური არ გადაიხადა თავისი მოქმედებების გამო, როცა ის ხელყოფს ხალხის ნებას და იყენებს პუტინის ავტორიტარულ სტრატეგიას.

მოვიდა დრო, ადმინისტრაციამ დასაჯოს ძალადობასა და ადამიანის უფლებათა დარღვევაში დამნაშავეები“, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, დემოკრატმა ჯინ შაჰინმა, 12 დეკემბერს, სენატში გამოსვლისას.

მან გაიხსენა საქართველოს სამხედრო კონტინგენტის მონაწილეობა სამშვიდობო ოპერაციებში, ამერიკელი სამხედროების მხარდამხარ და თქვა, რომ საქართველოს ხალხი ყოველთვის მხარში ედგა აშშ-ს და ახლა აშშ-ის მხარდაჭერის ჯერია.

ამერიკელი კანონმდებლები, ორპარტიულ რეჟიმში, უკვე დიდი ხანია ითხოვენ პერსონალური სანქციების დაწესებას „ქართული ოცნების“ ლიდერებისთვის და მათ შორის - ბიძინა ივანიშვილისთვის.

კორნელი კაკაჩია - „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ (GIP) ხელმძღვანელი
კორნელი კაკაჩია - „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ (GIP) ხელმძღვანელი

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ (GIP) ხელმძღვანელს, პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას ეჭვი ეპარება, რომ ცალკეული პირებისთვის დაწესებული სავიზო შეზღუდვები შეაჩერებს „ქართული ოცნების“ მკაფიო ანტიდემოკრატიულ პოლიტიკას. მისი შეფასებით, პროცესი შეუქცევადი ხდება, დასავლეთი კი ჯერ ისევ იკავებს თავს სანქციებისგან და მათ შორის - ამერიკის შეერთებული შტატებიც, პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე.

„ამერიკამ უნდა მისცეს ტონი [სხვა ქვეყნებს], ყველა ამას ელოდება. აშშ-ში უფრო იოლია გადაწყვეტილებების მიღება, ვიდრე ევროკავშირში [სადაც კონსენსუსია საჭირო] და მერე, ამერიკას, როგორც წესი, მიჰყვება ხოლმე ევროკავშირიც“, - ეუბნება კორნელი კაკაჩია რადიო თავისუფლებას და ვარაუდობს, რომ მკაცრი ინდივიდუალური სანქციების დაწესება დამოკიდებული იქნება საქართველოში შემდგომ დღეებში განვითარებულ მოვლენებზე - რამდენად გამწვავდება სიტუაცია.

კაკაჩიას, სამსახურებრივად, კავშირი აქვს საერთაშორისო საექსპერტო წრეებთან, სადაც, მისი თქმით, კვლავ გაურკვევლობაა - საქართველოს მომავალს მკაფიოდ ვერ ხედავენ და „ზოგმა უკვე გამოიგლოვა კიდეც საქართველო, დასავლეთის ორბიტიდან რეალური გასვლის გამო“.

12 დეკემბერს აშშ-ის მიერ დაწესებულ სავიზო შეზღუდვებს არასერიოზულად თვლიან „ქართულ ოცნებაში“. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 13 დეკემბერს ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ-ის წარმავალი ადმინისტრაცია დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე ვითარების გაფუჭებას ცდილობს.

„უპირველეს ყოვლისა, ეს არის ადმინისტრაცია, რომელმაც არჩევნები წააგო. მათი მანდატი იწურება და ამის მიუხედავად, ამერიკელი ხალხის სახელით ურთიერთობას აფუჭებენ მნიშვნელოვან პარტნიორთან, როგორიც არის საქართველო და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დამაფიქრებელია“, - პაპუაშვილმა ბაიდენის ადმინისტრაციის ქმედებებს „გაუგებარი და აზრს მოკლებული“ უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი ზომები მათ არ დაუწესებიათ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის.

„ქართველ ხალხს დონალდ ტრამპის სახით მეგობარი ჰყავს“, - დაწერა 8 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში, აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან პარიზში არაოფიციალური შეხვედრის შემდეგ. 10 დეკემბერს კი ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს შეხვედრა იყო „ხანმოკლე, მაგრამ შინაარსიანი“.

სექტემბერში, აშშ-მა, დემოკრატიის ძირის გამოთხრისთვის, დამატებითი სავიზო შეზღუდვები დაუწესა, ათეულობით პირს და მათ შორის - „ქართული ოცნების“ ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენელსა და მათ ოჯახებს.

ამავე პერიოდში სანქციები დაუწესა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ზვიად ხარაზიშვილს, მის ერთ-ერთ მოადგილეს, მილერი ლაგაზაურს და ასევე - ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი „ალტ-ინფოს“ ლიდერებს, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს.

ევროკავშირში ემზადებიან

„ევროკავშირი განიხილავს დამატებით ზომებს“, - განაცხადა 10 დეკემბერს ევროკომისიამ. ევროკომისიის სპიკერის განცხადების ტექსტში მიზეზებად მითითებულია - „მუდმივი დემოკრატიული უკუსვლა“ და ხელისუფლების „რეპრესიული ზომები“ ქართველი ხალხის წინააღმდეგ.

„აუცილებელია სწრაფი საერთაშორისო ქმედება, რათა შეჩერდეს ბრუტალური ძალადობა ქართველი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ. დაუსჯელობას წერტილი უნდა დაესვას, ხოლო დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ. დანია პარტნიორებთან ერთად კონკრეტულ ზომებზე მუშაობს“, - წერია განცხადებაში, რომელიც ევროკავშირის წევრი დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 12 დეკემბერს X-ზე გამოაქვეყნა.

ამ ეტაპზე, ყველაზე რეალისტურ ზომად უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ნაწილობრივი ამოქმედება გამოიყურება, რადგან ამ გადაწყვეტილებას კონსენსუსი არ სჭირდება.

წინასწარი ინფორმაციით, შეზღუდვა შეეხება მათ, ვისაც დიპლომატიური პასპორტები აქვთ - უმაღლესი და მაღალი თანამდებობის პირებს და ზოგ შემთხვევაში - მათ მეუღლეებს.

თუმცა შესაძლოა დიპლომატიური პასპორტების შეზღუდვა მხოლოდ სიმბოლურ ზომად დარჩეს, რადგან თანამდებობის პირები საქართველოს მოქალაქის საზღვარგარეთის პასპორტებითაც სარგებლობენ.

„თუ ეს პირები მაინც შეძლებენ შევიდნენ ევროკავშირის და შენგენის ზონის ქვეყნებში, ევროკავშირის რეპუტაციის გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია. ეს გადაწყვეტილება ცალსახად ძალიან საჭიროა [დიპლომატიური პასპორტების შეზღუდვა], მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულმა პირებმა ამ სანქციების თავიდან აცილება ვერ მოახერხონ. თუ მოხდება ასეთი ფაქტები და ინფორმაცია გავრცელდება, მაშინ ყველაფერს უკუეფექტი ექნება“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე.

ვანო ჩხიკვაძე - "სამოქალაქო საზოგადოების ფონდი"
ვანო ჩხიკვაძე - "სამოქალაქო საზოგადოების ფონდი"

„საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, განიხილება უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედება - გარკვეული კატეგორიის პირებთან დაკავშირებით“, - წერია „უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის“ რიგით მე-7 ანგარიშში, რომელიც ევროკომისიამ 6 დეკემბერს გამოაქვეყნა.

ამ ეტაპზე არავინ მოელის, რომ ევროკავშირი „ქართული ოცნების“ ლიდერებისათვის ინდივიდუალური სანქციების დაწესებას შეძლებს, რადგან ამ გადაწყვეტილებას ყველა წევრის თანხმობა სჭირდება, „ოცნების“ მეგობარმა უნგრეთის ხელისუფლებამ კი უკვე განაცხადა, რომ ასეთ ინიციატივას ვეტოს დაადებს.

შესაძლებელია თუ არა, რომ ინდივიდუალური სანქციები ცალკეულმა ქვეყნებმა დააწესონ, როგორც ეს ახლახან ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა გააკეთეს?

„თეორიულად არსებობს შესაძლებლობა, რომ ინდივიდუალური სანქციების შესახებ გადაწყვეტილებები ეროვნულ დონეზე მიიღონ და აამოქმედონ, მაგრამ ევროკავშირი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ცდილობს, რომ საგარეო პოლიტიკა და მიდგომები ჰქონდეს ერთიანი. იმავე ბალტიის ქვეყნების გადაწყვეტილებას არცთუ დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ევროკავშირის შიგნით. ამიტომ შესაძლოა ცალკეულ ქვეყნებს ჰქონდეთ ასეთი ნაბიჯის გადადგმის სურვილი, მაგრამ ეს არ გააკეთონ“, - ეუბნება ვანო ჩხიკვაძე რადიო თავისუფლებას.

10 დეკემბერს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ახლა დასავლელი პარტნიორების მოქმედების დროა, „ყველამ უნდა მოახდინოს რეაგირება“ და „დიდ განცხადებებს“ უნდა მოჰყვეს „მთავარი გადაწყვეტილებები, რომლებიც ნამდვილად ახდენს გავლენას ქვეყნის მომავალზე და ჩვენი მოსახლეობის შემართებაზე“. პრეზიდენტის თქმით, სწორედ დღეს წყდება არა მხოლოდ საქართველოსა და ვრცელი რეგიონის მომავალი, არამედ „ევროკავშირის პოლიტიკისა და მის მიმართ ნდობის მომავალი“.

12 დეკემბერს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ევროპარლამენტარების დელეგაცია მიიღო, რომლებიც, დემოკრატიისთვის ბრძოლაში სოლიდარობის ნიშნად, ასევე შეხვდნენ არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებს.

„თუ არის საჭიროება და ჩვენ ვფიქრობთ, რომ არსებობს გარკვეული მიზნობრივი სანქციების აუცილებლობა, მაშინ ევროკავშირმა ან ცალკეულმა ქვეყნებმა სანქციები უნდა დააწესონ, მაგალითად, მათ წინააღმდეგ, ვინც ქართველი ხალხის თავისუფალი ხმისა და დემოკრატიული ხმის ჩახშობაში მონაწილეობს…

ადამიანის უფლებების დამრღვევთა წინააღმდეგ სანქციების მთელი რეჟიმი გვაქვს და თუ ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოშიც ამ ეტაპზე ვართ, მაშინ მსგავსი რეჟიმის ამოქმედება შეიძლება“, - უპასუხა სანქციებთან დაკავშირებით მედიის მიერ დასმულ შეკითხვას გერმანელმა ევროპარლამენტარმა, სერგეი ლაგოდინსკიმ. ევროპარლამენტს სანქციების დაწესება არაერთი რეზოლუციით აქვს მოთხოვნილი.

ვინ იქნება გამწევი ძალა ევროკავშირში?

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, 11 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დაურეკა, ბევრი მოელის, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ყველაზე აქტიურ და ქმედით ნაბიჯებს სწორედ საფრანგეთი გადადგამს.

ეკა სირაძე - საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში
ეკა სირაძე - საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში

საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, ეკა სირაძე ჩვენთან საუბრისას ყურადღებას ამახვილებს ელისეს სასახლის მიერ 11 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაზე, სადაც დიპლომატი ხედავს საფრანგეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას - იკისროს ლიდერის როლი.

„მან თქვა: ჩვენ თქვენ გაკვირდებით და გიყურებთ, ძალიან დასანანია, რომ ევროპულ გზას აცდით და მე ვარ გარანტორი იმისა, რომ შესაბამის პასუხს მიიღებთ ევროკავშირისგან - იმ შემთხვევაში, თუ ახლანდელი გეზი გაგრძელდებაო. ვიღაც იტყვის - გვემუქრებაო, მაგრამ არა. ეს იმას ნიშნავს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა გასცა გარანტია, რომ ევროკავშირისგან ამას [„ქართული ოცნების“ ხელისუფლების ქმედებებს] შესაბამისი ნაბიჯები აუცილებლად მოჰყვება“, - ეკა სირაძე რადიო თავისუფლებას ასევე ეუბნება, რომ ევროკავშირი „მძიმე სტრუქტურაა“ და რთულია გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ საფრანგეთს „სიტყვა ეთქმის“ და მასთან ერთად, ამინდს გერმანია და ნიდერლანდები ქმნიან.

ეკა სირაძისთვის ბევრისმთქმელია ემანუელ მაკრონის სატელეფონო ზარი ბიძინა ივანიშვილთან:

  • მაკრონმა ამით პირდაპირ დაადასტურა, რომ საქართველოს ბიძინა ივანიშვილი მართავს და, რომ საფრანგეთი მომხდარზე მთავარ პასუხისმგებლობას სწორედ ივანიშვილს აკისრებს;
  • მაკრონმა ამით ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში ლეგიტიმურად აღიარებული მთავრობა არ ეგულება;
  • მაკრონთან საუბრით თავად ბიძინა ივანიშვილმაც აღიარა, რომ ის მართავს საქართველოს და შეუძლია, რომ სახელმწიფოს საქმეებზე დაელაპარაკოს საფრანგეთის პრეზიდენტს;
  • ბიძინა ივანიშვილი ინარჩუნებს საკომუნიკაციო არხს საფრანგეთთან, რადგან თუკი საქართველოდან გასაქცევად გაუხდება საქმე - ისევ საფრანგეთში წასვლა უჯობს, ვიდრე რუსეთში [ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა აქვს].

„ქართული ოცნების“ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ 12 დეკემბერს ჟურნალისტებს უთხრა, რომ მაკრონისა და ივანიშვილის საუბარმა „მთლიანად ჩამოშალა ოპოზიცია იმიტომ, რომ ისინი ასეთ კომუნიკაციას არ ელოდნენ“ და „მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ტრამპისა და მაკრონის შეხვედრა შედგა“.

„შეიხედეთ სოციალურ ქსელებში, თავის მართლების პოზიციიდან გამოდიან, [მაკრონმა ივანიშვილი] „დატუქსა“ და რაღაც სისულელეებს ლაპარაკობენ“, - თქვა მდინარაძემ ოპონენტებზე.

სატელეფონო ზარის გამო „ქართული ოცნების“ მოკავშირეები და მხარდამჭერები სიხარულს ვერ მალავდნენ, ელისეს სასახლის განცხადებამდე, „ოცნების“ პირველი განცხადების შემდეგ. აშკარა იყო, რომ მათ მაკრონის სატელეფონო ზარი - ძველებური, კარგი ურთიერთობების აღდგენის მანიშნებლად ჩათვალეს.

თუმცა მათი მესიჯების ტონი მკვეთრად შეიცვალა ელისეს სასახლის განცხადების შემდეგ. სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ საფრანგეთში აქციებს უფრო ბრუტალურად შლიან. ამ თემაზე „ქართული ოცნების“ ბოლო წერილობითი განცხადების თანახმად, ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს უთხრა, რომ „პოლიცია აქციის მონაწილეთა მასშტაბური ძალადობის წინააღმდეგ ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდა“.

ბიძინა ივანიშვილთან ემანუელ მაკრონის საუბარი საქართველოს პრეზიდენტის პარიზში ვიზიტს მოჰყვა, სადაც სალომე ზურაბიშვილი ფრანგ კოლეგას პირისპირაც შეხვდა და ასევე მასთან ერთად - აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსაც ესაუბრა. ამ წინაპირობებს საგანგებოდ უსვამენ ხაზს საერთაშორისო მედიაშიც.

12 დეკემბერს საქართველოზე ლაპარაკი კვლავ გააგრძელა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან ვარშავაში შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, როცა ის ევროპის ქვეყნების არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე ლაპარაკობდა. საქართველო მან, მოლდოვაზე საუბრის შემდეგ ახსენა.

„საქართველოზე მოხდა ძალიან აშკარა ზემოქმედება, მანიპულაცია და აქ მე მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო ჩვენი სრული მხარდაჭერა საქართველოში დემოკრატიისა და ევროპული გზის მცველების მიმართ და ასევე დიდი შეშფოთება, რასაც განვიცდით ახალგაზრდების მიმართ ძალიან სასტიკი რეპრესიების, მთავრობის ხელმძღვანელის საგანგაშო განცხადებებისა და არჩევნების შემდეგ ევროპული გზის ღალატის გამო.

ეს იყო სრულად საწინააღმდეგო იმისა, რაც იყო მანამდე, რასაც ეუბნებოდნენ ამომრჩევლებს მთელი [საარჩევნო] კამპანიის განმავლობაში“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა ვარშავაში, სადაც ის ძირითადად უკრაინის საკითხზე სასაუბროდ იყო ჩასული.

ორ კვირაზე მეტია, რაც თბილისსა და საქართველოს დიდ ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება.

ხალხმა მასობრივად ქუჩაში გამოსვლა მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დღის წესრიგიდან 4 წლით ამოიღო ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების საკითხი. 2028 წლის ბოლომდე გადადებული საკითხი კანდიდატის სტატუსის შემდგომი ეტაპია და აუცილებლად გასავლელია - ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, რათა საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG