Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე: როგორც იტყვის ტრამპი, იქნება ისე


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „დროებითი მოვლენა” უწოდა აშშ-ის გადაწყვეტილებას, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ.

სახელმწიფო დეპარტამენტმა გადაწყვეტილება 30 ნოემბერს გამოაცხადა მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი, ამ გადაწყვეტილებით გამოწვეული საპროტესტო აქციები კი საპოლიციო ძალებმა დაარბიეს.

თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, 1 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე კობახიძემ განაცხადა, რომ აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს „მაქსიმალურად მძიმე მემკვიდრეობა" დაუტოვოს ტრამპის ადმინისტრაციას.

როგორც კობახიძემ თქვა, „ამას აკეთებენ უკრაინასთან მიმართებით და ამას აკეთებენ ისინი ახლა უკვე საქართველოსთან მიმართებითაც”.

ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას „პრინციპული მნიშვნელობა” არ აქვს, ამიტომ ახალ ადმინისტრაციას დაელოდებიან და „მასთან ისაუბრებენ ყველაფერზე”.

შესაბამისად, აშშ-ის მიერ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებას კობახიძემ უწოდა „ზუსტად ისეთივე დროებითი მოვლენა, როგორც სალომე ზურაბიშვილი”.

რადიო თავისუფლების შეკითხვას, მაშინ, როცა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადასატვირთად იმედს ტრამპის ადმინისტრაციაზე ამყარებენ, უკვე უსაუბრიათ თუ არა მომავალი ადმინისტრაციის რომელიმე წარმომადგენელთან, კობახიძემ უპასუხა, რომ „იყო არაპირდაპირი კომუნიკაცია” და ელოდებიან „პირდაპირს”. შეკითხვას, ვისთან იყო ეს არაპირდაპირი კომუნიკაცია, უპასუხა, რომ ეს „შიდა სამზარეულოა”.

რადიო თავისუფლებამ ირაკლი კობახიძეს ისიც ჰკითხა, იცნობენ თუ არა საქართველოს ხელისუფლებისადმი ჰელსინკის კომისის ხელმძღვანელის, რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის კრიტიკულ პოზიციას, მით უმეტეს, რომ უილსონი საგარეო ურთიერობათა კომიტეტის მომავალ თავმჯდომარედ განიხილება.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავარია ტრამპის ადმინისტრაცია, ყველაფერი დანარჩენი კი მეორეხარისხოვანია:

„როგორც იტყვის ტრამპი, იქნება ისე. მანამდე სხვა ვიღაც ამბობდა რაღაცას და იმას მიყვებოდა ჰელსინკის კომისია. რასაც იტყვის ტრამპი, იქნება ისე. ამიტომ ჩვენთვის მთავარია დონალდ ტრამპთან ურთიერთობა”.

აშშ-ში პოლიტიკური პროცესების წარმართვაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ კონგრესის წარმომადგენელთა პალატა და სენატი.

აშშ-ის პრეზიდენტად არჩეულ რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს, რომლის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება, სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე წარდგენილი ჰყავს სენატორი მარკო რუბიო.

რუბიოს, ტრამპის მსგავსად, ხისტი პოზიცია აქვს მაგალითად, ჩინეთისადმი, რომელიც საქართველოს მთავრობას სტრატეგიულ პარტნიორად ჰყავს გამოცხადებული.

30 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ სხვადასხვა სახის ანტიდემოკრატიული ქმედებით დაირღვა ძირითადი პრინციპები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისა, რომელიც ეფუძნებოდა საერთო ღირებულებებსა და ერთგულებას დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებების დაცვისა და ანტიკორუფციულ ძალისხმევის მიმართ.

სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილებამდე პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდა, უარი ეთქვა სადავო კანონებზე, მათ შორის ე.წ. აგენტების კანონზე და ცრუ ინფორმაციაზე დაფუძნებულ ანტიდასავლურ რიტორიკაზე და დაბრუნებოდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს.

30 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ თანამდებობა დატოვა საქართველოს ელჩმა აშშ-ში დავით ზალკალიანმა. ელჩობამდე ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.

ზალკალიანის გადადგომა 1 დეკემბერს დაადასტურა პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG