Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო უილსონი: მჯერა, ტრამპი დადგება ქართველ ხალხთან და არა რეჟიმთან, რომელმაც არჩევნები გააყალბა


ჯო უილსონი, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე
ჯო უილსონი, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი „გლობალნიუსთან“ ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე პროევროპულ აქციებს ეხმაურება და სპეცრაზმის მხრიდან დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტების ფაქტებს აფასებს.

ის ფიქრობს, რომ ძალადობის ორგანიზებას მნიშვნელოვანი პასუხი უნდა გაეცეს, მათ შორის ეს სანქციებიც შეიძლება იყოს.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა, რომლებიც სხვებს ავიწროებენ, შესაბამისი შედეგები მიიღონ და მათზე სანქციები დაწესდეს. ძალადობის ორგანიზებას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს. ყველა, ვისაც თავისუფლებისა და დემოკრატიის სწამს, ამ დანაშაულის წინააღმდეგ ერთად უნდა დადგეს“, - ამბობს ჯო უილსონი.

მისთვის „შთამაგონებელია“ იმის ყურება, თუ როგორ განაგრძობს ქართველი ხალხი პროტესტს „მათ წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის მიუხედავად“. უილსონისთვის საქართველოში მიმდინარე მოვლენები ერთგვარი ტრადიციის გაგრძელებაა, რომელიც წარსულში მოხდა ბუქარესტში, ბუდაპეშტში, აღმოსავლეთ გერმანიასა თუ სხვა ქვეყნებში.

„გვახსოვს, როგორ წამოდგა მაშინ სრულიად საზოგადოება ფეხზე საბჭოთა იმპერიალიზმის წინააღმდეგ, წინ აღუდგა ბოროტებას და თავისუფლებაც მოიპოვა. ხალხის ძალას ყოველთვის მოაქვს პოზიტიური ცვლილებები. საბოლოოდ, აუცილებლად თავისუფლება იმარჯვებს. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი დემოკრატიული, თავისუფალი საქართველოს მომავლის დაცვის გზაზე წარმატებას მოიპოვებს და გახდება ევროკავშირისა და ნატოს ნაწილი“, - ამბობს კონგრესმენი.

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ განმარტა, რატომ უწოდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას „არალეგიტიმური". ის იშველიებს საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნებს არჩევნებთან დაკავშირებით და ამბობს:

„ასეთ განცხადებას არ გავაკეთებდი, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის არალეგიტიმურობა დამტკიცებული რომ არ იყოს. საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარებულა იმ ფორმით, რომ ის სანდო ყოფილიყო როგორც ქართველი ხალხისთვის, ისე მსოფლიოსთვის. მათ არჩევნები მანიპულაციური ჩარევებით ჩაატარეს, დაარღვიეს კონსტიტუცია, მთავრობა პრეზიდენტის თანხმობის გარეშე დაამტკიცეს და განაგრძობენ სასტიკად ძალადობას მათზე, ვინც ამ ყველაფერს საქართველოში აპროტესტებს. სწორედ ამიტომაც მივიჩნევ მათ არალეგიტიმურ ხელისუფლებად", - ამბობს ჯო უილსონი.

მას ჟურნალისტმა ჰკითხა ტრამპის ადმინისტრაციაზე „ქართული ოცნების" განცხადებების შესახებაც, რომ „დონალდ ტრამპის თეთრ სახლში ოფიციალურად შესვლის შემდეგ, ურთიერთობები სწრაფად განახლდება“.

„დონალდ ტრამპი მხარს უჭერს თავისუფლებას. ის მხარს უჭერს დემოკრატიას. დონალდ ტრამპიც გახლავთ ადამიანი, რომელიც ასევე აპროტესტებს არჩევნებს, რომელიც შესაძლოა, არარეგულირებულად ჩატარდა. ამიტომ მჯერა, დონალდ ტრამპი დადგება ქართველი ხალხის გვერდით და არა რეჟიმთან, რომელმაც არჩევნები გააყალბა“, - უთხრა "გლობალნიუსს" ჯო უილსონმა.

თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

მმართველმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომიდან რამდენიმე დღეში გამოაცხადა.

საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG