Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა თქვეს მოკლული აითაჯის კლასელებმა სასამართლოს დარბაზში?


14 წლის აითაჯის დედა, ეგანე მაგარამოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში, 17 იანვარი
14 წლის აითაჯის დედა, ეგანე მაგარამოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში, 17 იანვარი

რუსთავის საქალაქო სასამართლოში გრძელდება 2023 წლის შემოდგომაზე მოკლული 14 წლის აითაჯ შახმაროვას დედისა და ბიძის, ეგანა მაგარამოვასა და ნადიკ მაგარამოვის საქმის განხილვა. 17 იანვარს სხდომათა დარბაზში ბრალდების სამი მოწმე, მათ შორის, ორი არასრულწლოვანი, აითაჯის კლასელები გამოიკითხნენ.

პროკურატურის შუამდგომლობითა და მოსამართლის გადაწყვეტილებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე, სხდომა ნაწილობრივ დაიხურა და არასრულწლოვანმა მოწმეებმა აითაჯის შესახებ დახურულ კარს მიღმა ილაპარაკეს.

რას ედავება პროკურატურა აითაჯის დედას და ბიძას

ბრალდება აითაჯის დედას და ბიძას სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება - ქორწინების იძულებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას. გამოძიების თანახმად, აითაჯ შახმაროვა ჯერ კიდევ 13 წლის იყო, როდესაც 2022 წლის შემოდგომაზე დედამ და ბიძამ მისი დაქორწინება დაგეგმეს და მოზარდი მასზე გაცილებით უფროს და შეძლებულ კაცზე, 27 წლის ალიმ სადიკოვზე დანიშნეს.

გამოძიების თანახმადვე, 2023 წლის ივნისში, ალიმ სადიკოვმა აითაჯი იძულებით წაიყვანა სოფელ ლამბალოში, თუმცა, ბავშვმა გაქცევა მოახერხა და უცნობი პირის ტელეფონიდან დედასთან დარეკა: „დახმარება და სახლში დაბრუნება სთხოვა, მაგრამ დედამ ბავშვი კვლავ ალიმ სადიკოვთან მიიყვანა“, - ამბობს პროკურატურა.

აითაჯ შახმაროვას მკვლელობის შესახებ ცნობა 2023 წლის 6 ოქტომბერს, საღამოს გავრცელდა. ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული მისი ე.წ. ქმარი, 27 წლის ალიმ სადიკოვია. გამოძიების თანახმად, კაცმა მოზარდი მაშინ მოკლა, როდესაც ის არასასურველი „ქორწინებიდან“ თავის დახსნას, გაქცევას ცდილობდა.

კაცს ბრალი რამდენიმე მუხლით აქვს წარდგენილი: სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა 109-ე მუხლი, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს; სსკ-ის 236-ე მუხლი, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა ტარება; სსკ-ის 143-ე მუხლი, თავისუფლების უკანონო აღკვეთა არასრულწლოვნის მიმართ და გაუპატიურება, 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (გაუპატიურება, ჩადენილი არასრულწლოვნის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ).

აითაჯის საქმის განხილვა რუსთავის საქალაქო სასამართლოში, 17 იანვარი
აითაჯის საქმის განხილვა რუსთავის საქალაქო სასამართლოში, 17 იანვარი

14 წლის აითაჯის დედა და ბიძა წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. ეგანა მაგარამოვა, აითაჯის დედა, ირწმუნება, რომ მისი შვილი ნიშნობაზე თანახმა იყო. რაც შეეხება შვილის კვლავ გამტაცებელთან დაბრუნების ბრალდებას, ქალი ამბობს, რომ ის იძულებული გახდა აითაჯი ალიმისთვის გაეყოლებინა. გასული წლის 11 ოქტომბერს გამართულ სასამართლოს სხდომაზე ქალმა თქვა:

„მე ვიყავი მისული ტაქსის მძღოლთან ერთად. გადაგვეღობა წინ ალიმი და მისი და. იარაღით მემუქრებოდა და ერთხელ ჰაერშიც გაისროლა. როცა ვუთხარი, 112-ში დავრეკავ და შევატყობინებ-მეთქი, მითხრა, დარეკე, პრობლემა არ არის, მაგრამ ხვალ დილით ნახავ შენი შვილის გვამსო. ეს მოხდა ჩემი შვილის მოტაცების დღეს“.

რას ჰყვებიან ადვოკატი და პროკურორი

17 იანვარს გამართული სასამართლოს სხდომის შინაარსი, უფრო ზუსტად კი არასრულწლოვანი მოწმეების გამოკითხვის დეტალები, ჟურნალისტებმა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ფოიეში, ადვოკატისა და პროკურორისგან მოისმინეს.

აითაჯის დედის ადვოკატი, ალი ბადიროვი ირწმუნება, რომ მოკლული ბავშვის კლასელებმა სასამართლოს დარბაზში სიმართლე თქვეს და გამომძიებლის მიერ „გაზვიადებული“ გამოკითხვის ოქმების შინაარსი სწორედ სასამართლოში შეცვალეს.

ადვოკატის თქმით, მოკლული მოზარდის ოჯახის წევრების დაკავებით, გამოძიებამ საზოგადოების დაკვეთა შეასრულა:

ალი ბადიროვი, ადვოკატი
ალი ბადიროვი, ადვოკატი

„დღითი დღე იკვეთება ბრალდებულების უდანაშაულობა. დღეს აითაჯის ორი კლასელი დაიკითხა და ისინი ერთმნიშვნელოვნად, დარწმუნებით, პირდაპირ ამბობენ, რომ, რაც გამოკითხვის ოქმში წერია, რომ თითქოს აითაჯს არ უნდოდა ნიშნობა, თითქოს აითაჯს ეშინოდა ვინმესი, თუკი ნიშნობაზე უარს იტყოდა, გამოიკვეთა, რომ გამოკითხვის ოქმში გამომძიებლის მიერ იყო შეყვანილი, რათა საზოგადოებას აჩვენონ, თითქოს გაიხსნა დანაშაული და დაიჭირეს ბევრი დამნაშავე.

ყველა საქმეში ასე ხდება და ამ შემთხვევაშიც, გაზვიადებულ ნაწილში ეწერა ის, რომ თითქოს, ნიშნობა არ უნდოდა აითაჯს, მას უნდოდა ნიშნობის უკან დაბრუნება და თითქოს დედის და ბიძის ეშინოდა. რეალურად, დადგინდა, რომ მსგავსი საუბარი საერთოდ არ ყოფილა. 14 წელს მიღწეული მოწმეები არიან, ხელი აქვთ მოწერილი, რომ სასამართლოში სიმართლეს იტყვიან და დააფიქსირეს, რომ მათ მსგავსი რამ არ უთქვამთ. გამომძიებელმა ან თარჯიმანმა როგორ შექმნა ეს სიტყვები გამოკითხვის ოქმში, ჩვენ არ ვიცითო. ფიცდადებული ჩვენებებით, დადასტურებული ხელმოწერით, ადასტურებენ, რომ არ ყოფილა მსგავსი ფაქტიო. მე ვამბობ, რომ არცერთი მტკიცებულება არ არსებობს, რომ აითაჯს არ სურდა ალიმთან ქორწინება“.

მაშ, რატომ ცდილობდა ბავშვი გაქცევას? - ვკითხეთ მოკლული აითაჯის დედის ადვოკატს. მისი პასუხი ასეთი იყო: „აითაჯი იმიტომ გარბოდა, რომ მას ქორწილის გარეშე არ სურდა ქორწინება“.

17 იანვარს, არასრულწლოვანი მოწმეების სასამართლო დარბაზში გამოკითხვის სხვა შინაარსი მოუთხრო პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა ჟურნალისტებს. დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს. გამოძიების ეტაპსა და სასამართლოს დარბაზში არასრულწლოვან მოწმეთა გამოკითხვებს შორის არსებულ განსხვავებებზე კი ამბობს:

ხატია გოგრიჭიანი, პროკურორი
ხატია გოგრიჭიანი, პროკურორი

„ერთი სიტყვა იყო, რომელიც ერთ-ერთმა გოგონამ თქვა, რომ შესაძლებელია თარჯიმანს გარკვეული სახის ხარვეზი ჰქონოდა, თუმცა, აქაც ახსნა, რომ ბავშვი არ გათხოვდებოდა, არ გააკეთებდა ისეთ რამეს, რაც დედის აზრების და პოზიციის წინააღმდეგი იქნებოდა. ორივე კლასელმა მიუთითა, რომ აითაჯი თავისი ხასიათიდან გამომდინარე, იყო დამთმობი, ხათრიანი და ყოველთვის იქცეოდა ისე, როგორც დედას სურდა...

გოგონების თქმით, აითაჯს სურდა სწავლა, უნდოდა, რომ გამხდარიყო ექიმი, ის არ ფიქრობდა გათხოვებაზე, არ ფიქრობდა იმაზე, როგორი კაბა ექნებოდა ქორწილში, ვის გაჰყვებოდა და ა.შ. გოგონებმა დაადასტურეს, რომ როდესაც სკოლაში ტარდებოდა შეხვედრები ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებით, აითაჯი ამბობდა, რომ ის ეთანხმებოდა იმ აზრს, რომ არასრულწლოვან ასაკში ქორწინება არ შეიძლებოდა, ცუდი იყო... მტკიცებულება არის ის, რასაც მოწმეები ამბობენ სასამართლო სხდომებზე. რასაც მე გიყვებით, ეს მათ განაცხადეს სასამართლოს სხდომაზე. ადვოკატის განცხადებებს ვერ შევაფასებ, მან ტყუილი ინფორმაცია მოგაწოდათ თუ არა. ერთადერთი შინაარსი, რაც შემიძლია გითხრათ, როგორც გამოძიების პროცესში, ისე სასამართლოში, მოწმეები ამბობენ, რომ აითაჯს სურდა სწავლა, ის არ ფიქრობდა გათხოვებაზე“.

რაც შეეხება ადვოკატის განცხადებას იმის თაობაზე, რომ გამომძიებლებმა გამოკითხვათა ოქმების შინაარსი „გააზვიადეს“ საზოგადოების დაკვეთის გამო, პროკურორი ამბობს:

„რას გულისხმობს ადვოკატი გაზვიადებაში, ამის თქმა ნამდვილად არ შემიძლია, თუმცა, თუკი ადვოკატი ნამდვილად ასე გამოხატავს პოზიციას, ვფიქრობ, ეს არის საზოგადოების, მართლმსაჯულების შეურაცხყოფა, ზოგადად, სამართლის შეურაცხყოფა, რადგან მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის, დაკავება, დაპატიმრება, შემდეგ პატიმრობის ძალაში დატოვება და ის ვითარება, რაც ახლა ხდება, სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების შედეგია“.

„პროკურორი იტყუება“, - ასე ეხმაურება ადვოკატი ალი ბადიროვი ხატია გოგრიჭიანის მონათხრობს არასრულწლოვანი მოწმეების სასამართლოს დარბაზში გამოკითხვის შინაარსის შესახებ:

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პროკურორი იტყუება მაშინ, როდესაც ამბობს, თითქოს ორივე არასრულწლოვანმა მოწმე თანაკლასელმა თქვა, რომ აითაჯს გათხოვება არ უნდოდა. მხოლოდ ერთმა მოწმემ განაცხადა, რომ როდესაც ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებით შეხვედრები იყო სკოლაში, 22 ბავშვს ერთად ჰკითხეს, რას ფიქრობდნენ ადრეულ ქორწინებაზე და ყველამ ერთხმად უპასუხა, რასაც ფიქრობდნენ“.

ეგანე მაგარამოვასა და ნადიკ მაგარამოვის საქმეზე მორიგი სხდომა რუსთავის საქალაქო სასამართლოში 18 იანვარს გაიმართება. პროკურატურის ინფორმაციით, სხდომაზე მკვლელობაში ბრალდებული ალიმ სადიკოვის ოჯახის წევრები, მათ შორის, მისი და გამოიკითხებიან.

რუსთავის საქალაქო სასამართლო, აითაჯის საქმის განხილვა, 17 იანვარი
რუსთავის საქალაქო სასამართლო, აითაჯის საქმის განხილვა, 17 იანვარი

14 წლის აითაჯის საქმეზე სულ ხუთი პირია დაკავებული. გარდა მკვლელობაში ბრალდებულისა და მოზარდის დედისა და ბიძის, საქმეზე დაკავებულები არიან მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი. მათ დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ ბრალად.

XS
SM
MD
LG