Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა გავლენას ახდენენ რუსეთის მოქალაქეები საქართველოს ეკონომიკაზე


რუსეთის მოქალაქეები რუსეთ-საქართველოს საზღვარზე. ზემო ლარსი. 2022 წლის 28 სექტემბერი
რუსეთის მოქალაქეები რუსეთ-საქართველოს საზღვარზე. ზემო ლარსი. 2022 წლის 28 სექტემბერი

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, წლის მე-3 კვარტალში რუსეთი 9,2 მილიონმა ადამიანმა დატოვა. რუსეთიდან ძირითადად მეზობელ ქვეყნებში გარბიან. თან მიაქვთ ფული და თავიანთი ბიზნესიც, რაც ამ ქვეყნების ეკონომიკაზე დადებითად მოქმედებს. თუმცა, სამომავლოდ შესაძლოა სირთულეებიც გამოიწვიოს.

11 ოქტომბერს საერთშორისო სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნა პროგნოზი, რომლის მიხედვითაც, საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მოცულობამ წელს 8,8 პროცენტი უნდა შეადგინოს. საქართველოს ხელისუფლება ირწმუნება, რომ ეს „ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპის რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში“. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე იმასაც კი ვარაუდობს, რომ ეს მაჩვენებელი 10 პროცენტს მიაღწევს.

მიგრანტების რიგი თბილისში ტელეფონის ნომრის ასაღებად.
მიგრანტების რიგი თბილისში ტელეფონის ნომრის ასაღებად.

შსს-ს მონაცემებით, ჯერ კიდევ მობილიზაციის გამოცხადებამდე საქართველოში რუსეთის 112 733 მოქალაქე შემოვიდა. რადიო თავისუფლების რუსული ბიუროს ჟურნალისტი მარინა აფონოვა თავის სტატიაში „როგორ ააღორძინეს რუსეთიდან წასულებმა სხვა ქვეყნების ეკონომიკა“ ცდილობს გადმოსცეს, რა ვითარება შეიქმნა მიგრანტების გადასახლების შემდეგ საქართველოსა და სხვა ქვეყნებში.

ოქსანას ყავის სახლი

32 წლის ოქსანა, რომელიც ომამდე ნოვოსიბირსკში ყავით ვაჭრობდა, ახლა თბილისშია და დღე-დღეზე ყავის სახლს გახსნის.

ჩემთვის და ჩემი ქმრისთვის ნებისმიერი ომი მიუღებელია. უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, როგორც კი პირველმა შოკმა გადაგვიარა, მაშინვე წასვლა გადავწყვიტეთ. არჩევაზე დიდად არ გვიწვალია. საქართველო ორივეს გვიყვარს, აქ თაფლობის თვე გავატარეთ. ჩავაწყვეთ ბარგი, საბუთები გავაფორმეთ და 21 მარტს ბილეთები ავიღეთ, ერთი მიმართულებით“, - ჰყვება ოქსანა.

მისი ქმარი IT სპეციალისტია, მუშაობს დისტანციურად, ამიტომ საქართველოში სამსახურის შოვნა არ დასჭირდა. თავად ოქსანამ ყავით ვაჭრობა გადაწყვიტა, რადგან მას თბილისში ყველაფერი მოსწონს მანიკურის სპეციალისტების და ყავის გარდა.

თბილისში ყავა დიდი პრობლემაა. სულ ორიოდე ადგილია, სადაც კაპუჩინოს ისე დალევ, არ დაიჯღანები. კარგი სერვისიც იშვიათობაა. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ყავით ვაჭრობის საქმე კარგად წავა. კიდევ თბილისში ძალიან კარგი წყალია, პირდაპირ ონკანიდან შეგიძლია დალიო. კარგი წყალი კი კარგი ყავის საწინდარია.

გამიმართლა და მოსკოველ გოგონას შევხვდი, ისიც ჩვენსავით ომს გამოექცა. დესერტების პროფესიონალია. გადავწყვიტეთ, ყავის სახლი ერთად გავაკეთოთ. არ გვინდა იაფფასიანი და მასობრივი პროდუქტი გამოგვივიდეს. ჩვენთვის მთავარი ხარისხი და სიყვარულის ატმოსფეროა. საქართველო ახალგაზრდა, შეყვარებული ხალხის სამშობლოა. აქ განვითარების ძალიან კარგი საშუალებაა. რაც მთავარია, მართლაც თავისუფლები ვართ. შეგვიძლია რაც გვინდა ის ვაკეთოთ და რასაც ვფიქრობთ, ის ვთქვათ. შექმენი, განვითარდი, ბიზნესი განავითარე, ყველა გზა ხსნილია. 5 წუთში დარეგისტრირდები კერძო მეწარმედ, თან ყველაფერი ერთ ფანჯარაში კეთდება. მაშინვე ხვდები, რომ სასურველი სტუმარი ხარ. საბუთების ქართულად შევსებაც არ არის სავალდებულო, ინგლისური ვარიანტიც აქვთ“.

ოქსანამ ყავის სახლისთვის შენობა იქირავა, გაარემონტა, ავეჯი შეუკვეთა, საფირმო სტილიც შეიმუშავა. ყავის აპარატები და სხვა მოწყობილობაც აიღო ლიზინგით. ორ კვირაში სტუმრებს მიიღებენ.

ქართულ მენტალიტეტთან შეგუება გაგვიჭირდა. საქართველოში ხომ არავინ არსად ჩქარობს, ყველა ცხოვრებით ტკბება. თუ შეუძლიათ, რომ საქმე ხვალისთვის გადადონ, გადადებენ. თავიდან ამისთვის შეუმზადებელი აღმოვჩნდით, მაგრამ როგორც კი დავმშვიდდით, ყველაფერი გამოვიდა. რაც საქართველოში ვარ, თავადაც დავწყნარდი. ბევრჯერ გამომიჭერია თავი იმაში, რომ აღარსად გავრბივარ. შემიძლია აივანზე ჭიქა ყავით ვიჯდე და ღრუბლები ვათვალიერო, არ ვიდარდო, რომ სადღაც მეჩქარება და ჩემ გარეშე ყველაფერი დაიქცევა. საქართველომ თავისი სიბრძნე გამიზიარა. ქართულ სტუმართმოყვრეობაზე კი ლაპარაკიც არ არის საჭირო - ეს ამ ქვეყნის ნამდვილი ბრენდია.

იმედი მაქვს, რუსეთიდან დევნილები ორგანულად შევერწყმებით ქართულ საზოგადოებას და საქართველო ჩვენი მეორე სამშობლო გახდება. ჩვენ დასაბრუნებელარსად გვაქვს და ძალიან მადლობელი ვარ, რომ აქ ახლობლებივით მიგვიღეს“.

პლატფორმა რუსული პრობლემების მოსაგვარებლად?

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მონაცემებით, წელს ქვეყანამ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და საქონლის ექსპორტით დაახლოებით 2,2 მლრდ აშშ დოლარი მიიღო. ეს 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 2,6-ჯერ მეტია.

ათასობით ანგარიში რომ გაიხსნა ბანკებში, რას ხმარდება ეს ფული? იქნებ, ტანკებს ყიდულობენ.
გია ხუხაშვილი

მარტიდან სექტემბრის ჩათვლით საქართველოში 9,500-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის სრულ მაჩვენებელსაც კი 10-ჯერ აღემატება. იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან იმპორტი 73%-ით გაიზარდა და 1,2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

მნიშვნელოვნად გაზრდილი რუსული საქონლის იმპორტი, ფულადი გზავნილები და საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ კომპანიების დაფუძნება ზრდის რისკს, რომ საქართველო რუსეთზე დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად იყოს გამოყენებული“, - აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევაში.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთის მოქალაქეების მიგრაციას საქართველოში მოკლევადანი პოზიტიური ეფექტი აქვს. იზრდება სამომხმარებლო ბაზარი, მაგრამ არის მეორე მიმართულებაც, მიგრანტები საქართველოში რუსული პრობლემების მოგვარებას ცდილობენ, მაგალითად: ახლა რუსეთში უცხოური მანქანების ნაწილები არ შედის. საქართველოში სულ თავისუფლად შეიძლება შექმნა და ალბათ იქმნება კიდეც პლაცდარმები, სადაც შემოიტან ავტონაწილებს, დაასაწყობებ და მერე რუსეთში წაიღებ“.

გია ხუხაშვილის თქმით, ამით ქვეყანა რუსულ ეკონომიკაზე ხდება დამოკიდებული და თან გამოდის, რომ საქართველოც რუსეთის მხარეს დგას ომში, რადგან მას სანქციებისთვის თავის არიდებაში უწყობს ხელს.

„გარდა ამისა, ეკონომიკური ექსპანსია და მიგრაციაც ოკუპაციის ფორმაა. მომიყვნენ შემთხვევების შესახებ, როცა რუსეთის უშიშროებამ რუსეთის მოქალაქეები უკვე აქ, თბილისშიდაავერბოვკა“. ეუბნებიან, ჩვენთვის იმუშავე, თორემ რუსეთში ვეღარ დაბრუნდებითო. ეს სახელმწიფოს უსაფრთხოების თემაა. ღმერთმა არ ქნას და, თუ უკრაინაში რუსეთმა წარმატებას მიაღწია, მეორე დღესვე ჩვენმოგვხედავს. ამისთვის მას ინფრასტრუქტურა უკვე გამზადებული აქვს“.

გია ხუხაშვილი ამბობს, რომ დღეს საქართველო საერთად არ აკონტროლებს რუსულ ფულს.

ათასობით ანგარიში რომ გაიხსნა ბანკებში, რას ხმარდება ეს ფული? იქნებ, ტანკებს ყიდულობენ. ვაკონტროლებთო, გავარკვიე და როგორ აკონტროლებენ, იცით? რაღაც ანკეტას ავსებინებენ, რომელშიც რასაც გინდა, იმას ჩაწერ“.

რა ხდება სხვა ქვეყნებში

საქართველოს გარდა რუსეთის მოქალაქეები მასობრივად გადასახლდნენ ყაზახეთში, სომხეთში, თურქეთში.

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ ტოყაევმა ოქტომბერში განაცხადა, რომ რუსეთიდან ყაზახეთში 50 საერთაშორისო კომპანია გადაბარგდა. ამავე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კი აღნიშნა, რომ რიგში კიდევ 300 კომპანია დგას. ასევე ყაზახეთში თავისი ბიზნესის გადატანა სურთ რუსულ კომპანიებსაც.

ყაზახეთის საზღვართან
ყაზახეთის საზღვართან

რუსეთიდან მიგრირებული ხალხის გამო 13-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას ელოდებიან სომხეთში. ArmInfo/FinPort წერს, რომ შემოდგომამდე სომხეთში რუსეთის 100 ათასამდე მოქალაქე ჩავიდა. დარეგისტრირდა 300 მსხვილი კომპანია რუსული კაპიტალით და მცირე ბიზნესის 2500 სუბიექტი.

რუსეთის მოქალაქეებმა სომხეთის ბანკებში რეკორდულად დიდი თანხა ჩადეს. თუკი თებერვალში არარეზიდენტებზე 12,7 ათასი ანგარიში მოდიოდა, აპრილში მათი რიცხვი უკვე 33,3 ათასი იყო. სომხეთის ბანკები ახლა არნახულ შემოსავალს ელიან. წლის პირველ ნახევარში მათი სუფთა მოგება 280 მილიონ დოლარამდე იყო, სამჯერ უფრო მეტი, ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში.

ძალიან ბევრი მიგრანტი ჩავიდა თურქეთშიც, ის ნატოს ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ შემოუღია. რუსული ანკლავები შეიქმნა სტამბოლში, ანტალიაში, ალანიასა და მაჰმუთლარში. ომის დაწყების დღიდან რუსები თურქეთში ყოველდღიურად 34 ბინას ყიდულობდნენ. უკვე სექტემბერში ბინებზე მოთხოვნა რუსების მხრიდან 127,2 პროცენტით მეტი იყო, ვიდრე 2021 წლის ამავე პერიოდში. მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ კი მოთხოვნა კიდევ რამდენჯერმე გაიზარდა.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG