აშშ ბაიდენის ინაუგურაციისთვის ემზადება
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე აშშ-ში სამზადისი განსაკუთრებული სიფრთხილის ფონზე მიმდინარეობს. ეს იმის შემდეგ, რაც ორი კვირის წინ აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხარდამჭერები შეიჭრნენ.
ვაშინგტონის ქუჩებში დგას ეროვნული გვარდიის ათასობით შეიარაღებული სამხედრო, რაც ძალის უპრეცედენტო დემონსტრირებას წარმოადგენს. ქალაქის მესვეურები გეგმავენ ქალაქში შემავალი ხიდების და გზების ჩაკეტვას, ქალაქის მნიშვნელოვანი ადგილები სულ მცირე რამდენიმე დღის განმავლობაში ბლოკირებული იქნება.
დაძაბული დღე აღმოჩნდა შაბათი. ვაშინგტონში დააპატიმრეს მამაკაცი რომელიც შეეცადა პოლიციის გამშვებ პუნქტზე გადასვლას, ყალბი საბუთებით, ცეცხლსასროლი იარაღით და ასაფეთქებელი ნივთიერებით. "ვაშინგტონ პოსტის" თანახმად, სასამართლო სხდომის შემდეგ ეს მამაკაცი გამოუშვეს.
მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის უკანასკნელ დღეებს ითვლის, თეორიულად არის იმის შანსი, რომ მან თანამდებობა იმპიჩმენტით დატოვოს. ეს მაშინ მოხდება, თუ აშშ-ის სენატი მხარს დაუჭერს წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებას იმპიჩმენტის შესახებ. ამის რა ალბათობა არსებობს, წაიკითხე ვრცლად ბიძინა რამიშვილის სტატიაში.
COVID-ვაქცინაციის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დასკვნით ფაზაშია
დღეს მთავრობის საკოორდინაციო საბჭო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სამოქმედო გეგმაზე შემაჯამებელ სხდომას გამართავს. გუშინ გამართული სამუშაო შეხვედრის შემდეგ პრემიერმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ გეგმაზე მუშაობა „თითქმის დასრულებულია“.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ვაქცინით მოსახლეობის აცრის გეგმა და ინფორმაცია იმ სამიზნე ჯგუფების შესახებ, რომელთაც პირველ რიგში აცრიან.
გეგმა ასევე მოიცავს ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ლოგისტიკურ თუ საოპერაციო საკითხებს. დოკუმენტი დღეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში განიხილება.
თვალი ადევნე ამ თემაზე სიახლეებს რადიო თავისუფლების ახალი ამბების ლენტაში.
ალექსეი ნავალნი მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი, რომელიც მოსკოვში ბერლინიდან ჩაფრინდა, შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს. სატელევიზიო ეთერში გადაცემულ კადრებში ჩანდა, რომ ნავალნი სამართალდამცველებმა დააკავეს საპასპორტო კონტროლის ადგილას, ხოლო მის ადვოკატს არ მისცეს მასთან ერთად წასვლის საშუალება.
კრემლის ხმამაღალი კრიტიკოსი ნავალნი თვეების განმავლობაში მკურნალობის კურსს გადიოდა გერმანიაში, მას შემდეგ, რაც მოწამლეს - რაშიც ის რუსეთის ხელისუფლებას სდებს ბრალს. ნავალნი ცუდად გახდა აგვისტოში, ტომსკიდან მოსკოვში მიმავალ თვითმფრინავში, "ნოვიჩოკის" ტიპის ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ.
ჩიბურდანიძის ფენომენი
ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე 60 წლის გახდა. 8 წლის იყო, როდესაც საჭადრაკო კარიერა დაიწყო. ის ჭადრაკის დედოფლის სტატუსს 14 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა.
1961 წელს დაბადებულებს გაგარინის თაობას უწოდებენ, სწორედ ამ წელს გაფრინდა გაგარინი კოსმოსში. მაიაც ამ თაობისაა, თავისი კოსმოსით და ვარსკვლავით, რომლის გახსნაც ჭადრაკის ფედერაციას უნდა და არ გამოსდის: „ნონას ვარსკვლავი გავხსენით, ახლა ლოგიკურად უნდა გაიხსნას მაიასი და მერე დანარჩენი ქართველი ქალების. მაია არ გვაძლევს საკუთარი ვარსკვლავის გახსნის უფლებას და, შესაბამისად, ვერ ვხსნით სხვებისას“, - ამბობს სოფო ნიკოლაძე, ჭადრაკის ფედერაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი და მაიას დისშვილი.
მაიას არც ვარსკვლავის გახსნა უნდა, არც ხალხის ყურადღება და მაინდამაინც არც მედიასთან ურთიერთობა გამოსდის. „ჩაკეტილი, მაგრამ ძალიან კორექტული და კარგი ადამიანი“, - ასე ახასიათებენ მას ახლობლები.
წაიკითხე მეტი „ჭადრაკის მოცარტის“ შესახებ თეა თოფურიას სტატიაში.
ისტორიის დოქტორი, ჰერალდიკის სპეციალისტი, წინანდლის პრემიის ორგანიზატორი ზურაბ გაიპარაშვილი ამბობს, რომ კოვიდი მის ცხოვრებაში შოკი იყო - რატომღაც არ ეგონა, რომ ეს ვირუსი მოერეოდა. ზურაბ გაიპარაშვილს მთელი ერთი თვე გაუგრძელდა საავადმყოფოში ყოფნა. იგი იგონებს ექიმებს, ექთნებს, სანიტრებს, რომლებიც მისი გამოჯანმრთელებისთვის იბრძოდნენ; აღწერს ამ ხალხს, როგორც კინოფილმის გმირებს, როგორც „სკაფანდრებში გამოწყობილ უცხოპლანეტელებს”, რომლებმაც, სინამდვილეში, ასობით ადამიანის გადარჩენა შეძლეს.