სახლების დანგრევის მოლოდინში - რა ხდება აფრიკის დასახლებაში
თბილისის მერიის დავალებით, 15 დეკემბერს, აფრიკის დასახლებაში, თორმეტამდე შენობა ბულდოზერებით დაანგრიეს. მფლობელებმა შენობები სხვადასხვა დროს დედაქალაქის კუთვნილ მიწაზე უნებართვოდ ააშენეს. ადგილობრივები, რომლებიც დემონტაჟს ადევნებდნენ თვალს, ამბობენ, რომ სახლები უკიდურესად ღატაკ მოქალაქეებს ეკუთვნოდათ და აქ ის ოჯახები დასახლდნენ, ვისაც არსად წასასვლელი არ ჰქონდა. მათ პატარა სახლების მშენებლობა სესხით წამოიწყეს.
თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის სამსახურის თანამშრომელმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დღეს მხოლოდ ისეთი შენობები დაანგრიეს, რომელიც ბოლო პერიოდში აშენდა და პატრონები დემონტაჟის გადაწყვეტილების შესახებ გაფრთხილებულები იყვნენ. ბულდოზერით შენობების დემონტაჟისას განადგურდა და დაზიანდა ის სამშენებლო მასალა, რომლითაც აგებული იყოს სახლები. სვანაძის ქუჩის მოსახლეობა, რომელიც დანგრეული შენობების მეზობლად ცხოვრობს, შიშობს, რომ მომავალში მათაც იგივე ბედი ელით.
წაიკითხე მეტი გელა ბოჩიკაშვილის სტატიაში.
გადადგომა ფეისბუკის პოსტით - ვაშაძე პარტიიდან წავიდა
„ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის პოსტიდან გრიგოლ ვაშაძის წასვლის ამბავი ფეისბუკიდან შეიტყვეს. მან, უკვე ყოფილ თანაპარტიელებს, ასევე შორიდან, საჯარო განცხადებით გააგებინა წასვლის მიზეზებიც. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ვაშაძის განცხადება მისი პარტიისთვის მოულოდნელი იყო. 11 ნოემბერს გრიგოლ ვაშაძემ გაავრცელა წერილობითი განცხადება, სადაც იკითხებოდა აქცენტი - ქუჩის პროცესის მოლაპარაკებების მაგიდასთან გადატანისა და საკანონმდებლო ორგანოს ყველ დონის ტრიბუნის გამოყენების შესახებ. ამის შემდეგ უფრო შესამჩნევი გახდა ნაპრალი ვაშაძესა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის.
სად წავიდა გრიგოლ ვაშაძე და რას ვერ შეეგუა ის პარტიაში, რომლის თავმჯდომარე და პრეზიდენტობის კანდიდატიც იყო?
ვრცლად წაიკითხე ლელა კუნჭულიას სტატიაში.
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში
გუშინ საქართველოში კორონავირუსის 3837 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. უმრავლესობა თბილისიდან და იმერეთიდანაა. გასულ 24 საათში 44 პაციენტი გარდაიცვალა.
15 დეკემბერს რუსთავის ცენტრალურმა საავადმყოფომ გაავრცელა განცხადება, რომ ვერ უმკლავდება პაციენტების მზარდ ნაკადს, რადგან Covid-დაავადების გამო კლინიკის მედპერსონალის რაოდენობა „განახევრებულია“. სოციალურ ქსელში კლინიკის ადმინისტრაცია სთხოვს კოვიდგადატანილებს, დაეხმარონ პაციენტების მოვლაში სანიტრის პოზიციაზე.
შექმნილ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასა და მომავლის პროგნოზებზე რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ნინო თარხნიშვილი დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეს, პაატა იმნაძეს ესაუბრა. ინტერვიუში იმნაძემ თქვა, რომ დღიური შემთხვევების კლება, სავარაუდოდ, 2 კვირის შემდეგ დაიწყება.
სომხეთმა და აზერბაიჯანმა პატიმრები გაცვალეს, მთიანი ყარაბაღის საზავო შეთანხმების თანახმად
აზერბაიჯანმა და სომხეთმა დაიწყეს პატიმრების გაცვლა, როგორც ეს გათვალისწინებული იყო ორ მეზობელ ქვეყანას შორის გაფორმებულ საზავო ხელშეკრულებაში, რომლითაც დასრულდა ახლახან გაჩაღებული ბრძოლა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის გარშემო.
აზერბაიჯანის ხელისუფლების განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ პატიმართა გაცვლის „ყველა - ყველაზე“ პრინციპზე, და პატიმართა ნაწილი უკვს ჩაფრინდა აზერბაიჯანში. სომხეთის მთავრობა აცხადებს, რომ რუსეთის თვითმფრინავი, რომელშიც 44 სომეხი პატიმარი იმყოფებოდა, იმავე დღეს მოგვიანებით ჩაფრინდა ერევანში.
ვლადიმირ პუტინმა ჯო ბაიდენს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა - სხვა ლიდერებზე ბევრად უფრო გვიან
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჯო ბაიდენს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ეს მოხდა ერთი თვის მერე, რაც ბაიდენი გამარჯვებულად გამოცხადდა ხმების დათვლის წინასწარი მონაცემების საფუძველზე და მილოცვები მიიღო მსოფლიოს ლიდერების უმრავლესობისგან.
პუტინმა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს მისალოცი ტელეგრამა გაუგზავნა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისი გამარჯვება საარჩევნო კოლეგიამ დაადასტურა. კოლეგიამ წუხელ გამოაცხადა შედეგები. ბაიდენმა კოლეგიის 306 ხმა მიიღო, მისმა მეტოქემ, მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა - 232.
კავკასიაში სტაბილიზაციის პლატფორმიდან ერთობლივ პლატფორმამდე
10 დეკემბერს, მთიან ყარაბაღში მიმდინარე სისხლისმღვრელი საომარი მოქმედებების დასრულების ერთი თვის თავზე, აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტები რეგიონის ქვეყნების მონაწილეობით ახალი პლატფორმის შექმნის ინიციატივით გამოვიდნენ.
დუეტი რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად თურქეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, სომხეთის, რუსეთისა და ირანის ერთობლივი პლატფორმის შექმნაზე ლაპარაკობს.
უფრო ზუსტად, საქმე ეხება აქამდე არსებული თანამშრომლობის ფორმატების ერთ პლატფორმად გაერთიანების შესაძლებლობას, თუ, როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დააზუსტა 10 დეკემბერს თურქეთის პრეზიდენტთან ერთად ბაქოში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, „სომხეთის ხელისუფლება ომიდან სწორ დასკვნას გამოიტანს, უარს იტყვის უსაფუძვლო პრეტენზიებზე და მომავლისკენ გაიხედავს“.
რას გულისხმობს ეს ინიციატივა და რა პერსპექტივები აქვს მას? წაიკითხე მეტი კობა ლიკლიკაძის სტატიაში.
„მას 100 საქმრო ჰყავდა. 13-მა კაცმა მისი უარის გამო თავი მოიკლა. ვინ არის ის?“ - კითხულობს არაერთი სტატიის ავტორი. აი, გეტყვით, ვინც არის. უფრო სწორად, ვინ არიან...