- მასშტაბური საპროტესტო აქციების კვალდაკვალ, დემონსტრანტების მოთხოვნის შესაბამისად, 23 აპრილს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა სერჟ სარგსიანი. მანამდე, ცოტა ხნით ადრე, საპყრობილიდან გაათავისუფლეს 22 აპრილს დაკავებული ოპოზიციონერი დეპუტატები: ნიკოლ ფაშინიანი, სასუნ მიქაელიანი და არარატ მირზოიანი.
- ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანი 23 აპრილს განვითარებულ მოვლენებს სომეხი ხალხის დიდ გამარჯვებად მიიჩნევს.
- ადგილობრივების თქმით, სომხეთში მიმდინარე მოვლენები კორუფციით, ადამიანის უფლებების შეზღუდვითა და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებით შეწუხებული ხალხის ძლიერი პროტესტით იყო განპირობებული.
- ადგილობრივების თქმით, საპროტესტო პროცესები არ იყო მართული რომელიმე გარეშე ძალის - დასავლეთის ან რუსეთის - მხრიდან, თუმცა სომხეთის მოსახლეობის პროტესტი იმ დემოკრატიული ღირებულებების მხარდაჭერას გამოხატავდა, რომელთაც დასავლეთი იცავს და რუსეთი ეწინააღმდეგება.
- ანალიტიკოსების აზრით, სომხეთში რუსეთის ჩრდილიდან გამოსვლის შეუქცევადი პროცესი დაიწყო, თუმცა, ყარაბაღის სადავო საკითხის გათვალისწინებით, სომხეთს რუსეთის მარწუხებიდან თავის დაღწევა გაუჭირდება.
„შენ გაიმარჯვე, სომხეთის რესპუბლიკის ამაყო მოქალაქევ, და ამ გამარჯვებას შენ ხელიდან ვერავინ წაგართმევს. გილოცავ, გამარჯვებულო ხალხო!“ - ასეთი ტექსტი სოციალურ ქსელ ფეისბუქში საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ოპოზიციონერმა ლიდერმა ნიკოლ ფაშინიანმა 23 აპრილს, მალევე მას შემდეგ, რაც სერჟ სარგსიანმა პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა. თავად ფაშინიანი კი, კიდევ ორ სხვა ოპოზიციონერ დეპუტატთან ერთად, საპატიმროდან სარგსიანის გადადგომამდე რამდენიმე საათით ადრე გაათავისუფლეს.
ერევნის ქუჩებს სწრაფად მოედო 23 აპრილს, საპროტესტო აქციების მე-11 დღეს, მიღწეული შედეგებით კმაყოფილი ხალხის საზეიმო განწყობა, თუმცა ორშაბათს მოპოვებული გამარჯვება, ბევრის აზრით, კვლავაც გამყარებას მოითხოვს და სომხეთის მოქალაქეების მიერ მოთხოვნილი დემოკრატიული ღირებულებები ცალკეული თანამდებობის პირთა პოსტზე დატოვება-არდატოვების საკითხით არ განისაზღვრება.
როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა სურენ დეჰერიანმა, თავმჯდომარემ არასამთავრობო ორგანიზაციისა „ჟურნალისტები მომავლისთვის“,ხალხის ძლიერი პროტესტი დემოკრატიული ფასეულობების ხელყოფითა და მძიმე რეალობით იყო განპირობებული:
„ხალხი აპროტესტებს სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს, რომლებიც ამ ხელისუფლების პირობებში შეიქმნა: ქვეყნის შიდა ვალმა 7 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო სომხეთის მოქალაქეების 40 %-ზე მეტი საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს“.
სურენ დეჰერიანის თქმით, სომხეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე არ იგრძნობოდა გარეშე ძალის ზემოქმედება, პროცესები არ იყო მართული და ამ პროცესების უკან არ იდგა არც დასავლეთი და არც რუსეთი, თუმცა სომხეთის მოსახლეობის მიერ მოთხოვნილი უკეთესი მომავალი დასავლეთის მიერ გაზიარებულ მარადიულ ღირებულებებს ეყრდნობა. ეს არის ის, რაც სრულ წინააღმდეგობაშია სომხეთისთვის რუსეთის მიერ თავსმოხვეულ ინტერესებთან.
სომხეთის პროტესტი და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი
„მართალია, სომხეთში პროტესტი ერთპიროვნულ მმართველობასა თუ კორუფციასთან დაკავშირებულმა შიდა პრობლემებმა წარმოშვა, მაგრამ ფაქტია, რომ ხალხი ითხოვს დემოკრატიას და მათი ნების იგნორირების შეწყვეტას, რაც უკვე ფასეულობებთან დაკავშირებული საკითხია და ასეთ დროს, როგორც წესი, თანდათან საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული ფაქტორიც იკვეთება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა. მით უმეტეს, რომ, ანალიტიკოსის თქმით, პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში, საქართველოსა და სომხეთის მსგავსად, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები ძალიან დიდ როლს თამაშობს შიდა პოლიტიკის განვითარების პროცესშიც.
„თუკი პროტესტის შედეგად სომხეთში, ხალხის მიერ მოთხოვნილ ფასეულობებზე დაყრდნობით, რაღაც ფორმით შეიცვლება მმართველობის კურსი, რა თქმა უნდა, ის იქნება უფრო გახსნილი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობისთვის“, - აცხადებს კახა გოგოლაშვილი. თუმცა არსებობს რეალური საფრთხე, რომ, პრემიერ-მინისტრის პოსტიდან სერჟ სარგსიანის გადადგომის ტაქტიკური სვლის გამოყენებით, ამ პოსტზე მოვიდეს რუსეთის ინტერესების უფრო მტკიცედ გამზიარებელი ჩინოვნიკი, რომლის მსგავსიც მრავლად არის სომხეთის პოლიტიკურ სპექტრში.
რუსეთი ხელს უშლის სომხეთის განვითარებას
ანალიტიკოსებისთვის ნათელია, რომ სათავისო ინტერესების ზეგავლენით რუსეთი ხელს აქტიურად უშლის სომხეთის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ნატოსა და ევროკავშირთან გარკვეული სახის თანამშრომლობის მიუხედავად, სომხეთი წინ ვერ მიდის. მართალია, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის წევრმა სომხეთმა ხელი მოაწერა ევროკავშირთან გაფართოებული თანამშრომლობის შეთანხმებას, მაგრამ, როგორც რუსეთის საბაჟო კავშირის წევრი, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სიკეთეების გარეშე დარჩა.
„სომხები ძალიან თავმოყვარე ერია და მათთვის შეურაცხმყოფელი იყო, როცა ხელისუფლებამ, პუტინის დაჟინებული მოთხოვნის შედეგად, ხელი აიღო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე. პრაქტიკულად, სომხეთის საზოგადოების ნება ჩანაცვლდა რუსეთის პრეზიდენტის ნებით“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მუჩაიძემ.
ანალიტიკოსის აზრით, სომხეთში 11 დღის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციებმა ნათლად გამოამჟღავნა, რომ დამოუკიდებლობის მოყვარული სომეხი ხალხი არ შეეგუება ნების წართმევასა და დემოკრატიული მმართველობის სიკეთეების დაკარგვას, რაც რუსეთის ზეგავლენის შედეგია.
რუსეთის ზეგავლენის ბერკეტები და ყარაბაღის კონფლიქტი
ის, რასაც საპროტესტო აქციებში ჩართული სომხეთის მოქალაქეები მოითხოვდნენ, სრულ წინააღმდეგობაშია რუსეთის ინტერესებსა და პოლიტიკასთან ამ ქვეყანაში. თუმცა, როგორც რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, სომხეთს ძალიან გაუჭირდება რუსეთის ზეგავლენისგან თავის დაღწევა და ეს, უპირველეს ყოვლისა, უკავშირდება მთიან ყარაბაღს - ტერიტორიას, რომელიც, უკვე მრავალი წელია, დავის საგანს წარმოადგენს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის.
„ყარაბაღის შემოერთება სომხეთისთვის წარმოადგენს მეგაეროვნულ იდეას, რომლის წინააღმდეგაც ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ვერ წავა და ფასეულობებსაც კი დათმობენ ამ საკითხთან მიმართებით. ამიტომ, პროგრესულ ძალებს სომხეთში არ შეუძლიათ საზოგადოებას შესთავაზონ მოდელი, რომელშიც რუსეთი არ მონაწილეობს, რადგან ასეთ შემთხვევაში რუსეთი ხდება მტერი და სომხეთი, სულ მცირე, ყარაბაღის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგება“, - განმარტავს კახა გოგოლაშვილი და დასძენს, რომ სომხეთი დგას მძიმე დილემისწინაშე - არჩევანი გააკეთოს ტერიტორიული საკითხის სათავისოდ გადაწყვეტასა და ცივილიზებულ, დემოკრატიულ ფასეულობებს შორის.
„რეალისტურად რომ შევხედოთ, რუსეთის ექსკლუზიური ზეგავლენების სფეროდან გამოსვლა სომხეთისთვის უახლოესი პერიოდის პერსპექტივა არ არის. ამას, შესაძლოა, წლები დასჭირდეს. მაგრამ სომხეთში სულ უფრო ძლიერდება აღქმა, რომ შენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და უსაფრთხოების პოლიტიკა შენსავე ხელშია და ეს ბერკეტი არ უნდა დაუთმო სხვა სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში - რუსეთს. ეს ჩვენთან უკვე მოხდა, საქართველომ დემოკრატიული განვითარების კურსი აირჩია. ეს პროცესი დაწყებულია სომხეთშიც და წლებიც რომ დასჭირდეს, ეს პროცესი შეუქცევადად წარიმართება“, - აცხადებს გიორგი მუჩაიძე.