Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტობის კანდიდატები და განათლების ხუთი ხედვა


პრეზიდენტობის კანდიდატები
პრეზიდენტობის კანდიდატები

რას ფიქრობენ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატები განათლების სისტემაზე, სფეროზე, რომელიც, საზოგადოების უდიდესი ნაწილის აზრით, ძირეულ ცვლილებას საჭიროებს, თუმცა, აგერ უკვე წლებია, იდეები, მოსაზრებები, საუბრები, დაწერილი სტრატეგიები ერთმანეთს ცვლის, მაგრამ განათლების სისტემა ისევ ისე, თითქოს უცვლელად, პრობლემების ბუდედ რჩება. რამდენიმე დღის წინ განათლების ახალმა მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა იყალთოს სამონასტრო კომპლექსის ეზოში წარადგინა განათლების რეფორმის, ასევ ვთქვათ, ძალიან ზოგადი ხედვა. მალევე მას მოჰყვა პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძის, ხედვა საგანმანათლებლო სფეროს სისტემიდან გასვლის თაობასა და ალტერნატიული განათლების სისტემის შექმნაზე.

შეიძლება ითქვას, რომ საპრეზიდენტო კანდიდატების წინასაარჩევნო დაპირებებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს სწორედ განათლების სფერო და ის ცვლილებები, რომელთა განხორციელებასაც ჰპირდებიან, პირველ რიგში, კანდიდატები ახალგაზრდებს, თუკი გაიმარჯვებენ. რამდენად შეძლებენ კანდიდატები გაპრეზიდენტების შემთხვევაში თავიანთი ხედვების განხორციელებას, ეს კიდევ ცალკე საკითხია, რადგან პრეზიდენტის შეზღუდული უფლებამოსილებების პირობებში მათ, მაგალითად, საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის უფლებაც კი არ აქვთ. ასე რომ, მათი ხედვები შესაძლოა მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას ემსახურებოდეს, თუ არ ჩავთვლით, მაგალითად, ახალგაზრდების უცხოეთში სწავლის დაფინანსებას პრეზიდენტის ფონდიდან, თუმცა ესეც, რა თქმა უნდა, გარკვეული ლოგიკის ფარგლებში.

კანდიდატები ანბანის მიხედვით და მათი ხედვა განათლებაზე:

დავით ბაქრაძე

​„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე დაპირებების მთავარ აქცენტს იმ ახალგაზრდებზე აკეთებს, რომელთაც სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ სურთ და ამის ფინანსური საშუალება არ აქვთ. დავით ბაქრაძე უკვე რამდენიმე ხანია სხვადასხვა ქალაქში ახალგაზრდებს ხვდება და მათ საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს აცნობს, რომლის თანახმადაც, საპრეზიდენტო ფონდის თანხის 50 % უცხოეთში სტუდენტების დაფინანსებაზე დაიხარჯება:

„მომავალი პრეზიდენტი ვალდებულია გვერდით დაუდგეს ახალგაზრდებს, მისცეს მათ შანსი, მისცეს მათ პერსპექტივა. სწორედ ამიტომ, ჩემი ერთ-ერთი მთავარი დაპირება გახლავთ, რომ პრეზიდენტის ფონდის მინიმუმ 50 % დაიხარჯოს სტუდენტების განათლებაზე, სტუდენტების სწავლის საფასურის ანაზღაურებაზე. საქართველოს პრეზიდენტი აუცილებლად იქნება ახალგაზრდების, სტუდენტების ლობისტი მთელ მსოფლიოში’’.

გრიგოლ ვაშაძე

გრიგოლ ვაშაძე
გრიგოლ ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატი, ფიქრობს, რომ სახელმწიფოს განვითრებისა და წარმატების ფუნდამენტია ხარისხზე ორიენტირებული განათლების სისტემა. მისი აზრით, განათლების სწორი, თანამედროვე პოლიტიკის ხედვა უნდა ეყრდნობოდეს მისი ციკლურობის, უწყვეტობის (ადრეული და სკოლამდელი განათლებიდან უმაღლესი საფეხურის ჩათვლით), ინკლუზიურობის გააზრებას. მნიშვნელოვანია მიზნობრივი განათლების ინსტრუმენტების დანერგვა სასწავლო პროცესში - ინდივიდის პიროვნული განვითარების უზრუნველყოფა განათლების ყველა საფეხურზე. ამ გამოწვევების საპასუხოდ კი, გრიგოლ ვაშაძის აზრით, მნიშვნელოვანია გადაიდგას პროგრესზე ორიენტირებული ნაბიჯები, მათ შორის, განათლების ბიუჯეტის გაორმაგება, დეცენტრალიზაცია, დეპოლიტიზაცია; საბავშვო ბაღების ვაუჩერულ დაფინანსებაზე გადასვლა; საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხო გარემოს კონცეფციის პრიორიტეტად ქცევა; ინკლუზიური განათლების მაქსიმალური ხელშეწყობა. გრიგოლ ვაშაძე ფიქრობს, რომ გადასახედია პედაგოგთა სერტიფიცირების წესი, ხოლო მასწავლებელთა მინიმალური ანაზღაურება უნდა განისაზღვროს 1000 ლარით. მასწავლებელთა პროფესიული განვითარება მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული ტრენინგების შეთავაზების გზით უნდა განხორციელდეს.

რაც შეეხება საატესტატო და ეროვნულ გამოცდებს, როგორც გრიგოლ ვაშაძის საპრეზიდენტო პროგრამაში წერია, უნდა მოხდეს საატესტატო და ეროვნული გამოცდების ინტეგრაცია, უნდა დაფინანსდეს წარჩინებული სტუდენტების გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა და მათი საზღვარგარეთ სწავლა, ხოლო პროფესიული და საზოგადოებრივი სასწავლებლების სტუდენტებს ყველა იმ პრივილეგიით სარგებლობის შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, რომლითაც სარგებლობენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხული სტუდენტები. გრიგოლ ვაშაძის პროგრამის მიხედვით, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში უნდა დაინერგოს სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამები.

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

ამ აბზაცში უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი და, ამასთანავე, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის, ხედვა განათლების მიმართულებით, თუმცა, არაერთგზის დაპირების მიუხედავად, ეს ხედვა მისგან ვერ მივიღეთ.

შალვა ნათელაშვილი

შალვა ნათელაშვილი
შალვა ნათელაშვილი

ლეიბორისტული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, განათლების ხედვაში რამდენიმე მთავარ აქცენტს გამოყოფს: განათლება ყველა საფეხურზე დაფინანსდება ბიუჯეტიდან, გაიზრდება ლექტორ-პედაგოგთა ხელფასები, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება ნიჭიერი ახალგაზრდების უცხოეთში სწავლა, ყველა რეგიონში გაიხსნება უფასო სპორტული სკოლები.

დავით უსუფაშვილი

დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

უპარტიო საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელსაც მხარს უჭერენ „შენების მოძრაობა“, „ეროვნული ფორუმი“ და „თავისუფალი დემოკრატები“, ამბობს, რომ, პირველ რიგში, უნდა დასრულდეს „განათლების პოლიტიკის არქონის პოლიტიკა“ განათლების სისტემაში. მისი თქმით, სახელმწიფო მმართველობის სფერო, რომელიც ყველაზე უფრო სტაბილური უნდა იყოს, ყველაზე უფრო ცვალებადია და, საშუალოდ, ორ წელიწადში ერთხელ ყველაფერი თავიდან იწყება. დავით უსუფაშვილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტმა განათლების პოლიტიკის სტრატეგიაზე მრავალპარტიული კონსენსუსის მიღწევას უნდა შეუწყოს ხელი, რათა ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ ტაქტიკურ ცვლილებებს იწვევდეს. ამ მიზნის მიღწევა გაჭირდება, თუ პრეზიდენტი საკუთარი კონცეფციით გამოვა და ფასილიტატორის ნაცვლად მხარე გახდება. თუმცა, ამასთანავე, მისი აზრით, პრეზიდენტმა უნდა იაქტიუროს განათლების საკითხებში საზოგადოების განათლებაზე - ცოდნისა და პროფესიის, დასაქმებისა და კვალიფიკაციის, აღზრდისა და განათლების, კონკურენციისა და წარმატების ურთიერთმიმართების და ურთიერთდამოკიდებულების კარგად გასააზრებლად. როგორც დავით უსუფაშვილი ამბობს, პრეზიდენტის ხელთ არსებული შეზღუდული ფინანსური რესურსის ნაწილის მიმართვა ხელმოკლე ან განსაკუთრებული უნარების მქონე ახალგაზრდების სტიპენდიებზე შესაძლოა არ იყოს ურიგო საქმე, მაგრამ ამავე სახსრებით მეტი ახალგაზრდისთვის შეიძლება ხელშეწყობა, თუ იგი სისტემური ცვლილებებისკენ ან კერძო ფონდების მოძიებისკენ იქნება მიმართული:

„პრეზიდენტმა, როგორც სახელმწიფოს მეთაურმა, უკეთ უნდა წარმოაჩინოს განათლების მნიშვნელობა XXI საუკუნეში სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში - კიდევ უფრო მკაფიო გახდება მძაფრი კონკურენცია შრომის ბაზარზე, ისევე როგორც ინფორმაციული შეტევები და პროპაგანდისტული მანიპულაციები სათანადო განათლების არმქონე სოციალურ ჯგუფებზე, რაც არ ცნობს სახელმწიფო საზღვრებს“.

ზურაბ ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძე
ზურაბ ჯაფარიძე

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატის ზურაბ ჯაფარიძისა და „გირჩის“ ხედვა განათლების მიმართულებით, პირველ რიგში, დაუმორჩილებლობასთან ასოცირდება და ეწოდება „თავისუფალი განათლება“. მათი იდეის მიხედვით, სკოლა სრულად უნდა გავიდეს სახელმწიფო სისტემიდან. „გირჩის“ სკოლა ახალგაზრდების აზროვნების განვითარებისკენ იქნება მიმართული და სწორედ ეს იქნება „გირჩის“ განათლების კონცეფციის მთავარი იდეაც. შეფასება ნიშნების გარეშე. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა. ღირებულება თვეში 130 $-დან 200 $-მდე. მოსწავლეებს სკოლაში მიიღებენ 5 წლის ასაკიდან. არ იქნება განსაზღვრული სკოლის დამთავრების ასაკი, ანუ, თუკი მშობელი და მოსწავლე გადაწყვეტენ, რომ მოზარდმა უკვე მიიღო სათანადო განათლება, შესაძლოა მან სკოლა დაამთავროს, მაგალითად, 14 წლის ან 18 წლის ასაკში. სწავლება წარიმართება სახელმძღვანელოების გარეშე. „გირჩის“ სკოლის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ უმაღლესი განათლება მიიღონ უცხოეთში ან ჩააბარონ ექსტერნატის გამოცდები და მოიპოვონ უფლება გააგრძელონ უმაღლესი განათლების მიღება საქართველოში.

XS
SM
MD
LG