Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის განკარგულება სასამართლომ შეაჩერა - იუსტიციის საბჭო "ინფორმაციის გამომტანის" გარეშე რჩება


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ერთი ადგილი კვლავ ვაკანტურია. 15 ივლისს - საქართველოს პრეზიდენტმა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილი დანიშნა, ხოლო 22 ივლისს - თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზიდენტის განკარგულება შეაჩერა.

სასამართლოში კონკურსში მონაწილე ერთ-ერთმა კანდიდატმა - მანუჩარ კაკოჩაშვილმა იჩივლა, - აცხადებს, რომ თავს დაჩაგრულად გრძნობს.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია და კომისიის წევრები მიიჩნევენ, რომ - საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან სრულიად შეუსაბამოა, რადგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის დანიშვნის დისკრეცია პრეზიდენტს კონსტიტუციით აქვს მინიჭებული.

„სამწუხაროდ, სასამართლო სისტემა ცდილობს, საკუთარი გავლენების გამოყენებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ დაუშვას ერთი განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანიც კი“, - განაცხადა 23 ივლისს შესარჩევი კომისიის წევრმა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ.

ოპოზიცია მომხდარში „სასამართლო კლანის“ ინტერესებს ხედავს. კლანის დამაზიანებელ საქმიანობაზე ხშირად ლაპარაკობს აწ უკვე სასამართლოს მიერ დაბლოკილი კახა წიქარიშვილიც. გასაუბრებაზე მან თქვა, რომ სასამართლო სისტემაში „ქირურგიული ჩარევის“ საჭიროებას ხედავს.

კონსტიტუციის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციაა: საერთო სასამართლოების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა, მოსამართლეთა დანიშვნა, გათავისუფლება და სხვა.

კანონი პრეზიდენტს არ ავალდებულებს შექმნას კომისია კანდიდატურის შესარჩევად, რა გზაც სალომე ზურაბიშვილმა, როგორც თავად ხსნის - მეტი გამჭვირვალობისა და ნდობისთვის აირჩია

რა მოხდა?

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი, არამოსამართლე წევრის შერჩევის მიზნით, პრეზიდენტმა სპეციალური კომისია შექმნა და კანდიდატების შესარჩევი კონკურსი 21 ივნისს გამოაცხადა. განაცხადებისთვის კანდიდატებს ვადა 2 ივლისამდე ჰქონდათ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ წევრს, თამარ ღვამიჩავას, უფლებამოსილების 4-წლიანი ვადა 2024 წლის 22 ივლისს ამოეწურა.

შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდა ხუთი კანდიდატი: გიორგი ბურჯანაძე - სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე; დიმიტრი გაბუნია - პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი; მანუჩარ კაკოჩაშვილი - ადვოკატი; კახა წიქარიშვილი - დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფის წევრი და თამარ ალფაიძე - კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კომისიას დაუსახა ამოცანა, რომ კანდიდატები კვალიფიკაციის, რეპუტაციის, დამოუკიდებლობასა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით შეეფასებინა და მათ შესახებ რეკომენდაციები მისთვის წარედგინა.

კანდიდატებთან გასაუბრება 11 ივლისს გაიმართა.

გასაუბრების პროცესი საჯარო იყო და სოციალურ ქსელებში, პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდებზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

საბოლოოდ, შესარჩევმა კომისიამ პრეზიდენტს, რეკომენდაციის სახით, გიორგი ბურჯანაძისა და კახა წიქარიშვილის კანდიდატურები წარუდგინა. პრეზიდენტმა არჩევანი კახა წიქარიშვილზე შეაჩერა და 15 ივლისს ის იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრად დანიშნა.

22 ივლისს კი, ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის განკარგულება თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალწარმოების დასრულებამდე შეაჩერა - ერთ-ერთი კონკურსანტის, მანუჩარ კაკოჩაშვილის მიმართვის საფუძველზე.

ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით - საქართველოს პრეზიდენტს აეკრძალა ახალი კონკურსის ჩატარება და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის დანიშვნა.

რას ამბობს მომჩივანი?

უსამართლოდ დავიჩაგრე მიკერძოებული არასამთავრობო ორგანიზაციების და შემდგომ პრეზიდენტის მიერ და არსებითად დაირღვა ჩემი უფლებები“, - დაწერა მანუჩარ კაკოჩაშვილმა ფეისბუკზე, 23 ივლისს. ამბობს, რომ დაირღვა როგორც კონკურსის პროცედურული ნაწილი, ასევე - კომისია არ დაინტერესდა გამარჯვებული კანდიდატის - კახა წიქარიშვილის კვალიფიკაციით.

სამართალმცოდნე კახა წიქარიშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, მოსამართლის თანაშემწედ და საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრად.

ტექსტის თანახმად, მომჩივანი ადვოკატი უკმაყოფილო დარჩა იმითაც, რომ წიქარიშვილმა გასაუბრებაზე ვრცლად ისაუბრა სასამართლოში არსებული კლანის გავლენაზე და სასამართლო სისტემაში „ქირურგიული ჩარევისა“ და რეორგანიზაციის აუცილებლობაზე.

„თუ საბჭოს წევრობის კანდიდატი მოსამართლეთა 80%-ზე მეტს ემუქრება სისტემიდან განდევნით (რასაც გასაუბრების დროსაც და სხვა ვითარებაშიც ხშირად მოისმენთ კახა წიქარიშვილისაგან), ის ვერ იქნება მათი დამოუკიდებლობის, ეფექტიანობის უზრუნველმყოფი პირი, მათი საქმიანობის ობიექტურად და სამართლიანად შემფასებელი“, - წერს მანუჩარ კაკოჩაშვილი.

კაკოჩაშვილი თვლის, რომ ის სრულად აკმაყოფილებდა საკონკურსო პირობებს, მათ შორის, კვალიფიკაციით და სასამართლოს გადაწყვეტილება - პროცესის შეჩერების შესახებ იმიტომ არის აუცილებელი, რომ სამართალწარმოების დასრულებამდე იუსტიციის საბჭოში ვაკანტური ადგილი არ შეივსოს.

პრეზიდენტის მიერ შექმნილი შესარჩევი კომისია განმარტავს, რომ კონკურსი ჩატარდა ნეიტრალურად, ობიექტურად და ყველა კანდიდატს ჰქონდა საკუთარი თავის მაქსიმალურად წარმოჩენის საშუალება.

„სასამართლოს კლანი“

კახა წიქარიშვილისთვის ნიშანდობლივია, რომ მოსამართლე ლეილა ფოლადაშვილს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების შესაჩერებლად მხოლოდ რამდენიმე საათი დასჭირდა.

„სასამართლოში ასე არ ხდება, მთელი დღეები, თვეები და წლები იხილება საქმეები. მოსამართლეები ორი-სამი დღე საქმეებამდე მისვლასაც ვერ ახერხებენ ... მაგრამ როგორც კი საქმე შევიდა, მაშინვე მოსამართლის ხელებში მოხვდა და რამდენიმე საათში გადაწყვეტილება მიიღო“, - კახა წიქარიშვილი რადიო თავისუფლებასთან იმეორებს, რომ „სასამართლოში კლანია და შეუძლიათ, ყველა საქმეში ჩაერიონ“.

პრეზიდენტის განკარგულების შეჩერების ფონზე, კვლავ სასამართლო კლანის შესახებ ლაპარაკობენ ოპოზიციაში.

„სასამართლო კლანმა და ივანიშვილის "ოცნებამ" გადაწყვიტა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 15 წევრიდან არცერთი წევრი არ იყოს ისეთი, ვინც დაიცავს მოქალაქის ინტერესებსა და უფლებებს და არ იქნება "კლანისა" და ხელისუფლების ყურმოჭრილი მსახური“, - აცხადებს „ლელოს“ დეპუტატი, ანა ნაცვლიშვილი.

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ განსჯიან და „ხელისუფლება სასამართლოს საქმეებში არ ერევა“. თუმცა უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ კონკურსის პირობების დარღვევაზე სასამართლოს რეაგირება მართებულია.

„არ არის ლოგიკა იმაში, რომ პრეზიდენტს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრის დანიშვნა კონკურსის გარეშე შეეძლო - თუ შეეძლო, დაენიშნა კონკურსის გარეშე, მაგრამ რაკი დანიშვნა კონკურსის გზით გადაწყვიტა, კონკურსის ფორმალური მხარე ხომ უნდა დაეცვა?! მან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი კონკურსის გარეშე არ დანიშნა, დისკრეცია არ გამოიყენა, კონკურსი ჩაატარა და დაარღვია, როცა შეეძლო, რომ მარტივად და დაურღვევლად გაეტანა“, - უთხრა მდინარაძემ ჟურნალისტებს.

ამბის გამომტანი

სასამართლოში კაკოჩაშვილის მიერ წამოწყებული საქმის განხილვა შესაძლოა თვეებისა და წლების განმავლობაში გაჭიანურდეს და ეს იმას ნიშნავს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრის ადგილი არ შეივსება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, „სასამართლოს გუშაგის“ ხელმძღვანელი, ნაზი ჯანეზაშვილი გვეუბნება, რომ იუსტიციის საბჭო ბოლო ერთი თვის განმავლობაში განსაკუთრებით დახურულ სტრუქტურად იქცა - სხდომები ღია აღარ არის და აღარც გადაწყვეტილებები ქვეყნდება. შესაბამისად, დამოუკიდებელი არამოსამართლე წევრის დანიშვნა, მისი თქმით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენდა.

„საზოგადოებას არანაირი ინფორმაცია არა აქვს - რაზე მსჯელობს და რა გადაწყვეტილებებს იღებს საბჭო. თან წინასაარჩევნო პერიოდში - რა გადაადგილებებია [მოსამართლეთა კორპუსში], ვინ სად ინიშნება, ვინ დაწინაურდა, მთლიანად საკადრო პოლიტიკა - ყველაფერი დახურულია. ამ დახურული სისტემის პირობებში ჩვენ იმედიანად ვიყავით, რომ ახალი, არამოსამართლე წევრი ინფორმაციას გამოიტანდა. სხვა რომ არაფერი ეკეთებინა, საკმარისი იქნებოდა, მხოლოდ ინფორმაცია რომ გამოეტანა“, - გვეუბნება ნაზი ჯანეზაშვილი, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად მუშაობის პერიოდშიც და მერეც მუდმივად ხედავდა „სასამართლო კლანის“ დამაზიანებელ ქმედებებს და ხშირად ხდებოდა აგრესიის სამიზნე, მათ შორის - საბჭოს მოსამართლე წევრების მხრიდანაც.

11 ივლისს, გასაუბრების დროს, კახა წიქარიშვილმა განაცხადა, რომ როგორც ერთი წევრი, იუსტიციის საბჭოში ვერაფერს შეცვლის, მაგრამ ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოტანა შეუძლია, რაც სასამართლოს გაჯანსაღების სამომავლო გეგმებისთვის ღირებული იქნება.

"სახიფათო პრეცედენტი"

„მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლე ლეილა ფოლადაშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და შეიჭრა 52-ე მუხლით გარანტირებულ საქართველოს პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაში - დამოუკიდებლად შეარჩიოს და დანიშნოს იუსტიციის საბჭოს ერთი არამოსამართლე წევრი“, - განაცხადა 23 ივლისს, შესარჩევი კომისიის თავმჯდომარემ, გურამ იმნაძემ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

კომისიის წევრები განმარტავენ, რომ მომხდარი „სახიფათო პრეცედენტია და მიუთითებს სასამართლოს მცდელობაზე - გააკონტროლოს, კონსტიტუციურმა ორგანოებმა ვინ უნდა დანიშნონ იუსტიციის საბჭოში და ვინ არა“.

კონსტიტუცია ან ორგანული კანონი პრეზიდენტს არ ავალდებულებს - შექმნას შესარჩევი კომისია.

კონსტიტუციონალისტები განმარტავენ, რომ პრეზიდენტი უფლებამოსილია დისკრეციულად შეარჩიოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნოს კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი კანდიდატი, რომელიც აკმაყოფილებს კანონით დადგენილ ნორმებს.

კომისიის შექმნისას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კომისია „კანდიდატების შერჩევის პროცესის სრული გამჭვირვალობისთვის, ასევე შერჩეული კანდიდატურის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლების მიზნით“ შექმნა.

გასაუბრების პროცესს ესწრებოდნენ და მონიტორინგს უწევდნენ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) ექსპერტები.

მომხდარს „მთლიანად ქვეყნის ტრაგედია“ უწოდა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ.

„პირველი - ამის უფლება არ გაქვთ; მეორე - ეს არის ხელისუფლების განაწილების პრინციპის დარღვევა; მესამე - ეს არის კიდევ ერთი დასტური სასამართლოს კლანური მმართველობისა, რომლისთვისაც ერთი განსხვავებული აზრიც კი მიუღებელია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში“, - განაცხადა მსხილაძემ 22 ივლისს გამართულ ბრიფინგზე.

იუსტიციის საბჭო რეფორმა - მუდმივად სადავო საკითხი

საერთაშორისო პარტნიორები, წლების განმავლობაში, მუდმივად მიუთითებდნენ - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძირეული რეფორმის აუცილებლობაზე. თუმცა რეფორმა დღემდე არ გატარებულა.

ამ საკითხს მოიცავდა ევროკომისიის მიერ შემუშავებული 12 რეკომენდაცია, კანდიდატის სტატუსის მიღებამდე. რეკომენდაცია არ შესრულდა და ამიტომ მოხვდა ის ევროკომისიის 9 დათქმაშიც, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ.

მანამდე, იუსტიციის საბჭოს რეფორმას ითვალისწინებდა, 2021 წლის 19 აპრილს, პარტიების ნაწილს შორის ხელმოწერილი „შარლ მიშელის შეთანხმება“, რომელსაც „ქართული ოცნება“ რამდენიმე თვეში, ცალმხრივ რეჟიმში გაემიჯნა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირების აუცილებლობა ხშირად იყო ასახული ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში, სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული ანგარიშების ფარგლებში. ამ რეკომენდაციებით ხელმძღვანელობს საერთაშორისო თანამეგობრობა.

ევროსაბჭოს ვენეციის კომისიას „ქართული ოცნება“ ღიად დაუპირისპირდა - „აგენტების კანონზე“ გამოქვეყნებული ცალსახა ანგარიშის შემდეგ. ანგარიში მოიცავდა „მტკიცე რჩევას“ არსებული ფორმით „აგენტების კანონის“ გაუქმების შესახებ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმის ძირითადი ნაბიჯები ასახულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ შედგენილქართულ ქარტიაში, რომელსაც ოპოზიციურმა პარტიებმა მოაწერეს ხელი.

„ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების კვალიფიკაციის, კეთილსინდისიერების, დამოუკიდებლობის და მათ შესახებ სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეფასება-შემოწმება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კომისიის მიერ“, - აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG