თბილისი პრაიდის კვირეული ჩატარდება.
ჩატარდება კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი მსვლელობა - „ღირსების მარშიც“, მიუხედავად წინააღმდეგობისა, მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს შეთავაზებისა - საჯარო მსვლელობის ნაცვლად, ლგბტქ თემის წევრებმა დახურულ სივრცეში მოიყარონ თავი.
გარეთ გამოსვლა და საკუთარი სათქმელის ხმამაღლა თქმა, პრაიდის ორგანიზატორებისათვის პრინციპული საკითხია, თუმცა მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ძალოვან უწყებასთან ამ დრომდე არ დასრულებულა.
ჯერ ისევ არ არის ნათელი - ვინ აიღებს პასუხისმგებლობას პრაიდის უსაფრთხოდ ჩატარებაზე იმ ფონზე, როდესაც მის აკრძალვას მოითხოვენ სასულიერო პირები, ულტრა მემარჯვენე, ნაციონალისტური ძალები კი აცხადებენ, რომ ისინი თბილისის ყველა ცენტრალურ ქუჩას დაიკავებენ და „ღირსების მარშის“ ჩატარებას არ დაუშვებენ.
„თბილისი პრაიდის“ წერილი შსს-ს, პრეზიდენტს, პრემიერსა და სახალხო დამცველს
11 ივნისს, თბილისი პრაიდის გუნდი გეგმავს, ოთხივე უწყებას ოფიციალური წერილით მიმართოს და მოითხოვოს შეთანხმება უსაფრთხოების გეგმაზე - თბილისი პრაიდის კვირეულის განმავლობაში.
პრაიდის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ნინო ბოლქვაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ გეგმას - შეკრების ადგილის, სავარაუდო მონაწილეთა რიცხვის, უსაფრთხოების ზომების, პოლიციელთა რაოდენობის და სხვა ტექნიკური დეტალების თაობაზე, ისინი ხელისუფლებას თავად შესთავაზებენ. მოითხოვენ მათთან შეხვედრებზე სახალხო დამცველის დასწრებას, რათა თავიდან აიცილონ ინტერპრეტაციები.
„რომ აღარ მოხდეს ის, რაც შსს-ში ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ მოხდა - მათ ელჩებს უთხრეს, თითქოს რუსთაველიდან სამებამდე მსვლელობას ვითხოვდით, რაც არ არის სიმართლე“.
ნინო ბოლქვაძე მიიჩნევს, რომ ამ შეხვედრებს უნდა დაესწრონ გადაწყვეტილების მიმღები მთავრობის წევრები და არა „მესიჯის მიმტანი“ პირები.
თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა ჯერ არ იციან, დაიცავს თუ არა მათ ხელისუფლება. ამიტომ, მათი აზრით, თემის წევრებმა დამოუკიდებლად უნდა მიიღონ ღირსების მარშში მონაწილეობის გადაწყვეტილება.
„ჩვენი პოზიციაა, რომ არ უნდა დავთმოთ. თუ ეს მოხდა, საჯაროდ შეკრების უფლება კიდევ მრავალი წლის განმავლობაში დარჩება არარეალიზებული. თემი კი სრულიად დემოტივირებული იქნება“, - გვითხრა ნინო ბოლქვაძემ.
ის და მისი თანამოაზრეები, ვინც ერთიანდებიან საჯაროდ გამოხატვის იდეის ირგვლივ, ვისაც სჯერა, რომ ლგბტ ჯგუფები ხელისუფლების ქმედებით ზიანდებიან, აუცილებლად გავლენ ქუჩაში: „სულ რომ სამი ადამიანი ვიყოთ, მაინც გავალთ“.
ყველა წინაპირობის გათვალისწინებით, თბილისი პრაიდის გუნდი მოელის, რომ „ღირსების მარშში“ მონაწილეობას დაახლოებით 1000-მდე ადამიანი მიიღებს.
სად გაიმართება ღირსების მარში?
ადგილს, თბილისი პრაიდის ორგანიზატორებსიათვის, ცხადია, დიდი მნიშვნელიბა აქვს. თუ ისინი ვერავინ დაინახა, პრაიდის იდეას აზრი ეკარგება. პრაიდი - პოლიტიკური პროტესტია, რომელიც, როგორც ნინო ბოლქვაძე შენიშნავს, „სადღაც, ლისის ტბაზე ვერ იქნება“.
თუმცა პრაიდის გუნდი ითვალისწინებს საზოგადოების ნაწილის განწყობებს, ერიდება კონფრონტაციას და ამბობს, რომ მსვლელობა რუსთაველზე ან რომელიმე საკულტო ნაგებობასთან არ გაიმართება.
„მაგრამ არც, ვთქვათ, ვაზისუბანში ან აეროპორტის ტერიტორიაზე იქნება. შუალედის მოძებნა შესაძლებელია. ჩვენ არ გვჭირდება ძალიან დიდი ტერიტორია. თბილისში ბევრი ისეთი ქუჩაა, რომლის დაცვაც შესაძლებელია, სადაც შეკრებას და მარშს შევძლებდით“, - უთხრა ნინომ რადიო თავისუფლებას.
პრაიდის გუნდს აქვს საკუთარი ვერსიები შეკრების ადგილის თაობაზე. თუმცა შსს-გან ჯერჯერობით დუმილია.
რას ნახავთ პრაიდზე?
ღირსების მარშში მონაწილეობას გეგმავენ არა მხოლოდ თემის წევრები, არამედ მათი მეგობრები, მშობლები, მხარდამჭერები. ექნებათ ტრანსფარანტები, დროშები ცისარტყელის ფერებში. ნელი ნაბიჯით დაიძვრებიან, მსველობა, დაახლოებით 15 წუთს გასტანს, რომლის დასასრულს, საგანგებოდ მოწყობილ ტრიბუნასთან თემის წევრები და მათი მხარდამჭერები გამოვლენ:
„და ჩვენ ვიტყვით, რომ საქართველოში გვაქვს უთანასწორობა საკანონდებლო დონეზე, რომ საკონსტიტუციო ჩასწორებამ ქორწინების და ოჯახის თაობაზე, მართალია, მარგინალებად გვაქცია, მაგრამ ჩვენ უკვე გვაქვს ოჯახებად ცხოვრების პრაქტიკა და უსაფრთხოების კუთხით მეტი გარანტია გვჭირდება, ვილაპარაკებთ სამოქალაქო პარტნიორობის შესახებ რეგულაციის საჭიროებაზე, ტრანსგენდერი ადამიანები თავად ისაუბრებენ პასპორტებში ჩანაწერთან დაკავშირებულ პრობლემებზე, მშობლები გამოვლენ და თავიანთ გამოცდილებაზე მოყვებიან. სათქმელი ბევრია. და მთელი ამ გამოსვლების შინაარსი არის ის, რომ ჩვენ საზოგადოებამ დაგვინახოს როგორც ადამიანები“, - ამბობს ნინო ბოლქვაძე.
კინტო მოიწონეს - გამოხმაურებები კვირეულამდე 8 დღით ადრე
თბილისი პრაიდის კვირეულის დაწყებამდე 8 დღე რჩება. პრაიდის ჩატარების მოწინააღმდეგეთა ხმამაღალი განცხადებების ფონზე უკვე გამოჩნდა საერთაშორისო ორგანიზაციების გამოხმაურებებიც. თბილისი პრაიდის შესახებ იმსჯელეს დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში. შოტლანდიელმა დეპუტატმა მარტინ დოჰერტი-ჰიუჯმა ხელისუფლების გადაწყვეტილება გააკრიტიკა და რუსულ ანტი-ლგბტ პოლიტიკის გავლენებზე ისაუბრა.
„ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან დიდ მხარდაჭერას ვიღებთ როგორც საქართველოში, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სოლიდარობა სიძულვილზე ძლიერია! შეუერთდით All Out-ის საერთაშორისო პეტიციას და ერთად მოვთხოვოთ მთავრობას დაიცვას ადამიანის საბაზისო უფლებები“, - წერს თბილისი პრაიდის გუნდი საკუთარი ფეისბუკის გვერდზე
ორგანიზაცია All Out-ის საერთაშორისო პეტიცია საქართველოს მთავრობას პრაიდის მონაწილეების დაცვისკენ მოუწოდებენ.
„დაგვეხმარეთ, დავარწმუნოთ პრემიერმინისტრი და შს მინისტრი, უზრუნველყოს პრაიდის კვირეულისა და მარშის დაცულად და მშვიდობიანად ჩატარება“, - წერია პეტიციაში.
თბილისი პრაიდის სიმბოლო კინტო - ცისარტყელის დროშით გამოჩნდა ლიეტუვაში 8 ივნისს გამართულ პრაიდზეც. ვილნიუსში გამართულ "თანასწორობის მარშში" 10 000 ადამიანი მონაწილეობდა - როგორც თბილისი პრაიდის ორგანიზატორები წერენ, კინტომ დიდი ინტერესი და მხარდაჭერა დაიმსახურა.
ევროპიდან, საქართველოს ხელისუფლების მიმართ, გაისმა კრიტიკაც იმის გამო, რომ შესაბამისი უწყებები ვერ უზრუნველყოფენ პრაიდის ჩატარების უსაფრთხოებას.
გაყოფილი აზრი - ლგბტქ თემში
თბილისი პრაიდისგან განსხვავებით, სხვა სათემო ორგანიზაციები ღირსების მარშის საორგანიზაციო საკითხებში ჩართულები არ არიან. მათი აზრით, ლგბტქ თემის ხილვადობის პრობლემა საქართველოში სხვა გზით უნდა გადაიჭრას.
მაგალითად, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ (WISG) მარშის ჩატარებას პოლიტიკურად კონტრპროდუქტიულ გადაწყვეტილებად აფასებს, რომელიც მათ ხედვას არ ემთხვევა.
31 მაისს WISG-მა პრაიდის შესახებ განცხადებაც გაავრცელა, და ახსნა, თუ რატომ არ ეთანხმება თემის წევრთა ნაწილი საჯარო მსვლელობის გამართვის იდეას. მათთვის მიუღებელია:
- თუ როგორ სპეკულირებენ ლგბტ საკითხებით პოლიტიკურად დაინტერესებული, რელიგიური, ულტრა-ნაციონალიტური და ულტრა-მემარჯვენე ჯგუფები. ასევე მედია.
- როგორ ხდება ჰომოფობიის გამოყენება ანტიდასავლური განწყობების გასაძლიერებლად და რა პოლიტიკური სარჩული უდევს ორგანიზებულ ანტი-გეი გამოსვლებს საქართველოში, რომელსაც უფრო დიდი ხნის ისტორია აქვს, ვიდრე თავად აქტივისტების მცდელობას მშვიდობიანად აღნიშნონ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე.
WIZG-ი ფრთხილობს: რომელი პოლიტიკური ძალები გააქტიურდებიან და გამოიყენებენ ღირსების მარშს ჰომოფობიური სპეკულაციებისა და პოლიტიკური მანიპულაციისთვის? ეს ორგანიზაცია ემიჯება ისეთ აქტებს, რომლის სარგებელიც ბუნდოვანია, მოსალოდნელი ზიანი და საფრთხე კი - დიდი.
„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ მიიჩნევს, რომ საჯარო აქციის დაგეგმვისა და ჩატარების პროცესები (იქნება ეს აიდაჰო თუ ღირსების მარში) მეტ გამჭვირვალობას, თემის წევრთა ჩართულობასა და ლეგიტიმაციას საჭიროებს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს გადაწყვეტილება თემის ყველა წევრს ეხება.
ამავე დროს, ორგანიზაცია მკაცრად მოუწოდებს სახელმწიფოს და სამართალდამცავ ორგანოებს, დაიცვან მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლება და უზრუნველყონ უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების მობილიზება უწყვეტ რეჟიმში.
ქვიარ აქტივისტი ბექა გაბადაძე პრაიდის ჩატარებას ჯერ კიდევ თებერვალში გამოეხმაურა საგანგებო ბლოგით და და იმ დადებით და უარყოფით მხარეებზე დაწერა, რომლებიც, მისი აზრით, შესაძლოა, თან ახლდეს თბილისში პრაიდის ჩატარებას. მან ეს პოსტი სწორედ იმ სიჩუმის დასარღვევად დაწერა, რომელიც, მისივე სიტყვებით, თემის წინააღმდეგ მუშაობდა. სიჩუმე კი ჩამოწვა სწორედ იმიტომ, რომ თემის წევრებს შორის პრაიდის გამართვის თაობაზე აზრები გაიყო.
ბექა "ლიბერალში" გამოქვეყნებულ ბლოგში წერს:
„პრაიდის კვირეულის მთავარი შედეგი ალბათ უფრო საერთოობის, სოლიდარობის, სიყვარულის განცდა უნდა იყოს. ეს განცდა კი დაპირისპირების, ერთმანეთზე გადავლის, ერთმანეთის არგათვალისწინების გარეშე არ მოდის. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ იმ ნაპრალების ამოვსებაზე, რომლებსაც წლებია ვაჩენთ...საზოგადოებაში არსებულ წინასწარგანწყობებს სჭირდება სისტემური მუშაობა და მიდგომა. დიალოგის და განათლების გარეშე რეალური ცვლილებების მიღწევა შეუძლებელია. ამიტომ ჩვენი აქტივიზმი უნდა იყოს რუტინული, განმარტებითი და ეხებოდეს იმ რეალურ საჭიროებებს, რომლებიც ქვიარებს საქართველოში დღეს აქვთ...“
ამ პათოსსა და მოსაზრებებზე თბილისი პრაიდის სახელით, ნინო ბოლქვაძის პასუხი ის არის, რომ საჯარო ხილვადობა რომ არაფერს წყვეტდეს, მაშინ საზოგადოება ვერც პოლიტიკოსების მხრიდან ორგანიზებულ პარტიულ ყრილობებს იხილავდაო.
„ეს რომ არ მუშაობდეს, არც პარტიები ჩაატარებდნენ ასეთ ყრილობებს, საიდანაც თავიანთ მესიჯებს ავრცელებენ, არც პრაიდები ჩატარდებოდა. თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს მიმართ დამოკიდებულება შეიცვალოს, ჩვენ უნდა საჯაროდ გვქონდეს ჰომოსექსუალად იდენტიფიცირების უფლება. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ვარსებობთ და ამ არსებობას საფრთხე არ უნდა შეექმნას. ასე ფუქციონირებს შემდგარი საზოგადოება და სამართ;ლებრივი სახელმწიფო“.
ნინო ბოლქვაძე ფიქრობს, რომ დღეს საქართველოში ლგბტ თემის საპირისპიროდ მუშაობს რუსული პროპაგანდა, ჰიბრიდული ომი, რომელიც არ სრულდება. და რომელიც უფრო გაძლიერდება, თუ თემი გაჩერდება.
დაანონსებული კონტრ-აქციები
ულტრა-მემარჯვენე და ულტრა-ნაციონალისტურმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა თუ მოძრაობებმა არაერთხელ, საჯაროდ განაცხადეს, რომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს ღირსების მარშის ჩატარების უფლებას არ მისცემენ და თბილისში ყველა ცენტრალურ ქუჩას დაიკავებენ.
„გეი აღლუმს ვერ ჩაატარებენ! შემოგვიერთდით“ - ფეისბუკში ამ შინაარსის არაერთ მოწოდებას წააწყდებით.
„ქართული დასი“, მაგალითად, თავის მომხრეებს სთავაზობს პრაიდის საწინააღმდეგო ფეისბუკპროფილის სპეციალურ ჩარჩოს შინაარსით - "უთხარი არა ლგბტ აქციას"
ღიად აქვს თავისი პოზიცია გაცხადებული “ქართული მარშის ლიდერს სანდრო ბრეგაძესაც, რომელიც აცხადებს, რომ არ დაუშვებს თბილისში „გეიაღლუმის ჩატარებას“.
სასულიერო პირები: ღმერთი დაგვსჯის
პრაიდის კვირეულამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე სასულიერო პირებმა ხელისუფლებას მოუწოდეს, აკრძალოს მსგავსი ღონისძიებები. „ასეთი კვირეული არ უნდა შედგეს“ - თქვეს მათ ეკლესიის სახელით 10 ივნისს, „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.
18-23 ივნისს თბილისში დაგეგმილი პრაიდის კვირეული მოინათლა როგორც „სასიკვდილო ცოდვა“ - დეკანოზმა დავით ქვლივიძემ განაცხადა, რომ „ამ ქმედების“ გამო არა მხოლოდ ოჯახები, არამედ სახელმწიფოებიც ინგრევა. რომ ამის გამო დაინგრა რომის იმპერია, ბიზანტიის იმპერია:
„და წარმოიდგინეთ, რა მოუვა პატარა საქართველოს!. ეს იქნება დაღუპვის დასაწყისი. ღმერთი დაგვსჯის ამის გამო და ამიტომ ვართ შეწუხებულები. ჯარი ჩვენ არა გვყავს, არაფერი ჩვენ არ გვაქვს, ერთადერთი ღმერთის იმედად ვართ და რაღაც ძალები ცდილობენ ღმერთთანაც დაგვაპირისპირონ“.
აი, კიდევ რამდენიმე ამონარიდი დეკანოზის მიმართვიდან:
- საქართველო კავკასიური ქვეყანაა. კავკასიის მენტალიტეტი იცით რაც არის. ჩვენთან ცხოვრობენ ოსები და აფხაზები. ეს არის კავკასიური მენტალიტეტის ხალხი. უფროს-უმცროსობა, ოჯახის ტრადიციები, კაცობა, ვაჟკაცობა, ქალწულობა, ერთ-ერთ მთავარ ტრადიციას წარმოადგენს. თავისი სიმაღლე აქვს. წარმოიდგინეთ, ოსები და აფხაზები, რომ გაიგებენ, რომ თბილისში მამათმავლების კვირეული ჩატარდა, სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებენ, რომ აღარ შემოუერთდნენ საქართველოს.
- ეკლესიის პოზიცია ასეთია: ეკლესია ამას ამხელს და გაფრთხილებთ, რა შეიძლება მოხდეს. ჩვენ არასოდეს ვართ აგრესიულები. არასოდეს ვამბობთ, ესენი სცემეთ. ეკლესიაში შემოგზავნილმა ხალხმა გააკეთა მაშინ ის ყველაფერი, როცა ხმაური ატყდა. ეკლესია ასეთ ხალხს სინანულისაკენ მოუწოდებს, მე მრევლში მყავს ასეთი ხალხი...ყველაზე დიდ ყურადღებას მათ ვაქცევ და ყველაფერს ვაკეთებ, რომ როგორმე აქედან ამოვიდნენ"...
თბილისი პრაიდი, რომელიც საქართველოში, თბილისში, პირველად ტარდება, 18-23 ივნისს არის დაგეგმილი. კვირეულის ნაწილია საჯარო მსვლელობა, ღირსების მარშიც.