თემა იყო „ქარიშხლის მოთვინიერება“, ცხადი მითითება ევროპის წინაშე მდგარი ყველა გამოწვევის შესახებ - დაწყებული რუსეთის ომიდან უკრაინაში, ჩინეთის მავნე გავლენით, დონალდ ტრამპის პოტენციური ახალი პრეზიდენტობით თუ ხელოვნური ინტელექტით დამთავრებული - ყველაფერი, რაც პოლიტიკოსებმა, აკადემიკოსებმა და ექსპერტებმა ჩეხეთის დედაქალაქში სამი დღის განმავლობაში საფუძვლიანად განიხილეს.
მაგრამ სინამდვილეში, ეს GLOBSEC-ი შარშანდელთან შედარებით მშვიდი აღმოჩნდა. მაშინ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აღმოჩნდა ყურადღების ცენტრში - მან ცენტრალურევროპელებს განუცხადა, რომ ისინი მართალი იყვნენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაკავშირებით და, რომ პარიზი საშინლად შეცდა. უშედეგოდ სცადეს, რომ სერბეთისა და კოსოვოს ლიდერები ერთად დაესხათ და რეგიონში შეემცირებინათ დაძაბულობა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა კი დასახა და შემდგომში შეასრულა დასავლეთ ბალკანეთისათვის მომდევნო სამი წლის განმავლობაში 6 მილიარდი ევროს გამოყოფის გეგმა.
ამჯერად მთელი ღონისძიების ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი იყო ის, რომ ის არ შედგა ბრატისლავაში, ფორუმის სახლში წინა 18 წლის განმავლობაში. 2023 წლის შემოდგომაზე ძალაუფლების მოპოვებიდან მალევე, სლოვაკეთის მემარცხენე პოპულისტმა პრემიერმა რობერტ ფიცომ გააუქმა ფორუმის პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერა, მიუხედავად იმისა, რომ თავად გახლდათ მისი დიდი მომხრე მთავრობის მეთაურობის წინა ვადის დროს. მრავალი თვალსაზრისით, მან გააგრძელა ბრატისლავის მიზანმიმართული შეტევა სხვადასხვა ინსტიტუტზე - გაზაფხულზე სლოვაკეთის სახელმწიფო ტელევიზიის მმართველობა გადაიბარა, ახლახან კი ქვეყანაში ცნობილი კულტურული ინსტიტუტების ხელმძღვანელები გაათავისუფლა. ასე რომ, პრაღამ დროებითი თავშესაფარი მისცა ფორუმს. ჩეხეთი შეკრებას მომავალ წელსაც უმასპინძლებს, შემდეგ კი მისი მომავალი ნაკლებად ცხადია. ძალიან სავარაუდოა, რომ მომავალ შემოდგომაზე ჩეხეთს საკუთარი პოპულისტი, ანდრეი ბაბიჩი ეყოლება ხელისუფლებაში. სამდღიან შეკრებაზე რამდენიმე ადამიანისგან გავიგე, რომ ფორუმის ალტერნატიულ მასპინძლად ვარშავა განიხილება.
ფონ დერ ლაიენი უტევს...
წელს ფორუმზე არც მაკრონი იყო, არც შოლცი და არც ზელენსკი. მათ ნაცვლად ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა ევროკომისიის ახლად არჩეული პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი. მან, როგორც ჩანს, მიმართა უნგრეთის და სლოვაკეთის ახალ მთავრობებს, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ უკრაინისთვის მეტი ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერის გამოყოფას და აღნიშნა, რომ „დღეს, ზოგიერთი პოლიტიკოსი ჩვენი კავშირის შიგნით და ევროპის ამ ნაწილშიც კი ამღვრევენ წყლებს უკრაინასთან დაკავშირებით. ისინი ომს აბრალებენ არა დამპყრობელს, არამედ მსხვერპლს; არა პუტინის ძალაუფლების ლტოლვას, არამედ უკრაინის თავისუფლების წყურვილს. ამიტომ მინდა მათ ვკითხო: ოდესმე დაადანაშაულებთ უნგრელებს 1956 წლის საბჭოთა შემოჭრის გამო? ოდესმე დააბრალებდით ჩეხებს 1968 წლის საბჭოთა რეპრესიებს? ამ კითხვებზე პასუხი ძალიან ნათელია: კრემლის საქციელი მაშინაც უკანონო და სასტიკი იყო და კრემლის საქციელი უკანონო და სასტიკია დღესაც“.
ვიქტორ ორბანმა ივლისში დაიწყო „სამშვიდობო მისია“ ისეთ ადგილებში, როგორიცაა მოსკოვი და პეკინი და კომისიის პრეზიდენტმა ამასაც შეუტია: „ჩვენ, ევროპელებს ბევრი განსხვავებული ისტორია გვაქვს. ჩვენ ვსაუბრობთ ბევრ სხვადასხვა ენაზე, მაგრამ მშვიდობა არცერთ ენაზე არ არის დანებების სინონიმი. არცერთ ენაზე სუვერენიტეტი არ არის ოკუპაციის სინონიმი. ასე რომ, ისინი, ვინც ითხოვენ უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტას, არ ემხრობიან მშვიდობას. ისინი ემხრობიან მაამებლობას და უკრაინის დამორჩილებას“.
…და ბუდაპეშტი პასუხობს
მიუხედავად იმისა, რომ GLOBSEC-ის მონაწილეთა უმეტესობა სხვადასხვა სესიაზე იმეორებდა ფონ დერ ლაიენის შეხედულებას, სხვა თუ არაფერი, საინტერესო იყო პრაღაში მყოფი უნგრეთის მთავრობის წარმომადგენლის რადიკალურად განსხვავებული ვერსიის მოსმენა. შაბათ-კვირის ერთ-ერთ ყველაზე დაძაბულ სესიაზე, ორბანის პოლიტიკურმა დირექტორმა, ბალაშ ორბანმა (პრემიერ-მინისტრთან ნათესაური კავშირი არ აქვს), ბუდაპეშტის კარგად გათელილი სალაპარაკო თემები მორიგჯერ განავრცო. მან აღნიშნა, რომ ევროპისთვის კარგი იქნებოდა შეწყდეს „გაუთავებელი ომები და დადგეს მშვიდობა“ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის შეხედულება, რომელსაც იზიარებენ მთელ მსოფლიოში და, რომ იდეას მხოლოდ „ტრანსატლანტიკური ლიბერალური ელიტა“ ეწინააღმდეგება. შემდეგ მან თქვა, რომ რუსეთმა მოიპოვა ტერიტორიები, რომ ომმა მილიონობით უკრაინელი ლტოლვილად აქცია ევროპაში, რომ ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა ორივე მხრიდან, რომ უკრაინის ეკონომიკა ნანგრევებშია და დასავლეთის მიერ არის დაფინანსებული და შემდეგ პირდაპირ იკითხა, რამდენ ხანს შეიძლება ეს გაგრძელდესო. მხოლოდ მაშინ, როდესაც მან თქვა, რომ უკრაინა მალე გახდება „ევროპის პრობლემა“, რადგან აშშ-ში დემოკრატებიც კი მიხვდებიან, რომ ომის დაფინანსება კიდევ დიდხანს არ შეუძლიათ, სხვა მონაწილემ, ამერიკელმა დიპლომატმა კურტ ვოლკერმა მიუგო: ეს მაინც უკეთესია, ვიდრე ევროპას "თქვენს პრობლემად" რუსეთი ჰქონდესო.
ფხიზელი შემოდგომა და ცივი ზამთარი
ბევრი ილაპარაკეს უკრაინის გადაუდებელ საჭიროებებზე და იმაზე, რომ დასავლეთმა მეტი უნდა გააკეთოს, თუმცა შემოდგომის საჭიროებებს ყველა ფხიზლად უყურებდა. კი, ბევრმა იგრძნო ოპტიმიზმი კურსკის რეგიონში უკრაინის შეჭრის შემდეგ. ექსპერტები შეთანხმდნენ, რომ კიევს შეუძლია ისარგებლოს როგორც ბუფერული ზონით, ასევე გამოიყენოს ასობით რუსი სამხედრო ტყვე პოტენციურ მომავალ მოლაპარაკებებში. მაგრამ პრაღის ფორუმზე ასევე შეიტყვეს, რომ რუსული არმია უახლოვდება უკრაინულ ქალაქ პოკროვსკს, რამაც შესაძლოა გახსნას გზა უკრაინის მეოთხე უდიდესი ქალაქ დნეპროპეტროვსკისკენ. უკრაინაში ევროკავშირის ელჩმა კატარინა მატერნოვამ აღნიშნა, რომ ზაფხულში კიევის პარტნიორის სამხედრო მხარდაჭერა 2022 წლის გაზაფხულის დონეზეა და დასძინა, რომ უკრაინელები „ვერ გაისვრიან ვალდებულებებს, მათ რეალური საბრძოლო მასალა სჭირდებათ“. მან ასევე გააფრთხილა დამსწრეები შესაძლო "ცივი და ბნელი ზამთრის" შესახებ, რადგან რუსეთმა მიზანში ამოიღო უკრაინის ომამდელი ენერგიის წარმოების 70%.
ბევრი მსგავსი მოსაზრება გამოითქვა. ერთ სესიაზე, ანდერს კარპმა, SAAB-ის - თავდაცვის დიდი მწარმოებელის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, გააკეთა ალბათ ყველაზე შემზარავი კომენტარი შაბათ-კვირას, როდესაც აღნიშნა, რომ ევროპელმა ქვეყნებმა უნდა გააგრძელონ სპეციალური წვრთნა უკრაინელი ჯარისკაცებისთვის, რადგან „ბევრი უკრაინელი ჯარისკაცი, რომელიც ჩვენ გავწვრთენით, უკვე მკვდარია“. ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პავკურმა იკითხა, "გვინდა, რომ უკრაინამ იბრძოლოს თუ გვსურს უკრაინის გამარჯვება?" და დასძინა, რომ დასავლეთი კვლავ ვერ აძლევს ქვეყანას იმას, რაც მას სჭირდება. უკრაინისათვის საზღვრების დაწესებაზე საუბრისას პევკურმა მშრალად აღნიშნა, რომ ეს იგივეა, „მოკრივეს მოსთხოვო ბრძოლა ზურგს უკან შეკრული ცალი ხელით“.
ბალკანური შეტაკება
მოულოდნელად, უკრაინის ყველაზე დიდ მხარდამჭერად მოგვევლინა სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი, რომელმაც განაცხადა, რომ ქვეყანა ევროკავშირის შემდეგი წევრი ქვეყანა გახდებოდა 2030 წლისთვის. სხვა საკითხია, ეს სერიოზულად იყო ნათქვამი თუ ხუმრობით, რადგან მისი სხდომა GLOBSEC-ში საკმაოდ ტურბულენტური აღმოჩნდა. ის სცენას მონტენეგროს პრეზიდენტთან, იაკოვ მიატოვიჩთან იყოფდა. ვუჩიჩმა არარეალურად მიიჩნია მიატოვიჩის მიზანი, რომ პოდგორიცა 2028 წლისთვის ევროკავშირის 28-ე წევრი ქვეყანა გახდება და თქვა - დასავლეთ ბალკანეთის ვერცერთი სახელმწიფო ვერ შეუერთდება ბლოკს ამ ათწლეულის განმავლობაში და ამის შანსი მხოლოდ კიევს აქვსო. შემდეგ პრეზიდენტებმა იკამათეს იმაზე, ჩერნოგორიის ენა სინამდვილეში სერბული იყო თუ არა და ვუჩიჩმა პოდგორიცა გააკრიტიკა 2008 წელს კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებისთვის.
ვუჩიჩმა გააგრძელა მსგავსი საბრძოლო ტაქტიკა და უარყო მოსაზრება, რომ ბელგრადი კრემლის „ტროის ცხენია“, რომელიც ცდილობს ევროკავშირში შესვლას. მან განაცხადა, რომ არ ჰქონია კონტაქტი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ორი წლის განმავლობაში (მიუხედავად იმისა, რომ მის გარემოცვაში მყოფი ხალხი პუტინს შეხვედრია) და თქვა, მოსკოვის მიმართ დასავლეთის სანქციების ერთგული ვართ, განსხვავებით ევროკავშირის კანდიდატი სხვა ქვეყნებისგანო. შემდეგ მან აღიარა, რომ „ევროკავშირის ინტერესები დროდადრო განსხვავდება ჩვენი ინტერესებისგან“ და დაამატა, რომ ბელგრადის ურთიერთობები კოსოვოსთან რჩება საბოლოო დაბრკოლებად ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციისთვის. ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ დიალოგს ბელგრადსა და პრიშტინას შორის, რომელიც 2011 წლიდან მიმდინარეობს, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დიდი პროგრესი არ მოჰყოლია, და თუ ამ შაბათ-კვირას პრაღაში არსებულ განწყობას გავითვალისწინებთ, ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს შეიცვლება.
ფორუმი