Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირველი სამუშაო კვირა ახალი შეზღუდვების პირობებში - რა არ უნდა გამოგრჩეს 30 ნოემბერს


ვინ არ ემორჩილება კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს?

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციამ 2 309 კომპანიას საქმიანობა შეაჩერებინა. უწყებაში აცხადებენ, რომ 2 738 ობიექტი გააფრთხილა, 2 კი დააჯარიმა.

გარდა ამისა, როგორც შრომის ინსპექცია განმარტავს, მათ აღმოაჩინეს ორი კომპანია, რომლებიც დაჯარიმების მიუხედავად, განაგრძობდნენ საქმიანობას და მათ შესახებ საქმის წარმოების დასაწყებად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართეს.

კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ გარემოვაჭრეები რუსთავშიც. დღეს მათ აქცია აქვთ დაგეგმილი.

შეზღუდვებს არ ემორჩილება ერთ-ერთი ფიტნესცენტრი ბათუმში, რის გამოც ის დაჯარიმდა. დაჯარიმებული ფიტნესკლუბი კი „გირჩის“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ, როგორც ბინა, ისე იქირავა.

„ასეთ რაღაცას ვაკეთებთ. ზეპირ ხელშეკრულებას ვდებთ, რისი უფლებაც გვაქვს, ვქირაობ მთელ ამ დარბაზს ჩემს საცხოვრებელ სახლად. ბათუმში მექნება, სანამ ეს რეგულაცია არსებობს, საცხოვრებელი სახლი. აქ არის სავარჯიშო ინვენტარი, რომელსაც აქირავებენ ფართთან ერთად და ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ახლომახლო ვარჯიშობს, შეუძლია, ჩემთან სახლში სტუმრად მოვიდეს და ივარჯიშოს“, - თქვა ჯაფარიძემ.

მიუხედავად „გირჩის“ ლიდერის მცდელობისა, საღამოს ფიტნესკლუბში პოლიცია შევიდა.

წაიკითხე მეტი.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში

29 ნოემბერს საქართველოს მასშტაბით კორონავირუსი 4 426 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში 35 ადამიანი გარდაიცვალა, 3 721 პირი კი გამოჯანმრთელდა. ახალი მონაცემები დღეს დილიდან გახდება ცნობილი.

გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა მსახიობ კახი კავსაძეს, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 28 ნოემბერს გადაიყვანეს.

წაიკითხე მეტი.

კარტოგრაფების საქმეზე სასამართლო აღკვეთის ღონისძიების საკითხს ხელახლა განიხილავს

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის მიზნით სასამართლო სხდომა დღეს 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.

გენერალურმა პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს დაკავებულების წინასასამართლო სხდომის ორი თვით გადადების შუამდგომლობით წინა კვირაში მიმართა.

დაცვის მხარე ამბობს, რომ პროკურატურის ეს ნაბიჯი ადასტურებს ვარაუდს იმის შესახებ, რომ ბრალდების მხარეს საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრების წინააღმდეგ მტკიცებულებები არ აქვს. სწორედ გადავადების გამო გახდა საჭირო აღკვეთის ღონისძიების საკითხის ხელახლა განხილვა.

აშშ-ის სანქციების მიუხედავად, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა დეკემბერში განახლდება

გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა, რომელიც აშშ-ის სანქციების გამო ერთი წლის განმავლობაში შეჩერებული იყო, დეკემბრის დასაწყისიდან განახლდება.

ამის შესახებ გერმანულმა მედიამ ინფორმაცია მიიღო კომპანია Nord Stream 2 AG-ისგან, რომლის თანახმად, ბალტიის ზღვის ფსკერზე დაწყებული გაზსადენის მშენებლობა 5 დეკემბრიდან განახლდება მილსადენის ორივე ხაზზე 2,6 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე და უშუალოდ გერმანიის ეკონომიკურ ზონაში.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი ქვეყნის სპეციალური ხომალდები განაახლებენ მილების ზღვის ფსკერზე გაყვანის სამუშაოებს. დღეისათვის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ბოლომდე მისაყვანად დარჩენილია 16 კილომეტრის მილსადენის მშენებლობა ბალტიის ზღვის ფსკერზე გერმანიის წყლებში და კიდევ 60 კილომეტრისა დანიის სექციაში.

წაიკითხე მეტი.

"ღირსების რევოლუცია": უკრაინის ბრძოლა საბჭოთა აჩრდილებთან

შვიდი წლის წინ, ნოემბრის თვეში უკრაინელი მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა. ასე დაიწყო „ევრომაიდნის“ რევოლუცია. ახლა უკვე „ღირსების რევოლუციად“ წოდებულმა საპროტესტო გამოსვლებმა, უკრაინის ისტორიაში გარდამტეხი როლი ითამაშა.

რევოლუცია მოჰყვა მაშინდელი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის გადაწყვეტილებას, არ მოეწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისთვის. ქუჩაში ასიათასობით ადამიანი გამოვიდა.

ევრომაიდნის მოვლენებამდე უკრაინას ხშირად განიხილავდნენ, როგორც ბუფერულ ქვეყანას რუსეთსა და დასავლეთს შორის. დღეს კიევი დასავლეთისთვის სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევა, - ამბობს ნატალია ბუგაიოვა, „ომის ინსტიტუტის“ მკვლევარი.

წაიკითხე მეტი.

რატომ და როგორ აკონტროლებს უსაფრთხოების სამსახური რელიგიურ უმცირესობებს? რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კავშირები სუს-თან. ვის ადანაშაულებს ყოფილი მუსლიმი შეიხი მუქარასა და შანტაჟში? ნახეთ „თავისუფლების მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიება.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG