Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა მარგველაშვილს ანგარიში დაუწუნა


გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

2 მაისს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყოველწლიური ანგარიშით წარდგა პარლამენტის წინაშე და ბოლო ხუთი წელი ნახევარსაათიან სიტყვაში შეაჯამა. მარგველაშვილმა თქვა, რომ ქვეყანას ჰქონდა წინსვლა საგარეო არენაზე, რომ სახელმწიფო აღარ არის ისეთი ძალადობრივი, როგორიც წინა ხელისუფლების დროს იყო. მან ხაზი გაუსვა საშინაო პოლიტიკაში მიმდინარე დადებით ცვლილებებსაც, თუმცა დასკვნის სახით განაცხადა, რომ, მიუხედავად წინგადადგმული ნაბიჯებისა, ხელისუფლებამ ვერ შეძლო შეექმნა უფრო დემოკრატიული სახელმწიფო სისტემა. მარგველაშვილის ანგარიშით კმაყოფილი ვერც ხელისუფლება დარჩა და ვერც ოპოზიცია.

გადმოწერა

ამ პიროვნებებისგან უნდა დაცლილიყო სამართალდამცავი სისტემა. ამიტომ მივესალმე თქვენს ინიციატივას „გირგვლიანის შესწორებების თაობაზე...
გიორგი მარგველაშვილი

საგარეო კურსი, საშინაო პოლიტიკა, სასამართლო, მედია, ბიზნესი, სოციალური გარემო და საარჩევნო სისტემა - გიორგი მარგველაშვილმა ხუთი წელი დაახლოებით ნახევარ საათში ჩაატია და პარლამენტს ასეთი შეჯამება შესთავაზა: ქვეყნის საგარეო კურსის დადებით მხარეებს შორის ჩამოთვალა ევროპული ინტეგრაცია, უვიზო რეჟიმი, ნატოში ინტეგრაციის პროცესი, თავისუფალი ვაჭრობა. თქვა, რომ რუსეთთან სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას ემხრობა, თუმცა ამ ფონზე უშიშროების საბჭოს გაუქმებას შეცდომად მიიჩნევს:

„რუსეთთან ასეთ რთულ ვითარებაში მყოფი ქვეყანა აუქმებს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოს, უშიშროების, სადაც უნდა მიმდინარეობდეს მსჯელობა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე. ჩემთვის გასაოცარი იყო ისიც, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ჩემ მიერ გამოცხადებული დისკუსიები „ქართულმა ოცნებამ“ საერთოდ დააიგნორა“.

გიორგი მარგველაშვილის აზრით, საკონსტიტუციო ცვლილებებმა შეასუსტა სახელმწიფო ინსტიტუტები - შესაბამისად, იკლო ქვეყნის დემოკრატიის ხარისხმაც. შესუსტდა თვითმმართველობა, გაუქმდა პრეზიდენტის არჩევითობა, 2024 წლისთვის გადაიდო დიდი ხნის დაპირებული საპარლამენტო არჩევნების რეფორმაც.

საქართველოს პარლამენტის სხდომა
საქართველოს პარლამენტის სხდომა

პრეზიდენტის შეფასებით, დღეს მოქალაქეს აღარ ეშინია აგრესიული სახელმწიფოსი, თუმცა ძალადობის ავტორების დიდი ნაწილი ისევ სისტემაში რჩება:

„ამ პიროვნებებისგან უნდა დაცლილიყო სამართალდამცავი სისტემა. ამიტომ მივესალმე თქვენს ინიციატივას „გირგვლიანის შესწორებების თაობაზე. დევნა არა, მაგრამ მათგან სისტემა უნდა დაცლილიყო, რაც ასევე არ მოხდა“.

ველოდი, რომ პრეზიდენტის რანგში მისი ბოლო ანგარიში უფრო ღრმა იქნებოდა, მეტი ანალიზით და პრობლემებზეც იქნებოდა საუბარი.
გიორგი კვირიკაშვილი

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უვადოდ გადაიდო სასამართლო სისტემის რეფორმა; რომ, მართალია, მედიას „შტურმით“ არ იღებენ, მაგრამ მას სხვა არაძალადობრივი სირთულეები მაინც ექმნება; რომ ბიზნესი თავისუფალია, თუმცა წინ ვერ წავიდა მცირე და საშუალო ბიზნესი და ვერ მოგვარდა დასაქმების პრობლემა. პრეზიდენტმა თავისი სიტყვა პარლამენტის წინაშე საარჩევნო კანონის შეცვლის მოწოდებით დაასრულა.

მარგველაშვილის მოკლე გამოსვლამ ვერც უმრავლესობა დააკმაყოფილა და ვერც ოპოზიცია. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს დააკლდა სიღრმე:

„ველოდი, რომ პრეზიდენტის რანგში მისი ბოლო ანგარიში უფრო ღრმა იქნებოდა, მეტი ანალიზით და პრობლემებზეც იქნებოდა საუბარი“.

ეს იყო მხოლოდ ნაწილი დღეს საქართველოში არსებული პრობლემებისა. ვისურვებდი, რომ პრეზიდენტს ესაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი მოქალაქეების მოტაცებაზე ან კრიმინალზე, რომელიც ათასობით ქართულ ოჯახს აწუხებს...
დავით ბაქრაძე

შს მინისტრ გიორგი გახარიას პრობლემების ჩამონათვალი ეცოტავა და ანგარიში პოპულისტურიც კი მოეჩვენა:

„ველოდი უფრო შინაარსიან და ობიექტურ საუბარს დღეს არსებულ პრობლემებზე, ეს ანგარიში კი იყო პოპულისტური გამოსვლა“.

უმცირესობასაც პრობლემების ჩამონათვალში არაერთი საკითხი დააკლდა, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა, გაზრდილი კრიმინალი, კორუფცია, პოლიტიკური დევნა.

„ეს იყო მხოლოდ ნაწილი დღეს საქართველოში არსებული პრობლემებისა. ვისურვებდი, რომ პრეზიდენტს ესაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი მოქალაქეების მოტაცებაზე ან კრიმინალზე, რომელიც ათასობით ქართულ ოჯახს აწუხებს, ან კორუფციაზე, რომელიც ბრუნდება ქართულ სახელმწიფოში“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ.

„წარმოუდგენლად მოკლე ანგარიში, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს“ - ეს კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას, შეფასებაა.

პრეზიდენტის ანგარიშს პარლამენტში მოჰყვა არანაკლებ კრიტიკული გამოსვლები მარგველაშვილს მოსთხოვეს პასუხი პატიმართა შეწყალების პროცესთან დაკავშირებით.

„მხოლოდ ბოლო წლის განმავლობაში თქვენ 21 ისეთი პატიმარი შეიწყალეთ, რომლებსაც ცალსახად უარყოფითი დახასიათება ჰქონდათ“, - უთხრა მარგველაშვილს „ქართული ოცნების“ წევრმა, მამუკა მდინარაძემ. კრიტიკული პათოსი გასდევდა ოპოზიციური პარტიების სხვა ლიდერების გამოსვლებსაც.

საქართველოს პარლამენტის წინაშე ეს პრეზიდენტ მარგველაშვილის მეხუთე ანგარიში იყო. მარგველაშვილს საპრეზიდენტო ვადა 2018 წლის შემოდგომაზე ეწურება.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG