Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ გაიმარჯვებს?


მართალია, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჯერ კიდევ წინაა და გამარჯვებული ჯერ არ გამოვლენილა, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვებული უკვე ნამდვილად გვყავს და ეს გამარჯვებული უდავოდ ქართული დემოკრატიაა.

პესიმიზმის, აპათიის, დაბნეულობის, შიშების, იმედგაცრუების და ნიჰილიზმის მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეები ერთმნიშვნელოვნად აცნობიერებენ, თუ რამხელა პრივილეგიაა, როცა დამოუკიდებელ სახელმწიფოში ცხოვრობ და თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება გაქვს.

ჩვენ უკვე ვიცით, რომ ჩვენს ერთ ხმასაც კი ოქროს ფასი აქვს საქართველოში და სწორედ არჩევნების დღეს ვწყვეტთ, როგორ უნდა ვიცხოვროთ შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში...

დიახ, რამდენიმე წლის განმავლობაში და არა სამუდამოდ, არა საშვილიშვილოდ, არა "მეორედ მოსვლამდე", რადგან დემოკრატიას სწორედ ის პრივილეგია აქვს, რომ ხელისუფლებას დროებით ირჩევ - განსაზღვრული ვადით.

ჩვენ უკვე გვაქვს ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის გამოცდილება და თუკი ახლა ძალაუფლების გადანაწილებას და ერთმანეთის ინსტიტუციონალურ კონტროლს ვაიძულებთ ხელისუფლებასა და მის ოპონენტ პოლიტიკურ მოთამაშეებს, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება ჩვენი სახელმწიფო და დემოკრატია.

არჩევნებს ნაკლებ "ეგზისტენციალურად" და "აპოკალიპტურად" მივუდგებით, თუკი დემოკრატიული ცვლილებების მოდელს შევინარჩუნებთ და საგონებელში არ ჩავვარდებით თუნდაც შეცდომის დაშვების შემთხვევაში, რადგან სწორედ დემოკრატიით გამყარებული ცვლილების პრინციპი შეგვახსენებს იმ ჭეშმარიტებას, რომ მუდმივი - მით უმეტეს, პოლიტიკაში - არაფერია და ხელისუფლებები წელიწადის დროებივით უნდა ექვემდებარებოდნენ ცვლილების კანონებს.

პრივილეგია, რომელსაც ჩვენ ვფლობთ, სამწუხაროდ, არ აქვთ ჩვენი დემოკრატიისა და თავისუფლების მთავარი მტრის - პუტინის რუსეთში, სადაც ნეოსტალინური, ჩაკეტილ-ჩეკისტური სისტემის გამო, მოქალაქეებისთვის ფაქტობრივად სრულიად უცნობია, რას ნიშნავს თავისუფალი არჩევნები.

ჩვენთვის კი არ არის უცნობი, რადგან ჩვენთვის დემოკრატია უკვე ტრადიციად და სამოქალაქო ინსტინქტად იქცა.

სწორედ ეს ინსტინქტი გვიბიძგებს, რომ თუნდაც მაშინ, როცა გამორჩეული პოლიტიკური ფავორიტი არ გვყავს (როგორც, მაგალითად, უამრავს ამ ბოლო არჩევნებში), ის მაინცღა შევძლოთ, რომ დაბალანსებისა და ხელისუფლების გადანაწილების პრინციპი შევუნარჩუნოთ ქართულ დემოკრატიას.

გულწრფელად რომ ვთქვა, ჩემი "ფალავანი" ნამდვილად არ ყოფილა ოპოზიციის ის კანდიდატი, ვისმა წარმატებამაც შეუძლებელი გახადა პირველ ტურში სახელისუფლებო კანდიდატის "ტრიუმფი" (დიახ, სწორედ სახელისუფლებო და არა დამოუკიდებელი კანდიდატის, როგორც ამას საკმაოდ თავხედურად და შეურაცხმყოფლად იმეორებდნენ მთელი საარჩევნო კამპანიის დროს), და, ბოდიში, არც იმაზე ამომდიოდა მზე და მთვარე, ვისაც ხმა მივეცი არჩევანის სიმწირის პირობებში, თუმცა ისევე როგორც სხვებს ამ ქვეყანაში, არც მე მდომებია და არც ახლა მინდა, რომ ერთი მდიდარი და ავტოკრატული თვისებების მქონე კაცის ხელში იყოს ყველაფერი. ისედაც ყველა და ყველაფერი მისია საქართველოში და ნუთუ არ შეიძლება, რომ ხელისუფლების ერთი შტო მაინც იყოს ამ "პოლიტიკური გიგანტისგან" დამოუკიდებელი?

ვიცი, ბევრს ტრავმულად აფრთხობს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების სახეების დანახვაც კი ("ძველი" წყობის პოლიტიკური რეანიმაციის შიშზე რომ არაფერი ვთქვათ), მაგრამ ახლა ნამდვილად არ იქნება ჭკვიანური, რომ ჩვენს ფობიებს გადავაყოლოთ დემოკრატია. პირადად მე ბევრად უფრო მერჩია, რომ მეორე ტურში უკეთესი კანდიდატი ჰყოლოდა ოპოზიციას, ვიდრე დღეს ჰყავს, მაგრამ რას ვიზამთ - ასეთია რეალობა და თუკი არ გვინდა, რომ ისევ და ისევ იმ "მრავალფუნქციური", ხილულ-უხილავი მმართველის მორიგ სათამაშოდ იქცეს პრეზიდენტი და ამით კიდევ უფრო მეტად დაზიანდეს და დასუსტდეს ეს ქვეყანა, მეორე ტურზე არა ჩვენი გაღიზიანებებითა და შიშებით შეიარაღებულები, არამედ დემოკრატიის, ბალანსისა და უნიჭო ერთმმართველობის შეზღუდვის პრინციპიდან გამომდინარე უნდა წავიდეთ.

მთავარი აქ ბალანსისა და ხელისუფლების გადანაწილების იდეაა, თუმცა ამასაც სიმბოლური და ერთგვარად ფსიქოლოგიური მნიშვნელობა აქვს, რადგან პრეზიდენტს თითქმის ცერემონიალური ფუნქციაღა შერჩა - უბრალოდ მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი მაინც არ ერგოს იმას, ვინც ისედაც ტოტალურად ყველაფერს ფლობს ამ ქვეყანაში. მაგალითად:

საპარლამენტო უმრავლესობას,

მთავრობას,

პროკურატურას,

პოლიციას,

სასამართლოს

და კიდევ დაქირავებულ მეხოტბეთა მთელ ესკადრილიას.

ვიფიქროთ პრაგმატულად და არა პანიკის განცდით, და გამარჯვებული არა რომელიმე N-კანდიდატი, არამედ სწორედ მოქალაქე დარჩება.

ვინ გაიმარჯვებს?
please wait

No media source currently available

0:00 0:05:15 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

XS
SM
MD
LG