დისტანციიდან აღქმული საქართველო პანდორას ყუთს ჰგავს, ოღონდ მითოლოგიური ყუთისგან განსხვავებით, საიდანაც პირქუში ამბები ამოდის, ქართული პანდორას ყუთიდან უმეტესად იდიოტურად კონტრასტული და სევდიანად ბრიყვული ცნობები იფრქვევა.
გახსნი პანდორას ყუთს და პრეზიდენტობის კანდიდატის ისტორიულად უადგილო რეპლიკა გეცემა თვალში "მძინარე ცხინვალის დაბომბვის" შესახებ...
კიდევ გახსნი და მოვირეშმაკო "მღვდლებს" ამოგიყრის, მარტო მაშინღა რომ ახსენდებათ საქართველო, როცა მათ გარეშე იწყებენ ვაჭრობას.
კიდევ დააცდი და ახლა მთლად უთავმოყვარეო მთხლეების მთელ ჯგუფს ამოტყორცნის მთავრობა-პარლამენტიანად, ერთხმად რომ აქაქანდნენ უცებ მარიხუანას (თუ მარიხუანის, არც ვიცი, ზუსტად როგორ ითქმის) პლანტაციების მოშენების შესახებ - გეგონება, გუშინ თავად არ ყრიდნენ ციხეში მრავალჭირნახულ პლანის მწეველებს?!
ან ის რაღა იყო, ოდესღაც დავით აღმაშენებლის სადარი ავტორიტეტის მქონე ექს-ექს-ექსომბუდსმენმა რომ დაამღერა, კანაფი და ხაჭაპური განუყოფელი სვანური ცნებებიაო?!
გახსნი კიდევ და ახლა ჩვენი მთავარი მაკიაველისტის, ექსპრეზიდენტის ანტინარკომანული და პროსაეკლესიო შეგონებები ამოგიფრინდება, ლამისაა ნეტარი ავგუსტინესავით რომ აქადაგდეს ეკლესიისა და ხელების გამახმობელი პოპულისტ-დუმბაძის მწვავე სიყვარულით! ნეტა ვინმეს თუ სჯერა მათი სიყვარულის?!
ან ის თითქოს პროგრესისტ-ჰუმანისტი მეუფე (ღმერთო, რამდენი მეუფე ყოფილა ამ საბრალო პატარა ქვეყანაში) რა სიბრძნეებს აფრქვევდა ფრანგების შესახებ?! სხვანაირს კი არაფერს ამბობენ "ქართული მარშის" სპასპეტები - ქსენოფობია ქსენოფობიაა, გინდა ირანელებზე ილაპარაკე და გინდა ფრანგებზე!
მერე პარლამენტის "დავარცხნილად" მოსაუბრე ექს-ექს-ექსსპიკერის გაუგებარი ფრაზაც ამოფრინდა - რომ ვერ გაიგებ, ვისას ან რისას ჩივის?! და სულ იმას კი გაფიქრებს, რომ საუკეთესო გამოსვლა მაინც ის ჰქონდა, რუსეთთან ჩანგლებით ბრძოლისკენ რომ მოუწოდებდა ქართველ ერს.
და მაინც, მთავარი სისულელე პრეზიდენტობის ქალი კანდიდატისგან ამოხტის: როგორც აწ, ასევე ძველად თქმული... მე, ყოველ შემთხვევაში, ახლაღა ვნახე, თურმე, რა ნეტარად იხსენიებს РСФСР-ის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს...
ჰოდა, "რათა, შვილო, რათა"? ეს იგივეა, რიბენტროპი რომ მოწონებოდა პოლონელ, ესტონელ ან ებრაელ დიპლომატს! ეს ბატონი ლავროვი სხვა კი არაფერია ამ ქვეყნისა და თუნდაც დანარჩენი მსოფლიოსათვის...
ჰო, ეს ადრე უთქვამს, მაგრამ სიტყვებს სხვანაირი წონა ეძლევათ (და სხვანაირადაც ეშინიათ ამ სიტყვებისა თუ განწყობის), როცა პრეტენზიას აცხადებ ქვეყნის მთავარ - და არა სიმბოლურ, როგორც ეს ზოგ-ზოგიერთებს უნდათ! - ინსტიტუციად ქცევაზე! ან რა პრეზიდენტობის კანდიდატის გასარჩევია ისტორიული დეტალები, როცა საქმე ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ისტორიულ ბრძოლას ეხება! ისტორია ისტორიკოსებმა, მწერლებმა, ჟურნალისტებმა და სწორედ "ანალისტებმა" უნდა იკვლიონ, პრეზიდენტი კი ერთმნიშვნელოვნად თავისი ქვეყნის პოზიციას უნდა გამოხატავდეს. ეს მართლაც "ერთი და ერთი - ორია..."
მაგრამ, გულწრფელად რომ ვთქვა, არც ის მომწონს, ეს წვერიანი კაცები რომ წაესიენ ამ ქალს, რადგან არ მჯერა, რომ მათგან უმრავლესობას მართლაც აწუხებდეს რუსეთის ფაქტორი. შეიძლება ერთი-ორი იდეურად ბრაზობდეს კიდეც, მაგრამ მათგან დიდად არც არაფერი ისმის რუსეთისადმი ლოიალობისა და დასავლური ღირებულებებისადმი კრიტიკულობის გარდა. როცა საპატრიარქოსა და ეკლესიაში ამხელენ იდეოლოგიურ თუ პრაქტიკულ კოლაბორაციონისტებს და ჯილდოებს არ ჩამოურიგებენ კაცთმოძულე მეტაბურეტეებს, შესაძლოა მაშინღა უფრო გაჩნდეს მათდამი ნდობა, ახლა კი ის ჩანს, რაც ყოველთვის ჩანდა - რომ რაღაც გაუგებრობა აქვთ სახელმწიფოსთან და ეს რაიმენაირად უნდა გადაწყდეს, და ეს ამბავი არც ახალია, არც ძველი, რადგან ე. შევარდნაძის ეპოქიდან ასეა.
კიდევ უფრო მყვირალა აღმოჩენა კი ისაა, რომ რეალურად არ არსებობს პრეზიდენტობის ქალი კანდიდატი და ის აგრესია და უარყოფითი დამოკიდებულება, რომელიც მის მიმართ არსებობს (არ ვიცი, რამდენად რეალურად, მაგრამ მედიასა და ვირტუალურ ქსელში - უდავოდ), სინამდვილეში, არა იმდენად მისდამი, არამედ ძალაუფლების მყიფე და ილუზორული ცენტრების შემქმნელი, იმ ტაქტიკურად ეფექტური, მაგრამ სტრატეგიულად წარუმატებელი მოთამაშის მიმართ არის მიმართული, რომლის ნების მიხედვით პლასტმასის პრემიერები თუ მის ფანტაზიაში დროებით იდეალად ქცეული პრეზიდენტები ინიშნებიან საქართველოში.
ამიტომ, როცა პრეზიდენტობის ქალი კანდიდატი ამბობს, რომ გიჟმა პრეზიდენტმა თავისი მოქალაქეები დაბომბა, აქ კიდევ ერთხელ გიდასტურდება ან, ყოველ შემთხვევაში, გიჩნდება ეჭვი, რომ უხილავი გუბერნატორი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის სახიფათოდ ელაქუცება რუსეთის იმპერიის მმართველს, და როცა პრეზიდენტობის ქალი კანდიდატი ირწმუნება, რომ უჟანგბადობა მოკლავს ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში, ხვდები, რომ ამ შემთხვევაშიც ხილულ-უხილავი ბარონის არაჯანმრთელი აკვიატების ანგარებიანი გაცხადების მოწმე ხარ, რადგან საქართველოში ამ კაცის გარდა ყველა იმ აზრზეა, რომ საქართველოს პრეზიდენტის მუდმივი რეზიდენცია იქ უნდა იყოს, სადაც დღეს არის.
შესაბამისად, პრეზიდენტობის კანდიდატი ქალი ახლა საფასურს იხდის იმაში, რომ უხილავმა მარკიზმა ის ადგილი მოუნიშნა, რომლის დამოუკიდებლად დაკავებაც - უშუალოდ საკუთარ პოლიტიკურ მიღწევებზე თუ მიუღწეველობებზე დაყრდნობით - ერთმნიშვნელოვნად გაუჭირდებოდა, ჰოდა, უნდა თუ არ უნდა (როგორც ჩანს, მაინც უნდა), აწ ის ამ ხილულ-უჩინარი კალიოსტროს მორიგი ინსტრუმენტია, რომელთანაც ბევრად უფრო მეტი და მძაფრი უხერხულობა შეემთხვევა (თუკი, საბოლოოდ, მას აირჩევენ), ვიდრე იმათ, ვისაც უკვე წლებია ართმევენ მანიპულაციებისგან თავისუფალ არჩევანს...
თუმცა იმათ, ანუ ჩვენს გასაგონად ისიც მინდა ვთქვა, რომ არჩევანი, სინამდვილეში, ყოველთვის არსებობს...