მარიუპოლის მერმა პიოტრ ანდრუშენკომ და ხერსონის ოლქის მმართველის პირველმა მოადგილემ იური სობოლევსკიმ „ნასტოიაშჩეე ვრემიასთან“ ისაუბრეს, თუ რა ხდება ახლა ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
პიოტრ ანდრუშენკო: „ეს ყველაფერი ცირკს ჰგავს. გუშინ ნაჩქარევად მოამზადეს საარჩევნო უბნები იმ სკოლებში, რომლებიც დანგრევას გადაურჩა, ასევე, კაფეებსა და მაღაზიებშიც. ნიკოლაევის რაიონში საარჩევნო უბანი საერთოდ არაა. სახლებში ე.წ. საარჩევნო კომისიები დადიან. ერთ კაცს ურნა უჭირავს, მეორეს ბიულეტენები და კიდევ ორ სამხედროს ავტომატები. ყველა კარზე აკაკუნებენ და ხალხი გამოჰყავთ. ხმა რომ არ მისცე, ამის ვარიანტი არ არის, რადგან ავტომატის ქვეშ ხარ. ის პუნქტი რომ შემოხაზო, სადაც „არა“ წერია - ესეც არ გამოვა.
იქ დიდად არავინ იმალება. მარიუპოლელების მონაცემთა ბაზა ჰუმანიტარულ შტაბ „ედინაია როსიას“ აქვს. თუ ვინმეს ერთხელ მაინც მიუმართავს მარიუპოლში ჰუმანიტარული დახმარებისთვის, ამ ბაზაშია, თავისი საპასპორტო მონაცემებით. ამიტომ რაც უფრო ცოტა იქნება ხალხი მარიუპოლში, მით უფრო დიდ აქტივობას აჩვენებენ, თან ისე, რომ ფეხის გადგმა არსად დასჭირდებათ. იქ არავინ იმალება. მთელ ამ მონაცემებს - რასაც ივნისის მერე აგროვებდნენ, ხან ვითომ ჰუმანიტარული დახმარებისთვის და ხან ვითომ კომპენსაციისთვის, ახლა რეფერენდუმისთვის გამოიყენებენ.
ამიტომ არ გვეეჭვება, რომ იმ მარიუპოლელების რაოდენობა, რომლებმაც ვითომდა რეფერენდუმში მიიღეს მონაწილეობა, 230 ათასამდე იქნება. შედეგებიც „ცნობილია“ - 80-87 პროცენტი, მაგრამ მეტი არა, დანარჩენები ვითომ „დსრ“-ის დამოუკიდებლობას უჭერენ მხარს. რომ აჩვენონ, რომ აქ თითქოსდა რეპრესიები კი არაა, ნებას გამოხატავს ხალხი“.
იური სობელევსკი: „ხერსონშიც იგივე აბსურდის თეატრია. რაღაც კომისიები შექმნეს. ჩვენს არჩევნებზე ხერსონის ოლქში 800 კომისია იყო, ოკუპანტებმა 198 კომისიის შესახებ განაცხადეს, თან აქედან ნახევარია მოქმედი. ზოგან, სადაც მათი გადამღები ჯგუფები იყვნენ, რაღაც რაოდენობის ხალხი მიიყვანეს, მაგრამ სხვაგან სიცარიელეა. ხალხი არ მიდის. საშიში ისაა, რომ კარდაკარ სიარულს აპირებენ, ორი კაცი ურნით და ორი ავტომატებით. ვფიქრობ, ჯობს, კარი არ გაუღონ. ყველა თავისი სიტუაციის მიხედვით შეაფასებს, ასეთ დროს ხალხის გადარჩენაა მთავარი, რომ ისინი რეპრესიების მსხვერპლნი არ გახდნენ“.
უკრაინის მთავრობამ განაცხადა, რომ თუ უკრაინელი მოქალაქე რეფერენდუმში მონაწილეობას მიიღებს, ხუთწლიანი პატიმრობა ემუქრება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ავტომატის ქვეშ ხდება?
პიოტრ ანდრუშენკო: „ჩვენ არ ვართ მომხრეები იმისა, რომ თავი მოვიტყუოთ, ან სხვები მოვატყუოთ. სამწუხაროდ, ეჭვგარეშეა, რომ მარიუპოლელების ნაწილი სიამოვნებით მისცემს ხმას ამ ფსევდორეფერენდუმზე. დანარჩენებს, სხვა გზა არა აქვთ. ამიტომ ყველას ვურჩევთ, მაქსიმალურად დაიმალონ. მარიუპოლში ეს უფრო ადვილია. იქ ჩაწერა და რეგისტრაცია თითქმის არ არსებობს, რადგან ქალაქი დანგრეულია და ხალხი გაფანტული. ვიცი, რაც მოხდება მერე, თან არა მხოლოდ ჩვენთან. [რეფერენდუმში მონაწილეთა] სიებს რუსული მხარე აუცილებლად გაასაჯაროებს, რომ ჩვენ ისინი ჩვენივე ხალხის წინააღმდეგ გამოვიყენოთ. მაგრამ თავადაც კარგი თვალი და ყური გვაქვს იმისთვის, რომ რეალური სიტუაცია შევაფასოთ: ვინ მისცა ხმა, ვინ არ მისცა და ვინ რამდენად არის დამნაშავე. ამ ყველაფერს დეოკუპაციის მერე განვიხილავთ. კომისიის წევრები ნებით წავიდნენ ამ სამუშაოზე და ეს სხვა ისტორიაა. რაც შეეხება უბრალო მოქალაქეებს, სიმართლე გითხრათ, არავის ვურჩევ ორ ავტომატიანს დაუპირისპირდეს“.
„დსრ“-ის ე.წ. ხელისუფლება აცხადებდა, რომ დონეცკის ოლქისთვის მილიონ-ნახევარი ბიულეტენი დაბეჭდეს. ხერსონის ე.წ. ხელისუფლება - 750 ათას ამომრჩეველს ითვლის. დარჩა ხერსონის ოლქში 750 ათასი კაცი?
იური სობელევსკი: „ჩვენი ანგარიშით, მოსახლეობის 50 პროცენტი ჯერაც ვერ ან არ გასულა [ქვეყნიდან]. ეს სადღაც 500 ათასი ადამიანია. ის, რომ ხერსონის ოლქში 750 ათასი კაცი იმყოფება, ილუზიაა და მხოლოდ იმაზე მიუთითებს, თუ როგორი იქნება ამ ფსევდორეფერენდუმის შედეგები“.