Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციის ერთობა და ცალკეული პარტიების მიზნები - რა არ უნდა გამოგრჩეს 3 ივნისს


ბზარი თუ განხეთქილება ოპოზიციურ ერთობაში

იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ დაამარცხონ, ოპოზიციურმა პარტიებმა ერთმანეთთან კოორდინირებულად, შეთანხმებულად უნდა იმოქმედონ - დღემდე ასეთია ოპოზიციურ ერთობაში შემავალი პარტიების დეკლარირებული პოზიცია. მაგრამ რამდენად მტკიცეა მათი შეთანხმება?

„გიორგი ვაშაძის კანდიდატურა პრემიერის პოსტზე არც განიხილებოდა, არც განიხილება და არც მომავალში იქნება განხილული“, - განაცხადა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და თანაც იმ ეტაპზე, როდესაც გაერთიანებას - „ძალა ერთობაშია“ მომავალი მთავრობის შემადგენლობაზე მსჯელობა ჯერჯერობით რც კი დაუწყია.

რატომ მოუჭრეს გზა ასე ხისტად გაერთიანებაში შემავალი პარტიის - „ახალი საქართველოს“ ლიდერს - გიორგი ვაშაძეს, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს აღარ დაუკონკრეტებიათ და არც კეთილი სიტყვა გაუმეტებიათ ვაშაძის მისამართით - ხისტი მიდგომის დასაბალანსებლად. მეტიც, არცთუ ძნელი შესამჩნევი იყო მათ განცხადებებში სიბრაზეც.

გაბრაზებული არ ვარო, მაგრამ სიბრაზე შეინიშნებოდა თავად გიორგი ვაშაძის განმარტებებშიც.

გულწრფელად გეტყვით, ძალიან გამიკვირდა ეს რადიკალური განცხადებები... ერთი მხრივ, საუბარია - არ განგვიხილავსო და მეორე მხრივ, ასეთი რადიკალური განცხადებებია... ხალხო, მე ჯერ ჩემი კანდიდატურა არ დამიყენებია გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში“, - განაცხადა ვაშაძემ 2 ივნისს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

ემთხვევა თუ არა პარტიათა ამჟამინდელი მიზნები ოპოზიციური ერთობის მიერ შეთანხმებულ მიზნებს? რაზე მიანიშნებს ბოლოდროინდელი მოვლენები - წაიკითხე ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ცნობილია თუ არა ე.წ. საბურთალოს კლასტერის პირველწყარო?

დადასტურებული შემთხვევა - 796

გარდაცვლილი - 13

გამოჯანმრთელებული - 634

კარანტინში - 2424

სტაციონარში - 304

სად და როგორ დაინფიცირდა მედდა, რომელმაც, სავარაუდოდ, ე.წ. საბურთალოს კლასტერი წარმოქმნა, ამ კითხვაზე პასუხი, შეიძლება ითქვას, რომ ბუნდოვანია.

მედდა, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მუშაობს, პირველ მაისს სამკვირიან შვებულებაში გავიდა. ლევან რატიანი, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ შვებულებაში წასვლამდე, მედდას პროტოკოლის თანახმად, კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა, პასუხი იყო უარყოფითი, ანუ, კორონავირუსი არ ჰქონდა, მას მიეცა თვითიზოლაციის რეკომენდაცია და შვებულებაში გავიდა. თუმცა, სამი კვირის თავზე, სამსახურში დაბრუნებამდე, ისევ და ისევ პროტოკოლის თანახმად, მედდას კვლავ ჩაუტარდა ტესტი კორონავირუსზე და ამ შემთხვევაში, ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ლევან რატიანს უჭირს თქმა, სად შეიძლებოდა დაინფიცირებულიყო მედდა. ის არ გამორიცხავს, რომ მისი თანამშრომლის ინფიცირება საყოფაცხოვრებო შემთხვევას უკავშირდებოდეს, რაკიღა, ირკვევა, რომ მედდის ოჯახი, ამ სამი კვირის განმავლობაში, ორჯერ იმყოფებოდა ნათესავების შეკრებაზე მეზობელ კორპუსში.

ის, რომ ე.წ. საბურთალოს კლასტერის ინფიცირების პირველწყარო მედდაა, ამას ბოლო დღეებია ადასტურებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე. მეტიც, ნუცუბიძის მეორე პლატოზე, დევნილთა დასახლებაში დაფიქსირებულ ინფიცირების შემთხვევებს ის „მიკროაფეთქებას“ უწოდებს. წაიკითხე მეტი.

3 ივნისის ოფიციალური გაცვლითი კურსი: 1 აშშ დოლარი 3.07 ლარი ღირს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაადგინა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი.

3 ივნისისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი:

  • 1 აშშ დოლარი - 3.0772 ლარი (2 ივნისი - 3.1172);
  • 1 ევრო - 3.4366 ლარი (2 ივნისი - 3.4626);
  • 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი - 3.8671 ​ლარი (2 ივნისი - 3.8613 );
  • 100 რუსული რუბლი - 4.4862 ლარი (2 ივნისი - 4.4772);
  • 1 თურქული ლირა - 0.4542ლარი (2 ივნისი - 0.4572​);
  • 10 უკრაინული გრივნა - 1.1486 ლარი (2 ივნისი - 1.1629).

2 ივნისს Bloomberg-ზე ლარის შემდეგი გაცვლითი კურსი იყო: 1 აშშ დოლარი - 3.0750 ლარი.

TI: კითხვებს აჩენს „ყვარლის ედემთან” დადებული სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტი

COVID-19-ის გავრცელების პრევენციის ფარგლებში საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად დადებული ხელშეკრულებების გარემოებების შესწავლის საფუძველზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ შენიშნავს, რომ „ყვარლის ედემთან“ გაფორმებულმა ხელშეკრულებამ მისი ყურადღება მომატებული კორუფციული რისკებიდან გამომდინარე მიიქცია.

ხელშეკრულების თანახმად, სასტუმრომ 2 თვის ვადით უნდა გამოყოს 45 ნომერი, რომელშიც მაღალი რისკის ზონად გამოცხადებული რეგიონებიდან შემოსული საქართველოს მოქალაქეები უნდა განთავსდნენ.

„შპს „ყვარლის ედემის“ მფლობელებმა და დირექტორმა 2020 წლის 20 და 23 მარტს „ქართულ ოცნებას” ჯამში 65,000 ლარი შესწირეს და რამდენიმე დღეში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან გამარტივებული შესყიდვის გზით 277,300 ლარიანი კონტრაქტი მიიღეს“, - აღნიშნავს არასამთავრობო ორგანიზაცია.

მის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სასტუმროს 400,000 ლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტები 2013-2019 წლებშიც აქვს გაფორმებული, თუმცა აქამდე ერთი კონტრაქტით მაქსიმუმ 76,000 ლარი ჰქონდა მიღებული.

წაიკითხე მეტი.

დისტანციური სწავლების შესახებ კამპანიაში განათლების სამინისტრო 199 996 ლარს იხდის

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ დისტანციური სწავლების მეთოდი არის განათლების სისტემაში მომუშავე კომპეტენტური ადამიანების დაუღალავი, ოპერატიული შრომის შედეგი, რომელიც ღირსეულად აგრძელებს სწავლის უზრუნველყოფასა და განათლების სისტემის რეფორმირების პროცესს“.

„კომუნიკაცია გათვლილია ფართო საზოგადოებაზე, თუმცა ყველაზე მეტად ეხება იმ ადამიანებს, ვინც აცნობიერებს ხარისხიანი განათლების მნიშვნელობას და მის პირდაპირ კავშირს მათი შვილების კეთილდღეობასთან მუდმივად ცვალებად სამყაროში და საკუთარი თავის დაცულ, მშვიდ სიბერესთან“.

ეს ნაწყვეტებია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წერილიდან, რომლითაც შესყიდვების სააგენტოს სთხოვს, მიეცეს ნება აწარმოოს სარეკლამო კამპანია ონლაინსივრცეში დისტანციური სწავლების შესახებ. სამინისტროს სააგენტომ თანხმობა უკვე მისცა და 15 ივნისიდან 15 ივლისამდე, ანუ მაშინ, როცა საგაზაფხულო სემესტრი დასრულებული იქნება, დისტანციური სწავლების შესახებ კამპანია წარიმართება. სამინისტრო სარეკლამო მომსახურებას მოსახლეობის ინფორმირებისთვის, კონკურენციის გარეშე, გამარტივებული წესით შეისყიდის და ეს საკომუნიკაციო კამპანია ითვლება სახელმწიფოებრივი და საზოგადო მნიშვნელობის ღონისძიებად.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ სასწავლო დაწესებულებები ონლაინსწავლებას, უკვე რამდენიმე თვეა, იყენებენ (მარტის დასაწყისიდან), სატელევიზიო პროექტი „ტელესკოლა“ კი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 30 მარტიდან გადის იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ. გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, 3-დან 17 წლამდე ასაკის იმ ბავშვების რაოდენობა, რომელთაც სახლში არ აქვთ ინტერნეტი და კომპიუტერი, ქვეყნის მასშტაბით 50 400-ია.

წაიკითხე მეტი.

„პირველი კლასის“ ომი

პირველკლასელების რეგისტრაცია წელსაც უკმაყოფილების მიზეზი გახდა. მშობლები სასურველ სკოლებში ბავშვების დარეგისტრირებას ვერ ახერხებენ. რეგისტრაციის პირველ წუთებშივე სკოლებში ადგილები უკვე აღარ იყო.

ანა გელაძე ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე, ცხოვრობს. იმისთვის, რომ შვილი მახლობელ სკოლაში შეეყვანა, მან და მისმა მეგობარმა თადარიგი დილიდანვე დაიჭირეს. რეგისტრაციის გავლას ორი სხვადასხვა კომპიუტერიდან ცდილობდნენ, მაგრამ არაფერმა გაჭრა. 10 წუთში არათუ სასურველ სკოლაში, სხვა ახლომახლო სასწავლებლებშიც აღარ იყო ადგილი. საბოლოოდ, ბავშვი საბურთალოზე უცნობ სკოლაში ჩაწერეს.

რომ ჩავწერე, მერე შევხედე, რომელი სკოლა იყო. ამ გადათხრილი გზებით და საცობებით როგორ ვატარო ბავშვი ყოველ დილას? ან იმან რა უნდა ქნას, ვისაც ამ სიშორეზე მგზავრობის საშუალება არ აქვს? ამასაც თავი დავანებოთ, - გამოდის, რომ მარათონში უნდა იყო ჩართული, რომ სასურველ სკოლაში მოხვდე? მართალია, მეოთხე ეტაპზე თუ გამოთავისუფლდა ადგილი, სკოლის შეცვლა შესაძლებელია, მაგრამ ესეც სტრესია ბავშვისთვის“, - ამბობს ანა გელაძე.

რატომ არის ყოველ წელს პირველკლასელთა რეგისტრაცია ასე რთული, წაიკითხე თეა თოფურიას სტატიაში.

აშშ - ოფიცრებმა დაუჩოქეს აქციის მონაწილეებს, რომლებიც ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში აპროტესტებენ აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG