საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ 5 აგვისტოს წარმოადგინა კონსტიტუციასა და საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები. ცვლილებებს მმართველი პარტია ოპოზიციასთან და არასამთავრობო სექტორთან ერთად თითქმის 9 საათის განმავლობაში განიხილავდა. შეხვედრის შემდეგ ოპოზიცია ამბობს, რომ კანონპროექტი დახვეწას საჭიროებს, მმართველი გუნდი კი აცხადებს, რომ მათ მიერ წარდგენილი ცვლილებები ეფუძნება "საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას".
პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ცვლილებების წარდგენისას თქვა, რომ მმართველი გუნდის მიზანია პოლიტიკა მომავალში გახდეს „უფრო დემოკრატიული, უფრო დაბალანსებული და მშვიდი, შემცირდეს პოლარიზაცია და მეტი სივრცე იყოს თანამშრომლობისა და საქმიანი დისკუსიისთვის". მან ცვლილებების პროექტი ამ სახით გააცნო საზოგადოებას:
- კონსტიტუციური კანონპროექტით, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციული წესით და ნულოვანი ბარიერით;
- შეიცვლება პარტიების დაფინანსების სისტემა უფრო სამართლიანი და ობიექტური მოდელით. პარტია, რომელიც პარლამენტის თუნდაც ერთ მანდატს მოიპოვებს, დაფინანსებას მიიღებს არჩევნებში მოპოვებული ხმების შესაბამისად ახალი, გამჭვირვალე და მარტივად გასაგები ფორმულით. მცირე პარტიები მიიღებენ შედარებით მეტ დაფინანსებას;
- პარლამენტში შესული პარტია, რომელსაც არჩევნებზე წარდგენილ პარტიულ სიაში ყოველ სამეულში ერთი კანდიდატი განსხვავებული სქესის ეყოლება, კვლავაც მიიღებს 30%-იან დანამატს;
- უფასო საეთერო დრო პოლიტიკურ პარტიებზე სამართლიანად და თანაბრად განაწილდება. დაუშვებელი იქნება ერთი პარტიის მიერ საკუთარი დროის გადაცემა სხვა პარტიისთვის. სატელევიზიო დებატებში მონაწილეობა იქნება თანაბრად ხელმისაწვდომი;
- ცენტრალური საარჩევნო კომისია და ქვედა დონის საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდება 13 წევრით, რომელთაგან 7 წევრს კომისიაში პარტიები შეიყვანენ ისე, რომ ოპოზიციას გარანტირებულად ექნება მმართველ პარტიაზე მეტი ადგილი;
- წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების ზედამხედველობა და კონტროლი იქნება უფრო ეფექტიანი, გამჭვირვალე და ნაკლებად ბიუროკრატიული;
- პარტიის რეგისტრაცია 2020 წლის არჩევნებისთვის შესაძლებელი იქნება 5 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერით, ხოლო მხარდამჭერთა სიების გადამოწმების მექანიზმი მარტივდება;
- ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი უფლებამოსილი იქნება ხმის მისაცემად თავად შეარჩიოს შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე ნებისმიერი ადაპტირებული უბანი არაუგვიანეს არჩევნებამდე 6 დღისა. თითოეული ოლქი ვალდებული იქნება ჰქონდეს მინიმუმ 2 ადაპტირებული უბანი;
- დარეგულირდება ბიულეტენის ნამდვილობის შემოწმების წესი. ბიულეტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ბათილად მიჩნეული, თუ მონიშნული არ იქნება არცერთი, ან მონიშნული იქნება ერთზე მეტი საარჩევნო სუბიექტი;
რას არ ეთანხმება ოპოზიცია?
პროპორციული არჩევნები 2020 წელს - ეს ის ერთადერთი საკითხი აღმოჩნდა რაზეც სრული თანხმობაა მმართველ გუნდსა და ოპოზიციურ სპექტრში.
ამის პარალელურად კი საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია საარჩევნო კანონში შესატან ცვლილებებში მიუთითებს დეტალებზე, რომელიც მათი თქმით დახვეწას საჭიროებს. ასეთ საკითხებში მოხვდა პარტიების დაფინანსება, ე.წ ანტირეკლამა, სიძულვილის ენის კანონში შემოტანა, და სხვა საკითხები.
გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი გიორგი ვაშაძე ფიქრობს, რომ წარდგენილი ცვლილებები, მიზნად ისახავს გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია"-ს დაშლას.
„როგორც ჩანს, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური დეტალურად გააანალიზეს და კითხვა დასვეს – რატომ წავაგეთ პირველი ტური, რა კომპონენტი იყო, რასაც გაერთიანებული ოპოზიცია იყენებდა საარჩევნო კუთხით და მოდით, კანონი შევქმნათ, რითაც ამ მექანიზმებს გაერთიანებულ ოპოზიციას ჩამოვაშორებთ. ეს ყველაფერი ჩვენ წინააღმდეგ არის მომართული. ბლოკების აკრძალვა ხდება, სახელწოდებაში არაფრის გაკეთება არ შეგიძლია. მათი მიზანია, არ დაუშვან პარტიებისთვის რაიმე სახის მექანიზმის არსებობა გაერთიანების მიზნით. საარჩევნო კამპანიის დროს ნეგატიურ რეკლამას აქტიურად ვიყენებდით, ეს თავისუფლება გვქონდა. უნდათ, ცენზურა დაგვადონ. 25 პროცენტზე მეტს ნეგატიურ რეკლამას ვერ გააკეთებ“, – განაცხადა ვაშაძემ.
მისი თქმით, როგორც ოპოზიციის წარმომადგენელს, საშუალება არ ექნება, აკრიტიკოს ქვეყანაში არსებული გაჭირვება და სიღარიბე.
რაც შეეხება პარტიულ დაფინანსებას, გაერთიანებულ ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებას ყველა მოტივაციის შექმნა უნდა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია დაიშალოს, ამისთვის კი დაფინანსების ის მოდელი შემოაქვთ, რომელიც მცირე პარტიებს მეტ ფინანსურ რესურსს გამოუყოფს თუნდაც ერთი მანდატის მოპოვებისას.
„ევროპული საქართველო“ კი ყურადღებას ამახვილებენ იმაზე რომ კანონმა უნდა უზრუნველყოს კენჭისყრის ფარულობა, ნების თავისუფლება და ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის მოხდენის საშუალებები არ შექმნას. „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ოთო კახიძე ამბობს, რომ ამ კუთხით პარტიას აქვს თავისი წინადადება, რომელიც ეხმიანება „ეუთოს“-ს დასკვნას.
„ მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს ამომრჩეველი. კენჭისყრის დღეს კაბინაში მობილური ტელეფონით გადაღებაც უნდა იყოს შეზღუდული. ასევე, სოციალური დახმარების მოხსნის საკითხი არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე და შემდგომ უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ მმართველ პარტიას ეს ბერკეტი არ ჰქონდეს, როდესაც ადამიანების სიღარიბეს იყენებენ მათი ნების შესაზღუდად. საერთაშორისო თანამეგობრობის რეკომენდაციები გათვალისწინებული უნდა იყოს“, - აღნიშნა ოთო კახიძემ.
"ნაციონალური მოძრაობა" კი ფიქრობს რომ ცვლილებებიში საარჩევნო ბლოკების შექმნის აკრძალვით მმართველ გუნდს და ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლების შენარჩუნება სურს. ამის შესახებ თინა ბოკუჩავამ ისაუბრა.
"არის მთელი რიგი სხვა საკითხები, რომელიც ივანიშვილის მიერ თალაკვაძე-კობახიძის ხელით შემოთავაზებულ კანონპროექტში არის ორიენტირებული იმაზე, რომ რამენაირად შეიზღუდოს ან შეფერხდეს ოპოზიციური საქმიანობა, მათ შორის აკრძალვა ე.წ. საარჩევნო ბლოკებზე, ვინაიდან ყოველთვის ბლოკების გამოყენებით იცვლებოდა დემოკრატიულ საქართველოში ხელისუფლებები და ამის აკრძალვა სწორედ ამიტომ სურს ივანიშვილს. სრული ოპოზიციური სპექტრია წარმოდგენილი დღეს აქ და ჩვენ ვეცდებით მაქსიმალურად დავაჯეროთ ხელისუფლება იმაში, რომ დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელია სწორედ იმ რეკომენდაციების კანონად ქცევა, რომელსაც ჩვენ მათ შევთავაზებთ", - განაცხადა ბოკუჩავამ.
„სიძულვილის ენა“ - რა საფრთხეებზე მიანიშნებს არასამთავრობო სექტორი?
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ცვლის მაუწყებლების მუშაობას და პასუხისმგებლობას წინასაარჩევნო კონტენტზე, იქნება ეს საარჩევნო რეკლამის შინაარსი თუ სიძულვილის ენის გამოყენება პოლიტიკოსების მხრიდან. „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ ხელმძღვანელი ნატა ძველიშვილი მიიჩნევს რომ სიძულვილის ენასთან დაკავშირებით საკმაოდ სახიფათო ბუნდოვანებაა.
"კანონპროექტში ცალ-ცალკე წერია სიძულვილის ენა და ქსენოფობია მაშინ, როდესაც ვიცით, რომ ქსენოფობია არის იგივე სიძულვილის ენა. ტერმინი "სიძულვილის ენაც" არ არის განმარტებული. თუკი საარჩევნო კანონმდებლობაში შემოთავაზებული ცვლილებები შესწორებების გარეშე განხორციელდება, 2020 წლისთვის მივიღებთ სურათს, როდესაც მაუწყებლებს დაეკისრებათ პასუხისმგებლობა ყველა იმ დაბალი პოლიტიკური კულტურის გამოვლინებაზე, რაც პარტიებს და საარჩევნო სუბიექტებს ახასიათებთ ხოლმე," - ამბობს, ნატა ძველიშვილი. მისივე შეფასებით, კანონპროექტით დაწესებული შეზღუდვები ანტირეკლამაზე წინააღმდეგობაში მოდის გამოხატვის თავისუფლებასთან:. „საარჩევნო სუბიექტს უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, თვითონ გადაწყვიტოს რა ტიპის საარჩევნო კამპანიას აწარმოებს", -განაცხადა ნატა ძველიშვილმა რეგულაციაზე, რომლიც გულისხმობს, რომ ანტირეკლამის ნაწილი სარეკლამო რგოლის მეოთხედს, 25 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.
უმრავლესობის დეპუტატის ირაკლი კობახიძისთვის ამ საკითხზე კრიტიკა გაუგებარია. მისი თქმით სიძულვილის ენასთან დაკავშირებით საერთაშორისო რეკომენდაციები არსებობდა. „გაუგებარია, რატომ საუბრობენ ოპონენტები თავისუფლების შეზღუდვაზე. აქ არის ჭიქაში ქარიშხლის დატრიალება, ბუნებრივია არ არის სწორი. აქ არ არის არავითარი ცვლილება, რომელიც შეიძლება, ზღუდავდეს გამოხატვის თავისუფლებას, არ არის მოაზრებული ჩვენს მიერ მომზადებულ ცვლილებებში. შესაბამისად, ეს არის თითიდან გამოწოვილი“, – განაცხადა კობახიძემ.
დისკუსიები საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებთან დაკავშირებით 6 აგვისტოს გაგრძელდება. მმართველი გუნდის და ოპოზიციის წარმომადგენლები ისევ იმსჯელებენ სადაო საკითხებზე.