Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობობების მიერ დაკბენილები გორის სამედიცინო ცენტრში


The large orb web of Araneus diadematus (European garden spider).
The large orb web of Araneus diadematus (European garden spider).

ბოლო დღეების განმავლობაში გორის სამედიცინო კლინიკა „გორმედს“ ობობის ნაკბენით გამოწვეული ინტოქსიკაციით ორმა პაციენტმა მიმართა. მათ მუცლისა და კიდურების არეში ძლიერი ტკივილი აღენიშნებოდათ, ასევე გართულებული ჰქონდათ სუნთქვა. ერთი მათგანი მკურნალობის კურსს კლინიკაში ისევ აგრძელებს. ახლა სპეციალისტები იმაზე მსჯელობენ, რომელ ობობას უნდა დაეკბინა ისინი. ანჟელა აკოფიანი ამბობს, რომ შავი ფერის ობობამ ღამით ლოგინში უკბინა. ცოტა ხანში მას გაუსაძლისი ტკივილები დაეწყო და სასწრაფო დახმარება გამოიძახა. ის მოხვდა კლინიკაში, სადაც მკურნალობის კურსს ამ დრომდე აგრძელებს.

სპეციალისტები ვერ ამბობენ, რა ობობამ უკბინა ანჟელა აკოფიანს, თუმცა არის ვარაუდი, რომ ეს შავი ქვრივი, იგივე ყარაყურთი ყოფილიყო, რომელიც ძალიან შხამიანია და ზოგჯერ მისი ნაკბენი ადამიანისთვის მომაკვდინებელია. გორის სამედიცინო კლინიკის ექიმი დავით ყაზაიშვილი ამბობს, რომ ასეთ დროს სპეციპიკური მკურნალობის კურსი არ არსებობს და მკურნალობა სიმპტომების მიხედვით მიმდინარეობს.

სპეციალისტთა ნაწილის აზრით, ობობა ვერ იქნებოდა ყარაყურთი და, შესაძლოა, მხოლოდ მისი მსგავსი სახეობა იყო, მაგრამ გორის უნივერსიტეტის პროფესორი, ბიოლოგი გია ედიშერაშვილი მიიჩნევს, რომ კლინიკური ნიშნების მიხედვით სწორედ შავი ქვრივი უნდა ყოფილიყო, რომლის პოპულაციის არეალად შიდა ქართლიც ითვლება.

გორის სამედიცინო კლინიკაში ამბობენ, რომ აქამდე ობობის მიერ დაკბენილ პაციანტთა მიმართვა არ დაფიქსირებულა, ამიტომ კლინიკამ სასწრაფოდ საქმის კურსში ჯანდაცვის სამინისტრო ჩააყენა, ადგილობრივი ექიმები კი მოქალაქეებს ურჩევენ, რომ მწერებისა და ობობების დაკბენის შემდეგ პირველივე დისკომფორტის შემთხვევაში ჯანდაცვის ობიექტებს მიმართონ.

XS
SM
MD
LG