Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნობელიანტი "მემორიალის" დირექტორი: სპეცსამსახურებს აწყობთ, არ ვიცოდეთ ბებია-ბაბუების დანაშაულები


64 წლის იან რაჩინსკი განათლებით პროგრამისტი და მათემატიკოსია
64 წლის იან რაჩინსკი განათლებით პროგრამისტი და მათემატიკოსია

იან რაჩინსკი რუსი უფლებადამცველი და ისტორიკოსია. უკვე ოთხი წელია, იგი ხელმძღვანელობს ორგანიზაცია “მემორიალს”, რომელიც იკვლევს წარსულსა და აწმყოს, საბჭოთა რეპრესიებს და ადამიანების ჩაგვრას თანამედროვე რუსეთში. ორგანიზაციას ეკრძალება საქმიანობა რუსეთში, მაგრამ იან რაჩინსკი ემიგრაციაში არ წასულა.

"სამხედრო დანაშაულების, ადამიანის უფლებების დარღვევებისა და ძალაუფლების გადამეტების დოკუმენტირებისას გაწეული ძალისხმევისთვის" 10 დეკემბერს “მემორიალს” გადაეცა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში, ბელარუსელ და უკრაინელ უფლებადამცველებთან ერთად.

“ეს აჩვენებს, რომ სამოქალაქო საზოგადოება არ იყოფა სახელმწიფო საზღვრებად”, - თქვა დაჯილდოებაზე იან რაჩინსკიმ. მასთან ინტერვიუ რადიო თავისუფლებამ თბილისში ჩაწერა.

ინტერვიუ იან რაჩინსკისთან
please wait

No media source currently available

0:00 0:16:26 0:00

რადიო თავისუფლება: რა იგრძენით, როდესაც გაიგეთ, რომ "მემორიალმა", უკრაინელ და ბელარუსელ უფლებადამცველებთან ერთად, მიიღო ნობელის პრემია მშვიდობის დარგში?

იან რაჩინსკი: სიმართლე გითხრათ, პირველ ჟურნალისტს, რომელმაც დამირეკა, არ დავუჯერე. სასამართლოში მივდიოდი. იქ გენერალური პროკურატურა ცდილობდა, წაერთმია ჩვენთვის შენობა, სადაც ბევრი წელი ვმუშაობდით. მოკლედ, მთლად ნობელის პრემიის ხასიათზე არ ვიყავი.

რადიო თავისუფლება: ზედიზედ მეორე წელია, ნობელის პრემია მშვიდობის დარგში რუსეთში მიდის. ეს თქვენთვის რას ნიშნავს?

იან რაჩინსკი: ეს ხაზს უსვამს სამოქალაქო საზოგადოების ერთიანობას. ომისა და ყველაფრის მიუხედავად. სამოქალაქო საზოგადოება ყოველთვის დგას ადამიანის, და არა სახელმწიფოს ინტერესების სადარაჯოზე. და ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია.

რადიო თავისუფლება: 2014 წელსაც და ახლაც, რუსეთში იყვნენ ადამიანები, ვინც გამოდიოდნენ ჯერ ყირიმის ანექსიის, ახლა კი უკრაინაზე თავდასხმის წინააღმდეგ. თუმცა 2008 წელს, როდესაც რუსეთი საქართველოს დაესხა, რუსეთში თითქმის არ იყვნენ ისინი, ვინც პროტესტი გამოთქვა. რახან სამოქალაქო საზოგადოებების ერთიანობაზე დავიწყეთ საუბარი, მითხარით, ამას როგორ ხსნით?

სამწუხაროდ, სააკაშვილი წამოეგო რუსეთის პროვოკაციას...

იან რაჩინსკი: სხვათა შორის, ვთანამშრომლობდით სამოქალაქო საზოგადოებასთან და ვიკვლევდით ამ მოვლენებს... სამწუხაროდ,[მაშინ] სააკაშვილი წამოეგო რუსეთის პროვოკაციას. ამან ძალიან გააფუჭა სურათი. ეს არ გამოიყურებოდა ერთმნიშვნელოვნად, როგორც შეჭრა.

რადიო თავისუფლება: რუსებისთვის?

იან რაჩინსკი: არამხოლოდ რუსებისთვის, ძალიან ბევრისთვის. გასაგები იყო, რომ რუსეთის რეაქცია არაადეკვატურია... ის, რაც რუსეთმა მერე გააკეთა საქართველოს ტერიტორიაზე შეჭრით, რა თქმა უნდა, დანაშაულია. იყო კიდეც ლაპარაკი, რომ ეს დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

რაც რუსეთმა მერე გააკეთა, რა თქმა უნდა, დანაშაულია...​

რადიო თავისუფლება: თუმცა, თუ არ ვცდები, პროტესტი არ ყოფილა. ადამიანები ქუჩაში არ გამოსულან, მაშინ, როდესაც რუსული ტანკები თბილისიდან 40 კილომეტრში იდგნენ.

რაჩინსკი: იმ დროს [რუსეთში] უკვე აღარაფრის გამო არ გამოდიოდნენ. ჩეჩნეთის მეორე ომის დროსაც კი ცოტანი იყვნენ. ერთადერთი ტალღა იყო 2011 წელს, როდესაც საკუთარ თავზე იგრძნეს მოახლოებული კატასტროფა. საბოლოო ჯამში, ეს გრძელი და, სამწუხაროდ, სისხლიანი ისტორიაა. არც საქართველოა უცოდველი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან კონფლიქტში, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე მსგავსი კონფლიქტების დროს. რუსეთიც ცეცხლზე ნავთს დიდი მონდომებით ასხამდა, როდესაც არიგებდა პასპორტებს და ამისთვის არავითარი საფუძველი არ ჰქონია.

რადიო თავისუფლება: რუსეთიდან წასვლა ოდესმე გნდომებიათ? ამაზე სერიოზულად გიფიქრიათ?

იან რაჩინსკი: არა

რადიო თავისუფლება: ბოლო წლებშიც კი?

იან რაჩინსკი: არა, არ მიფიქრია. რუსეთის გარეთ რა ვაკეთო? მოხუცებულთა თავშესაფარში წასვლა ჯერ არ მინდა.

რადიო თავისუფლება: რაც უკრაინაში ომი დაიწყო, საქართველოში ჩამოვიდა და დარჩა ასი ათასზე მეტი რუსეთის მოქალაქე.

ხელისუფლების პოზიცია ნობელის პრემიასთან მიმართებაში არის, თავი მოიკატუნონ, თითქოს არაფერიც არ მომხდარა...

იან რაჩინსკი: კი, ვიცი. მობილიზაცია რომ მემუქრებოდეს, მეც რამე მსგავსზე დავფიქრდებოდი. ეს არის არჩევანი სამ რაღაცას შორის: გახდე მკვლელი, აღმოჩნდე ციხეში, ან წახვიდე ქვეყნიდან.

რადიო თავისუფლება: და თქვენ ციხე არ გემუქრებათ? დღეს - თქვენი საქმიანობის გამო?

იან რაჩინსკი: ვფიქრობ, რომ არა. როგორც ამბობენ, თავს ვერ დავდებ. მაგრამ მგონია, რომ არა.

რადიო თავისუფლება: ეს როგორ? თქვენს ამჟამინდელ საქმიანობას ხომ, სულ ცოტა, არავითარი სარგებელი არ მოაქვს რუსეთის ხელისუფლებისთვის.

იან რაჩინსკი: ეს მაინც არასაკმარისი საფუძველია ჩემ დასაპატიმრებლად. ეს ერთი მხრივ. მეორე მხრივ კი, როგორც ვხვდები, ხელისუფლების პოზიცია ნობელის პრემიასთან მიმართებაში არის, თავი მოიკატუნონ, თითქოს არაფერიც არ მომხდარა. ნებისმიერი დაპატიმრება ახლა გაცილებით მეტ ყურადღებას მოიპყრობს, ვიდრე დაჯილდოების ცერემონია. ამიტომ მგონია, რომ ეს წმინდა პრაგმატულობაა.

რადიო თავისუფლება: მინდა გკითხოთ საბჭოთა წარსულზეც. თქვენი აზრით, როგორ შეცვალა საბჭოთა კავშირმა ის ხალხები, რომლებიც მასში ცხოვრობდნენ?

იან რაჩინსკი: არის ერთი ძირითად რამ, განსაკუთრებით რუსეთში, ალბათ საქართველოშიც და ყველა იმ რესპუბლიკაშიც, რომელმაც საბჭოთა კავშირში 70 წელი გაატარა. ადამიანები აღარ გადასცემდნენ ერთმანეთს საზოგადოებრივი მოწყობის გამოცდილებას. საბჭოთა ხელისუფლების პირობებში მსგავსი რამ შეუძლებელი იყო. საზოგადოებრივი მოწყობაც აღარ არსებობდა, საზოგადოება კი დანაწევრებული იყო. ესაა ყველაზე მთავარი - მოსპეს თანაცხოვრების უნარ-ჩვევები.

რადიო თავისუფლება: ანუ ხალხებს დაავიწყდათ, როგორია, გაერთიანდე რაღაც მიზნების მისაღწევად?

ადამიანები იქცევიან ხალხად, როდესაც ხვდებიან, რა აერთიანებთ...

იან რაჩინსკი: ხალხებს კი არა, ადამიანებს. ადამიანები იქცევიან ხალხად, როდესაც ხვდებიან რა აერთიანებთ, და რა მოიმოქმედონ, რაღაცის მისაღწევად. პირადად მათთვის კი არა, არამედ სოფლისთვის, უბნისთვის, სახლისთვის… რუსული და საბჭოთა ხელისუფლება ანადგურებდა ყველაფერს. მათ შორის, ლიტერატურულ წრეებსაც. თუ წრე იქმნებოდა ზემოდან წამოსული ბრძანების გარეშე, რაღაც მომენტში ის ეჭვებს აღძრავდა. გამოძებნიდნენ ვინმეს, ვისაც ან მამა ჰყავდა მენშევიკი, ან ბაბუა კულაკი, ან რაღაც მაგდაგვარი. ეს საკმარისი იყო ბრალდებების წამოსაყენებლად. აი, რა დაიკარგა საბჭოთა ხელისუფლების გამო.

რადიო თავისუფლება: ტერმინ “ჰომოსოვეტიკუსზე” რას ფიქრობთ? თქვენი აზრით, ადამიანის ეს სახეობა მართლა არსებობს?

იან რაჩინსკი: კი, ცალსახად. მას ახასიათებს კონფორმისტული ქცევა. სხვებისგან განცალკევებით ყოფნა. იმის მზაობა, რომ ლოზუნგებს მხარი დაუჭირო… ახლა გვყავს ახალგაზრდა სოციოლოგები, რომლებსაც არც საბჭოთა კავშირი უნახავთ, და ბოლომდე არც პრობლემის სიმწვავე ესმით. არიან ადამიანები ვინც ამბობს, წარსულთან მუშაობის გამოცდილება სხვა ქვეყნებისგან უნდა გადმოვიღოთო. არადა, იმ ქვეყნებში დიქტატორულმა რეჟიმებმა იარსება სულ რაღაც 20 წელი. ამაზე ლაპარაკიც კი სასაცილოა. იქ ცოცხალია ხალხი, ვინც ამ დიქტატორებამდე დაიბადნენ. მათ უკან დასაბრუნებელი გზა აქვთ.

რადიო თავისუფლება: მოგვიყევით, რა ხდება დღეს რუსეთში? და ამას როგორ უხსნით მათ, ვინც იქ არ ცხოვრობს?

რომ ენახათ მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვა, ხელისუფლების მხარდაჭერა მინიმალური იქნებოდა...

იან რაჩინსკი: სამწუხაროდ, სხვადასხვა ხალხის ისტორიაში დგება ხოლმე დაბრმავების, ყალბი მიზნების, ყალბი ღირებულებების ხანა. თავისუფალი პრესის განადგურების შედეგად, პროპაგანდას აღარ ჰყავს ოპონენტი. ტელევიზორში ხალხს ესმის მხოლოდ ხელისუფლების პოზიცია, რომელიც საათში ერთხელ ანთხევს სიძულვილსა და ტყუილს. ტელევიზორში იმას რომ აჩვენებდნენ, დღეს უკრაინაში მართლა რაც ხდება, ადამიანებს რომ ენახათ მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვა, ვფიქრობ ხელისუფლების მხარდაჭერა მინიმალური იქნებოდა. მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ვხვდები, ქვეყანა ასე როგორ გააბრუეს… სახალისო მაგალითი: ლევადა ცენტრი სოციოლოგიურ გამოკითხვას ატარებდა; იყო ორი შეკითხვა. ერთი: სოციოლოგების კითხვებს გულწრფელად თუ პასუხობთ და მეორე: თქვენი მეზობლები თუ პასუხობენ გულწრფელადო. პირველ შემთხვევაში პასუხი იყო - კი. მეორეში - არა. ეს მეტყველებს შიშზე და იმაზე, რამდენად მზად არიან ადამიანები, გამოხატონ თავისი პოზიცია.

რადიო თავისუფლება: ხშირად ამბობთ, რომ რუსეთში სახელმწიფო დღეს მართავს ისტორიას, რომ ბევრი ისტორიული ფაქტი მახინჯდება და ხელისუფლება მანიპულირებს ამ ფაქტებით. ბანალური შედარებისთვის ბოდიში, მაგრამ ანუ რა გამოდის, რუსეთში დღეს მართლა ორუელის სიმართლის სამინისტრო ააშენეს?

ჩვენთან ისევ დაიწყო წარსულის მშენებლობა...

იან რაჩინსკი: ჩვენთან ისევ დაიწყო წარსულის მშენებლობა. ჩემი აზრით, ამ მშენებლობის მთავარი მიზანია, სახელმწიფო წარმოაჩინონ მთავარ ღირებულებად. დაგვანახვონ, რომ სახელმწიფო ყველაფერზე წინ დგას, რომ სახელმწიფო ყოველთვის იყო კარგი. შეიძლება არა საუკეთესო, მაგრამ არც სხვებისაზე უარესი. მთავარია, აჩვენონ, რომ ეს ყველასთან ხდებოდა. და ყველასთან თუ ხდებოდა, მაშინ ჩვენც შეგვიძლია, ცოტათი ცუდები ვიყოთ.

რადიო თავისუფლება: სხვა საკითხებთან ერთად, თქვენ მუშაობთ ისტორიულ მეხსიერებაზეც. არაერთხელ მოგიყოლიათ, რომ ადამიანები მოდიან თქვენთან, რათა შეიტყონ მათი დახვრეტილი ან გადასახლებული ნათესავების ამბავი. მაგრამ ამას მეორე მხარეც ხომ აქვს: ბევრის მშობლები და ბებია-ბაბუები ასევე იყვნენ მკვლელებიც; ისინი აწამებდნენ ადამიანებს, ხვრეტდნენ და შესაბამის ბრძანებებსაც გასცემდნენ. როგორ ფიქრობთ, რა აზრი აქვს იმას, რომ ახალგაზრდებმა გაიგონ, რა ჩაიდინეს მათმა წინაპრებმა?

ადამიანის ბრალი არაა, რომ მისი წინაპრები არ ვარგოდნენ. უბრალოდ უნდა შეეძლოს, თამამად ჩახედოს თვალებში გარშემომყოფებს...

იან რაჩინსკი: ადამიანი ხდება ადამიანი მაშინ, როდესაც იაზრებს, რომ განცალკევებულად კი არ არსებობს, არამედ რაღაცის ნაწილია. რომ რაღაცა იყო შენამდე და რაღაცა იქნება შენ შემდეგ. ადამიანის ბრალი არაა, რომ მისი წინაპრები არ ვარგოდნენ. უბრალოდ, მას უნდა შეეძლოს, თამამად ჩახედოს თვალებში გარშემომყოფებს. კი, ვიცი, კი, ბაბუაჩემია. ვგმობ იმას, რასაც აკეთებდა, მაგრამ თან შეიძლება მახსოვდეს, რომ კარგი ბაბუა იყო. მნიშვნელოვანია, ყველაფერი იცოდე, რათა შემდეგ ეს ინფორმაცია ვინმემ წინ არ დაგახვედროს. ლუსტრაციაზე თუ ვსაუბრობთ, არის ორი მომენტი: ინფორმაციის გახსნა და ამის შედეგები. ჩემი აზრით, მთავარი მაინც ინფორმაციის გახსნაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ინფორმაცია რჩება სპეცსამსახურებთან და მისი წყალობით შეიძლება ახალ-ახალი ზიანი მიაყენონ მათ, ვისაც არ უნდა, ხალხმა გაიგოს მათი ბაბუის ამბები. ინფორმაციის გაუთქმელად, ამ ადამიანზე ზეწოლაა შესაძლებელი. ყველაფერს თუ გაიგებს, ეს შოკია, მაგრამ ზეწოლა უკვე აღარ გამოვა.

რადიო თავისუფლება: და ის, რომ ბაბუაშენი მკვლელი იყო, რაიმე პასუხისმგებლობას გაკისრებს? თუ არავითარ ვალდებულებას არ უნდა გრძნობდე?

იან რაჩინსკი: მხოლოდ ისაა ვალდებულება, ყველაფერი გონივრულად შეაფასო. სხვა არაფერი. ბაბუას შენთვის არ უკითხავს, პროფესიას როცა ირჩევდა. რა შუაში არიან შვილიშვილები, ანდაც, შვილები? ეს ყველას პირადი არჩევანია. ყველა მხოლოდ საკუთარ თავზეა პასუხისმგებელი და კარგია, თუ ცდილობს სხვების დახმარებასაც.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

XS
SM
MD
LG