Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანია კორონავირუსით ინფიცირებული


ხორვატიის ქალაქ ოსიეკის სპორტული დარბაზი, რომელიც COVID-19-ით დაავადებულთა სამკურნალო ცენტრად გადაკეთდა.
ხორვატიის ქალაქ ოსიეკის სპორტული დარბაზი, რომელიც COVID-19-ით დაავადებულთა სამკურნალო ცენტრად გადაკეთდა.

როგორც ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის უკანასკნელი ანგარიშიდან ვიგებთ, 26 მარტის მონაცემებით, მსოფლიოში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული კორონავირუსით, 23 ათასზე მეტი გარდაიცვალა.

ხუთშაბათს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსმა გააფრთხილა მსოფლიოს ქვეყნები, რომ პანდემია „გლობალური კრიზისია და გლობალურ საპასუხო მოქმედებას მოითხოვს“. მისი თქმით, კორონავირუსის გავრცელება მნიშვნელოვნად ჩქარდება.

ხუთშაბათს ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 523 ათასს გადააჭარბა.

ყველაზე მძიმე ვითარება კვლავაც იტალიაშია, სადაც დღემდე 8215 ადამიანი გარდაიცვალა COVID-19-ით. ეს მთელ მსოფლიოში გარდაცვლილთა ერთ მესამედზე მეტია. 26 მარტის მონაცემებით, ესპანეთში ვირუსს დღემდე 4145 ადამიანი ემსხვერპლა.

უკანასკნელი მონაცემების გამოქვეყნებამდე ეკონომიკური თვალსაზრისით მსოფლიოს 20-მა უდიდესმა ქვეყანამ, ე.წ.-მა „დიდმა შვიდეულმა“, 26 მარტს „ღრმა შეშფოთება“ გამოხატა კორონავირუსის პანდემიის გამო და ვალდებულება იკისრა, გაერთიანებული ძალებით ებრძოლონ მის შედეგებს.

„დიდმა ოცეულმა“ განაცხადა, რომ „გლობალური მოქმედება, სოლიდარობა და საერთაშორისო თანამეგობრობა“ როგორც არასოდეს, ისეა აუცილებელი.

„COVID-19-ის უპრეცედენტო პანდემია ჩვენთვის იმის მძლავრი შეხსენებაა, თუ რამდენად ურთიერთდაკავშირებული და რამდენად დაუცველები ვართ“, განაცხადა „დიდმა ოცეულმა“.

ეს განცხადება მათ გააკეთეს ერთობლივი საგანგებო ვიდეოჩართვის გზით ჩატარებული სამიტის შემდეგ და პანდემიის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტით ბრძოლის ვალდებულება იკისრეს.

„დიდი ოცეულის“ ლიდერებმა ასევე განაცხადეს, რომ ისინი კოლექტიურად იმუშავებენ იმაზე, რომ 5 ტრილიონ დოლარზე მეტი ჩადონ მსოფლიო ეკონომიკაში და დასძინეს, რომ „მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, ერთიანი ფრონტით გამოვიდნენ ამ საერთო საფრხის წინააღმდეგ“.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა „დიდი ოცეულის“ ლიდერებს მოუწოდა, ძლიერი ნაბიჯები გადადგან, ვინაიდან „მსოფლიოსაომარ მდგომარეობაშია ვირუსთან და ვერ იმარჯვებს“.

თავის მხრივ, ჯანდაცვის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსმა „დიდი ოცეულის“ ქვეყნებს მიართა მოწოდებით, გაზარდონ დამცველი აღჭურვილობის წარმოება, გააუქმონ საექსპორტო აკრძალვები და უზრუნველყონ საგანგებო სამედიცინო მარაგების თანაბრად განაწილება.

მას შემდეგ, რაც კორონავირუსის ეპიდემია პანდემიად იქცა, მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ მიმართა უმკაცრეს ზომებს - ჩაიკეტა საზღვრები, დაიხურა ბიზნესები და აიკრძალა სახლების დატოვება.

ამჟამად მსოფლიოში მილიარდობით ადამიანს უწევს ამ აკრძალვების პირობებში ცხოვრება და მათი რაოდენობა ყოველდღე იზრდება.

ერთ-ერთი უკანასკნელი ქვეყანა, რომელმაც შინ ყოფნის რეჟიმი დაუწესა მოსახლეობას, არის სამხრეთი აფრიკა, სადაც კორონავირუსით ინფიცირების 927 შემთხვევაა დადასტურებული, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია აფრიკაში. დაავადების შედეგად არავინ გარდაცვლილა.

ევროკავშირის ლიდერებმა ბოლო სამი კვირის განმავლობაში მესამე სამიტი გამართეს 26 მარტს.

ესპანეთმა გაახანგრძლივა საგანგებო ვითარება, რაც მთავრობას საშუალებას მისცემს უფრო ფართო მასშტაბის საკარანტინო ზომები გაატაროს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კი დაავადებასთან ბრძოლაში არმია ჩართო.

ევროკავშირის ლიდერები მუშაობენ ეკონომიკის სტიმულირების პაკეტზე და პროგრამებზე, რომელთა მიზანია სამედიცინო ტექნიკის ერთმანეთისთვის მიწოდება და ჩაკეტილი საზღვრების პირობებში სასიცოცხლო მნიშვნელობის მომარაგების დაუბრკოლებლად მოძრაობის უზრუნველყოფა.

აშშ-ში 26 მარტს 1000-ს გადასცდა COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი.

ამერიკაში ბიზნესის შენელება გავლენას ახდენს დასაქმებაზე. გასულ კვირაში 3 მილიონს გადააჭარბა იმ ამერიკელთა რიცხვმა, რომლებიც უმუშევართათვის განკუთვნილ სოციალურ დახმარებას ითხოვენ. ეს სარეკორდო მაჩვენებელია 1982 წლის შემდეგ.

აშშ-ის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სამხედრო ექიმების გაგზავნას აპირებენ ნიუ-იორკსა და სიეტლში, ქვეყანაში კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალებულ ორ ქალაქში.

ამავე დროს პენტაგონს საკუთარ რიგებშიც უწევს ვირუსთან ბრძოლა. როგორც მან 26 მარტს გამოაცხადა, აშშ-ის ასამდე სამხედროს დაუდგინდა ინფექცია.

აშშ-ის სენატმა ერთხმად დაამტკიცა 2 ტრილიონი დოლარის მოცულობის პაკეტი, რომელიც ეკონომიკის გამოცოცხლებას ემსახურება. როგორც მოსალოდნელია, ის 27 მარტის იქნება მოწონებული.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ხელს მოაწერს მას.

XS
SM
MD
LG