Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართულ ოცნებაში" მამუკა ხაზარაძის და „თიბისი ბანკის“ გამიჯვნის საჭიროებაზე ლაპარაკობენ


„ქართული ოცნების“ წევრი, ირაკლი მეზურნიშვილი მიიჩნევს, რომ „თიბისი ბანკის“ გარშემო მიმდინარე პროცესებში ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ მამუკა ხაზარაძე და „თიბისი ბანკი“ და მიზანმიმართულად პანიკის დათესვას უნდა ვერიდოთ. მმართველი პარტიის წევრს რადიო თავისუფლებამ მოვლენების შეფასება სთხოვა.

რადიო თავისუფლება: როგორ აფასებს მმართველი პარტია დღეს „თიბისი ბანკის“ გარშემო მიმდინარე პროცესებს? ფიქრობთ თუ არა, რომ ამ ამბის მიღმა პოლიტიკური მიზეზიც არსებობს და კონკრეტულ ანგარიშსწორებას უკავშირდება? და რაც უკვე არაერთხელ ითქვა ოპოზიციის მიერ, ეს არის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან საბანკო სექტორის ოკუპაციის მცდელობა?

ირაკლი მეზურნიშვილი: დილიდან მესმის განცხადებები, რომ შეტევა არის „თიბისი ბანკზე“. პანიკას თესავენ. მაგრამ, მოდით, გავმიჯნოთ მამუკა ხაზარაძე და „თიბისი ბანკი“, რადგან კითხვები არსებობს მამუკა ხაზარაძის მიმართ და ამ კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი. არ შეიძლება საბანკო სექტორს ჩრდილი მივაყენოთ და საერთოდ მის სტაბილურობაზე ვისაუბროთ. ეროვნულმა ბანკმა არაერთგზის აღნიშნა, რომ „თიბისი ბანკი“ სამაგალითო ბანკია, რომლის ფინანსური მაჩვენებლები სტაბილურია და ამის დასტურია ის, რომ ის ლონდონის საფონდო ბირჟაზეა გასული. აქ უბრალოდ არსებობს კითხვები კონკრეტული ადამიანის მიმართ და ამ კითხვებზე პასუხებია საჭირო.

რადიო თავისუფლება: მაგრამ მამუკა ხაზარაძის და მისივე ბანკის გამიჯვნა როგორ წარმოგიდგენიათ? ცოტა რთული ხომ არ იქნება?

ირაკლი მეზურნიშვილი: მესმის, მაგრამ ეროვნული ბანკის, როგორც ზედამხედველი ორგანოს მხრიდან გადადგმულია გარკვეული ნაბიჯები და მიღებული აბსოლუტურად ლეგიტიმური გადაწყვეტილებები. დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეგიონალურმა ხელმძღვანელმა საქართველოში აღნიშნა, რომ მეტი ინფორმაცია სჭირდება, თუმცა ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯების ნდობის ფაქტორზეც გაამახვილა ყურადღება. აი, აქ, ამ საქმის პოლიტიკური მდგენელი უნდა გამოვრიცხოთ. მით უმეტეს, რომ ამ განცხადებებს პოლიტიკური მოტივების შესახებ აკეთებენ დღეს ის ადამიანები, რომლებიც გუშინ ამბობდნენ, რომ ხაზარაძე ივანიშვილთან ერთად ქვეყანას ძარცვავდა.

ამ საქმეში, მე თუ მკითხავთ, პირველ რიგში თავად „თიბისი ბანკი“ უნდა იყოს დაინტერესებული და არის კიდეც, რადგან ტრანზაქციები, რომელთა გამოც გამოძიება დაიწყო, სწორედ ამ ბანკის კლიენტებს ეხებოდა. და ვფიქრობ, ძალიან სახიფათოა ამ საკითხის პოლიტიკურ ჭრილში განხილვა.

რადიო თავისუფლება: ანუ მმართველი გუნდი გამორიცხავთ, რომ „თიბისი ბანკზე“ დღეს შეტევა მიმდინარეობს და ამ პროცესში ივანიშვილის ინტერესი არსებობს?

ირაკლი მეზურნიშვილი: მე, პირადად, ამას გამოვრიცხავ. „ქართული ოცნების“ მმართველობის ამ შვიდწლიან პერიოდში არ ყოფილა რომელიმე ბიზნესზე შეტევის თუ მისი ხელყოფის არც ერთი შემთხვევა. ის, რომ ბიზნესი არის საქართველოში თავისუფალი, ჩვენი მთავრობის მთავარი სავიზიტო ბარათი იყო. რატომ უნდა მქონდეს დღეს მე ასეთი ეჭვი? ამიტომ მე დაველოდები პროცესს და იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი იქნება გამჭვირვალე და ყველას კითხვას პასუხი გაეცემა.

ეროვნულმა ბანკმა 14 თებერვალს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერება და სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევა მოითხოვა. გადაწყვეტილების საფუძვლად კი დაასახელა „თიბისი ბანკის“ შემოწმებისას დაფიქსირებული, ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. ამ ტრანზაქციებს ამჟამად პროკურატურა იძიებს.

XS
SM
MD
LG