თუკი 2013 წელს ქართველი ემიგრანტების გადმორიცხული ფული, 1.5 მილიარდი დოლარი, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 11.3% იყო, 2022 წელს მთლიან შიდა პროდუქტში ემიგრანტების ფულადი გზავნილების წილი 4.4%-ით გაიზარდა და 4.4 მილიარდ დოლარს მიაღწია.
ეს რეკორდული მაჩვენებელია - აქამდე, ამ გზით ამხელა თანხა ქვეყანაში არ შემოსულა.
ნანი აბულაძე უკვე მესამე წელია, რაც იტალიაში მუშაობს - მოხუცს უვლის. იტალიიდან საქართველოში რუსეთის შემდეგ ყველაზე მეტ ფულს აგზავნიან. ნანი აბულაძე გვეუბნება, რომ ემიგრაციაში იმიტომ წავიდა, რომ ოჯახს ფული არ ჰყოფნიდა და ბანკის ვალები ჰქონდა.
“რა თქმა უნდა, დალხენილი ცხოვრების მქონე აქ არავინ მოდის. რომელი ნორმალური წამოვა ოჯახიდან და მიატოვებს… სამი წლის წინ პირდაპირ ახლობელთან ჩამოვედი პიზაში. რა თქმა უნდა, გამიჭირდა თავიდან. ძალიან გამიჭირდა. ორი შვილი და ხუთი შვილიშვილი მყავს საქართველოში. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ მნიშვნელოვნად ვეხმარები, ძალიან მიზერულს და აუცილებელს თუ ვუგზავნი. ძალიან ბევრი ქართველი ვართ, ისინიც აქ ცხოვრობენ. ცხოვრობენ კი არა, მუშაობენ“.
კვლევითი ცენტრი PMC წერს, რომ 2022 წელს საქართველო ფულადი გზავნილების მოცულობით, როგორც მშპ-ს წილი, 24-ე ადგილზე იყო მსოფლიოში და მეორე ადგილზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. საქართველოს მხოლოდ სომხეთი უსწრებდა.
“ეს გადმორიცხული თანხა GDP-ში პირდაპირ არ შედის, ანუ ფული რომ გადმოირიცხა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკას პირდაპირ დაემატა. ეს თანხა რომ დაიხარჯება, მერე აღირიცხება მთლიან შიდა პროდუქტში. ამ ფულით ადამიანი ან რაღაცას იყიდის, ან საინვესტიციო ხარჯს გასწევს ანუ ბიზნესს დაიწყებს. ჩვენთან, სავარაუდოდ, 90% რაღაცაში იხარჯება… ამ პროცესს მოხმარება ჰქვია და ეს აღირიცხება მშპ-ში”, - ამბობს საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე.
უკრაინის ომამდე საქართველოში რუსეთიდან გზავნილები მცირდებოდა. მაგალითად, 2013-2021 წლებში მთლიან გზავნილებში რუსეთის წილი 54-დან 17.5%-მდე შემცირდა, ამის პარალელურად გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცული თანხა, რადგან ევროკავშირში მიგრაცია მაღალი იყო და ამ პროცესს, სავარაუდოდ, უვიზო მიმოსვლამაც შეუწყო ხელი.
ასევე გაიზარდა ევროკავშირის წილი ფულად გზავნილებში.
23 წლის გიორგი ტიგინაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიოლოგიას სწავლობდა, მესამე კურსიდან კი სამსახურის ძებნა დაიწყო, მაგრამ ცუდი პერიოდი დაემთხვა - პანდემია და სადაც არ მივიდა, ხელფასი 400 ლარზე მეტი არ გამოსდიოდა. უკვე წელიწად-ნახევარია, პოლონეთში, პოზნანში ცხოვრობს. ჩასვლის დღიდან რამდენიმე სამუშაო გამოიცვალა და ახლა დასაქმების სააგენტოში მუშაობს.
„კადრებს ვეძებ, რომლებსაც მერე უკვე ვანაწილებთ სამუშაოზე ქარხნებში, საწყობებში… მე ძირითადად ქართულ ნაკადზე ვარ ორიენტირებული. თავად კომპანია უკრაინელებისაა. ეს კომპანია ეხმარება უკრაინელებსაც, ქართველებსაც და პოლონელებსაც… ვეძებ უმუშევარ ქართველებს, რომლებიც პოლონეთში არიან და სამსახურს და სახლს ვაძლევთ. დასაქმება უფასოა და კომპანია მოგებას ნახულობს საათობრივ გამომუშავებაში. მაგალითად, თუ არის 20 ზლოტი საათში, დასაქმებულს 19 ზლოტი ერიცხება, დანარჩენს კი სააგენტო იღებს“.
საქართველოში მშობლები და და უმცროსი ძმა ჰყავს. თბილისში აფრიკის დასახლებაში ცხოვროვენ. მამა მუშაობს, დედა მხატვარია და მასაც საკუთარი შემოსავალი აქვს. მისი ოჯახი გიორგის დახმარების იმედად არ არის, მაგრამ ეს შემთხვევა უფრო გამონაკლისია.
„აქ შევხვდი ხალხს, რომლებიც მიზერულ თანხას იტოვებენ იმიტომ, რომ [დანარჩენი] საქართველოში გააგზავნონ”, - ამბობს გიორგი.
პოლონეთს ის უფრო “სატრანზიტო” ქვეყნად ხედავს და ევროპის სხვა ქვეყნებში გეგმავს გადასვლას.
2022 წელს საქართველოში უცხოეთიოდან გადმორიცხული 4.4 მილიარდი დოლარიდან თითქმის ნახევარი [47%] რუსეთზე მოდის.
PMC კვლევითი ცენტრის დირექტორის გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, ასეთი მასშტაბური ზრდა ორმა ძირითადმა ფაქტორმა განაპირობა: პირველი იყო საქართველოში რუბლის გადმორიცხვა, დოლარში გადახურდავება და მისი ისევ რუსეთში გაგზავნა, ხოლო მეორე ფაქტორი რუსი მიგრანტები იყვნენ.
“2022 წელს დაახლოებით 60 ათასი ადამიანი შემოვიდა რუსეთიდან [მიგრანტი], მათი ერთი ნაწილი, ზუსტად არ ვიცით რამდენი, აქედან მუშაობდა და ანაზღაურებას ურიცხავდნენ, ანუ ხელფასს გზავნილის სახით იღებდა”, - ამბობს ხიშტოვანი.
ეროვნული ბანკი ფულად გზავნილებად აღრიცხავს იმ თანხას, რაც საქართველოში სწრაფი გადახდის სისტემებით (Western Union, Zolotaya Korona და სხვ.) შემოდის.
საინვესტიციო ბანკის Galt&Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე მიიჩნევს, რომ რუსეთიდან გზავნილების ზრდაში წვლილი რუსეთში მცხოვრებმა ქართველებმაც შეიტანეს, რომელთა ნაწილსაც ომის გამო ქვეყნის დატოვებაც მოუწია. თავად ეროვნული ბანკი რეკორდულ ზრდას მიგრანტებს უკავშირებს, რასაც ასევე დაემატა ყაზახეთიდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხვების ზრდა.
“2021 წელი ასევე იყო პანდემიის პერიოდი და ბევრ ქვეყანაში ეკონომიკა ჩაკეტილი რჩებოდა, ასევე მიგრაცია იყო შეფერხებული. როგორც კი [პანდემიის შემდეგ] საქრათველოს ეკონომიკა აღდგა, უფრო მეტად 2021 წლის მეორე ნახევრიდან, ისე მოხდა სხვა ქვეყნებშიც. ემიგრანტებმაც უფრო მეტი ფული გამოიმუშავეს და საქართველოში გადმორიცხეს. ამას ისიც ემატება, რომ ეკონომიკური ზრდა ძირითადად ისეთ ქვეყნებში იყო, სადაც ქართველი ემიგრანტები მუშაობენ და ისინი უფრო მეტ ფულს შოულობდნენ. ამავე პერიოდში მსოფლიოში მაღალი ინფლაცია ფიქსირდებოდა, რაც ასევე იყო ზრდის ერთ-ერთი მიზეზი, რადგან ამ ხალხს ნომინალური ხელფასი ეზრდებოდათ და უფრო მეტს რიცხავდნენ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადმორიცხვები წლიურად თითქმის 2-ჯერ რომ გაიზარდა, ეგ რუსეთის “დამსახურებაა”, მაგრამ ეს ფაქტორი რომ არ ყოფილიყო, 20-30%-ით მაინც გაიზრდებოდა”, - ამბობს ბესო ნამჩავაძე.
ხატია მაისურაძე 2008 წლიდან იტალიაში ცხოვრობს. ეს ქვეყანა იმიტომ შეარჩია, რომ უთხრეს, იქ კანონიერად ცხოვრება შედარებით მარტივიაო. თავიდან მოხუცს უვლიდა, თუმცა შემდეგ ისწავლა და ახლა რეაბილიტაციის ცენტრში ექიმს ეხმარება.
“ყაზტრანსგაზში” ვმუშაობდი, საკმაოდ კარგად ვიყავი და კმაყოფილიც, მაგრამ ყველა დირექტორის ცვლილებაზე საშიშროება იყო, რომ გაგვანთავისუფლებდნენ და ხელშეკრულებას აღარ გვიგრძელებდნენ. დავიღალე ვიღაც ნაცნობების ძებნით, თან თავს ცოტა დამცირებულად ვგრძნობდი… ემიგრანტი არავინ მყავდა და არც არანაირი გამოცდილება მქონდა, ასე ბრმად წამოვედი…“
სხვა ემიგრანტების მსგავსად, ისიც წლების მანძილზე ოჯახს უცხოეთიდან ეხმარებოდა, დროსთან ერთად, იტალიაში უკეთ დაფუძნდა, ოჯახი შექმნა და დედაც ჩაიყვანა. „ეს ტვირთი [საქართველოში ფულის გაგზავნა - რ.თ] უკვე დედაჩემზე გადავიდა”, - ამბობს ის.
ხატია მაისურაძე ჰყვება, რომ დღე ისე არ გავა, ქუჩაში ქართული ლაპარაკი არ გაიგონოს. როგორც წესი, 50 წელს გადაცილებული ქალები ძირითადად მოხუცებს უვლიან ან შინამოსამსახურეებად და ძიძებად მუშაობენ.
„ზოგმა შვილებიც ჩამოიყვანა და ისინი უფრო რეალიზებულები არიან, რადგან მშობლებმა უკვე იცოდნენ რა და როგორ გაეკეთებინათ. ამიტომ ახალგაზრდები სწავლობენ კიდეც“.
რუსეთიდან გზავნილების კლება 2023 წლის მაისიდან დაიწყო და ოქტომბერში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 80%-ით შემცირდა. Galt & Taggart-ი ელოდება, რომ წელს გზავნილების მოცულობა ჯამში 4.1 მილიარდი დოლარი იქნება, ეს ნიშნავს, რომ დარჩენილ ორ თვეში კიდევ დაახლოებით 600 მლნ დოლარი უნდა გადმოირიცხოს, რადგან ათ თვეში სულ 3.5 მილიარდ დოლარამდეა გამოგზავნილი.
“ბოლო თვეებში რუსეთიდან კორექცია მოხდა, რაც სხვა ქვეყნებიდან გზავნილების მნიშვნელოვანმა ზრდამ დააკომპენსირა. აქ აღსანიშნავია აშშ, ევროკავშირი. ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი თანხა ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ის გარკვეულწილად გავლენას ახდენს მოხმარების კომპონენტზე, ზოგიც საინვესტიციო მიმართულებით მიემართება. ამის გამო ფულადი გზავნილების კონტრიბუცია ეკონომიკურ ზრდაში საკმაოდ მაღალია”, - ამბობს ლაშა ქავთარაძე.
Galt&Taggart-ის პროგნოზით, მომავალ 2024 წელს ფულადი გზავნილები 3.8 მილიარდ დოლარამდე შემცირდება. რუსეთიდან გზავნილების შემცირებას ელოდება მსოფლიო ბანკიც და აცხადებს, რომ უკრაინის ომის პირობებში გაზრდილი ფულადი გზავნილები 2023 წლის მეორე ნახევარში შემცირდება და კლება 2024 წელსაც გაგრძელდება.
“იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში რუსების რაოდენობა მცირდება და მომავალ წელს მათი რიცხვი უფრო მეტად შემცირდება, რუსეთიდან გადმორიცხვების ზრდა მოსალოდნელი არ არის, პირიქით, მოლოდინია კლება. ეს იმ შემთხვევაში, თუ დავუშვებთ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომს იგივე სტატუსი ექნება, რაც ახლა აქვს და ამ მხრივ არაფერი შეიცვლება”, - ამბობს ხიშტოვანი.