Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთის პასუხი გაცილებით მკაცრია, ვიდრე 2008 წელს


2008 წლის 9 აგვისტო, გორი.
2008 წლის 9 აგვისტო, გორი.

უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, აშშ და ევროკავშირი მოსკოვს „ჯერ არნახულ” ეკონომიკურ სანქციებს ჰპირდებოდნენ. მოსკოვმა აღიარა დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული ოლქების დამოუკიდებლობა და გამოაცხადა, რომ იქ მშვიდობის შესანარჩუნებლად ჯარი შეჰყავს.

ეს დასავლეთმა უკვე შეაფასა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფად. ეკონომიკური ზეგავლენის რა ბერკეტები გამოიყენა და კიდევ რის გამოყენება შეუძლია დასავლეთს?

„ჩრდილოეთის ნაკადი 2” უახლოეს ხანებში აღარ ამოქმედდება. გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა თქვა, რომ გერმანია აჩერებს უკვე აშენებული გაზსადენის ლიცენზიას. ამ არხის წყალობით, რუსული გაზი ევროპაში უკრაინის გვერდის ავლით უნდა ჩასულიყო.

როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, სანქციები მიმართული იქნება რუსეთის დუმის ყველა იმ დეპუტატის მიმართ, ვინც ხმა მისცა "უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ". ამასთანავე, "შავ სიაში" მოხვდება კიდევ 27 ფიზიკური და იურიდიული პირი.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის 27-ვე ქვეყანამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი ახალ ეკონომიკურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, ანუ ყველას, ვინც მისცა ხმა "უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ", ეყინებათ ანგარიშები და ეკრძალებათ ევროკავშირის ტერიტორიაზე ჩასვლა.

პირველი მერცხლები

ყველაზე მკაცრ რეაგირებას პუტინს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი ჰპირდებოდნენ. პირველი ნაბიჯებიც სწორედ მათ გადადგეს.
დასაწყისისათვის, აშშ-მ აუკრძალა ამერიკულ კომპანიებს სეპარატისტულ რეგიონებში საქმიანობა.

შემდეგ კი შავ სიაში შეიყვანა რუსეთის განვითარების სახელმწიფო კორპორაცია და "პრომსვიაზბანკი". მათ გაეყინათ ამერიკული ანგარიშები და აეკრძალათ დოლარის ყიდვა-გაყიდვა ამერიკულ და ევროპულ ბაზრებზე. ალ-ჯაზირას ცნობით, აქამდე რუსული ბანკების საგარეო ბაზარზე ვაჭრობისას ტრანზაქციების 80 პროცენტზე მეტი დოლარში იყო.

ვაშინგტონში განაცხადეს, რომ მომდევნო სანქციები სამიზნეში პირადად ამოიღებს რუსეთის ეკონომიკური და პოლიტიკურ "ელიტების" წარმომადგენლებს. მაგრამ BBC წერს, რომ ეს არ იქნება ისეთივე მკაცრი პასუხი, როგორსაც მოსკოვი მიიღებს უკრაინის ტერიტორიაზე “უფრო ღრმად შეჭრის” შემთხვევაში. ჯო ბაიდენის აზრით, ჯერ კიდევ არის იმის შანსი, რომ რუსეთს უკან დაახევინოს დიპლომატიური ხერხებით.

დიდი ბრიტანეთის სანქციების გამოცხადებისას ეს სულისკვეთება გაიზიარა ბორის ჯონსონმაც.

„ისინი [სანქციები] რუსეთს ძალიან ძლიერად დაარტყამს და ინტერვენციის შემთხვევაში ჩვენ გაცილებით მეტს გავაკეთებთ. ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ რუსული კომპანიები ვეღარ მოახერხებენ დიდი ბრიტანეთის ფინანსურ ბაზრებზე ფულის კეთებას. თუკი ჩვენ ჩამოვართმევთ რუსებს კომპანიებს და ქონებას, მათ ეტკინებათ”, - თქვა მან.

„შავ სიაში” მოხვდა:

  • სამი რუსი ბიზნესმენი: გენადი ტიმჩენკო, ბორის და იგორ როტენბერგები. სამივე პუტინთან დაახლოებული პირია.
  • და ხუთი რუსული ბანკი: პრომსვიაზბანკი, გენბანკი, შავი ზღვის ბანკი, ინდუსტრიულ შემნახველი ბანკი და ბანკი „როსია”.

კიდევ რის გაკეთება შეუძლია დასავლეთს?

მას მერე, რაც უკრაინის საზღვართან 100 ათასამდე რუსმა ჯარისკაცმა მოიყარა თავი და გაჩნდა „ევროპაში 1945 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ომის” საფრთხე, ევროპასა და ამერიკაში ბევრი იმსჯელეს იმაზე, თუ რა გზებით შეუძლიათ კრემლის შეჩერება.

Reuters-ი წერს, რომ პარტნიორები ერთსულოვნები მხოლოდ იმაში არიან, თუ როგორ უპასუხებენ უკრაინაზე რუსეთის სამხედრო აგრესიას. მათ არ აქვთ ერთიანი პასუხი იმაზე, რა მოიმოქმედონ სხვა შემთხვევებში. საქმე ისაა, რომ ზოგი სანქციის დაწესებისთვის, დასავლეთის ქვეყნებს თავადაც მოუწევთ ქამრების შემოჭერა.

დასავლეთის შესაძლო სანქციებია:

  • რუსეთის გათიშვა Swift-იდან

SWIFT საერთაშორისო სისტემაა, რომელსაც იყენებენ საგადასახადო გადარიცხვებისას და უსაფრთხო შეტყობინებების გასაგზავნად. მასში 200-ზე მეტი ქვეყანა და 10 ათასზე მეტი ფინანსური ინსტიტუტია გაერთიანებული.

რუსეთის „გარიცხვა” ნიშნავს, რომ მისი ბანკებისთვის საზღვარგარეთ მუშაობა თითქმის შეუძლებელი გახდება. თანაც, ეს არ იქნება პირველი შემთხვევა - 2012 წელს, ირანს უკვე შეუზღუდეს Swift-ზე წვდომა, რამაც ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია.

მაგრამ ამან შეიძლება დააზარალოს ამერიკული და გერმანული ბანკები, რომლებიც რუსულ ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობენ. ამიტომ თეთრ სახლში თქვეს, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის შემთხვევაშიც კი ამ ნაბიჯს მყისიერად არ გადადგამენ.

  • რუსეთის სხვა სახელმწიფო ბანკების და კომპანიების “გაშავება”

თუკი აშშ „შავ სიაში” შეიყვანს რუსულ ბანკებს, მაშინ მათთვის ფულის გადარიცხვა და მათგან ფულის მიღება თითქმის შეუძლებელი გახდება. Reuter-ის ცნობით, აშშ „გაშავებას” ასევე უპირებს VTB Bank-ს, სბერბანკსა და გაზპრომბანკს.

ეკონომისტების თქმით, ეს ძლიერ დარტყმას მიაყენებს რუსეთის ეკონომიკას. მათ შორის, გაზრდის ინფლაციას. მაგრამ, ამავდროულად, სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის დასავლელ ინვესტორებსაც, რომლებმაც თანხები ამ ბანკებში ჩადეს.

  • ეკონომიკური სანქციები ცალკეული პირებისთვის

ანგარიშების გაყინვა და მოგზაურობის აკრძალვა პუტინის უახლოესი გარემოცვისთვის და ქვეყანაში პოლიტიკური ზეგავლენის მქონე პირებისთვის. აშშ არ გამორიცხავს, რომ ამ ჯერზე სანქციები პირადად პუტინსაც შეეხება.

მოსკოვზე ზეგავლენის შესაძლო ბერკეტებს შორის ასევე განიხილავენ: რუსეთში სხვადასხვა ტექნოლოგიის ექსპორტის შეზღუდვას, გაზპრომისთვის, ლუკოილისა და სხვა ნავთობისა თუ გაზის კომპანიებისთვის ფინანსური სანქციების დაწესებას.

2008 vs 2014 vs 2021

ვლადიმირ პუტინის დოკუმენტის ტექსტი თითქმის სიტყვასიტყვით იმეორებდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობას. 2008 წლის მსგავსად, რუსეთმა უკვე შეიყვანა რეგიონში საკუთარი „მშვიდობისმყოფელები”.

მაგრამ დასავლეთმა 2008 წლის პასუხი აღარ „გადმოაკოპირა“. რუსული ეკონომიკისთვის პრობლემების შექმნაზე ევროპელი დეპუტატები 14 წლის წინაც მსჯელობდნენ.

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი და პოლონეთი მკაცრ ზომებს ითხოვდნენ. მათ მხარს უჭერდნენ დიდი ბრიტანეთი და შვედეთი. თუმცა იტალია, საფრანგეთი და გერმანია წინააღმდეგები იყვნენ. ბოლოს სანქციები აღარ დაწესდა. საქართველომ კი ფულადი დახმარების სახით ეტაპობრივად მიიღო 4,5 მილიარდი ევრო, მაგრამ არა წევრობის პირობა.

2021 წლის დეკემბერში, უკრაინის საზღვართან ვითარების გამწვავებისთანავე, აშშ-მაც და ევროპის ქვეყნებმაც რუსეთი გააფრთხილეს, რომ ამ ჯერზე მეზობლის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა კრემლს გაცილებით ძვირი დაუჯდება.

სხვა ამბავია, რომ ჯერ დანამდვილებით ვერავინ ამბობს, ზუსტად რა ზეგავლენა ექნება ახალ შეზღუდვებს რუსეთის ეკონომიკაზე. სამაგიეროდ, ვიცით, თუ რა შედეგები მოჰყვა 2014 წლის ჯერ თებერვალ-მარტში, ყირიმის ანექსიის დროს, შემდეგ კი ივლისში, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული აგრესიის შემდეგ დაწესებულ სანქციებს.

აშშ-ისა და ევროკავშირის ერთობლივი გადაწყვეტილებით, დასავლურ კომპანიებს აეკრძალათ ყირიმში ფულის კეთება, იქ მომუშავე რუსულ კომპანიებსა და ბიზნესმენებს კი ანგარიშები გაუყინეს. სანქციები დაუწესდა პუტინის გარემოცვასაც.

2021 წლის მაისში, ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ატლანტიკურმა საბჭომ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც შეაფასა, თუ რამდენად ეფექტიანად მუშაობს დასავლეთის სანქციები. ანალიტიკოსების გამოთვლებით, სანქციების წყალობით, უკანასკნელ შვიდ წელიწადში რუსეთის ეკონომიკამ 350 მილიარდი დოლარი დაკარგა, ეკონომიკური ზრდა კი სტაბილურად შენელდა წელიწადში 0.3%-მდე.

მაგრამ, ამავდროულად, ანგარიშის ავტორებს მიაჩნიათ, რომ კრემლთან დაახლოებულმა ოლიგარქებმა „ფსიქოლოგიური მდგრადობა გამოიმუშავეს”, კრემლმა კი მათ შემოსავლის სხვა წყაროები გამოუძებნა.

ანგარიში უკრაინაში ვითარების ესკალაციამდე გამოქვეყნდა და ავტორები წერდნენ, რომ სანქციების მთავარი „მონაპოვარი” აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის გაყინვა იყო.

"ერთიდან ხუთ პროცენტამდე"

CNN-ი წერს, რომ სანქციების „მინიმალურმა პაკეტმა” შესაძლოა რუსეთის მშპ 1%-ით შეამციროს. აი, უფრო აგრესიულმა ზომები კი, მაგალითად, SWIFT-იდან რუსეთის გათიშვა, მას დაახლოებით 5%-ით „დააგდებს”.

სანამ მოსკოვი იგრძნობს ახალი სანქციების ზეგავლენას, მან უკვე მიიღო მყისიერი ეფექტები სეპარატისტული რეგიონების აღიარებისგან.

ერთი დადებითი: კრიზისის ფონზე, მსოფლიო ბაზარზე ერთი ბარელი ნავთობის ფასი თითქმის 100 დოლარს გაუტოლდა. ეს ყველაზე მაღალი ნიშნულია 2014 წლის შემდეგ.

BBC-ს ინფორმაციით, 2021 წელს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავალი რუსეთის ეროვნული ბიუჯეტის 39%-ს შეადგენდა.

მეორე კი უარყოფითი: მოსკოვის საფონდო ბირჟაზე „როსნეფტის”, „აეროფლოტის”, „გაზპრომის” და სხვა სახელმწიფო კომპანიების აქციების ღირებულება 2008 წლის ნიშნულამდე გაუფასურდა.

შენიშვნა: სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა 22 თებერვალს, სათაურით: “მათ ეტკინებათ” - რა სანქციებს უწესებს დასავლეთი რუსეთს?". სტატია განახლდა 23 თებერვალს. დაემატა ინფორმაცია 2008 წლის მოვლენებისა და 1 დღის განმავლობაში დასავლეთის მიერ მიღებული ზომების შესახებ.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

XS
SM
MD
LG