ის 2008 წლის მარტიდან მოყოლებული ზემო აფხაზეთის მუნიციპალიტეტის გამგებელია. თეა თოფურიასთან ინტერვიუში ლაშა მარგიანი იხსენებს, თუ როგორ დატოვეს ხეობა ქართველებმა - მოსახლეობამ, ჯარმა, პოლიციამ.
- 2008 წლის აგვისტოს მოვლენები რომ გაიხსენოთ.
- 2008 წელს, 7 აგვისტოს, თბილისში ვიყავი წამოსული სამსახურის საქმეებზე. გორს გამოვდიოდი, როცა ეს საშინელება დაიწყო. მაშინვე მივხვდი, რაც ხდებოდა და ცხრაში უკან დავბრუნდი. კოდორში დაბომბვები ცხრაში დაიწყო - საღამოსკენ ან ღამე, ყოველ საათში ერთხელ, შემოფრინდებოდა თვითმფრინავი და მთელ ხეობას ბომბავდა, უფრო პერიფერიებს, რადგან ხეობა ძალიან ვიწრო და მოუხერხებელია საჰაერო იერიშისთვის.
რამდენიმე სახლი დაინგრა გენწვიშში. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამ დროისთვის ხეობა უკვე დაცლილი იყო მოსახლეობისგან. მასობრივად მიდიოდა ხალხი ჭუბერის უღელტეხილით. ათში საღამოს ხეობაში თითქმის აღარავინ დარჩა. ჩვენ ერთ-ერთი ბოლო გამოვედით, სამსახურის მანქანით - ჩვენ, სასაზღვრო პოლიცია და შსს-ს თანამშრომლები.
- თქვენ ამბობთ, რომ კოდორის ხეობა მოუხერხებელია საჰაერო იერიშისთვის. ქართულ მხარეს ამის იმედი მართლა ჰქონდა, მაგრამ რეალურად სწორედ ავიაციით აიღეს ხეობა. გამოვიდა, რომ საჰაერო თავდასხმისთვის კოდორი მზად არ აღმოჩნდა?
- დაბომბვისთვის მზად რომ აღმოჩნდე, ამისთვის საჰაერო თავდაცვაა საჭირო, რომელიც საქართველოს დღემდე არ გააჩნია. მაგრამ ხეობა თვითმფრინავისთვის მოუხერხებელი რომ არის, ესეც ფაქტია. თან ამისთვის არავინ იყო მზად. არავინ ელოდა, რომ კოდორში ასეთი მოვლენები დაიწყებოდა.
- 2006 წელს, როდესაც კოდორის ხეობას ზემო აფხაზეთი დაერქვა და იქ მთელი რიგი ცვლილებები განხორციელდა, იყო გეგმა ან განცდა იმისა, რომ იქიდან აფხაზეთში შეჭრა მზადდებოდა?
-არა, მე ამ თანამდებობაზე 2008 წლის მარტში დავინიშნე და აგვისტოში უკვე ეს მოხდა. მაგრამ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მსგავსი არაფერი იგეგმებოდა.
ლეუან მიკაა: „საომარი მოქმედებები კოდორის ხეობიდან დაიწყებოდა. ყველაფერი ამისთვის მზადდებოდა“
- თუმცა კოდორის ხეობაში იყო ჯარი, იარაღი, მაგრამ დაბომბვის დაწყების შემდეგ ყველამ უბრძოლველად დატოვა იქაურობა. რატომ?
- შსს-ის პოლიცია იდგა კოდორის ხეობაში. კოდორის ბედი, ალბათ, კოდორში არ გადაწყვეტილა. აზრს კარგავდა წინააღმდეგობა, დიდი მსხვერპლი იქნებოდა.
- მოსახლეობა გააფრთხილეთ, რომ დაეტოვებინათ იქაურობა, მიეხმარეთ წასვლაში?
- რა თქმა უნდა, რაც რესურსი გვქონდა, ყველაფერი გამოვიყენეთ - მანქანები, საწვავი. ვისაც როგორ შეეძლო, ყველა ერთმანეთს ვეხმარებოდით, რომ მოსახლეობა ჭუბერის ხეობაში გამოგვეყვანა, რაც მოხერხდა კიდეც.
- მოსახლეობის რომელი ნაწილი დარჩა?
- ძირითადად მოხუცები, ის ხალხიც, ვინც ომის მონაწილე არ იყო და ვარაუდობდა, რომ მას არ შეეხებოდნენ, 60-70 ადამიანი მთელი კოდორის ხეობაში.
- რამდენი ადამიანი გახდა დევნილი კოდორის ხეობიდან?
- 4150-მდე, აღრიცხვა საკმაოდ რთულია, რადგან 1993 წლის მოვლენების დროს კოდორის ხეობა თითქმის ნახევარმა დატოვა, მეორე ნახევარი დარჩა და 15 წელი ბლოკადაში ცხოვრობდა. 2008 წელს ისინიც წამოვიდნენ. ზოგი სად იყო, ზოგი - სად.
- რამდენად არიან დაკმაყოფილებული ბინით კოდორის ხეობის დევნილები?
- კოდორის მოსახლეობის 80 პროცენტი დაკმაყოფილებულია კომპენსაციით ან ბინით. სადღაც 20 პროცენტი კი თავის რიგს ელოდება.
- ამ გადასახედიდან, რას გააკეთებდით სხვაგვარად?
- იქიდან გამომდინარე, რომ მსხვერპლი არ ყოფილა, ალბათ, მაქსიმუმი შევძელით.