საქართველოს პოლიტიკური აწმყო ისტორიული დისტანციიდან
საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა. მისი სუვერენიტეტის მთავარი საფრთხე - რუსეთია. ეგზისტენციალური თუ არსობრივი პრობლემების მიუხედავად, ქართველი ერი განაგრძობს არსებობას.
საქართველოს პოლიტიკური აწმყო შედარებით ახლო ისტორიული დისტანციიდან
საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა. მისი სუვერენიტეტის მთავარი საფრთხე - რუსეთია. რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიაზეა განლაგებული. ხშირია სამთავრობო კრიზისების ეპიზოდები - მთავრობა არასრულ სამ წელიწადში ერთხელ იცვლება, თუმცა ცვლილება, როგორც წესი, არ ატარებს შინაარსობრივ ხასიათს - ყოველ შემთხვევაში, პრობლემების მოგვარება\გაჩენა შეცვლილ სახელ-გვარებს არ უკავშირდება. უმთავრესი პოლიტიკური ფუნქციის მიუხედავად, პრემიერ-მინისტრთა ვინაობა უცნობია მოსახლეობის უმრავლესობისთვის. ასევე, უცნობია პრემიერ-მინისტრის შერჩევის კრიტერიუმი (მიუხედავად იმისა, რომ მას ფორმალურად მმართველი პარტია წარადგენს თანამდებობაზე), რადგან მისი დამსახურებები (თუკი საერთოდ აქვს ასეთი) უცნობია მოქალაქეებისათვის. სამაგიეროდ, ცნობილია პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის შემრჩევი, რადგან ის მმართველი პარტიის თავმჯდომარეა, მაგრამ მისი გავლენა სცდება ერთ კონკრეტულ პარტიას. დროდადრო ის პრემიერ-მინისტრისა თუ თანამდებობის სხვა პირების მოხსნა-დანიშვნით არის დაკავებული, რაც დემოკრატიული გამჭვირვალობის მოდელისთვის შეუსაბამო და სახიფათოა. პლუს, როგორც იტყვიან, ეფექტს არ იძლევა, "იმათ კი შეცვლი, მაგრამ თავად რომ ვერ იცვლები?!" მთავრობის წევრების შერჩევის უაღრესად სუბიექტური მოდელის გამო ყოველ ჯერზე სულ უფრო მეტად კნინდება ქვეყნის ხელისუფალის (ან ხელისუფლების) მნიშვნელობა და ავტორიტეტი, რაც ზოგად უწესრიგობას იწვევს ქვეყანაში. როცა ოფიციალური მმართველი არ (თუ ვერ) არის რეალური მმართველი, შესაძლოა უმართავი გახდეს ზოგადად სამმ (ქ) ართველო.
საქართველოს პოლიტიკური აწმყო ახლო დისტანციიდან
საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა. საქართველოს მოქალაქეები სავიზო შეზღუდვების გარეშე მიემგზავრებიან ევროპულ ქვეყნებში. ქვეყნის სუვერენიტეტის მთავარი საფრთხე - რუსეთია. რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიაზეა განლაგებული. ამასთანავე, საქართველოს ტერიტორიაზეა განლაგებული რუსეთის სატელიტი-პოლიტიკური პარტიები, რომელთაც, მართალია, არ აქვთ მოსახლეობის დიდი მხარდაჭერა, მაგრამ აქვთ ძველი და დიდი დავალება - საქართველოს პოლიტიკური რუსიფიკაციის უზრუნველყოფა.
საქართველოს პოლიტიკური აწმყო კიდევ უფრო ახლო დისტანციიდან
მმართველი პარტია წარმატებით (უფრო სწორად კი, წარუმატებლად) აგრძელებს ქართული მმართველი პარტიების უგვან ტრადიციას - ავტორიტარული თვისებების მქონე ლიდერის უხერხულობამდე თვალთმაქცურ, ანგარებიან და დიდი დროის პესპექტივით, არაპრაგმატულ მორჩილებას. საქართველოში მრავალჯერ უნახავთ, დეგრადაციის რა ტრაგიკულად დაბალ დონეებს აღწევენ ყოფილი მლიქვნელ-ფანატიკოსები. მმართველი პარტიის არსებობა ფიქტიურია - არსებობს მხოლოდ მისი მმართველი, რომელსაც არცთუ გასაგები წარმოდგენები აქვს ინდივიდუალიზმსა და პროფესიონალიზმზე, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ქვეყნის მომავალზე. არსებული პოლიტიკურ-პარტიული კლასი ხილულ კრიზისშია - ოპოზიციურ პარტიათა უმრავლესობა ვერ ზემოქმედებს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებზე, და თუკი ზემოქმედებს - უარყოფითად, რადგან ისინი ვერც რაიმე ახალს სთავაზობენ საზოგადოების კრიტიკულ და აქტიურ უმრავლესობას და არც იმგვარ ავტორიტეტს ფლობენ, რომ მათთან იდენტიფიცირება უშედეგო, უმიზნო ანკი საერთოდ სათაკილო არ იყოს. საზოგადოება ბევრად უფრო წინაა, ვიდრე ქვეყნის პოლიტიკურ-პარტიული კლასი. პოლიტიკურ-პარტიული კლასი წლებისწინანდელ მოდელებშია ჩაკარგული - როგორც რიტორიკით, ასევე მოქმედებათა სქემებით, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუკი პოლიტიკურ-პარტიული კლასები "არ გაიზრდებიან", გარდაუვალი იქნება მათი დეგრადაცია-განადგურება.
საქართველოს პოლიტიკური აწმყო უხერხულად ახლო დისტანციიდან
საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა. მაგრამ... ხშირ შემთხვევაში ბევრს ავიწყდება, თუ რა მნიშვნელოვანი მონაპოვარია დამოუკიდებლობა. როცა ქვეყანა არსებობს რუკაზე და როცა ის რუსეთად არ აღიქმება დანარჩენი მსოფლიოსთვის, როგორც ეს საბჭოთა დროს იყო - როდესაც დანარჩენი სამყაროსთვის არ არსებობდა ცნება "საქართველო", განსხვავებით ცნებისგან "რუსეთი". პოლიტიკური პარტიები და მათი მხარდამჭერები ერთმანეთის განადგურების ჟინით არიან შეპყრობილები, რადგან უმეტესობას აქვს განცდა, რომ ისინი ერთმნიშვნელოვნად და რადიკალურად განსხვავდებიან ოპონენტებისგან, რაც ილუზიაა, რადგან მათ შორის მსგავსება უფრო მეტია, ვიდრე განსხვავება (რაც ბუნებრივია სამმილიონიანი ერის პირობებში). ერთმანეთის განადგურების ვნებით ის პოლიტიკური, პოლიტიზებული თუ საზოგადოებრივი სუბიექტებიც არიან შეპყრობილები, რომელთათვისაც ფასეულია დამოუკიდებლობა და ქვეყნის ევროპული აწმყო თუ მომავალი, განსხვავებით კრემლის ადგილობრივი სატელიტებისგან, რომლებიც თავს არ ესხმიან ერთმანეთს და ერთიანები არიან (ე. წ. სტალინისტი და ე. წ. ფაშისტიც კი). სწორედ ასე იყო 1919-21 წლებში, როცა დამოუკიდებლობის მომხრენი ერთმანეთის დასუსტებით და დისკრედიტირებით იყვნენ დაკავებულები და ეს უაზრო მტრობა დრამატულად არააქტუალური გახდა, როცა ბოლშევიკებმა დაიპყრეს ქვეყანა. ცხადია (და იმედია), რომ ისტორიაში ჩარჩება ამგვარი მძიმე გამოცდილება, ისევე, როგორც ისტორიის ნაწილი არ გახდება არც ერთი უსარგებლო და მოჩვენებითად მნიშვნელოვანი წვრილმანი (მით უმეტეს, პოპულისტურ-სიმულაციური ცვლილებები), რადგან ისტორიაში დარჩება ის, რაც დიდ ისტორიულ დისტანციაზეა გათვლილი... სხვა ყველაფერი უმნიშვნელოა.
საქართველოს პოლიტიკური აწმყო არქეოლოგიური დისტანციიდან
საქართველო დამოუკიდებლად ფუნქციონირებს.