Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბედისწერა და 2 ქალის ერთი პორტრეტი


"დედა-შვილი ან ღამე არ არის არასდროს ბოლომდე ბნელი" (2023, საქართველო, რეჟისორი ლანა ღოღობერიძე)

რადიო თავისუფლების სერიის, „შვილის“ მორიგი გადაცემის ჩაწერისას, ლანა ღოღობერიძემ მოულოდნელად შეწყვიტა საუბარი და მითხრა: „რამდენიმე დღეში ჩემი ახალი ფილმის პრემიერაა, ახლა ყველაფერი თუ გიამბეთ, ვინღა მოვა პრემიერაზეო“.... არადა, პრემიერაზე უამრავი ხალხი მივიდა. მეტიც, ქართული კინოს კლასიკოსის დოკუმენტური ფილმის მიმართ ინტერესი იმდენად დიდია, რომ „დედა-შვილი“ ახლა უკვე თბილისის კინოაფიშაზეც გამოჩნდა - ლანა ღოღობერიძის ახალ ნამუშევარს კინოთეატრ „ამირანში“ უჩვენებენ. დამეთანხმებით, დოკუმენტური კინოს მოყვარულებს ასე არ ანებივრებენ ჩვენში.

თუმცა „დედა-შვილში“ დოკუმენტური და მხატვრული იმდენად გადაჯაჭვულია, რომ ზოგჯერ ძნელიცაა დადგენა, რა ქმნის საერთო სახეს - დედის, პირველი ქართველი კინორეჟისორი ქალის, ნუცას ფოტოები, ნაწყვეტები მისი ფილმებიდან, ეპოქის აღმნიშვნელი სურათები, საარქივო მასალა თუ დედის და შვილის ფილმები ერთად, ისტორიის სწორედაც რომ მხატვრული გააზრება.

„დედა-შვილი“ ნუცა ღოღობერიძის დოკუმენტური კინოპორტრეტია. მაგრამ ამავე დროს არის მისი შვილის, ლანა ღოღობერიძის ავტოპორტრეტი. მე პირადად ვერ ვიხსენებ ასეთი ჟანრის სხვა ფილმს. ავტორი საუბრობს დედაზე, მაგრამ არსებითად საუბრობს საკუთარ თავზეც, მე ვიტყოდი, საუბრობს შვილზე, რომელმაც „დაკარგული ქალი“ ისტორიას დაუბრუნა. საუბრობს მხატვრული სახეებით, კინოსახეებით. ეს კინოსახე კი ხომ იცით როგორია? გიზიდავს, გაჯადოებს, ფიქრისთვის გეპატიჟება და თანაც, უამრავ საიდუმლოს ტოვებს. კინო არა მარტო ინახავს ისტორიას, რომლის წაშლას დაჟინებით ცდილობდა რეჟიმი, არამედ სიცოცხლეს და კავშირებს აღადგენს, იმ სიცოცხლეს, თუ შემოქმედებით მუხტს, რომელიც თაობიდან თაობაში გადადის.

„დედა-შვილი ან ღამე არ არის არასდროს ბოლომდე ბნელი“ მდიდარია საოჯახო ალბომის გახუნებული ფოტოებით, რომლებსაც სიცოცხლეს სწორედ იდუმალება ანიჭებს. ლანა ღოღობერიძე კომენტარებს ურთავს (ზოგჯერ ლექსებით). თითქოს ჩვენთან ერთად ცდილობს ჩასწვდეს სიძველის ამ მაგიას. იხსენებს საარქივო მასალის ისტორიას, მაგრამ ფილმის მსვლელობის პროცესში ხვდები, რომ აქ არა იმდენად ფაქტებია ახალი (განსაკუთრებით, თუკი ავტორის მოგონებების წიგნი გაქვთ წაკითხული, ანდა მოსმენილი გაქვთ მისი ინტერვიუები), რამდენადაც საუბრის მანერა და კომენტარის სტილი - ძალიან დაბალი ხმით, პაუზებით და ამოსუნთქვებით. ლანა ღოღობერიძის კომენტარი ზუსტად „ამ წუთის“ ასოციაციებია, ის, რაც სწორედ დღეს, 94 წლის ქალს გაახსენდა. ასე იჭრება ფილმში დრო - რამდენიმე დრო ერთად არსებობს, წარსული და აწმყო, დღევანდელობა. მაყურებელი ხვდება, რომ დედის სახე განსხვავებულად წარმოჩინდებოდა, მაგალითად, გასული საუკუნის ბოლოს, ლანა ღოღობერიძეს ეს ფილმი იმხანად რომ გადაეღო, ან თუნდაც მოგვიანებით, როცა საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი იყო ევროსაბჭოში და ზურაბ ჟვანიასთან ერთად ევროპასთან ქვეყნის დაახლოებისთვის იღვწოდა, იმ ევროპასთან, რომელთანაც რეჟიმმა კარი ჩაუკეტა, დედა წაართვა, მამა დაუხვრიტა, „ხალხის მტრის ოჯახის შვილი“ გახადა... დედა დაბრუნდა, დედას შეხვდა - გაუცხოებული, შეშინებული. სტალინური რეჟიმი დაემხო თითქოს, მაგრამ „ხალხის მტრის შვილის“ დამღა დიდხანს დაუტოვეს, ახალი ლეგენდები შეთხზეს.

სტალინიზმის სისასტიკე რეჟიმის დამხობით არ სრულდება. ზიზღის მითები თაობიდან თაობაში გადადის და მათგან განთავისუფლების ერთადერთი საშუალება ცოდნაა, ის ღირებულებებია, რომელთა წართმევას დღესაც გვიპირებენ, დღესაც სურთ ჩამოგვაშორონ ევროპას.

იგივე შეიძლება ითქვას ლანა ღოღობერიძის ფილმებზეც. დედის სახესთან კონტექსტში სულ სხვანაირად აღიქმება „ვალსი პეჩორაზე“, „დღეს ღამე უთენებია“ და, რა თქმა უნდა, „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხზე“. კი, ბევრმა ჩვენგანმა ამ ფილმების პრემიერის დროსაც ვიცოდით, რომ მამა დაუხვრიტეს და დედა 10 წლით გადაუსახლეს, ვიცოდით, რამხელა რისკი იყო ბრეჟნევის ეპოქაში (როცა ჩვენში სტალინიზმის აღორძინების ნიშნები გაჩნდა) გადასახლებიდან დაბრუნებულ დედასთან შეხვედრის ჩართვა „რამდენიმე ინტერვიუში“, მერე ნუცა ღოღობერიძის ფაქტობრივად დაკარგული ფილმებიც ვნახეთ („დედა არასდროს ლაპარაკობდა ამ ფილმებზეო“, - იგონებს ლანა ღოღობერიძე), ამ ძალიან მაგარი ქალის ბიოგრაფიასაც გავეცანით, მაგრამ ასე „დედა-შვილი ერთად“, მთლიანობა, რომლის დაშლა მოინდომა ბოროტების იმპერიამ, პირველად ვიხილეთ. ახლა უკვე, ლანა ღოღობერიძის დოკუმენტური ფილმის ნახვის შემდეგ, აბსოლუტურად განსხვავებულად აღიქმება მაგალითად მისი „დღეს ღამე უთენებია“ (1984. სცენარის ავტორი ზაირა არსენიშვილი). მოხუცი ევა აქ თითქოს ესაუბრება ახალგაზრდა ევას და საუბრის თუ საკუთარ თავთან დიალოგის ეს პროცესი ნელ-ნელა განზოგადდება. ეს შინაგანი მონოლოგი იმდენად ღრმავდება, იმდენად შორდება ყველაფერი დროებითი, უმნიშვნელო, რომ თავად გმირი სცილდება ერთი ადამიანის საზღვრებს. „დღეს ღამე უთენებია“ იმდენადაა ერთი ქალის ისტორია, რამდენადაც გასაბჭოებული საქართველოს ისტორიაცაა.

ასეა აქაც, დოკუმენტურ ფილმში ნუცა ღოღობერიძეზე - ფილმი ქალზე, რომელმაც სულ 3 ფილმის გადაღება და ერთი წიგნის გამოცემა მოასწრო. ძნელია ზუსტად დააფიქსირო დრო, როცა მართლაც მუსიკასავით აწყობილ „დედა-შვილში“ (მუსიკაზე ფილმში რეზო კიკნაძემ იმუშავა) კონკრეტული ქალის ამბავი განზოგადებას იწყებს და უნიკალური ისტორია „ხალხის ისტორიად“ გადაიქცევა. ეს პროცესი ნელ-ნელა ვითარდება, როგორც კარგ მხატვრულ ფილმში, რომლის დასრულების შემდეგ მაყურებელი სხვის ბიოგრაფიას საკუთარს უკავშირებს. არსებითად ამისთვის დიდი ძალისხმევა არც დაგვჭირდება. ბედისწერასთან ბრძოლა ყველა ცოცხალი ადამიანის ცხოვრების წესი უნდა იყოს. ღამე არ არის არასდროს ბოლომდე ბნელი. სიცოცხლე აუცილებლად გაგრძელდება.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG