ბოლო 9 თვეში დაიღუპა სულ ცოტა 15 მილიონერი და გავლენიანი ადამიანი. უმეტესობამ ფული გააკეთა ნავთობის, გაზის ან ტრანსპორტის ინდუსტრიაში.
“გადმოვარდა”
ერთ-ერთი ბოლო დაღუპული 70 წლის ანატოლი გერაშჩენკოა. ოფიციალური ვერსიით, 21 სექტემბერს ის რუსეთში “დიდი სიმაღლიდან გადმოვარდა”. იგი ადრე მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა და ბოლოს იქვე, მრჩევლად მუშაობდა. ინსტიტუტი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საბრძოლო თვითმფრინავების აწყობაში ეხმარება.
იქამდე, 9 დღით ადრე, ავიაციის სფეროსთან დაკავშირებული კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა. ისიც გადავარდა, ოღონდ საკუთარი იახტიდან. რუსული მედია წერდა, რომ 39 წლის ივან პეჩორინი, ვლადივოსტოკის სიახლოვეს, იაპონიის ზღვაში დაიხრჩო.
პეჩორინი სახელმწიფო კომპანიის, შორეული აღმოსავლეთისა და არქტიკის განვითარების კორპორაციის ერთ-ერთი ტოპ-მენეჯერი იყო. სხვადასხვა წყაროს თანახმად, პირადად პუტინმა დაავალა მას რუსული ავიაციის განახლება. ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, 8 თებერვალს, ამავე კორპორაციის დირექტორი იგორ ნოსოვიც დაიღუპა. “გულის შეტევით”.
1 სექტემბერს, ფანჯრიდან გადავარდა ნავთობკომპანია “ლუკოილის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, რავილ მაგანოვი. რამდენიმე დღით ადრე, ის მოსკოვის ცენტრალურ საავადმყოფოში მოხვდა, გულის შეტევით. ჰქონდა “მძიმე დეპრესია”. გამოძიების ვერსიით, თავი მოიკლა.
სექტემბერშივე “თავი მოიკლა” რუსეთის რკინიგზის ერთ-ერთი შვილობილი კომპანიის დირექტორმა, 52 წლის პაველ პჩელინკოვმა. იგი საკუთარი სახლის აივანზე აღმოაჩინეს. “მისი ტრავმების ხასიათი გვაფიქრებინებს, რომ თავი მოიკლა”, - წერდა გამოცემა „მოსკოვსკი კომსომოლეცი“.
თვითმკვლელობების სერია
წელს, რუსეთის ბიზნესელიტების სულ ცოტა რვა წევრმა მოიკლა თავი. იანვარში, გაზპრომის მაღალჩინოსნის, ლეონიდ შულმანის ცხედართან გამოსამშვიდობებელი წერილი იპოვეს. თებერვალში, ჯერ თავი მოიკლა გაზპრომის კიდევ ერთმა ჩინოსანმა, 61 წლის ალექსანდრ ტულიაკოვმა, 3 დღეში კი უკრაინაში დაბადებულმა მილიარდერმა, მიხაილ უოტფორდმა. მან ფული 90-იან წლებში, ნავთობბიზნესში იშოვა, 2000-იანებში კი ბრიტანეთის მოქალაქეობა მიიღო.
თვითმკვლელობები მარტშიც გაგრძელდა. სამედიცინო კომპანია “მედსტრომის” დამფუძნებლის ვასილი მელნიკოვის, მისი ცოლისა და ორი შვილის ცხედრები მარტში იპოვეს. გამოძიების ვერსიით, მელნიკოვმა ჯერ ცოლ-შვილი დახოცა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
ორი მსგავსი შემთხვევა მოხდა აპრილშიც. 18 აპრილს, “გაზპრომბანკის” ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, 51 წლის ვლადისლავ ავაევი მოსკოვში, საკუთარ სახლში იპოვეს გარდაცვლილი. იქვე აღმოაჩინეს მისი არასრულწლოვანი ქალიშვილის და ცოლის ცხედრებიც. ავაევს ხელში პისტოლეტი ჰქონდა. სახლის კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი.
სამ დღეში კი ცნობილი გახდა, რომ დაიღუპა გაზის მომპოვებელი კომპანია “ნოვატეკის” ტოპ-მენეჯერი, 43 წლის სერგეი პროტასენია. ის ესპანეთის კურორტ ლიორეტ დე-მარში დასასვენებლად იყო ჩასული. ესპანური ტელეარხის, Telecinco-ს ინფორმაციით, მისი ცოლი და ქალიშვილი დანით მიყენებული ჭრილობებისგან დაიღუპნენ. პროტასენია ჩამომხრჩვალი იპოვეს. ცხედრის სიახლოვეს გამომძიებლებმა აღმოაჩინეს დანა და ნაჯახი.
“კრაზანების ბუდე”
ნატალი ფოგელი, რომელიც ჩეხურ არასამთავრობო ორგანიზაციას, უსაფრთხოების პოლიტიკის ევროპული ღირებულებების ცენტრს წარმოადგენს, ამბობს, რომ “მოულოდნელი გულის შეტევები, ფანჯრიდან გადმოვარდნები და თვითმკვლელობები” რუსული სპეცსამსახურების ხელწერაა.
“როგორც ჩანს, პუტინს ნაბრძანები აქვს, თავიდან მოიშოროს ყველა, ვისზეც ფიქრობს, რომ შეიძლება უღალატოს. ეს ატარებს სტალინისტური წმენდის ყველა ნიშანს”, - უთხრა მან ბრიტანულ გამოცემა “ექსპრესს”.
გაცილებით უფრო ხისტია შეფასებებში ბრიტანელი ფინანსისტი ბილ ბროუდერი, რომელიც ადრე რუსეთში მუშაობდა. მისი აზრით, უბედური შემთხვევების და თვითმკვლელობების უმრავლესობა სინამდვილეში მკვლელობებია. ოღონდ მათ უკან დგას არა პუტინი, არამედ თავად ბიზნესელიტა.
“ეს არის კრაზანების ბუდე, სადაც მიდის ბრძოლა აქტივებისთვის, ფულისა და ძალაუფლებისთვის, მაშინ, როცა რუსეთში ეკონომიკური ნამცხვარი პატარავდება… ხარბი ნაბიჭვრების ხროვა ერთმანეთს ფულისთვის ებრძვის და ფულისთვის კვდება”, - უთხრა ბროუდერმა DailyMail-ს.
***
მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ევროკავშირმა რუს ოლიგარქებს მილიარდობით დოლარის ქონება გაუყინა. ბრიუსელმა, რომელიც დღემდე ძალიან დამოკიდებულია რუსულ გაზსა და ნავთობზე, მიზნად დაისახა, მთლიანად თქვას უარი რუსეთისგან ენერგომატარებლების ყიდვაზე, რათა აღარ მისცეს პუტინს ომის დაფინანსების საშუალება.
ამასთან, ევროკავშირი და აშშ ეტაპობრივად უწესებენ კრემლს ახალ-ახალ სანქციებს, თუმცა მათი შედეგები არ აღმოჩნდა ისეთი დამანგრეველი, როგორც ეკონომისტების ნაწილი ვარაუდობდა. მაგალითად, ევროკავშირი ვარაუდობს, რომ რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი წლის ბოლოსთვის, ყველაზე დიდი, 5.5% პროცენტით შემცირდება. არადა, აპრილში საერთაშორისო სავალუტო ფონდი წერდა, რომ რუსეთის მშპ, სულ ცოტა, 8.5%-ით დაპატარავდებოდა.