"ცა იხურება"
გოეთე, ფაუსტი
სამყარო აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო.
მაგრამ, ალბათ, აღარც უნდა ყოფილიყო ისეთი, როგორიც იყო აქამდე.
და როგორი იყო? იდეალებისგან და, არსებითად, იდეებისგან დაცლილი, როცა მთავარი იდეა მექანიკური სვლაა წარმატებისკენ, - წარმატება, წარმატება, წარმატება, - რუტინული და უმეტესად გონებადანისლული რბოლა ბუნდოვანი მიზნისკენ, როცა მთავარია, ვიერთებდეთ, ვივსებდეთ, ვფლობდეთ, ვიხვეჭდეთ და ვიმარაგებდეთ - როგორც ახლა, როცა რომელიმე ჰომო-ფაგუსი თხუთმეტ ბოთლ რძეს ყიდულობს, რომელსაც სამ დღეში გაუდის ვადა, ან იმ რაოდენობის ტუალეტის ქაღალდს იმარაგებს, რაბლეს დიადი მჭამელ-მომსაქმებელი გარგანტუაც კი მთელი ასი წელი რომ ვერ გამოლევდა უკანალში გამოსასმელად, რადგან ჩვენი დროის თაურ-ინსტინქტ-იდეა საჭიროზე ათმაგად მეტის ფლობაა...
სიტყვები, "სულიერი იდეალი" ან მხოლოდ "სულის" თქმაც კი საერთოდ უხერხულობის გამომწვევია, რადგან ის კარგა ხნის წინ გააუქმეს "სულიერების ოფიციალურმა ყარაულებმა".
იუვალ ჰარარი თავის წიგნში Homo Deus სევდიანად გვამცნობს, რომ წარმატებულ კაცობრიობას ახლა არა შიმშილით, არამედ გადაძღომით სიკვდილი თუ ემუქრება, სიკვდილი გრანდიოზული გადაჭარბებების გამო, ზღვრის დაუდგენლობის, რის არაპირდაპირ ილუსტრაციად სრულიად უპრეტენზიო ფოტოც გამოდგება, რომელიც ჩინეთის ერთ-ერთი ქალაქიდან გავრცელდა:
ცა, რომელიც ათ წელზე მეტია დახურული იყო ფაბრიკა-ქარხნებიდან ამომავალი ბლანტ-ნაცრისფერი მასით, მათი გაჩერების შედეგად გაიხსნა, რადგან ობიექტურ მიზეზთა გამო, ამ ფაბრიკა-ქარხნებს მუშაობის შეწყვეტა მოუწიათ რამდენიმე დღის განმავლობაში. ყოველგვარი რომანტიკული პათეტიკის გარეშე, ადამიანებმა ცა დაინახეს, რომელიც ათი წელია აღარ ენახათ...
ჰოდა, ნუთუ შესაძლებელია, რომ ამ ფენომენს - და ცის გახსნა უდავოდ გზავნილის შემცველი ფენომენია, - რამდენიმე წამით მაინც არ დაეფიქრებინა ცის არსებობით გაოცებული ადამიანი: რა მოხდა? რატომ მოხდა? და ახლა რა ხდება?
ყოველ შემთხვევაში, ის პაუზა, რომელიც ჩვენთან შეუთანხმებლად გაჩნდა პლანეტაზე, ნებისმიერ შემთხვევაში გვიბიძგებს თვითრეფლექსიისა და საკუთარ თავში ჩაღრმავებულობისაკენ (როგორი რთულიც არ უნდა იყოს ეს არცთუ ცოტასთვის - ადამიანების უმრავლესობას ხომ საშინლად სწყინდებათ საკუთარ თავთან დარჩენა), როგორც ეს ჰანს კასტორპს შეემთხვა, რომელიც სულ რაღაც ორი კვირა აპირებდა სანატორიუმში ყოფნას და მთელი შვიდი წელი მოუწია ჯადოსნურ მთაზე გამოკეტვა, რათა სწორედ იმაზე ეფიქრა, რაზეც, ნებსით თუ უნებლიეთ, ახლა ჩვენც მოგვიწევს ფიქრი: სად ვიყავით და საით მივდივართ? რადგან ის, რაც ობიექტურად მნიშვნელოვანი და აუცილებელი გვეგონა, უსუსურობამდე უმნიშვნელო აღმოჩნდა...
ისევ და ისევ Homo Deus-ის შესაძლოა ბანალურად კომიკური წინასწარმეტყველებების მატარებელი, მაგრამ დღევანდელობისთვის საინტერესო აზრების მიხედვით (ახლა ხომ ლიტერატურულ-ფილოსოფიური დისტოპიებია აქტუალური), ცხოველები აუცილებლად მოიფიქრებდნენ რამეს, რაც მათ გაუძღომელი ტექნოლოგიურ-ჰედონისტ ზეკაცებისგან იხსნიდა... ჰოდა, აი, რა უნდა ექნა, ბოლოს და ბოლოს, საბრალო ღამურას? როგორღაც ხომ უნდა დაეცვა თავი ადამიანისგან, რომელიც მის შთანთქმაზეც კი გადავიდა, რაკი უკვე სხვა ყველა და ყველაფერი შეჭამა?
ცხადია, ეს ირონიული მეტაფორაა, მაგრამ იქნებ აქაც შესაძლებელია არცთუ მთლად ბანალური იდეა-გზავნილის წაკითხვა: ზედმეტი ხომ არ მოგვდის, ძვირფასო და ინფანტილურო, ნებისმიერ ფასად მოპოვებულ წარმატებაზე ორიენტირებულო კაცობრიობავ? და არა მხოლოდ ღამურების შემთხვევაში, არამედ გიგანტური პატივმოყვარეობის, ღირებულებად ქცეული ეგოიზმის და კვლავ და კვლავ აღიარების ძებნის და მოხელთების გიჟური რბოლის სახით?!
ამას ვერავინ დაასაბუთებს, მაგრამ ხომ ფაქტია (ისე კი, როგორ შეიძლება, ეს ფაქტი იყოს), რომ კაცობრიობა ერთგვარ იდეურ ჩიხშია შესული?! ამას ხომ ყველა ვგრძნობთ, მაგრამ არ ვაღიარებთ...
ყოველ შემთხვევაში, ამ უცნაური ვირუსის გავრცელებამდე იდეა არ გვქონდა, ახლა კი გამოჯანმრთელება მაინც გვექცა იდეად, რაც უკვე კარგია, რადგან ეგზისტენციალური - და არა ბუნდოვანი - მიზანი გაგვიჩნდა...
და, რაც მთავარია, ისიც გამოჩნდა, რომ გარეგნული იზოლაციისა და ჩაკეტილობის მიუხედავად, განცალკევებულად გადარჩენა, სოლიდარობისა და ერთმანეთის გათვალისწინების გარეშე, შეუძლებელი ყოფილა - ამ მხრივ, ყველა თანაბარ მდგომარეობაში ვართ.
ახლა შეუძლებელია დაიღუპოს კაცობრიობა და ნოეს კიდობანში კი მხოლოდ რჩეულები აღმოჩდნენ.
ახლა წყლით სწორედ ეგოიზმის კიდობანი ივსება.