ნინი დავლიანიძე ჩინეთის ქალაქ უჰანში ცხოვრობს, ახალი კორონავირუსის აფეთქების ეპიცენტრში.
23 იანვრიდან უჰანი კარანტინშია. ქალაქში არ დადის ტრანსპორტი, მაღაზიები დაკეტილია. მთავრობა უცხოელების ევაკუაციას ცდილობს; მათ, ვინც რჩება, ურჩევს, რომ სახლიდან არ გამოვიდნენ.
კარანტინის გამოცხადების შემდეგ 30 წლის ნინი საკუთარ სახლში აღმოჩნდა გამოკეტილი. მან მხოლოდ ერთხელ მოახერხა სახლიდან გასვლა და პროდუქტების მომარაგება.
ნინი რადიო თავისუფლების მკითხველებს უზიარებს ყოველდღიურ ჩანაწერებს იმის შესახებ, თუ როგორ უმკლავდება თავად და მთელი ქალაქი მოულოდნელად გაჩენილ გამოწვევას.
დილით 9 საათზე გავიღვიძე. გავიღვიძე რა, მეზობლის ტელევიზორმა გამაღვიძა.
03, თებერვალი, 2020
კარანტინის მე-11 დღე
დღეს ძალიან წყნარი და მზიანი დღეა. ჩემი ფანჯრიდან ქუჩის პატარა მონაკვეთი ჩანს მხოლოდ, მაგრამ ეტყობა, რომ ხალხმა დაიწყო გარეთ გამოსვლა - დღეს იმაზე მეტნი იყვნენ, ვიდრე გუშინ.
აქ ყოველდღე რეცხავენ ქუჩებს, მაგრამ ძირითადად ისე ადრე ან გვიან აკეთებდნენ ამას, რომ მძინავს. მხოლოდ მანქანის ხმა მესმოდა ძილში.
დღეს რატომღაც შუადღეს გარეცხეს და "სეთისფაიდ“ საყურებელი ვიდეოები რომ ვრცელდება ინტერნეტში, რომ გვაზომბებს და ბოლომდე რატომ ვუყურებთ, ჩვენც რომ არ ვიცით ხოლმე, ზუსტად ისეთი სანახავი იყო. სამწუხაროდ, ვიდეოს გადაღება ვერ მოვახერხე, ტელეფონის მახსოვრობა არ მეყო.
შუადღისკენ სამსახურის ჩათში მოიწერეს, ხვალიდან ონლაინ ვიწყებთ მუშაობასო. ძალიან გამიხარდა, რაღაც საქმე გამომიჩნდება-მეთქი, მაგრამ 2 წუთში მოაყოლეს, “უცხოელებს არ ეხებათო“. წუთისოფელი რომ დიდხანს არავის ახარებს, გახსოვთ, ხომ?!
ვახშმად, სტანდარტულად, ჩაი და ფუნთუშა მქონდა.
სადილისთვის სერიოზული დილემის წინაშე დავდექი: ერბოკვერცხი თუ მაკარონი? მაკარონმა მოიგო. დესერტად კი მანდარინი, შოკოლადი და ნაყინი მქონდა.
როგორც უკვე აღვნიშნე, დღეს ძალიან წყნარი დღეა.