დასაქმებულების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება რომ ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, ამაზე კარგა ხანია ვთანხმდებით და ამის შესახებ უზენაეს კანონში, „საქართველოს კონსტიტუციაში“, ჩანაწერიცაა. ამ უფლების, ანუ უსაფრთხო შრომის, ერთ-ერთი გარანტი ქვეყანაში შრომის ინსპექცია რომ უნდა იყოს, ამაზეც მარტივად უნდა შეთანხმებულიყო საზოგადოება, თუმცა 12 წლის წინ, 2006 წელს, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, - უფრო ზუსტად, „სახელმწიფო დარეგულირების პოლიტიკის ფარგლებში“, - გაუქმდა შრომის სახელმწიფო ინსპექცია. და მანამ, სანამ ქვეყანაში ქმედით შრომის ინსპექციას ეძინა, ანუ არ არსებობდა, პროფკავშირების ინფორმაციით, სამუშაო ადგილებზე, სხვადასხვა სამუშაოს შესრულებისას, 538 ადამიანი დაიღუპა. შეინარჩუნებდა თუ არა ეს 538 ადამიანი სიცოცხლეს, მაგალითად, მშენებარე კორპუსიდან არ გადმოვარდებოდა, მაღაროში აფეთქებისას არ დაიწვებოდა და ა.შ., თუკი ქვეყანაში შრომის ინსპექცია იარსებებდა, ეს დაზუსტებით, ცხადია, არავინ იცის, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ შრომის ინსპექციის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია და მოვალეობა სწორედ დასაქმებულთა უსაფრთხო სამუშაო პირობების მონიტორინგი და დარღვევებზე რეაგირებაა.
პირველი აგვისტოდან ძალაში შევიდა კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, რომლის თანახმადაც, - შეიძლება ითქვას, 12-წლიანი პაუზის შემდეგ, - ნაწილობრივ მოხერხდა ქმედითი შრომის ინსპექციის აღდგენა. ნაწილობრივ კი იმიტომ, რომ შრომის ინსპექტორებს უფლება მიეცათ ორგანიზაციები შეამოწმონ გაუფრთხილებლად, თუმცა ამ ორგანიზაციების ნუსხა ერთგვარად შეიზღუდა და შემოწმებას დაექვემდებარა ის ორგანიზაციები, რომლებიც მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს ასრულებენ. საქართველოს მთავრობის #381 დადგენილების თანახმად, განისაზღვრა ამგვარი სამუშაოების ნუსხაც და მათ შორის აღმოჩნდა სამოქალაქო მშენებლობასთან, სამთომოპოვებით მრეწველობასა და კარიერის დამუშავებასთან, ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვებასთან, აგრეთვე ლითონის მზა ნაწარმის, შავი და ფერადი ლითონების, ელექტრული მოწყობილობების, რეზინისა და პლასტმასის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები და სხვა.
ვმოქმედებთ საუეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისად, რომელიც მორგებულია კომპანიის სიდიდესა და სპეციფიკაზე. შესაბამისად, ჯარიმები განისაზღვრა კომპანიის სიდიდისა და დარღვევიდან გამომდინარე.ბექა ფერაძე
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ამ ნუსხის საფუძველზე პირველი აგვისტოდან დღემდე უკვე შემოწმდა რამდენიმე ათეული კომპანია და ძირითადად გამოვლინდა ისეთი ტიპის დარღვევები, როგორიცაა საფრთხის შეფასებისა და რისკების იდენტიფიცირების, ასევე ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური პროცესების პარამეტრების გაზომვისა და კონტროლის უგულებელყოფა.
ბექა ფერაძის განმარტებით, 1 აგვისტოდან შემოწმებულ კომპანიებში არ გამოვლენილა კრიტიკული შეუსაბამობები, თუმცა, მისივე თქმით, აბსოლუტურად ყველა შემოწმებულ კომპანიას მიეცა გაფრთხილება და, შესაბამისად, გონივრული ვადა ხარვეზების აღმოსაფხვრელად. შეუსაბამობათა გამოუსწორებლობის შემთხვებაში, ბექა ფერაძის თქმით, ისინი სანქცირებას, ანუ ჯარიმების დაწესებას, დაექვემდებარებიან.
დღეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, განისაზღვრა სამი ტიპის სანქცია, რომლებსაც ინსპექტორები ორგანიზაციებს დარღვევების გამო დაუწესებენ: გაფრთხილება, დაჯარიმება და საქმიანობის შეჩერება. რაც შეეხება დარღვევებს, კანონმდებლობა აღიარებს სამი ტიპის შეუსაბამობას: არსებითი, არაარსებითი და კრიტიკული. ბექა ფერაძის განმარტებით, არსებითი და არაარსებითი დარღვევის შემთხვევაში ორგანიზაციებს ეკისრებათ ჯარიმა 100-დან 50 ათას ლარამდე:
„ვმოქმედებთ საუეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისად, რომელიც მორგებულია კომპანიის სიდიდესა და სპეციფიკაზე. შესაბამისად, ჯარიმები განისაზღვრა კომპანიის სიდიდისა და დარღვევიდან გამომდინარე. რაც შეეხება კრიტიკულ შეუსაბამობას, რომელიც მყისიერად უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხეს, ის ექვემდებარება საქმიანობის დაუყოვნებლივ შეჩერებას იმ დრომდე, სანამ არ იქნება აღმოფხვრილი კონკრეტული დარღვევა“.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტში კვლავ გრძელდება მუშაობა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე. პროექტის სამუშაო ვარიანტის თანახმად, კანონის გავრცელების სფერო ფართოვდება და, პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, მომავალი წლის სექტემბრიდან ინსპექტირებას დაექვემდებარება საჯარო სამსახურები, მომსახურების სფერო, ანუ ეკონომიკის ყველა დარგი.
საკმაოდ მავნე პრაქტიკაა, რომ ქვეყანაში არ არსებობს სახელმწიფო უწყება, რომელიც მსგავს სიტუაციაში დაიცავს დასაქმებულების უფლებებს. მოქალაქეებს უწევთ წლობით ელოდონ სასამართლოს გადაწყვეტილებას.ირაკლი პეტრიაშვილი
იმაზე, რომ „შრომის უსაფრთხოების კანონი“ კვლავ დასახვეწია, 26 სექტემბერს ისაუბრეს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ ორგანიზებული რეგიონალური კონფერენციის მონაწილეებმა, რომელთა შორის იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები და ხელისუფლების წარმომადგენლები. როგორც კონფერენციაზე ითქვა, მიუხედავად იმისა, რომ შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით „ნულს ქვემოთ მყოფი სტანდარტები გაუმჯობესდა და ნულს ზემოთ ავიდა“, დასაქმებულებსა და პროფკავშირს უფრო მეტის მოლოდინი აქვთ.
უნდა ითქვას, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით, საქართველომ აიღო ვალდებულება, ეტაპობრივად დაუახლოოს თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას. განისაზღვრა ევროდირექტივები, რომელიც შეეხება სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საკითხებს, რაც ხელს შეუწყობს შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, თუმცა, პროფკავშირების განცხადებით, ხარვეზები, რომლებიც კვლავ რჩება კანონმდებლობაში, შეუსაბამოა საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებთან. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხარვეზი, პროფკავშირების პრეზიდენტის, ირაკლი პეტრიაშვილის, განმარტებით, არის სასამართლოში შრომითი დავების განხილვა და გადაწყვეტის ვადების დაცვა:
„საკმაოდ მავნე პრაქტიკაა, რომ ქვეყანაში არ არსებობს სახელმწიფო უწყება, რომელიც მსგავს სიტუაციაში დაიცავს დასაქმებულების უფლებებს. მოქალაქეებს უწევთ წლობით ელოდონ სასამართლოს გადაწყვეტილებას. გარდა ამისა, მათ უწევთ სასამართლო ბაჟის გადახდა შრომით დავასთან დაკავშირებით და წარმოგიდგენიათ, უფლებაშელახულმა დასაქმებულმა, რომელიც სამსახურიდან გაათავისუფლეს ან ზეგანაკვეთური შრომის საფასური არ გადაუხადეს, უნდა მოძებნოს ადვოკატის გასამრჯელო, გადაიხადოს ბაჟი და წლები ელოდოს იმას, როდის დადგება სამართალი“.
დღეს ჩვენ ნულიდან გვიწევს იმ პრაქტიკის შექმნა, რომელსაც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა ჰქვია. ჩვენ დიდი წინსვლა გვაქვს და ეს სვლა კვლავ გაგრძელდება.თამარ ბარკალაია
ირაკლი პეტრიაშვილი აქცენტს აკეთებს კიდევ ერთ კომპონენტზე, რომელიც სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილე კომპანიებს ეხება:
„ჩვენ ვერ მივაღწიეთ, რომ სახელმწიფომ დააწესოს ტენდერებში სტანდარტი, რომ ჩვენი ფულით გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობა მიიღონ ისეთმა კომპანიებმა, რომლებიც იცავენ შრომის უსაფრთხოების ნორმებს. დამსაქმებლები ერთმანეთს არ უნდა ეჯიბრებოდნენ იმაში, თუ ვინ უფრო იაფად და უუფლებოდ დაიქირავებს მუშახელს“.
იმას, რომ ქვეყანაში ჯერჯერობით კვლავ არ მოქმედებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კანონმდებლობა, აღიარებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიაც, თუმცა, მისი თქმით, არსებობს პოლიტიკური ნება, რომელიც ამ ვითარების გამოსწორებისაკენ არის მიმართული:
„დღეს ჩვენ ნულიდან გვიწევს იმ პრაქტიკის შექმნა, რომელსაც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა ჰქვია. ჩვენ დიდი წინსვლა გვაქვს და ეს სვლა კვლავ გაგრძელდება“.
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინფორმაციით, დეპარტამენტისა, რომელიც 2015 წლიდან საკმაოდ შეზღუდული უფლებამოსილებებით ფუნქციონირებდა, 2017 წელს ქვეყნის მასშტაბით სამუშაო ადგილებზე დაიღუპა 47 და დაშავდა 106 ადამიანი. რაც შეეხება 2018 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებს, სამუშაო ადგილზე საწარმოო ტრავმების შედეგად დაიღუპა 29 ადამიანი, 24 კი მძიმედ დაშავდა.