ეს არის ამბავი გოგოზე, რომელსაც 21 წლის ასაკში პარანოიდული შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს. რომელიც სამჯერ მოხვდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. რომელსაც ძალიან უნდოდა მეცნიერობა და სიცოცხლის საიდუმლოს ამოხსნა. რომელმაც თავისი დიაგნოზი არ დამალა. სხვა ადამიანების უფლებებისთვის ბრძოლა დაიწყო და ასე დაუბრუნდა ადამიანებს. ოლგა კალინა დღეს 35 წლისაა.
პირველი ჩრდილოეთის ქარი
მესამე კლასელი ოლგა კალინა სკოლიდან სახლში ბრუნდება. 1992 თუ 93 წელია, გაზაფხული. რუსთავში კარგი ამინდია. თუმცა, მაინც უშუქო და უწყლო და პურისრიგებიანი 90-იანების გაზაფხულია.
მამა, მეტალურგიულ ქარხანაში მუშაობს. დედა მდივანია - სულ საბეჭდ მანქანაზე აკაკუნებს რაღაცას. ოლგას ძმაც ჰყავს - მათ შორის განსხვავება ორი წელია. სკოლაში ყველაფერი რიგზეა. სულ ხუთებს იღებს. იქ მეგობრებიც ჰყავს, მაგრამ რატომღაც მათ ბოლომდე თავის ფიქრებს და სურვილებს ვერ უზიარებს. ყველაფერს თავის გულში იგროვებს.
თითქოს არც ისე ცუდადაა ყველაფერი. გაჭირვებით - ყველას უჭირს. პურის რიგშიც სხვებთან ერთად დგას. ინტერნეტი არც სხვებს აქვთ. მათი მშობლებიც კამათობენ. მაგრამ ყველა ერთნაირად ხომ ვერ განიცდის? აი, წიგნები კი, მის მეგობრებს მისნაირად არ უყვართ. არც ბიოლოგია. ოლგამ კი თითქმის მთელი სასკოლო პროგრამა წაიკითხა. ცოცხალ ორგანიზმებში რაღაც განსაკუთრებით აინტერესებს.
„ვგრძნობდი, რომ ეს რაღაც სასწაული იყო და ამ ცოცხალი ორგანიზმების შესახებ ყველაფერი უნდა გამეგო. სიცოცხლის შიგნით შემეხედა“.
ოლგა ქუჩას მარტო მიუყვება. მესამეკლასელისთვის „დიდურ“ რამეებზე ეფიქრება. ქართული ცუდად იცის. არც ის მოსწონს როგორც ასწავლიან. ეგრევე „ვეფხისტყაოსნის“ დაზეპირებით. ამის მერეც ყველაფერს დაიზეპირებს, ბიოგრაფიებს, ლექსებს, მოთხრობებს - სხვა გზა არ არის...
და უცებ, მესამეკლასელ ოლგა კალინასთან პირველად მოდის ეს უცნაური შეგრძნება - ის აუცილებლად მეცნიერი უნდა გამოვიდეს. ბიოლოგი!
„თითქოს ჩემში რაღაც ქარიშხალი შემოვარდა და ეს სურვილი მოიტანა. თითქოს ჩემი გახელილი თვალები თავიდან გავახილე და სხვა სამყარო დავინახე“.
მერე იყო წარმატებული სასკოლო კონფერენციები. იუმორისტული მოთხრობების წერა ცხოველებზე, შიგადაშიგ იმის შეგრძნება, რომ სხვებისგან განსხვავდებოდა. წიგნები, ხატვა და მისი საყვარელი გასართობიც - და ლობიოთი ეგვიპტელების მთელი სამეფოს შექმნა და ასე თამაში. თუმცა არ ქრებოდა მისი მუდმივი შეკითხვებიც:
„რა არის სიცოცხლის შიგნით? ბიოლოგიაც ამიტომ ავირჩიე, რომ ეს პასუხები მიმეღო“.
დროდადრო მოაკითხავდა ხოლმე უცნაური შეგრძნება, თითქოს ხატვისას ვიღაც ეხმარებოდა. დაგროვილ კითხვებზე პასუხის გასაცემად უნივერსიტეტში ჩააბარა. ფილოსოფიური ლიტერატურის კითხვა დაიწყო. როკის მოსმენა.
„ეს იყო მუსიკა, რომელსაც სათქმელი ჰქონდა, პრობლემაზე ლაპარაკობდა. და ეს მომწონდა. ეს არის მუსიკა ადამიანებისთვის, ვისაც რაღაც აწუხებს. ვინც რამეს აპროტესტებს“.
ლაბორატორიაში იმ საქმეს აკეთებდა, რაც სულ აინტერესებდა. ხან მცენარეების ფოთლებს ჩასჩერებოდა მიკროსკოპში, ხან ცდებისთვის სისხლს ამზადებდნენ.
რა არის იმაში უცნაური, რომ 21 წლისას თავში მილიონი კითხვა გიტრიალებდეს?
თებერვლის თოვლზე თეთრი
მაგრამ ერთ დღეს, თებერვალში, ოლგამ გაიღვიძა და მიხვდა, რომ რაღაც ისე არ იყო, როგორ წინადღით. მისთვის უჩვეულო სიმშვიდეს გრძნობდა. აუტანელ სიმშვიდესაც კი.
არ შეიმჩნია. ლაბორატორიაში წასვლაც გადაწყვიტა და სწორედ მაშინ, ავტობუსში დაინახა პირველად.
„ვხედავდი ფიგურას, თეთრ ტანსაცმელში და მისი სითეთრე თუ სინათლე იყო უფრო თეთრი, ვიდრე მაშინდელი თებერვლის თოვლი“.
გარეთ თოვდა.
ლაბორატორიაში საქმის გაკეთება სცადა. სიმღერაც წამოიწყო და მაშინ ისევ იგრძნო, რომ მარტო არ იყო. შეგრძნება არ გაქრა არც მაშინ. არც მერე. ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს მისგან ვიღაცები გარბოდნენ - მისი სხეული კი შვეიცარიული ყველივით დახვრეტილი იყო. ის ნაწილები უკან აღარ დაბრუნებულან.
და უცებ, ერთ წამში დაკარგა ინტერესი წიგნების, როკის და ყველაფრის მიმართ, რაც უყვარდა.
იმ დღეს სახლში არაფერი უთქვამს. საქმეს დაპროგრამებულივით აკეთებდა - დიდხანს ამას ვერ დამალავდა და ვერც დამალა. მალე ოჯახის წევრებთან კონტაქტი შეწყვიტა.
„რაღაც ხომ უნდა გავაკეთო, ფიქრობდა. მაგრამ ყველაფერი უინტერესო იყო. წიგნებში - ყველა სიტყვა ეზედმეტებოდა“.
თუმცა მაშინ ოლგა ვერც იფიქრებდა, რომ ეს ფსიქიკური პრობლემა შეიძლება ყოფილიყო.
ასე არც დედას ჩაუთვლია. ექსტრასენსთან წაიყვანეს, რომელმაც ჰიპნოზის პროცედურის შემდეგ დაასკვნა, რომ გოგონას არაფერი სჭირდა.
შიგნით კი, ოლგაში, დიდი ბრძოლა მიდიოდა. ოლგას აქვს ამ ბრძოლის ახსნის თავისი ვერსია.
„წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ წიგნი, რომელშიც ერთი მესამედი სიმართლეა. და თქვენ შეგიძლიათ ამის გადამოწმება. დიდი ალბათობით, დაუჯერებთ ამ წიგნის დანარჩენ ნაწილსაც, რომელიც არ არის გადამოწმებადი. ჩემი აზრით და გამოცდილებით, ზუსტად ასეთი რისკი არსებობს ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანშიც. თუ ისინი იღებენ რაღაც ობიექტურ გრძნობას, რაც შეიძლება იყოს დადასტურებული სპირიტუალური თუ რელიგიური წყაროებით, და მერე კიდევ რაღაცის დამატება ხდება, ისინი იღებენ ყველაფერს როგორც სიმართლეს“.
დედამ ოლგას ექიმთან წაყვანა გადაწყვიტა. გლდანში, მაშინდელ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მიიყვანეს. ოლგას არავინ არაფერს ეკითხებოდა.
„ადამიანის უფლებათა სფეროში ჩემი კარიერა, მგონი, სწორედ იქ მისვლიდან დაიწყო., როცა ვნახე რა ხდებოდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში“.
ისიც კი არ იცოდა, რომ მისთვის იქ უნდა ემკურნალათ. სხვა პაციენტებთან ერთად ჩაკეტეს. დააბეს. და რადგან იქ ყოფნას აპროტესტებდა, ძალით გაუკეთეს ინექცია. სამი დღე ეძინა.
ორი კვირა დატოვეს. მუდმივად წამლების ზემოქმედების ქვეშ იყო. მერე კი დედას 50 ლარი გამოართვეს და გამოუშვეს.
ოლგამ თავისი დიაგნოზი მხოლოდ წლების შემდეგ გაიგო - პარანოიდული შიზოფრენია.
მას შემდეგ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში კიდევ ორჯერ მოხვდა.
იმ პირველი დღიდან, როცა თებერვლის თოვლიან დღეს თოვლზე თეთრი ფიგურა დაინახა, 14 წლის განმავლობაში გრძელდებოდა ერთი და იგივე. ლაბორატორიაში მისი ამბავი არ იცოდნენ. მეზობლებთან დიდად არ კონტაქტობდა.
ეგ ხომ ავად არის, აბა რას ელოდით - უთხრა ერთხელ ექიმმა დედამისს, როდესაც მან შვილის ციკლის დარღვევაზე შესჩივლა. და ეს დამოკიდებულება იგრძნობოდა სხვებისგანაც, და დიდხანს. ეგ ხომ ავად არის.
კალანჰოედან - ადამიანებამდე
მაგრამ ოლგამ ერთ დღეს ყველაფერი შეცვალა. შეცვალა სამსახური. მცენარეები - ადამიანებით ჩაანაცვლა. აირჩია თავისუფალი გრაფიკი და უარი თქვა მხოლოდ შემოსავლისთვის მუშაობაზე.
„ ყველაფერი შევცვალე და დღეს ადამიანებთან ვმუშაობ კალანჰოების ნაცვლად“.
სამჯერ ჰოსპიტალიზაციის შემდეგ ოლგა კალინამ თავად აირჩია სხვა, მისნაირი ადამიანების დახმარების გზა. დღეს ის სამ ორგანიზაციაში მუშაობს. :ევროპულ იუზერთა ქსელის" თავმჯდომარეა. მხოლოდ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებს არ ეხმარება. სხვებსაც, ვინც ეტლში ზის ან ვინც ვერ ხედავს.
„მე ყოველთვის მიყვარდა ასეთი როლები როცა ნაციონალისტურ საზოგადოებაში უმცირესობა ხარ, მაგრამ არ დუმხარ, როცა რაღაცას ცვლი“.
მაგრამ ოლგამ ზუსტად იცის, რომ მხარდაჭერის გარეშე ბედნიერი ფინალები არ არსებობს, და რომ მას, როგორც თვითონაც ამბობს, მიუხედავად მისი დიდი მცდელობისა, მაინც, ბევრისგან განსხვავებით, ძალიან გაუმართლა.
არც მისი უცნაური შეგრძნებები გამქრალა. მაგრამ ოლგამ ახლა იცის როგორ იპოვოს ბალანსი ამ შეგრძნებებსა და გარემოსამყაროს შორის.