Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაბუს გირაო - მოსამართლის გზავნილი ქალებს და "დაფასებული ხოტბა-დიდება"


მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა, ქალზე ძალადობასა და ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვის ბრალდებით დაკავებულ მომღერალს, კაბუს (კახა აბუაშვილი), 27 ნოემბერს აღკვეთის ღონისძიების სახით ნაცვლად პროკურატურის მიერ მოთხოვნილი პატიმრობისა, 10-ათასლარიანი გირაო შეუფარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც კი კაბუ ამ თანხას გადაიხდის, ის საპატიმროს დატოვებს.

მართალია, საქმე ამით არ სრულდება, გამოძიება გრძელდება, სასამართლოს სხდომები ორ თვეში განახლდება და თუკი კაბუს წაყენებული ბრალი დაუმტკიცდება, მას ერთიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება, მაგრამ უფლებადამცველები თვლიან, რომ სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით, ძალადობის მსხვერპლ ქალებთან კიდევ ერთხელ გაუშვა გზავნილი, რომელიც მათ დუმილს აიძულებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება პროკურატურა და მის გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით ასაჩივრებს.

თავად მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი კი ამბობს, რომ კახა აბუაშვილის მხრიდან არ არსებობს მოწმეებზე ზეწოლისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და სწორედ ამიტომ მიიღო ძალადობაში ბრალდებული მომღერლისთვის გირაოს შეფარდების გადაწყვეტილება.

რა მოხდა 25 ნოემბერს?

სავარაუდო დანაშაული, რომელსაც გამოძიება მომღერალსა და მსახიობს, კახა აბუაშვილს ედავება, 25 ნოემბერს, კახეთის გზატკეცილზე მოხდა.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ავტომობილით მგზავრობისას, კახა აბუაშვილმა მასთან ერთად მყოფ ქალს ფეხში დანის ტარი ჩაარტყა. რამდენჯერმე გაარტყა ხელი სახეშიც.

გარდა ამისა, ბრალდებული ქალს ჯანმრთელობის დაზიანებით და დასახიჩრებით დაემუქრა და გახსნილი დანა ორჯერ მოუქნია.

ავტომობილი, რომელშიც კახა აბუაშვილი და დაზარალებული ქალი ისხდნენ, კახეთის გზატკეცილზე, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შენობის მიმდებარედ გადაადგილდებოდა. ქალმა სწორედ ამ დროს შენიშნა გზაზე გაჩერებული საპატრულო პოლიციის მანქანა, ავტომობილის კარი გააღო და პოლიციას დახმარება სთხოვა.

გამოძიების თანახმად, პოლიციელები ბრალდებულის მანქანას დაედევნენ, შეაჩერეს და კახა აბუაშვილი ადგილზე დააკავეს.

ბრალდების თანახმადვე, მას თან აღმოაჩნდა უკანონოდ შეძენილი, ორ ცალ პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ, საერთო წონით - 1,28 გრამი.

მომღერალსა და მსახიობს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა).

რას ამბობს საქმის პროკურორი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაზე?

ლევან ვეფხვაძე, რომელიც კახა აბუაშვილის საქმის პროკურორია, დაუსაბუთებელსა და აბსტრაქტულს უწოდებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებას, რომლის თანახმადაც, კახა აბუაშვილს აღკვეთის ღონისძიებად არა პატიმრობა, არამედ გირაო შეეფარდა.

მოსამართლის განჩინება ბრალდების მხარეს 28 ნოემბერს ჩაჰბარდა. ლევან ვეფხვაძის თქმით, 28 ნოემბერსვე მომზადდა საჩივარი სააპელაციო სასამართლოსთვის. როგორც ის განმარტავს, სავარაუდოდ, მომდევნო 72 საათში გადაწყდება, ცნობს თუ არა სააპელაციო სასამართლო პროკურატურის საჩივარს დასაშვებად. თუკი საჩივარი დასაშვებად იქნება მიჩნეული, სააპელაციო სასამართლოში დაინიშნება სხდომა, სადაც მხარეები იმსჯელებენ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების შეცვლის ან ძალაში დატოვების თაობაზე.

ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ მოსამართლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება ეფუძნება დაუსაბუთებელ არგუმენტაციას, რადგან ბრალდებულის მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების ხასიათიდან გამომდინარე, მხოლოდ აკრძალვა, "რომ არ მიეკარო დაზარალებულს", ხელახალი დანაშაულის ჩადენის პრევენციას ვერ უზრუნველყოფს:

„მოსამართლის გადაწყვეტილებაში უნდა იყოს არგუმენტაცია, რატომ მიიღო სასამართლომ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების გადაწყვეტილება. ჩვენ ვაცხადებდით, რომ არსებობს მომეტებული საფრთხე ახალი დანაშაულის ჩადენის კუთხით, არსებობს მიმალვისა და ასევე მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეც, რადგან ბრალდებულს აკავშირებს ნაცნობობა დაზარალებულთან, შესაბამისად, შესაძლებელია, მართლმსაჯულების თავის არიდების მიზნით, ზემოქმედება მოახდინოს დაზარალებულზე.

ამ ადამიანს ბრალი წაყენებული აქვს არა მარტო ფიზიკური ძალადობისთვის, არამედ მუქარისთვის. მის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულიც უკვე მიუთითებს იმაზე, რომ ბრალდებულმა შესაძლოა განაგრძოს დანაშაულებრივი საქმიანობა, მან ერთხელ უკვე განახორციელა მუქარა. მას შემდეგ, რაც ბრალდებულისთვის ცნობილი ხდება, ვის აქვს მის წინააღმდეგ ჩვენება მიცემული, რა ემუქრება განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, აქ უკვე იზრდება ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და ეს საფრთხე მოსამართლემ უნდა გაითვალისწინოს“.

დაცვის სტრატეგია - რას პასუხობს მას პროკურორი

კახა აბუაშვილი ბრალს არ აღიარებს. 27 ნოემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე, მას, ფაქტობრივად, არაფერი უთქვამს საკუთარი თავის სასარგებლოდ. სამაგიეროდ, დავით სანაძე, მომღერლის ადვოკატი, ცდილობდა დაერწმუნებინა მოსამართლე როგორც მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უდანაშაულობაში, ისე იმაში, რომ კაბუ „ხელოვანი ადამიანია“ და მისი პატიმრობაში დატოვება, პრობლემებს შეუქმნიდა მის შემოქმედებით განვითარებას:

„ეს ადამიანი აქტიური წევრია საზოგადოების. ეს მისი შემოქმედებისა და ცხოვრების ნაწილია და აი, ამ დაკავების გამო, ბუნებრივია, საკმაოდ დიდი საფრთხე ექმნება მის შემოქმედებით განვითარებას“.

ამასთანავე, დავით სანაძე ირწმუნებოდა, რომ საქმეში არ დევს ბრალის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება და მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართ წაყენებული ბრალი მხოლოდ ერთი მოწმის, დაზარალებულის ჩვენებას ეფუძნება.

„ეს არის არასწორი ინფორმაცია“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პროკურორი ლევან ვეფხვაძე და ამბობს, რომ საქმეში დევს არაერთი მტკიცებულება, მათ შორის სხვა მოწმეების ჩვენებები, ნივთმტკიცებები, რომელთა ერთობლიობაც, ამ ეტაპზე, ადასტურებს კახა აბუაშვილის მიმართ წაყენებულ ბრალს:

„როდესაც ძალადობა ხდება ისეთ ადგილას, რომ ამ ფაქტს, შესაძლოა, არ ჰყავდეს შემსწრე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამოძიება მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. დაზარალებულის ჩვენება სრულ შესაბამისობაშია შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან. კერძოდ, საპატრულო პოლიციელების ჩვენებებთან, რომლებიც დეტალურად აღწერენ, რა მდგომარეობაში იყო დაზარალებული, რა მიუთითა დაზარალებულმა, რა ინფორმაცია მიაწოდა მათ. ასევე, ჩხრეკის შედეგად ამოღებული ცივი იარაღი, დანა... შესაბამისად, ეს ყველაფერი ერთობლიობაში ასაბუთებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს“.

რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებას, ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ გამოძიება მიმდინარეობს იმ ნარკოტიკული საშუალების ე.წ. წარმომავლობასთან დაკავშირებითაც, რომელიც ბრალდებულს თან აღმოაჩნდა: „საიდან ჰქონდა ეს ნარკოტიკული საშუალება, როგორ და ა.შ. ინფორმაცია მოწმდება, გამოძიების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, დაზუსტდება ეს დეტალებიც“.

წარსულში ნასამართლობა

ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ კახა აბუაშვილის წარსულში ნასამართლობასთან დაკავშირებით, მათ შესაბამისი უწყებებიდან გამოთხოვილი აქვთ ინფორმაცია.

მისი თქმით, პირველადი ინფორმაციით, კახა აბუაშვილი წარსულში გასამართლებულია სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით, რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარებას, თუმცა, როგორც პროკურორი განმარტავს, დღევანდელი მდგომარეობით, მომღერლის ეს კონკრეტული ნასამართლობა გაქარწყლებულია:

„წარსულში გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს აქვს ვადები, თუ რამდენ ხანში უნდა გაქარწყლდეს ნასამართლეობა. 2023 წლისთვის, ბრალდებული ნასამართლეობის არმქონეა. როდესაც ადამიანი წარსულში გასამართლებულია, ეს შესაძლოა, რაღაც დოზით, მის პიროვნულ მახასიათებელზე უსვამდეს ხაზს, თუმცა, დამატებითი სანქციის, სასჯელის ან კვალიფიკაციის კუთხით, გაქარწყლებული ნასამართლეობა მხედველობაში არ მიიღება“.

კახა აბუაშვილის სახელი და გვარი ფიგურირებდა 2018 წლის აპრილში, საფრანგეთში ჩატარებული სპეცოპერაციისას Caucase Normandie, ე.წ. “კანონიერ ქურდებთან” და “მაყურებლებთან” ერთად დაკავებულ პირთა სიაში. მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყებოდა, რომ ევროპოლთან დაწყებული ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად, საფრანგეთსა და საბერძნეთში 4 ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი და ქართული კრიმინალური დაჯგუფების 34 წევრი იყო დაკავებული.

ერთი წლის თავზე, 2019 წლის აპრილში, კახა აბუაშვილის დედამ გაავრცელა ინფორმაცია შვილის პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ. ეს ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა და განმარტა, რომ კახა აბუაშვილი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან არ გათავისუფლებულა. თუმცა, მედიასთან არ დაუზუსტებიათ, რის საფუძველზე შეეცვალა დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების ფორმა:

„პირველადი ინფორმაციით, კახა აბუაშვილის ნასამართლობის ცნობაში საფრანგეთის შემთხვევა არ ჩანს, თუმცა, გრძელდება მტკიცებულებების მოპოვება“, - გვეუბნება ლევან ვეფხვაძე.

რატომ გირაო და არა პატიმრობა - გზავნილი ქალებისთვის

„რომ არა ქალზე ძალადობის ბრალდება და მხოლოდ ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა, შენახვა, ჩვენ მხარს დავუჭერდით კახა აბუაშვილისთვის გირაოს შეფარდების გადაწყვეტილებას, მაგრამ არა ახლა, როდესაც საქმე ეხება ძალადობას ქალზე“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას გურამ იმნაძე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორი. ის წლებია აკვირდება ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას და ხშირად მიუთითებს, რომ მხოლოდ დასჯაზე ორიენტირებული მიდგომა ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს.

ახლაც ამბობს, რომ თუკი ადამიანის მიმართ მხოლოდ ნარკოტიკული საშუალების ფლობის გამო მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, ეს დევნა არ უნდა იყოს ზედმეტად მკაცრი, არ უნდა იქნეს გამოყენებული პატიმრობა, თუმცა, კახა აბუაშვილის შემთხვევაში, საქმეს ცვლის კიდევ ერთი ბრალდება:

გურამ იმნაძე
გურამ იმნაძე

„თუკი წარმოვიდგენთ, რომ კახა აბუაშვილის შემთხვევაში, მხოლოდ ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ბრალდება არსებობს, არასაპატიმრო წინასწარი აღმკვეთი ღონისძიება, ანუ გირაო, იქნებოდა ლოგიკური და სწორედ ის იქნებოდა, რასაც ჩვენც მოვითხოვდით, რადგან მიგვაჩნია, რომ ასეთი ტიპის საქმეებზე სახელმწიფო ზედმეტად მკაცრ ზომებს იყენებს და რაც არასწორია. მაგრამ საქმეს ამძიმებს ქალზე ძალადობის ბრალდება. ქვეყანაში ქალზე ძალადობის თვალსაზრისით გვაქვს სერიოზული პრობლემა, ამას სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან მკაფიო პოლიტიკა და იმის ჩვენება, რომ ასეთი ტიპის დანაშაულები არ იქნება წახალისებული სახელმწიფოს მხრიდან“.

კახა აბუაშვილის საქმე არ არის პირველი საქმე, როდესაც ქალზე ძალადობაში ბრალდებულ კაცს გირაოს სანაცვლოდ ათავისუფლებენ.

მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში, შეიცვალა პროკურატურის დამოკიდებულება ქალზე ძალადობის საქმეებზე რეაგირების თვალსაზრისით, გაიზარდა პროკურორების მიერ ძალადობაში ბრალდებული პირების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის პროცენტული მაჩვენებელი, სასამართლო ამ ტიპის დანაშაულზე შედარებით ლოიალურად რეაგირებს და არის შემთხვევები, როდესაც არ ითვალისწინებს ბრალდების მხარის მოთხოვნას პატიმრობის შესახებ და მას გირაოთი ანაცვლებს.

მაგალითად, ამ ტენდენციის მსხვერპლად იქცა ზუსტად ერთი წლის წინ, ოქტომბერში, 26 წლის ქალი, რომელიც მეუღლემ მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მოკლა. მკვლელობამდე სამი დღით ადრე, ცოლზე ძალადობისა და მოკვლის მუქარისათვის დაკავებული კაცი, თელავის სასამართლოს მოსამართლემ 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ეკა ქობესაშვილი, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი, დღესაც მუშაობს ქალზე ძალადობის არაერთ საქმეზე, როდესაც მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, ბრალდებული კაცი გირაოს სანაცვლოდ გაეთავისუფლებინა. რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სასამართლოს ეს ტენდენცია, ანუ ქალზე ძალადობაში ბრალდებულების მიმართ ლიბერალური მიდგომა, განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა ბოლო პერიოდში:

ეკა ქობესაშვილი
ეკა ქობესაშვილი

„სასამართლო რატომღაც იჩენს ჰუმანურ მიდგომას სავარაუდო მოძალადეების მიმართ მაშინ, როდესაც ქვეყანაში გვაქვს ქალთა მიმართ ძალადობის საგანგაშო მაჩვენებელი. ჩემთვის ამოუხსნელია, რატომ იყენებს სასამართლო ასეთ მიდგომას, რატომ ტოვებს თავისუფლებაში სავარაუდო მოძალადეს და რატომ ქმნის შემდეგში გამოუსწორებელი ზიანის რისკს“.

იურისტი, რომელსაც ძალადობის მსხვერპლ არაერთ ქალთან აქვს ურთიერთობა, ამბობს, რომ სასამართლოს მსგავსი მიდგომა ქალებში იწვევს დაუცველობის, შიშისა და უნდობლობის განცდას:

„ამიტომ არის, რომ ეს ქალები ძალიან ხშირად, სასამართლოში ცვლიან ჩვენებებს, ამბობენ, რომ მაინც გარეთ გამოუშვებენ და მოძალადის წინააღმდეგ ვერ მისცემენ ჩვენებას. ეს ყველაფერი კი მიდის იქითკენ, რომ ერთ დღესაც, შესაძლოა, ქალებმა დანაშაულზე ლაპარაკი შეწყვიტონ, გაჩუმდნენ. სასამართლოს ეს მიდგომა ძალიან ნეგატიური გზავნილია ქალებისთვის, უკან გადადგმული ნაბიჯი და სასამართლოს თუ არ ესმის ეს, სხვა როგორ გაიგებს“.

დაფასებული ხოტბა-დიდება?

გარდა "ძალადობაზე მწვანე შუქის ანთებისა", ლონდა თოლორაია, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი და 2018-2019 წლებში შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორი ამბობს, რომ კახა აბუაშვილისთვის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდება არაერთ კითხვას ბადებს.

მისი თქმით, მოსამართლის ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქვეყანაში სამართალი ნამდვილად შერჩევითია:

ლონდა თოლორაია
ლონდა თოლორაია

"ეს ადამიანი 24 საათი დაკავებულია ხელისუფლების ხოტბა-დიდებით. ხოტბა-დიდება ყველას უფასდება და პირიქით, ვინც ამას არ აკეთებს, ისჯებიან".

ერთ-ერთი ბოლო და ვრცელი ინტერვიუ კახა აბუაშვილმა გია გაჩეჩილაძეს ("უცნობი") მისცა მის საავტორო გადაცემაში "უცნობის კიდობანი". წამყანთან დიალოგში, ხელისუფლების მიერ წარმოებული სწორი პოლიტიკისა და ჰომოფობიური შინაარსის განცხადებებთან ერთად, ის მადლობას უხდიდა სამართალდამცავებს მის მიმართ გამოვლენილი პოზიტიური დამოკიდებულებისთვის.

ქალზე ძალადობასა და ნარკოტიკული საშუალების მოხმარების საქმეზე ბრალდებული კახა აბუაშვილის წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 იანვარს გაიმართება.

XS
SM
MD
LG