რეკორდული რაოდენობის მომხმარებელთა მიმართვიანობის გამო, იუსტიციის სახლში გართულებულია მომსახურების მიღება. მოქალაქეები დილიდან დგანან რიგში. როგორც იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გივი აზაურაშვილმა განუმარტა რადიო თავისუფლებას, 28 სექტემბერს იწურება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განმახორციელებელ პირთა საქმიანობის რეგისტრაციისა და ასევე, ტაქსით მომსახურებისათვის ნებრთვის გაცემის ვადა.
ჩვენდა სამწუხაროდ, მოქალაქეებმა უკანასკნელ დღეს მომართეს იუსტიციის სახლს
მომხმარებლები, რომლებიც საშიშპირობებიანი სამუშაოების საქმიანობის დასარეგისტრირებლად დგანან რიგში, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ჩივიან, რომ მათ არ მიუღიათ არანაირი შეტყობინება საქმიანობის დროულად დასარეგისტრირებლად და ამიტომ ბოლო დღეს მოუწიათ რიგში დგომამ. მათ შორისაა მარიკა კუბლაშვილი, რომელსაც ხის სათამაშოების საამქრო აქვს: „სულ სხვა საქმეზე მოვედი იუსტიციის სახლში, ეს ამბავი რომ დავინახე, ვიკითხე, რა ხდება-მეთქი და აღმოჩნდა, რომ თურმე ჩემ საქმიანობასაც ეხება რეგისტრაცია. ასე არ უნდა ხდებოდეს. ეს არ არის კეთილგანწყობილი დამოკიდებულება საკუთარი მეწარმეების მიმართ. ეს არის წიხლის დაჭერა. 171-ე ვარ რიგში. აქ უკვე ორი საათია ვდგავარ. თუ ვერ დავრეგისტრირდი, ჯარიმა დამეკისრება".
რიგში დგას ნინო ჩარკვიანიც. მას საჩუქრების მაღაზია აქვს და როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, ეს საქმიანობაც ექვემდებარება რეგისტრაციას: „ამ ვალდებულების შესახებ გუშინ შემატყობინა ბუღალტერმა, მანაც შემთხვევით გაიგო, რომ დღეს დარეგისტრირების ბოლო დღეა. მე არანაირი შეტყობინება არ მომსვლია. არც ტელეფონზე, არც ელექტრონულ ფოსტაზე“.
გივი აზაურაშვილის თქმით მთავრობის 381-ე დადგენილების თანახმად, რომელიც ძალაში ივლისის ბოლოს შევიდა, ყველა ის პირი, რომელიც ახორციელებს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მომეტებული საფრთხის შემცველ სამუშაოებს, ვალდებულია შესაბამისი საქმიანობა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში დაარეგისტრიროს. რეგისტრაცია მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს დაიწყო. ის ირწმუნება, რომ იუსტიციის სახლში, დღის ბოლომდე ყველა მომხმარებელს მოემსახურება: „დღეს ვიმუშავებთ უკანასკნელ მომხმარებლამდე. ჩვენდა სამწუხაროდ, მოქალაქეებმა უკანასკნელ დღეს მომართეს იუსტიციის სახლს, რაც ბუნებრივია, აისახა ნაკადზე. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად ჩვეულ რეჟიმში მუშაობს იუსტიციის სახლი და ყველა მოქალაქე მიიღებს იმ მომსახურებას, რისთვისაც მოვიდა. იუსტიციის სახლს მუშაობის პროცესში არანაირი პრობლემები არ აქვს“.
28 სექტემბერს იწურება ტაქსით მომსახურების ნებართვის მიღების ვადაც. ტაქსის მძღოლებს 21 აგვისტოდან ჰქონდათ საშუალება მიემართათ იუსტიციის სახლისთვის ნებართვის მისაღებად. ამ დროისათვის ტაქსის მართვის ნებართვა უკვე მიღებული აქვს 9444 მძღოლს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, თბილისში 50 ათასამდე ტაქსი გადაადგილდება. პირველი ოქტომბრიდან ნებართვის არქონის შემთხვევაში მძღოლი დაჯარიმდება 200 ლარით. ნებართვის ვადა 1 წელია.