Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იური სუსლიაკი: საქართველოს ხელისუფლება ხელს უშლის სიმართლის დადგენას


იური სუსლიაკი
იური სუსლიაკი

საქართველოს სამართალდამცველი ორგანოები სიმართლის დადგენას ყოველმხრივ ეწინააღმდეგებიან - აცხადებს იური სუსლიაკი, თბილისში 10 ბავშვთან ერთად ჩამოსული და ამჟამად ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკის მეუღლე. იური სუსლიაკი ამჟამად აფხაზეთში ცხოვრობს.

მისი თქმით, დაცვის მხარეს არ ეძლევა საშუალება ჩაატაროს შესაბამისი ექსპერტიზა - ამ დრომდე ვერ მოხერხდა მისი ბიოლოგიური მასალის წარდგენა დნმ-ის ანალიზისთვის. პარალელურად, იური სუსლიაკი შეწუხებულია ბავშვების მდგომარეობით - ფიქრობს, რომ მათ მზრუნველობა და მკურნალობა აკლიათ.

იური სუსლიაკი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერ გადმოდის, რადგან ოკუპირებულ აფხაზეთში შესვლის დროს მას დარღვეული აქვს საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. კაცს, რომლის მტკიცებითაც, ის იულია სუსლიაკის თანმხლები ათივე ბავშვის მამაა, მამობის დამტკიცების საშუალება არ მიეცა.

როგორც „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტი ელენა ზავოდსკაია იტყობინება, ქართველმა სამართალდამცველებმა ჩაშალეს შეხვედრა ენგურის ხიდთან, სადაც ადვოკატი და დამოუკიდებელი ექსპერტი უნდა შეხვედროდნენ იური სუსლიაკს - ბიოლოგიური მასალის გამოსართმევად. მხარეები ერთმანეთთან არ მიუშვეს. ადვოკატმა ეს ფაქტი გაასაჩივრა.

ასევე, იური სუსლიაკის თქმით, სახელმწიფო სტრუქტურები არ იძლევიან დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების ნებართვას ბავშვების ბებიის, ანა სუსლიაკის შემთხვევაში. ბებია საგანგებოდ ჩამოვიდა თბილისში, ბავშვებთან შესახვედრად და ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დნმ-ის ანალიზისთვის საჭირო მასალების ჩასაბარებლად.

ადვოკატ ზურაბ თოდუას მიერ რადიო თავისუფლებისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, იულია სუსლიაკი ოთხი ბავშვის ბიოლოგიური დედაა, ხოლო დანარჩენი ექვსი ბავშვი მისი ქმრის ბიოლოგიური შვილები არიან (სუროგაციის მეთოდის გამოყენებით).

თოდუას თქმით, მას აქვს სუსლიაკების ოჯახის ყველა ბავშვთან დაკავშირებული ყველა საჭირო დოკუმენტაცია და მათ შორის:

  • 7 ბავშვის შემთხვევაში - სუროგატ დედებთან გაფორმებული ხელშეკრულებები;
  • 4 ბავშვის შემთხვევაში - იულია სუსლიაკის მშობიარობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

იულია სუსლიაკი საქართველოში ათი ბავშვის თანხლებით შემოვიდა. მეთერთმეტე ბავშვი, დაცვის მხარის მტკიცებით, ოჯახს 2018 წელს, მოსკოვში დაეღუპა.

ელენა ზავოდსკაიას ინფორმაციით, იური სუსლიაკი შეწუხებულია იმის გამო, რომ თბილისში ჩასულ ბებიას ბავშვების მდგომარეობა არ მოეწონა. ბებიამ ისინი სოციალური სამსახურის მიერ ორგანიზებული ხანმოკლე შეხვედრის ფორმატში ნახა და დარჩა შთაბეჭდილება, რომ ბავშვებს მზრუნველობა აკლიათ.

იური სუსლიაკი ამბობს:

  • უფროსი შვილი სულ ტიროდა და იმეორებდა, რომ უყვარს ბებია, დედა და მამა;
  • ბებია დარწმუნდა, რომ ბავშვებს არ მკურნალობენ;
  • ჩვენ ადრე გადავეცით სახელმწიფო სტრუქტურებს იმ ბავშვების დოკუმენტები, რომლებიც ალერგიულები არიან და მკურნალობას საჭიროებენ - მაგრამ რეაგირება არ ყოფილა.

იური სუსლიაკს განსაკუთრებით აწუხებს ნაბოლარა ბიჭის ბედი, რომელსაც მძიმე დაავადება აქვს და თუკი სისტემატური მონიტორინგი, მკურნალობა არ ჩაუტარდა, ბავშვი სამუდამოდ ინვალიდი დარჩება. მას ასევე ესაჭიროება დღეში 5-6 საათიანი ფიზიკური ვარჯიშები და სპეციალისტების ზედამხედველობა. იური სუსლიაკი შიშობს, რომ ბავშვს ეს ყველაფერი აკლია.

მისი თქმით, ასევე, სახელმწიფო სტრუქტურები მშობლებს არ აწვდიან არანაირ ინფორმაციას ბავშვების მდგომარეობის შესახებ. დიდ უსამართლობად მიიჩნევს, რომ მამას არ შეუძლია ბავშვებთან დალაპარაკება, თუნდაც - სკაიპის საშუალებით.

პარალელურად, სუსლიაკების ნათესავები და ახლობლები კიევში საპროტესტო აქციებს აწყობენ. ამ ფაქტმა, იური სუსლიაკის აზრით, საზოგადოებაშიც ჰპოვა გამოძახილი და ახლა თითქოს უკრაინის სახელმწიფო სტრუქტურებიც უფრო აქტიურად ამოქმედდნენ.

მისი ინფორმაციით, საქმეში ჩაერთო უკრაინის ომბუდსმენიც.

  • ომბუდსმენი დაგვპირდა, რომ კონტროლზე აიყვანს ამ საქმეს;
  • დაგვპირდა იმის მიღწევას, რომ საკონსულოს წარმომადგენლებმა სისტემატურად მოინახულონ ბავშვები და მიიღონ ქართული მხარის პასუხები ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით.

იური სუსლიაკი მოითხოვს, რომ უკრაინიდან საქართველოში ჩამოვიდეს სერტიფიცირებული ფსიქოლოგი და გამოიკვლიოს ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობა. მისი მოთხოვნაა ასევე, რომ ბავშვები ნათესავებს გადაეცეთ და უკრაინულ მხარესაც მიეცეს საგამოძიებო პროცესში ჩართვის საშუალება.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ამჟამად კიევში იმყოფება სუსლიაკების საქმის ქართველი ადვოკატი ზურაბ თოდუა.

იულია სუსლიაკი 26 აპრილს დააკავეს. 27 აპრილს მას პატიმრობა შეეფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაცია 20 აპრილს გავრცელდა. უწყების თანახმად, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 143-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ადამიანით ვაჭრობა - ტრეფიკინგი).

XS
SM
MD
LG