Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იულია სუსლიაკს სასამართლომ პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივა


იულია სუსლიაკი თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე.
იულია სუსლიაკი თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე.

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ უკრაინელ ქალს, იულია სუსლიაკს აღმკვეთ ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაიზიარა.

ბრალდების მხარის პოზიციით, სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტზე დაყრდნობით. ხოლო გამოძიების პროცესში რა კონკრეტული ღონისძიებების ჩატარება იგეგმება, ბრალდების მხარე არ აკონკრეტებს.

გადაწყვეტილებას კატეგორიულად არ ეთანხმება დაკავებულის ადვოკატი ზურაბ თოდუა. ის გადაწყვეტილებას უსაფუძვლოდ ყველაფერს კვლავ საქართველოს პროკურატურის უფროსი პროკურორისა და მისი მოსამართლე მეუღლის ზეგავლენებს უკავშირებს.

„პირდაპირ ვაცხადებ, მოსამართლემ შეასრულა საქართველოს პროკურატურის უფროსი პროკურორის, ქალბატონი თეა გიორგაძის დავალება, თავისი მეუღლის - პაატა სილაგაძის მეშვეობით, რომელიც არის ამჟამად უვადოდ გამწესებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში...

ბრალდების მხარემ ვერ დაასახელა ვერცერთი დოკუმენტი, თუ როდის გააგზავნა უკრაინაში, ამერიკაში რუსეთში. ანუ ბრალდების მხარეს ამ დრომდე არაფერი გაუკეთებია“, - აცხადებს ზურაბ თოდუა.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარებულმა დნმ-ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ იულია სუსლიაკის მიერ საქართველოში შემოყვანილი ათი ბავშვიდან ოთხი მისი ბიოლოგიური შვილია, ხოლო ათივე ბავშვის ბიოლოგიური მამაა იური სუსლიაკი. ის ამჟამად აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს.

ათი ბავშვი 7 ივნისს, გვიან ღამით უკრაინაში გაემგზავრა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვების უკრაინაში დასაბრუნებლად საკუთარი თვითმფრინავი გამოგზავნა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ბავშვების წასაყვანად უკრაინიდან ჩამოსულები იყვნენ ბავშვების ბებიები და უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან არსებული ბავშვის უფლებების დამცველის სამსახურის წარმომადგენელი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ იულია სუსლიაკს წინასწარი, 55-დღიანი პატიმრობა 27 აპრილს შეუფარდა. მას ბრალი წაყენებული აქვს არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მუხლით. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამბობს რომ ბავშვები მისი შვილები არიან.

XS
SM
MD
LG