Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილიას ჩილოღლუ - IBSU-ს რექტორი


ილიას ჩილოღლუ
ილიას ჩილოღლუ

23 სექტემბერი, კვირა

დილით 10-ზე ავდექი. მთელმა ოჯახმა ერთად ვისაუზმეთ. 12 საათისთვის რძის გამყიდველმა დარეკა. ჩემი გოგო (14 წლის) და ტყუპები (10 წლის ბიჭები) რძის მოსატანად გავუშვი. მათ ასაკში მეც დიდების საქმეებს ვაკეთებდი. მინდორში გავდიოდით ხოლმე, რასაც 5 საათს ვანდომებდით. გაზაფხულზე მთელი ოჯახით მივდიოდით საკუთარ მინდორზე, სადაც მხოლოთ ჩვენი სოფლის მოსახლეობას ჰქონდა თავისი მიწა. ამ ადგილს ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ერთხელ, როცა 8-9 წლისა ვიყავი, დედამ ცხენზე შემსვა. 5-საათიანი გზის შემდეგ იქ დედაჩემმა საზაფხულოდ ნიორი, ხახვი დათესა. საღამოს სახლში დავბრუნდით. როცა ადგილზე მივედით, იქვე ჩამეძინა. ის ძილი ახლაც მახსოვს... დედამ დაბრუნებისთანავე გამაღვიძა. 5 საათი უკან დაბრუნებას მოვანდომეთ. ერთხელ ჩემს ბიძაშვილთან ერთად დილის 8 საათზე გავემართეთ საძოვრებისკენ. 1 საათის შემდეგ გაწვიმდა. ფეხით მივდიოდი, ბიძაშვილს კი ცხენი ჰყავდა. 3 საათის შემდეგ ერთ დასახლებაში შევიარეთ და იქ პური და ჰალვა ვიყიდეთ. წვიმამ უმატა და ჭექა-ქუხილიც დაიწყო. მორიგ ქუხილზე ცხენი დაფრთხა და დამეჯახა. დავეცი და მეგონა, მოვკვდი. წამოვდექი. დავინახე, რომ ბიძაშვილი ცხენს მისდევდა და მე კი ის მიხაროდა, რომ ცოცხალი გადავრჩი. ხელები ქვა-ღორღზე გადავიტყავე, თუმცა ტკივილს სულ არ ვგრძნობდი. გზად უნდა გაგვევლო მდინარეები, რომლებიც ადიდებული იყო და ცხენით გავიარეთ. სახლში რომ დავბრუნდით საღამოს, დედაჩემი ნამტირალევი დამხვდა და ჩამეხუტა.

ამას ვწერდი, როცა ჩვენმა ერთმა სტუდენტმა დამირეკა და მითხრა, რომ საღამოს 7-ზე ღონისძიება იყო დაგეგმილი და გახსნის ცერემონიალზე მიწვევდა. ეს იყო ევროკავშირის ახალგაზრდული მოდელირების კონკურსი, რომლის გახსნაზე სიტყვით უნდა გამოვსულიყავი. მეც დავთანხმდი. სტუდენტებს უარს ვერ ვეუბნები და საღამოს 7 საათზე ევროკავშირის, პოლონეთის, საბერძნეთის ელჩებთან ერთად დავესწარი.

უარის ვერთქმა რადგან ვახსენე, სხვა შემთხვევაც იყო მსგავსი: ერთ-ერთი სტუდენტი ქობულეთის მუნიციპალიტეტისგან ჯილდოს იღებდა და ცერემონიალზე დამპატიჟა. ქობულეთში მისი ხათრით ჩავედი, მეორე დღეს კი იგი ჩვენი მანქანით თბილისში ჩამოვიყვანე.

სხვათა შორის, ადრე მეათეკლასელი მოსწავლის წერილიც მივიღე ელფოსტით. ის მონაწილეობას იღებდა ესტონეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ბიზნესკონკურსში. მეც იმ მომენტშივე ვუპასუხე, ელფოსტით პასუხის გაცემა რომ არ დამვიწყებოდა. როცა შევხვდი, მითხრა, რომ მე პირველი ვიყავი, ვინც მის შეთავაზებას გამოეხმაურა. მოგვიანებით, როდესაც კონკურსში გარკვეული ადგილი მოიპოვა, დაჯილდოების ცერემონიალზე მიმიწვია.

ამ თემაზე ერთი ამბის მოყოლა მსურს, რაც ერთგვარად ხსნის კიდეც ჩემს დამოკიდებულებას და ცხოვრების პრინციპს: გადმოცემის თანახმად, ზღვის ერთ სანაპიროზე მილიონობით ზღვის ვარსკვლავი გამორიყა დინებამ. ერთმა კაცმა დაიწყო გამორიყული ზღვის ვარსკვლავების სათითაოდ უკან ჩაყრა. მეორე კაცმა, რომელმაც ეს შენიშნა, მას ჰკითხა, რას აკეთებო? კაცმა უპასუხა, რომ ზღვის ვარსკვლავებს ზღვაში დაბრუნებაში ეხმარებოდა. მეორეს გაუკვირდა - ყველას როგორ დააბრუნებ, ამდენი ვარსკვლავია, როგორ გასწვდებიო? გულისხმიერმა კაცმა კი უპასუხა: თუ რა მნიშვნელობა აქვს, აბა, ამას ჰკითხეო - ხელში კიდევ ერთი ვარსკვლავი აიღო და ზღვაში დააბრუნა.

24 სექტემბერი, ორშაბათი

დილით, ჩვეულებისამებრ, ბავშვები სკოლაში მივიყვანე. სამსახურში მისვლისას ხელი მოვაწერე რიგ დოკუმენტაციას. დავგეგმეთ აშშ-დან ჩამოსული ექსპერტების დღის წესრიგი. BBC Georgia-დან დამირეკეს და ინტერვიუს ჩაწერა მთხოვეს. იგეგმება კიდევ ერთი შეხვედრა ევროპარლამენტარ ანა გომესთანაც.

უამრავი პრობლემური საკითხის ფონზე, მაინც ვფიქრობთ ის უმთავრესი მომენტები გავაუმჯობესოთ, რაც ჩვენი საქმიანობის მთავარ ასპექტებს წარმოადგენს: კვლევის კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა.

გვქონდა სერიოზული გეგმები უცხოელი სტუდენტების მოზიდვის კუთხითაც. მიმდინარე აკადემიური წლისთვის მივიღეთ 50 საერთაშორისო სტუდენტი. ისინი სწავლის ორმაგ საფასურს იხდიდნენ და პირველი ნაწილი უკვე ჩარიცხულიც ჰქონდათ. ვინაიდან პირველკურსელების მიღება აგვეკრძალა, იძულებულნი გავხდით, მათ მიერ ჩარიცხული თანხები უკან დაგვებრუნებინა. მეტად პრობლემურია სააგენტოების მიერ ჩვენთვის სტუდენტების მოძიების საკითხი, რადგანაც ხსენებული წყვეტის შემდეგ მათ (სააგენტოებმა), შესაძლოა, აღარ გააგრძელონ ჩვენთან თანამშრომლობა, ამ პრობლემის გამოსწორებას კი შეიძლება წლები დასჭირდეს.

IBSU-ში ყოველწლიურად 15-20 უცხოელ ექსპერტს ვიწვევდით. წელსაც იგივე იგეგმებოდა, თუმცა ამის განხორციელება ერთობ რთული იქნება. თითოეული აფილირებული პროფესორისთვის სტატიებსა და კონფერენციებზე წლიურად 3 000 ლარი იყო განსაზღვრული. წელს ეს შესაძლებლობა აღარ გვექნება.

ვერ დავაფინანსებთ გაცვლით პროგრამებში მონაწილე ამდენ სტუდენტსაც. სოციალურ, კულტურულ და სპორტულ აქტივობებზე ყოველწლიურად 200 000 ლარი იხარჯებოდა, წელს ეს შეუძლებელი გახდება.

ვფიქრობ, უნივერსიტეტი არ არის მხოლოდ ადგილი, სადაც პროფესორი ლექციას კითხულობს. აქ ჩვენ სტუდენტებს უზრუნველვყოფთ სოციალურ-კულტურული გარემოთიც. ჩვენ არა მხოლოდ სტუდენტების, არამედ საზოგადოების წინაშე ვართ ანგარიშვალდებულნი. ამას ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობთ.

როგორც იცით, უნივერსიტეტის გარშემო ცხოვრობენ ლტოლვილები. ჩვენ მათ ყოველი აღდგომისთვის ვურიგებთ პასკებს, ბავშვებისთვის ვაწყობთ საახალწლო კონცერტს და ვაძლევთ საჩუქრებს. ყოველწლიურად ჩვენთან სხვადასხვა სკოლა თუ ორგანიზაცია აწყობს ღონისძიებას, მათ შორის, გაეროსა და ევროკავშირის მოდელირებას. წინა წელს ჩატარდა გაეროს მოდელირება. მოსწავლეებმა დილის 5 საათზე დაგვირეკეს და ჩვენგან მიკროავტობუსი ითხოვეს. ჩვენ მათ, ბუნებრივია, თხოვნა შევუსრულეთ, მიუხედავად დროისა.

იგივე გავაკეთეთ თბილისის 13 ივნისის წყალდიდობისას, ბორჯომის ტყის ხანძრისას თუ 2008 წლის ომის დროს. IBSU-ს შენობა ომს გამოქცეული ადამიანების თავშესაფრად ვაქციეთ.

ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ შევასრულოთ ასეთი სოციალური მისიები, გვიწევს უსამართლოდ დაწესებული ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვა.

25 სექტემბერი, სამშაბათი

დილით ფაკულტეტების დეკანებს შევხვდი. შეხვედრის მიზანი იყო იმის დადგენა, თუ როგორ უნდა დაგვეწყო ახალი სასწავლო წელი მინიმალური დანაკარგებით. ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანი იძულებული გახდა უარი ეთქვა ჩვენი სტუდენტისთვის გაცვლითი პროგრამის დაფინანსებაზე, რაც მძიმეა ჩვენთვის...

პირველ საათზე აშშ-დან ჩამოსულ ექსპერტებთან ერთად ვისაუზმეთ. შემდეგ ისინი განათლების კომიტეტის თავჯდომარესთან მარიამ ჯაშთან წავიყვანეთ შეხვედრაზე. სადილის შემდეგ სტუმრები უნივერსიტეტის პერსონალს შეხვდნენ, 3 საათზე კი მარიამ ჯაშის შეხვედრას დავესწარი უნივერსიტეტების რექტორებთან. შეხვედრაზე IBSU-ს საკითხი ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იყო.

წინა კვირას განათლების მინისტრმა გამართა რექტორებთან შეხვედრა. თემა ავტორიზაცია და აკრედიტაცია გახლდათ, თუმცა შეხვედრაზე ჩვენი უნივერსიტეტის წარმომადგენლები არ მიიწვიეს. ეს ჩვენდამი გამოვლენილი ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება იყო...

დღევანდელი შეხვედრის გარდა, ჩვენი პრობლემა ამ პერიოდში არაერთი შეხვედრის მთავარი თემა გახდა: ვიცით, რომ ევროპარლამენტის ერთ-ერთმა დეპუტატმა სასტიკად გააკრიტიკა ავტორიზაციის ცენტრის უსამართლო გადაწყვეტილება და იკითხა, თუ რატომ დააკარგვინეს IBSU-ს მილიონობით ლარის შემოსავალი. რიგი უნივერსიტეტების რექტორებმა და სახალხო დამცველმა ღიად გამოხატეს ჩვენდამი მხარდაჭერა.

სხდომის დასრულების შემდეგ ინტერვიუ მივეცით მედიის წარმომადგენლებს. ყველაზე საინტერესო კი ის მომენტი იყო, როდესაც ერთ-ერთმა ქალბატონმა, რომელიც ჩვენი ყოფილი სტუდენტი გახლდათ, გვითხრა, რომ სხდომაზე თუ იყო საუბარი IBSU-ზე და სიახლე თუ არის. ჩემთან ერთად იდგა ერთ-ერთი უნივერსიტეტის რექტორი და ვუთხარი, რომ მას ეპასუხა. იმან უთხრა, შვილო, ძაან ბევრჯერ დაისვა კითხვა IBSU-ს თემაზე და ძაან დიდი მხარდაჭერა გაქვთ საბჭოს მიერო. ეს ბავშვი დიდი სიხარულით წავიდა და ჩვენ მერე გაოცებული ვუყურებდით ერთმანეთს, ეს ვინ იყოო. ამან ჩემზე დიდი გავლენა იქონია და იმედი უფრო გამიმყარდა.

საღამოს, 7 საათზე, აშშ-ის საელჩოში მიღებას დავესწარი. სახლში მოსვლისას აღმოჩნდა, რომ ჩანთა უნივერსიტეტში დამრჩენია. მძღოლმა ცარიელი ჩანთა მომიტანა. კომპიუტერი მაგიდაზე მედო.

26 სექტემბერი, ოთხშაბათი

დილის 9 საათზე ბავშვები სკოლაში მივიყვანე. უნივერსიტეტში მისვლისთანავე საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში შევიარე და წინა დღეების აქტივობები მიმოვიხილეთ. შემდეგ ერთ-ერთი დეკანის დედა გვესტუმრა და მან გვითხრა, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი ჩვენ გვიჭერს მხარს და რომ ისინი მზად არიან ჩვენს მხარდასაჭერად. 1996-ში იმ ქალბატონის მეუღლის პანაშვიდზე მივედით და მივუსამძიმრეთ. ქალბატონს ეს ფაქტი დღემდე ახსოვდა და ამისთვის მადლიერებას გამოხატავდა.

სტუდენტის წერილიც მივიღე:

"გამარჯობა, ბატონო ილიას! ვიცი, ახლა ბევრი გაქვთ საფიქრალი და სანერვიულო, მაგრამ თუ შეძლებთ, ცოტაოდენი დრო დამითმეთ. თქვენს უნივერსიტეტში 2015 წლიდან ვმუშაობ თეატრალური კლუბის რეჟისორად. სასწავლო სემესტრის დაწყებისთანავე ვაფორმებ ხოლმე ხელშეკრულებას. წელს, მიმდინარე პრობლემების გამო, დღემდე არ ვიცი, ვაგრძელებ თუ არა თქვენს უნივერსიტეტში მუშაობას. 1-ლი სექტემბრიდან ველოდები პასუხს - გააგრძელებს თუ არა თეატრალური კლუბი არსებობას. პასუხი იგვიანებს. ამასთანავე, მოგვივიდა მოწვევა თეატრალურ ფესტივალზე და ისინიც ელოდებიან ჩემს პასუხს. მე თვითონაც სტუდენტი ვარ, ჩემი ერთადერთი შემოსავლის წყარო ეს სამსახური და ვერც ახალ სამსახურს ვიწყებ იმის გამო, რომ აქ არაა დღემდე გადაწყვეტილი ეს საკითხი. თუ შეიძლება, მიპასუხეთ. მადლობა დიდი".

ვუთხარი ჩემთან მოსულიყო. როგორც წესი, სტუდენტები ასეთი ტიპის პრობლემებით მოდიან ჩემთან და არ მახსოვს, ვინმე უკმაყოფილო გასულიყო ჩემი კაბინეტიდან. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ვეხმარები ვინმეს, ყოველთვის ვუხსნი, თუ რატომაც ვერ ხერხდება. არ ყოფილა ისეთი საკითხი, რომელზეც სტუდენტებთან შეთანხმება ვერ მიმეღწია. სტუდენტები ძალიან ობიექტურად აფასებენ სიტუაციებს. მთავარია სწორად აუხსნათ არსებული ვითარება.

27 სექტემბერი, ხუთშაბათი

დილით სტუმრებს შევხვდი. 12-ზე სტუდენტებთან შეხვედრას დავესწარი, 2-ზე კი საელჩოს ვესტუმრე. 4 საათზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ვუმასპინძლე. ეს რეჟიმი ჩემი ყოველდღიურობის ნაწილია, თუმცა იმაზე ფიქრი, რომ სტუდენტებს რითი შევუმსუბუქოთ ყოფა და როგორ შევუწყოთ ხელი, არასოდეს შემიწყვეტია.

ერთხელ საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის წინ მოწყენილი სტუდენტი შევამჩნიე. ვკითხე, თუ რა უჭირდა. მან მითხრა, რომ გაცვლით პროგრამაზე წასასვლელად ბილეთი უკვე აიღო, ხოლო ვიზის მიღება ვეღარ ესწრებოდა, თანაც მის ოჯახს ფინანსური პრობლემაც ჰქონდა. მე მას ვუთხარი, რომ ბილეთს ჩვენ ვუყიდიდით. როგორც აღმოჩნდა, მის გარდა, კიდევ ორი სტუდენტი იყო იგივე მდგომარეობაში. ჩვენ ისინიც უზრუნველვყავით ბილეთებით. არ მინდა, ამ მძიმე პერიოდის გამო, ვეღარ შევძლოთ დახმარების გაწევა ჩვენი ნიჭიერი და მონდომებული სტუდენტებისთვის.

28 სექტემბერი, პარასკევი

დილის 10 საათზე მონაწილეობა მივიღე საერთაშორისო კონფერენციის (HALC) გახსნაში. გახსნის ცერემონიალის შემდეგ ლანჩი მოეწყო. იქ ჩვენი სტუდენტი მოვიდა და მითხრა, რომ ფოთის ერთ-ერთ ბანკში IBSU-ს ერთ-ერთი კურსდამთავრებული მუშაობს და ყველა მასზე საუბრობს - მან ყველაზე კარგად იცის ინგლისურიო. ისიც მითხრა, რომ როდესაც ტაქსით მოვიდა უნივერსიტეტში და როდესაც ტაქსისტმა გაიგო, რომ იგი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლობდა, ტაქსისტს მისგან თანხა არ აუღია. ეს სოლიდარობა, რაც ჩვენდამია საზოგადოებაში, ყველაზე მეტად გვიმაგრებს გულს.

დღეს ეთნოგრაფიულ მუზეუმში ვიყავი. ჩემს სოფელში ზუსტად ისეთი ძველი ქართული სახლი გვაქვს, რომელიც აქ ვნახე და იდეა დამებადა გავარემონტო და მუზეუმად ვაქციო, სადაც სხვადასხვა ძველ ნივთს მოვუყრი თავს, რომელიც ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ წაღებული ბათუმიდან. დღემდე ბევრ ოჯახშია შემონახული ასეთი ნივთები და, ვფიქრობ, საინტერესო იქნება მათი გამოფენა.

29 სექტემბერი, შაბათი

დილით, საუზმის შემდეგ, ბავშვებს დავალებების მომზადებაში დავეხმარე, ცოტაც ვითამაშეთ. ბოლო პერიოდში მხოლოდ უქმეებზე მრჩება ამის დრო. წერისთვისაც უფრო მოვიცალე დღეს...

ყოველთვის ვცდილობდი, ვყოფილიყავი უშუალო და უბრალო ადამიანი. ერთ დღეს, ჩვენი უნივერსიტეტი ერთ-ერთ სკოლაში დაჯილდოების ცერემონიალს აწყობდა. ცერემონიალის დაწყებამდე იქაურ დამსწრე საზოგადოებას უშუალოდ ვესაუბრებოდი. იქ მყოფებიდან ერთი ადამიანი მოვიდა და ჩემი ვინაობა იკითხა. ვუთხარი, რომ რექტორი ვიყავი. მან გაკვირვებით შემომხედა. ღონისძიების შემდეგ კვლავ მომიახლოვდა და კითხვა გამიმეორა - მართლა რექტორი ყოფილხართო. თითქოს ვერ იჯერებდა, რომ რექტორს შეუძლია სხვებთან ასე უშუალო ფორმით ურთიერთობა.

ჩემთვის თანამდებობას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, არამედ მნიშვნელოვანია ადამიანური თვისებების დემონსტრირება.

საქართველოში ჩამოსვლა და საქმიანობაც ამ მოტივით დავიწყე, რომ ეს იქნებოდა ჩემთვის შესაძლებლობა ჩემი საქმით მემსახურა საზოგადოებისთვის, ახალგაზრდა თაობისთვის. მე ლექციებს ვკითხულობდი ამერიკაში, ატლანტაში, და მქონდა შესაძლებლობა იქ ცხოვრების. უარი ვთქვით ამაზე და მთელი ოჯახით დავბრუნდით საქართველოში, მივიღეთ საქართველოს მოქალაქეობა.

არასდროს დამავიწყდება ჩემს ერთ თურქ მეგობართან საუბარი. ჩვენ ერთად ვსწავლობდით IBSU-ში. 1999 წელს დავამთარეთ ბაკალავრიატი, რის შემდეგაც ის გერმანიაში წავიდა და კომპანია Bosh-ში დაიწყო მუშაობა.

წასვლის შემდეგ ტელეფონზე ვსაუბრობდით. მე ვუთხარი, რომ რა კარგია გერმანიაში რომ იყო და რა ბედნიერი იქნებოდა ალბათ. მან ასეთი პასუხი გამცა: "დღეები, რომელიც საქართველოში გავატარე, არის ჩემთვის სამოთხის ტოლფასი".

მე ვკითხე: ეგ როგორ, არც შუქი იყო, არც გაზი-მეთქი. მიპასუხა, რომ მთავარია, აქ ძალიან კარგი მეგობრები ჰყავდა. გაიხსენა როგორ გვეფერებოდენ მეზობლები და გვიმზადებდნენ სადილს.

ხშირად მეკითხებიან, როგორ ვისწავლე ასე კარგად ქართული. შეიძლება ბევრმა არც იცის, რომ მე წარმოშობით ქართველი ვარ. რა თქმა უნდა, ჩვენთან კუთხური ქართულით ვსაუბრობდით და წერა არ ვიცოდით. როდესაც ჩამოვედი, არ მესმოდა ტელევიზიები და ვერ ვკითხულობდი გაზეთებს. ჩემი წინაპრები ქართველები იყვნენ და ოჯახშიც ქართულად ვსაუბრობდით. თურქული ენა სკოლაში ვისწავლე და ბევრი რამის გახსენება შემიძლია ჩვენი იქაური ცხოვრებიდან, თუმცა დღიურს მაინც ჩვენი მოვლენებით დავასრულებ:

ამ არასწორი გადაწყვეტილებით ძაან დიდი ფინანსური, მორალური ზიანი მოგვაყენეს.

დღევანდელ IBSU-ს ის ადამიანები ქმნიან, რომელთაც ხშირად ღამეები უთენებიათ უნივერსიტეტის წარმატების მისაღწევად.

ზოგადად, ნებისმიერ გადაწყვეტილებისას ჩემ თავს იმ ადამიანის ადგილას ვაყენებ და ვცდილობ, რომ ვიყო ჩვენი ახალგაზრდებისთვის კარგი მაგალითი.

როდესაც დეკანი ვიყავი, უნდა გამერიცხა ერთი სტუდენტი. დავიბარე ჩემთან და ვკითხე, როგორ მოიქცეოდა მას შემდეგ, რაც გავრიცხავდით და თუ სიტყვას მომცემდა, რომ ასე არ გააგრძელებდა, შევუნარჩუნებდი სტუდენტის სტატუსს. მომცა სიტყვა და მართლაც იმდენად წახალისდა ამით, დადებითად აისახა ეს მასზე.

ერთხელაც, ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანმა მითხრა, რომ ჩვენს მოწინავე სტუდენტს უჭირდა და მშენებლობაზე მუშაობისგან ხელები ჰქონდა დახეთქილი. მოსვენება დავკარგე ამის გაგებისას და ლექციების შემდეგ ჩვენთან შევთავაზეთ იმ სტუდენტს მუშაობა.

ასეთი ბევრი მაგალითის მოყვანა შემიძლია, ვინაიდან ეს არის დიდი ოჯახი, სადაც ქართველი და უცხოელი სტუდენტები ერთად სწავლობენ. ჩვენ უდიდესი ენერგია დავხარჯეთ, რომ ამ დღემდე მოვსულიყავით.

არ მგონია, რომ ერთი ხელს მოსმით ეს ყველაფერი წყალში ჩაიყაროს და დიდი იმედი მაქვს, მალე გამოსწორდება ეს უსამართლო გადაწყვეტილება.

ილიას ჩილოღლუ - IBSU-ს რექტორი
please wait

No media source currently available

0:00 0:20:45 0:00
გადმოწერა

XS
SM
MD
LG