Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იკეტება თუ არა აშშ მიგრანტებისთვის - რა ვიცით ამ ეტაპზე?


ათასობით მიგრანტი ელოდება თავშესაფარს აშშ-ში დელ რიოს საერთაშორისო ხიდთან ახლოს მდინარე რიო გრანდეს გადაკვეთის შემდეგ. ტეხასი, აშშ, 2021 წლის 18 სექტემბერი. გადაღებულია დრონით. სააგენტო როიტერსი.
ათასობით მიგრანტი ელოდება თავშესაფარს აშშ-ში დელ რიოს საერთაშორისო ხიდთან ახლოს მდინარე რიო გრანდეს გადაკვეთის შემდეგ. ტეხასი, აშშ, 2021 წლის 18 სექტემბერი. გადაღებულია დრონით. სააგენტო როიტერსი.

ახალი თავსატეხი გაუჩნდათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ - დაადგნენ გრძელ და მძიმე გზას - მექსიკის გავლით აშშ-ში მოსახვედრად. გავრცელდა ცნობა, რომ მარტის შუა რიცხვებიდან აშშ-ში მიგრაცია ძალიან გართულდება. რამდენად საფუძვლიანია ეს ცნობა?

კანონი, რომელსაც ამოქმედების თარიღად 5 მარტი აქვს მითითებული, ამერიკის შტატებიდან მხოლოდ ტეხასშია დამტკიცებული. ამ შტატის რესპუბლიკელი გუბერნატორი მწვავედ უპირისპირდება პრეზიდენტ ბაიდენს. ტეხასის შტატში დამტკიცებული კანონი ფედერალური მთავრობის საქმეში ჩარევად და შესაბამისად - ანტიკონსტიტუციურად შეფასდა.

სენატორების მიერ შეთანხმებული კანონპროექტი კვლავ დავის საგანია წარმომადგენელთა პალატაში. უკანონო მიგრაცია შეერთებულ შტატებში მწვავე შიდა პოლიტიკური დაპირისპირების თავსატეხად რჩება.

რატომ ატყდა განგაში?

მიგრაციის მსურველებს შორის განგაში მოჰყვა ერთ-ერთი ტუროპერატორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 15-20 მარტიდან შესვლა თითქმის ყველა შტატში გაძნელდება, გამოძიების დასრულებამდე ყველა ციხეში მოხვდება და ვინც ვერ დაადასტურებს ლტოლვილად ჩაბარების საფუძველს, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის გაასამართლებენ. არ სახელდება წყარო, თუ რას ეყრდნობა ასეთი ინფორმაცია.

მართალია, რომ ვეღარ შევალთ? და ვისაც უკვე გადახდილი გვაქვს ფული, რა ვქნათ? და ვინც უკვე გზაშია, იმას რა ეშველება? ვინც უკვე ციხეშია, იმათზე რა ისმის, როდემდე გააჩერებენ იქ? – ლტოლვილობის მსურველები თუ მათი ოჯახის წევრები სოციალურ ქსელებში, ღია თუ დახურულ ჯგუფებში, ათასნაირ შეკითხვას სვამენ - მსგავსი ინფორმაცია მათ ადრეც სმენიათ, მაგრამ არ გამართლებულა.

ვირუსულად გავრცელებულმა ინფორმაციამ თავსატეხი გაუჩინა „გადამყვანებს“, რომლებიც მიგრანტებს მექსიკის გავლით აშშ-ში მოხვედრაში 8500 დოლარად [ყველაზე ხშირად დასახელებული საფასური] ეხმარებიან. რეგულაციების გამკაცრებასთან დაკავშირებული მოლოდინი მათ კლიენტების დაკარგვის საფრთხესაც უქმნის.

ზოგიერთები იმასაც ამბობენ, რომ დეზინფორმაციის გავრცელება არაკეთილსინდისიერ კონკურენციას ემსახურება.

„გადამყვანები“ ცდილობენ დაარწმუნონ მიგრაციის მსურველები, რომ ამ ეტაპისთვის არაფერი იცვლება და პროცესი ისეთივე ალგორითმით მუშაობს, როგორც უწინ:

  • ზოგს გაუმართლებს - აღრიცხავენ და სწრაფად უშვებენ თავისუფლად და თანაც ისე, რომ ინტერვიუსაც არ უტარებენ;
  • ზოგს არ უმართლებს - შესაძლოა, თვეების განმავლობაშიც კი მოუწიოს საემიგრაციო საპატიმროში ყოფნა, საქმეების განხილვამდე და შემდეგ, შესაძლოა, პირდაპირ დეპორტაციას დაექვემდებაროს.

რა არის მოსალოდნელი მარტში?

გუბერნატორმა გრეგ აბოტმა 2023 წლის დეკემბერში, ხელი მოაწერა ტეხასის შტატის სენატის მიერ დამტკიცებულ კანონს №4 (SB4), რომელიც უკანონო მიგრაციას სისხლის სამართლის დანაშაულად განიხილავს.

კანონი მკაცრ ზომებს მოიცავს:

  • ტეხასის შტატის სამართალდამცველები დააკავებენ მიგრანტებს და მოათავსებენ მათ ციხეში 6 თვით, ხოლო შემდეგ - სწრაფადვე გააბრუნებენ უკან;
  • თუკი მიგრანტები შეეცდებიან და ვერ დაამტკიცებენ ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნის საფუძველს, ისინი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მუხლით გასამართლდებიან;
  • პირებს, რომლებიც არ შეასრულებენ სადეპორტაციო მოთხოვნას და თავიანთ ქვეყანაში არ დაბრუნდებიან, ელით ციხე 2-დან 20 წლამდე;
  • უკანონო მიგრაციის ფაქტის გამეორების შემთხვევაში, პირს 20 წლამდე ციხე ემუქრება;
  • ასევე მაღალი სასჯელი ემუქრება მათ, ვინც მიგრანტების ტეხასის შტატში შეპარებას შეეცდება.

ამ კანონით, სამართალდამცველებს აქვთ უფლება, ადამიანები გააჩერონ ქუჩაშიც და მათ საბუთების წარდგენა სთხოვონ. თუკი პირს შესაბამისი საბუთები არა აქვს, საზღვრის უკანონოდ გადალახვის ბრალდება მასაც შეეხება და დეპორტაციას დაექვემდებარება.

ტეხასი ერთადერთი შტატია, სადაც მსგავსი კანონი შემოიღეს; თუმცა მას უკვე შეხვდა ფედერალური მთავრობის წინააღმდეგობა. იანვრის დასაწყისში, აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ მიმართა სასამართლოს ამ კანონის ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებისა და აკრძალვის მიზნით.

ტეხასში დამტკიცებულ კანონს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს - ადამიანის უფლებათა სფეროდან. ამ კანონის წინააღმდეგ დაიწყო არაერთი სასამართლო განხილვა. უფლებადამცველები შეახსენებენ მიგრანტებს, რომ აქვთ უფლება შეინარჩუნონ დუმილი.

  • მიგრანტთა გადამყვანი არაერთი პირის ინფორმაციით, მათ საქართველოს მოქალაქეები ტეხასის შტატში აღარ შეჰყავთ. როგორც ისინი ამბობენ, ამ მარშრუტით ადრე უფრო სარგებლობდნენ და განსაკუთრებით - კანადაში გადასვლის მსურველები.
  • გადამყვანების ინფორმაციით, მიგრანტების მიმართ ამჟამად ყველაზე ლიბერალური მიდგომა კალიფორნიის შტატს აქვს; მანამდე კი - ასეთი რეპუტაციით არიზონა სარგებლობდა. შტატებს შორის, სადაც მიგრანტებს პრობლემები ექმნებათ, ასევე - ლუიზიანა სახელდება.

ტეხასის შტატის რესპუბლიკელი გუბერნატორი მიგრანტებისთვის გზის ფიზიკურად გადაკეტვასაც ცდილობს. გრეგ აბოტმა მავთულხლართები გაავლო მექსიკის მოსაზღვრე ქალაქის [Eagle Pass] 48 კმ-იან მონაკვეთზე და სასაზღვრო პატრულს [ფედერალური სამსახური] ამ ბარიერების აღების საშუალებას არ აძლევდა.

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მავთულხლართების აღების სასარგებლოდ გამოიტანა; მაგრამ ეს გადაწყვეტილება გუბერნატორს ახალი ბარიერების გავლებას არ უკრძალავს და ის ამ პროცესს აგრძელებს.

4 თებერვალს, გრეგ აბოტმა X-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის - სასაზღვრო კედლის აღმართვის შესახებ იუწყება. ტეხასის გუბერნატორი მწვავედ უპირისპირდება პრეზიდენტ ბაიდენს და მისგან საზღვრების სრულ დაცვას მოითხოვს.

როგორც ამერიკული მედია იტყობინება, ტეხასის შტატის გუბერნატორის ბრძოლას მხარდაჭერა გამოუცხადეს 20-ზე მეტი შტატის რესპუბლიკელმა გუბერნატორებმა; მათ შორის: სამხრეთ დაკოტის, ფლორიდის, ოკლაჰომის, ვირჯინიისა და ჯორჯიის შტატებიდან. ტეხასის გუბერნატორის წამოწყებას მხარს უჭერენ ორგანიზაციები და ცალკეული პირები სხვადასხვა შტატიდან.

რას აპირებს აშშ-ის ხელისუფლება?

კვირას, 4 თებერვალს, გამოქვეყნდა ამერიკელი სენატორების მიერ შეთანხმებული ორპარტიული დოკუმენტი, ნაციონალური უსაფრთხოების საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მიგრაციის საკითხს მოიცავს.

ამ დოკუმენტს ჯერჯერობით მხოლოდ კანონპროექტის სახე და ბუნდოვანი მომავალი აქვს.

მიგრაციასთან დაკავშირებული რეგულაციები უსაფრთხოებასთან დაკავშირებული უფრო ფართო საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია, რომელიც ასევე მოიცავს 61-მილიარდიან დახმარებას უკრაინისთვის.
ასევე მოიცავს მასშტაბურ დახმარებას ისრაელისთვის და ჰუმანიტარულ დახმარებას ღაზის სექტორისთვის.

კანონპროექტი მოიცავს მთელ რიგ მკაცრ შეზღუდვებს აშშ-ის სამხრეთით [მექსიკის მხრიდან], რომელთა მსგავსიც მიგრანტების მიმართ ლოიალური აშშ-ისთვის აქამდე უცხო იყო.

ტექსტის თანახმად:

  • აშშ-ის მთავრობას შესაძლებლობა ექნება შეზღუდოს საზღვრის კვეთა, თუკი ერთი კვირის მანძილზე დღეში მიგრანტების რაოდენობა 4000-ს მიაღწევს;
  • თუკი მიგრანტების რაოდენობა ერთკვირიან მონაკვეთში დღეში საშუალოდ 5000-ზე მეტი იქნება ანდა ერთ დღეს 8500 ან მეტი იქნება, მაშინ უსაფრთხოების დეპარტამენტს განაცხადების მიღების შეჩერების ვალდებულება ექნება;
  • დაჩქარდება ლტოლვილის სტატუსის მაძიებელთა საქმეების შესწავლის პროცესი და სწრაფ დეპორტაციას დაექვემდებარება პირი, თუკი ვერ დააკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს;
  • 6 თვემდე შემცირდება საქმეების განხილვის ვადა, როცა ამჟამად მოქმედი პრაქტიკით, განხილვები 10 წლამდეც ჭიანურდებოდა.

მიგრაციასთან დაკავშირებულ სადავო კანონპროექტზე თვეების განმავლობაში მუშაობდნენ სენატორები: დემოკრატი კრის მერფი, რესპუბლიკელი ჯეიმს ლანკფორდი და დამოუკიდებელი სენატორი - კირსტენ სინემა.

სენატორმა სინემამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ახალი რეგულაციები პრაქტიკულად გამორიცხავს აშშ-ში იმ ადამიანების შეშვებას, ვინც ამას უკეთესი ცხოვრების ხიბლით ცდილობს.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ კანონპროექტი კანონადაც რომ იქცეს, მისი ამოქმედება სწრაფად ვერ მოხერხდება, რადგან დამატებითი ვალდებულებები დამატებით პერსონალს მოითხოვს, ხოლო მათი შერჩევა და მომზადება - დიდ დროს.

კანონპროექტის დამტკიცება საეჭვოა.

დოკუმენტის შინაარსის გამო უკვე დიდი უკმაყოფილება გამოხატა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, რესპუბლიკელმა მაიკ ჯონსონმა, რომელიც აშშ-ის ექსპრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თანამოაზრეა და ხშირად ლაპარაკობს მასთან კონსულტაციების შესახებაც.

„ეს კანონპროექტი იმაზე უარესია, ვიდრე მოველოდით და არცკი მიგვაახლოებს პრეზიდენტის მიერ შექმნილი სასაზღვრო კატასტროფის დასასრულთან. თუკი ეს კანონპროექტი მოხვდება წარმომადგენელთა პალატაში, ის მკვდარი იქნება მოსვლისთანავე“, - დაწერა ჯონსონმა X-ზე.

დონალდ ტრამპის თანამოაზრე რესპუბლიკელებს მიგრანტებისთვის საზღვრის დახურვა სურთ და სენატში შეთანხმებულ კანონპროექტში ისინი ამგვარ პერსპექტივას ვერ ხედავენ.

წინასწარი ინფორმაციით, კანონპროექტს სენატში 7 თებერვალს უნდა უყარონ კენჭი.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი კანონპროექტს კონგრესი ისევ ჩააგდებს? ამ შეკითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს. ამით დაზარალდება უკრაინაც - დახმარების საკითხის კიდევ ერთხელ გადავადებით.

ექსპერტები ეჭვობენ, რომ ექსპრეზიდენტ ტრამპის მოკავშირე რესპუბლიკელები ასრულებენ მის წინასაარჩევნო სურვილს, რომ - მიგრაციის საკითხებზე კომპრომისი არ დაუშვან, რათა ამან პრეზიდენტ ბაიდენის სასარგებლოდ არ იმუშაოს.

როიტერსის მიერ ახლახან გამოქვეყნებული გამოკითხვის თანახმად, დეკემბრის შემდეგ - 17%-მდე გაიზარდა იმ ამერიკელების რიცხვი, ვინც მიგრაციას მთავარ პრობლემად თვლის. მიგრაციის პრობლემა მეორე ადგილზეა რესპონდენტების მიერ დასახელებულ მთავარ პრობლემებს შორის.

აშშ-ის პრეზიდენტი მოუწოდებს ამერიკელ კანონმდებლებს - მხარი დაუჭირონ ახალ რეგულაციებს. ჯო ბაიდენი განცხადებაში აღნიშნავს, რომ მიგრაციის პოლიტიკა გასაუმჯობესებელია; ხოლო ნაციონალური უსაფრთხოების შეთანხმება „მოიცავს ათწლეულების მანძილზე ყველაზე მკაცრ და სამართლიან რეფორმებს“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG