Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იან კელი: „რაც უფრო ჩაღუნავთ თავს, მით უფრო წააქეზებთ კრემლის აგრესიას“


იან კელი, შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში
იან კელი, შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში

„უკრაინის კრიზისი არ მოახდენს გავლენას აშშ-ის მხარდაჭერაზე, მაგრამ ქართველების ადგილზე დიდ ყურადღებას მივაქცევდი იმას, თუ რას ამბობენ ევროპელი ლიდერები - ვფიქრობ, საქართველოს ნამდვილად მოუწევს დიპლომატიის გაძლიერება ბრიუსელთან, ბერლინსა და პარიზთან“, - უთხრა რადიო თავისუფლებას შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა საქართველოში, იან კელიმ. მისი აზრით, უკრაინის კრიზისის ფონზე, როდესაც საქმე ეხება „სტრატეგიულ პარტნიორს მსგავსი მისწრაფებებით“, საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე ბევრად მეტ აქტიურობას უნდა იჩენდეს. ყოფილ დიპლომატს ვაჟა თავბერიძე პრაღიდან ესაუბრა.

რადიო თავისუფლება: რიტორიკული შეკითხვით დავიწყოთ: ლავროვი გვეუბნება, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას არ აპირებს. რატომ არ გვჯერა მისი?

[საქართველოს მთავრობას] არ სურს კრემლის ყურადღება მიიქციოს... ვერ დავეთანხმები ამ მიდგომას - პირში წყლის ჩაგუბება დიდი შეცდომაა. რაც უფრო ჩაღუნავთ თავს, მით უფრო წააქეზებთ კრემლის აგრესიას...

იან კელი: საკმარისი მიზეზი გვაქვს, რომ არ გვჯეროდეს. თუ უკრაინაში შეჭრას არ გეგმავ, რატომ განალაგე საზღვართან ზუსტად ის დანაყოფები, რაც უკრაინაში შეჭრისთვის დაგჭირდებოდა? რაში გჭირდება საველე ჰოსპიტლები და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა, რომელიც ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებისთვისაა გათვალისწინებული? ჩვენ ვერ ვენდობით რუსეთს, რადგან წარსულში მათი განცხადებები, რბილად რომ ვთქვათ, სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ასე რომ, იმის მიხედვით ვაკეთებთ დასკვნებს, რასაც საკუთარი თვალით ვხედავთ.

რადიო თავისუფლება: თუ შეჭრა არა, მაშინ რა? რა ალტერნატივები აქვს პუტინს?

იან კელი: ეს რთული კითხვაა. პუტინს მთელი მენიუ აქვს, საიდანაც შეუძლია აირჩიოს, რას მოიმოქმედებს - რუსული ძალები მობილიზებულია ჩრდილო-აღმოსავლეთით და სამხრეთშიც. რეალურად, ეს საკმარისი ძალაა უკრაინის ორად გასაყოფად. ამას გარდა, მოსკოვში, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, უკრაინაში მთავრობა შეცვალონ. პუტინის თავში ვერ შევძვრებით, მაგრამ ვფიქრობ, მისი მთავარი მიზანია, უკრაინა რუსეთს საბოლოოდ დაუქვემდებაროს. ანუ მისი განზრახვაა არა მთელი უკრაინის ანექსია, როგორც ეს ყირიმის შემთხვევაში მოხდა, არამედ უზრუნველყოფა, რომ კიევში იჯდება მთავრობა, რომელიც დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე უარს იტყვის და ამის სანაცვლოდ, პუტინის ევრაზიულ სტრუქტურებში გაწევრიანებას დაყაბულდება, როგორც, მაგალითად, ბელარუსი და ყაზახეთი. ის კმაყოფილი იყო იანუკოვიჩის რეჟიმით - შესაბამისად, რუსეთისთვის სასურველ მოდელად შეგვიძლია სწორედ მსგავსი რეჟიმი მოვიაზროთ.

რადიო თავისუფლება: ამას გარდა, დუმაში განიხილავენ კომუნისტების პარტიულ ინიციატივას, რომ დონეცკი და ლუგანსკი დამოუკიდებელ ერთეულებად აღიარონ. რამდენად რეალურია ეს?

იან კელი: როგორც უკვე ვახსენე, პუტინს ალტერნატივების მრავალფეროვანი მენიუ აქვს. ამავდროულად, ბევრი შიშობს, რომ მან საკუთარი თავი ჩიხში მოიქცია და ახლა უკან ვეღარ დაიხევს, რადგან ეს სუსტად წარმოაჩენს. როგორც ვნახეთ, პრეზიდენტი ბაიდენი ფიქრობს, რომ ის უკრაინაში შეიჭრება. მე ვეთანხმები მას, ვფიქრობ, პუტინი თავს ვალდებულად თვლის, რაიმე სამხედრო სვლა გააკეთოს. აზარტული ადამიანი არ ვარ, მაგრამ ფსონს რომ ვდებდე, იმაზე დავდებდი, რომ ის უმოქმედოდ არ იჯდება.

რადიო თავისუფლება: პრეზიდენტ ბაიდენის ბრიფინგს, მის ფრაზას უკრაინაში რუსეთის „მცირე“ და „დიდ“ შეჭრაზე, ფართო განხილვა და თავდაპირველად, დაბნეულობა მოჰყვა. მიუხედავად შემდგომ გაკეთებული განმარტებებისა, დაბნეულობა იმდენად დიდი იყო, რომ ვფიქრობ, ლეგიტიმურია კითხვა - რამდენად ასახავს პრეზიდენტის პრესკონფერენცია აშშ-ის პოლიტიკასა და პოზიციას?

იან კელი: ვფიქრობ, პრეზიდენტი ხმამაღლა ფიქრობდა, რაც ძალიან სახიფათო რამეა, როდესაც პრეზიდენტი ხარ და კამერების წინ დგახარ. თანაც, იმის გათვალისწინებით, რომ [აშშ-ის] მოკავშირეთა შორის არიან ქვეყნები, რომლებიც ცდილობენ, ამ პრობლემიდან გამოსავალი რუსულ გაზზე უარის უთქმელად იპოვონ - ცენტრალური ევროპა თითქმის მთლიანად რუსულ გაზზეა დამოკიდებული. ასე რომ, ვფიქრობ, ის უბრალოდ ხმამაღლა პასუხობდა საკუთარი თავისთვის დასმულ შეკითხვას - რამდენად რთული იქნება მოკავშირეების დათანხმება იმ უპრეცედენტო სანქციებზე, თუ ეს მხოლოდ „მცირე შეჭრა“ იქნება? ეს არ ასახავს აშშ-ის სახელმწიფო პოლიტიკას, მაგრამ ასახავს რეალობას. სანქციების პაკეტის, ასე ვთქვათ, სიმწვავე და მტკივნეულობა ალბათ მართლაც დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა მასშტაბის სამხედრო ექსპანსიას ვიხილავთ პუტინის მხრიდან. რატომ მოჰყვა ამას ასეთი გულისწყრომა - იმიტომ, რომ შეიქმნა შთაბეჭდილება, - და ვფიქრობ, პრეზიდენტი ბაიდენი ამას სულაც არ გულისხმობდა, - რომ თუ პუტინი „მცირე შეჭრას“ განახორციელებს, ამას სერიოზული შედეგები არ მოჰყვება. მაგრამ ვფიქრობ, რომ ასე არ არის - შტატებში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს უმძიმესი სანქციების პაკეტს.

რადიო თავისუფლება: უკრაინაში ერთობ უკმაყოფილოები არიან იმით, რომ დასავლეთს შესაძლოა სხვადასხვაგვარი რეაგირება ჰქონდეს ამ „მცირე“ და „დიდ“ შეჭრაზე. რას ეუბნება [დასავლეთი] პრეზიდენტ ზელენსკის?

პრეზიდენტი ბაიდენი ხმამაღლა ფიქრობდა, რაც ძალიან სახიფათო რამეა, როდესაც პრეზიდენტი ხარ და კამერების წინ დგახარ...

იან კელი: ვფიქრობ, აქ უმთავრესია არა ის, რას ვეტყვით, არამედ ის, თუ რას გავაკეთებთ მისთვის. ჩვენ ვმუშაობთ ევროპის ქვეყნებთან ერთად, რათა კიევს მივაწოდოთ იმ ტიპის თავდაცვითი იარაღი, რომელიც უკრაინას რუსეთის შემოჭრის მოსაგერიებლად დასჭირდება. შეერთებული შტატები უკრაინას აწვდის ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო სისტემებს, ასევე იქცევიან დიდი ბრიტანეთი, ბალტიის ქვეყნები, ჩეხეთი... საქმე ლაპარაკის ნაცვლად - აი, როგორი უნდა იყოს ჩვენი გზავნილი უკრაინისადმი.

რადიო თავისუფლება: რაც შეეხება დასავლეთის „უპრეცედენტო სანქციებს“ - ხშირად ისმის მოსაზრება, რომ რუსეთმა უკვე გამოიმუშავა ნაწილობრივი იმუნიტეტი სანქციების მიმართ და პუტინს ვერ შეაჩერებს.

იან კელი: ამ შიშს ბევრი ჩვენგანი იზიარებს - ვფიქრობ, პუტინს სანქციების ფაქტორი უკვე გათვალისწინებული აქვს. პუტინმა სანქციები საკუთარ ნარატივს მოარგო - რომ დასავლეთი რუსეთს ძირს უთხრის, რომ დასავლეთს სანქციებით რუსეთის დაქცევა სურს, და ვფიქრობ, ამით პოლიტიკური სარგებელი მიიღო - რუს ხალხს ჩააგონა, რომ ლიდერის გვერდით უნდა იდგნენ გარედან მომავალი აგრესიის წინააღმდეგ.

ამიტომ ვფიქრობ და ვიმედოვნებ, რომ რუსეთისთვის ჩვენი მთავარი გზავნილი იქნება ასეთი - ეს ყირიმი არ არის, ეს არ არის 2014 წელი. ყირიმი იმიტომაც იყო პუტინისთვის ტრიუმფი, რომ მან ეს უსისხლოდ მოახერხა. ახლა ფუნდამენტურად განსხვავებული სიტუაციის წინაშე ვდგავართ. თუ პუტინი უკრაინაში შეიჭრება, უკრაინელები იბრძოლებენ, ამას სისხლისღვრა მოჰყვება. ეს არ იქნება ისეთივე ტრიუმფალური სვლა გამარჯვებისკენ, ამას ახალგაზრდა რუსების სიცოცხლე შეეწირება.

რადიო თავისუფლება: ფიქრობთ, რომ პუტინი რუსული სისხლის დაღვრას მოერიდება საკუთარი მიზნების მისაღწევად?

იან კელი: მოკლედ გიპასუხებთ - არა, არ ვფიქრობ ასე. მაგრამ ვფიქრობ, ეს იქნება გარკვეული შემზღუდველი ფაქტორი იმისა, თუ რა მასშტაბისა და ხანგრძლივობის სამხედრო მოქმედებებს უნდა ველოდოთ კრემლისგან. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ის სულაც არ მორიდებია რუსული სისხლის დაღვრას 2008 წლის აგვისტოს, საქართველოში.

რადიო თავისუფლება: რაც შეეხება საქართველოს - რა გავლენა ექნება ყველაფერ ამას საქართველოზე? განსაკუთრებით საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და სურვილზე, როგორმე გამოაღწიოს რუსეთის უკანა ეზოდან?

იან კელი: თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ეს მთელ ევროპაზე მოახდენს გავლენას, არა მხოლოდ საქართველოზე. ეს გავლენას მოახდენს სავაჭრო საკითხებზე, გავლენას მოახდენს შავი ზღვის აუზზე. ვფიქრობ, პუტინი არაა დაინტერესებული მრავალ ფრონტზე გახსნილი ომით, ასე რომ, არა მგონია, პარალელურად საქართველოს წინააღმდეგაც მიმართოს სამხედრო აგრესია.

ეს არ იქნება ტრიუმფალური სვლა გამარჯვებისკენ, ამას ახალგაზრდა რუსების სიცოცხლე შეეწირება... ...მაგრამ პუტინი სულაც არ მორიდებია რუსული სისხლის დაღვრას 2008 წლის აგვისტოს, საქართველოში...

რაც შეეხება საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, თუ ვაშინგტონისა და მოსკოვის ბოლოდროინდელ განცხადებებს გადავხედავთ, კარგი ისაა, რომ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინაზე საუბრისას, ხაზგასმით ახსენებს საქართველოსაც. ის ამბობს - ჩვენ არასდროს მივუკეტავთ კარს უკრაინასა და საქართველოს. ცუდი ისაა, რომ არც რუსეთს ავიწყდება საქართველო, როდესაც აცხადებენ, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნები ნატოში არ უნდა გაწევრიანდნენ. არა მგონია, შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობა შეამციროს - ამ მხრივ საქართველოს შეუძლია მშვიდად იყოს.

ვფიქრობ, უკრაინის კრიზისი არ მოახდენს გავლენას აშშ-ის მხარდაჭერაზე, მაგრამ ქართველების ადგილზე დიდ ყურადღებას მივაქცევდი იმას, თუ რას ამბობენ ევროპელი ლიდერები - ვფიქრობ, საქართველოს ნამდვილად მოუწევს დიპლომატიის გაძლიერება ბრიუსელთან, ბერლინსა და პარიზთან.

რადიო თავისუფლება: და თავად საქართველომ რა უნდა მოიმოქმედოს უკრაინის მხარდასაჭერად? - უფრო სწორად, არის თუ არა საკმარისი ის, რასაც საქართველო დღეს აკეთებს?

იან კელი: მოკლე პასუხი იქნება - არა. ვფიქრობ, საქართველო ბევრად მეტს უნდა აკეთებდეს. გულწრფელად ვამბობ, ცოტა იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველო უფრო აქტიური არ არის. ვერ ვიჯერებ, რომ პრემიერს ჯერ კიდევ არ დაურეკავს კიევში თავის უკრაინელ კოლეგასთან, ეს წარმოუდგენელია. არ მესმის, ან პრეზიდენტი, ან პრემიერი, რატომ არ მიმართავს კიევს და ამბობს - ჩვენ თქვენ გვერდში ვდგავართ.

თავჩაქინდრული თბილისი - ეს გულდასაწყვეტი სანახავია საქართველოს ნებისმიერი მეგობრისთვის. რატომ? თქვენ და კიევს ერთი და იგივე მიზნები გაქვთ - რატომ არ ამბობთ ამას? რატომ არ ეკითხებით ზელენსკის: რა შეუძლია საქართველოს, რა გავაკეთოთ თქვენს დასახმარებლად?

ვფიქრობ, ეს იმით აიხსნება, რომ [მთავრობას] არ სურს კრემლის ყურადღება მიიქციოს. გასაგებია. მაგრამ განა ეს მიდგომა უნდა ჰქონდეს ქვეყანას, როდესაც სტრატეგიული პარტნიორი, უკრაინა სამხედრო საფრთხის წინაშე დგას? ვერ დავეთანხმები ამ მიდგომას, ვფიქრობ, პირში წყლის ჩაგუბება დიდი შეცდომაა. რაც უფრო ჩაღუნავთ თავს, მით უფრო წააქეზებთ კრემლის აგრესიას.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG