მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე და მერიიდან იანვარში რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებულ თანამშრომელთა ნაწილი მეორე დღეა აქციას მართავენ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის, კახაბერ მახათაძის, გადადგომის მოთხოვნით. აქციის მონაწილეები მერის მისაღებში იმყოფებიან და ამბობენ, რომ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე შენობას არ დატოვებენ.
ზესტაფონის მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე მუნიციპალიტეტის მოქმედ მერს სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობასა და კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს. გიორგი გოგლიჩიძის მტკიცებით, კახაბერ მახათაძემ უგულებელყო ზესტაფონის რაიონული და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილება და მიმდინარე წლის იანვარში მერიიდან გათავისუფლებული თამამშრომლები სამსახურში არ აღადგინა. გოგლიჩიძე იმ ინფრასტრუქტურულ პროექტზე ლაპარაკობს, რომელიც, მისივე მტკიცებით, მოქმედი მერის კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობას ადასტურებს:
„მერმა გამოავლინა თავისი ინტერესი ერთ-ერთ გზაზე, კერძოდ, სოფელ ტაბაკინის, რომელზეც რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოიყო თანხა, და, პროექტის დასრულების ვადის ორჯერ გადაწევის მიუხედავად, გზის საფარი ვერ მოეწყო. მერმა მოიფიქრა კორუფციული სქემა და იგივე გზის მოსაწყობად მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა 169 000 ლარის ღირებულების ტენდერი“.
კახაბერ მახათაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე რომ აღძრული არ არის, დაადასტურებს შესაბამისი სამსახურები. ჩემი ინფორმაციით, მსგავსი საქმე არ არსებობს და ამის დამტკიცება რთული არ არის.ეკატერინე დუგლაძე
ზესტაფონის მერის გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე აქციის მონაწილის გიორგი გოგლიჩიძისავე განცხადებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ 1 500 ტონა ქერქული ნარჩენის მითვისებისთვის მახათაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა სამი მუხლით - ქრთამის აღების, ჯგუფურად უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და წიაღით უკანონოდ საარგებლობის ფაქტებზე.
აქციის მონაწილეთა საპასუხოდ დღეს კომენტარი არ გაუკეთებია ზესტაფონის მერს, კახაბერ მახათაძეს. როგორც მერიაში განაცხადეს, იგი ქალაქში არ იმყოფება.
გიორგი გოგლიჩიძის განცხადებებს სიცრუედ მიიჩნევს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ეკატერინე დუგლაძე. დუგლაძის განცხადებით, მოქმედი მერის, კახაბერ მახათაძის, წინააღმდეგ აღძრული არ არის სისხლის სამართლის არც ერთი საქმე:
„კახაბერ მახათაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე რომ აღძრული არ არის, დაადასტურებს შესაბამისი სამსახურები. ჩემი ინფორმაციით, მსგავსი საქმე არ არსებობს და ამის დამტკიცება რთული არ არის“.
ეკატერინე დუგლაძე ასევე უარყოფს ტენდერების განხორციელებისას რაიმე კანონდარღვევას, მოუწოდებს შესაბამის სამსახურებს დაინტერესდნენ მუნიციპალიტეტში განხორციელებული ტენდერებით და აცხადებს, რომ მზად არის ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ პირთან.
სასამართლომ მე აღმადგინა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე და თუ ეს თანამდებობა ვაკანტური არ იქნებოდა, ეს ვერ იქნებოდა ჩემთვის უარის თქმის საფუძველი.ნინო ნაკაჭიძე
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის კახაბერ მახათაძის გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე აქციის მონაწილის, ნინო ნაკაჭიძის, განცხადებით, მერი არ ასრულებს ორი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რის გამოც მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამაართლის საქმე და მან თანამდებობა უნდა დატოვოს. მისივე თქმით, ის 2015 წლის თებერვლიდან დაინიშნა ზესტაფონის გამგებლის თანაშემწედ, 2018 წლის იანვრიდან კი თანამდებობიდან გაათავსუფლეს ხელშეკრულების ვადის ამოწურვის მოტივით. ნინო ნაკაჭიძე ამბობს, რომ ზესტაფონის მერმა ზესტაფონის რაიონული და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილება ნაწილობრივ აღასრულა და მას აუნაზღაურეს განაცდური, თუმცა სამსახურში არ აღადგინეს იმ მიზეზით, რომ მის ადგილს უკვე იკავებდა კონკურსის წესით შერჩეული ახალი თანამშრომელი:
„სასამართლომ მე აღმადგინა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე და თუ ეს თანამდებობა ვაკანტური არ იქნებოდა, ეს ვერ იქნებოდა ჩემთვის უარის თქმის საფუძველი. სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში ხაზგასმაც მოხდა, რომ მერიას არ ეფიქრა ჩემთვის უარის თქმა. ეს კარგად იციან. უბრალოდ, არ ასრულებენ. ალბათ, ფიქრობენ, რომ თავისი გაიტანონ“.
არ არსებობს ვაკანტური თანამდებობა, სადაც მოხდებოდა მათი დანიშვნა. ამ მიზეზით ვერ ხერხდება და ეს არ არის ვინმეს სურვილზე დამოკიდებული.მალხაზ მაჭავარიანი
აქციის მონაწილეთა საპასუხოდ ზესტაფონის მერიის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი მალხაზ მაჭავარიანი განმარტავს, რომ ფაქტზე მეოთხე თვეა მიმდინარეობს მოკვლევა, თუმცა იგი დასრულებული არ არის და შედეგები ცნობილი არ არის. მალხაზ მაჭავარიანის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლებულთა ნაწილი, 6 თანამშრომელი, თანამდებობებზე აღადგინეს, თუმცა ორი თანამშრომლის აღდგენა ვერ მოხერხდა ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო:
„არ არსებობს ვაკანტური თანამდებობა, სადაც მოხდებოდა მათი დანიშვნა. ამ მიზეზით ვერ ხერხდება და ეს არ არის ვინმეს სურვილზე დამოკიდებული“.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის, კახაბერ მახათაძის, გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე აქციის მონაწილეთა ნაწილი სამსახურიდან დათხოვნას მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ეკატერინე დუგლაძეს, უკავშირებს და ამბობს, რომ მის ინტერესს შეეწირა, რასაც დუგლაძე კატეგორიულად უარყოფს და განმარტავს, რომ რეორგანიზაციის მიმდინარეობისას თავად არ იყო დანიშნული თანამდებობაზე და, შესაბამისად, რეორგანიზაციას ვერ უხელმძღვანელებდა. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, თავის მხრივ, აქციას მართულად მიიჩნევს და სამართალდამცავებს მოუწოდებს გამოიკვლიონ, თუ ვის ინტერესშია ზესტაფონის მოქმედი მერის გადაყენება. აქციის მონაწილეებს დღეს შეხვდნენ ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში შალვა კიკნაველიძე და იმერეთის გუბერნატორის მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი. თითქმის ორსაათიანი შეხვედრა კიკნაველიძემ და დალაქიშვილმა უკომენტაროდ დატოვეს.