Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მზე


ზაზა ბურჭულაძე
ზაზა ბურჭულაძე

„ქართული ოცნების“ პატრონი დღემდე ვერ თუ არ იქცა პოლიტიკურ სუბიექტად და დარჩა ჩრდილოვან ობიექტად. ანუ იმად, რაც იყო თავიდანვე. უხილავი საცეცებით პროცესის მართვა მაფიოზური სტილია. თუმცა მაფიოზებსაც აქვთ რაღაც ღირსების კოდექსი. ისინიც იღებენ ხოლმე პასუხისმგებლობას თავიანთ გადაწყვეტილებებზე.

„ქართული ოცნების“ პატრონი კი ტრიუკებით ახერხებს ხოლმე გაექცეს პასუხისმგებლობას. და აი, ამ უპასუხისმგებლო ობიექტმა კიდევ ერთი ტრიუკის ჩატარება გადაწყვიტა. ეგებ მთავარი ტრიუკისაც. მეფოკუსე რომ გააქრობს ხოლმე კურდღელს ან სპილოს. ზოგს მთელი თვითმფრინავიც კი გაუქრია. და რაც უფრო დიდია ობიექტი, მით მეტად გაოცებული რჩება მაყურებელი. მაგრამ ეს სულ ხრიკებია, მოხერხებული ილეთები, რომლებიც ზებუნებრიობის ილუზიას ქმნიან. „ქართული ოცნების“ პატრონი კი ყოველგვარი ილუზიის გარეშე აქრობს მთელ ქვეყანას.

ეს ფოკუსი ისეთი მასშტაბურია, რომ მისი არდანახვა უბრალოდ გამორიცხულია. და თუ მაინც ვერ ან არ ხედავ, როგორ ქრება საქართველო, მაშინ ან ბრმა ხარ, ან თავს იბრმავებ. მესამე ვარიანტი არ არსებობს.

რა ჰქვია იმას, როცა ყველა მტყუანია, შენ გარდა? ნუთუ ცდება ყველა, ვისაც კი რამე წვლილი მიუძღვის იმაში, რომ დღეს შენი ქვეყანა მსოფლიო რუკაზე არსებობს? და თუ ასეთი მცდარი წარმოდგენები აქვს ამ ხალხს, როგორ ააშენეს ისეთი სახელმწიფოები, რომ მათი დახმარებით გვიდგას დღემდე სული? მათი დახმარებით ვინარჩუნებთ ისტორიულ ძეგლებს? ვაძლიერებთ ჯარს? ვხვეწთ სასწავლო პროგრამებს? ვავითარებთ სოფლის მეურნეობას? ვაგებთ გზებს? ვაშენებთ ხიდებს?

ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი წლიდან წლამდე პირდაპირ ამბობს, მე არ ვემსახურები რუსეთს, მე ვემსახურები პირადად ვლადიმერ პუტინსო. „ქართული ოცნების“ თითოეული წევრიც ამას ამბობს თავისი საქციელით, მე არ ვემსახურები საქართველოს, მე ვემსახურები პირადად იმას, ვისაც საქართველოს გაქრობა გადაუწყვეტიაო.

მაგრამ საქართველოს გაქრობას მარტო 84 ადამიანი კი არ ემხრობა, ან სახელმწიფო აპარატი, რომელიც მოსახლეობის დაშინებაზე, შანტაჟსა და დასახიჩრებაზეა გადასული, არამედ ემხრობი შენც შენი დუმილით.

დიდმა კაცმა დაგვიბარა, რაც მტრობას დაუქცევია, სიყვარულს უშენებიაო, მაგრამ ვიღას სცალია დღეს ლექსებისთვის. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს, უბრალოდ, ასეა. მტრობით და სიძულვილით ნაშენები მე არ ვიცი. შენებას სიყვარული სჭირდება. ბოლო დიდმა პოეტმაც, მთელი ცხოვრება მნათობზე რომ წერდა, თიბათვის მზიდან ჩამავალ მზეთა მგლოვიარებამდე, თუმცა მაინცდამაინც მთვარით დაგვამახსოვრა თავი, იმანაც კი გაგვაფრთხილა, უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზეო.

ისე, ჩრდილის არსებებს არ უყვართ მზე და აშინებთ სიყვარული.

სადაც უნდა გაიხედო, ყველა ხვრელიდან ეს ოხერი სიყვარული მოჟონავს, რაც კი მემკვიდრეობით გვრგებია, ჰოდა, საიდან ჩვენში ამდენი ბოღმა და შხამი? ასე რამ მოგვღუნა და მოგვსპო? რამ ჩაგვილექა ასეთი წყვდიადი გულში და გაგვიცივა სისხლი? ნუთუ სულ აღარ დაგვრჩა სიყვარულისთვის ადგილი? რა აღარ ვნახეთ ამასობაში, სახელმწიფო გადატრიალებიდან სამოქალაქო ომამდე, მაგრამ მსგავსი შუღლი და სიძულვილი ერთმანეთის მიმართ მე არ მახსოვს. რამ ან ვინ გადაგვამტერა ასე?

როგორი მეფოკუსეც უნდა იყო, შეიძლება მთელი ქვეყანაც კი გააქრო, მაგრამ მზეს ვერ ამოიყვან ჩრდილოეთიდან.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG