Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვისთან ჰქონდა კონტაქტი COVID-19-ით დაავადებულ პაციენტს ოკუპირებულ აფხაზეთში


გალის რაიონის სოფელ საბერიოში მცხოვრებ ქალს, რომელიც რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში 29 მარტს დაბრუნდა, მეორე დღეს კი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში აღმოჩნდა და ლაბორატორიულმა კვლევამ კორონავირუსით (COVID-19) დაავადება დაუდასტურა, კონტაქტი ჰქონდა სულ მცირე 30 ადამიანთან. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას აცნობა ინფორმირებულმა წყარომ ოკუპირებული გალის რაიონიდან.

გალელმა ქალმა საბერიოს ამბულატორიას 29 მარტს, გვიან საღამოს მიაკითხა. სწორედ ამის შემდეგ გაატარეს ის დანარჩენ საქართველოსთან დაკეტილ ე.წ. საზღვარზე და ზუგდიდის მიმართულებით გაუშვეს.

წყაროს ინფორმაციით, 29 მარტს დილით, მოსკოვიდან ჯერ სოჭში, შემდეგ კი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასულ ქალს უკვე ჰქონდა მაღალი ტემპერატურა. მას ფსოუს ე.წ. გამშვებ პუნქტთან ორი ნათესავი დახვდა. გზად მოინახულა რამდენიმე ნათესავი და იმყოფებოდა გალის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ დიდ სუპერმარკეტში. „გალში მაღაზიის ქალები ამბობენ, რომ აცემინებდა, ახველებდა, მაგრამ ჩვენ რა ვიცოდით, რა სჭირდაო“, - გვეუბნება გალელი რესპონდენტი, რომლის ვინაობას მისივე თხოვნით არ ვასახელებთ.

რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრია, შემდეგ ოჯახი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში შექმნა, თუმცა, ძირითადად რუსეთში ცხოვრობდა და სავაჭრო საქმიანობით იყო დაკავებული.

30-მდე პირი, ვისთანაც ქალს კონტაქტი ჰქონდა, კარანტინშია. მისი ძმის სახლს აფხაზი სამართალდამცავები იცავენ და გარეთ არავის უშვებენ.

როგორც რადიო თავისუფლებამ გაარკვია, გალელი ქალი, რომელსაც COVID-19 დაუდასტურდა, 29 მარტს, ნათესავის მოსანახულებლად იმყოფებოდა „ენგურჰესშიც“ და ახლომდებარე მაღაზიაში. ჰესის ტექნიკურმა დირექტორმა, გია ხუბუამ გვითხრა, რომ ქალი მათთან რამდენიმე წუთით იმყოფებოდა და კონტაქტი ჰქონდა ერთ პირთან, რომელიც უკვე კარანტინშია, ისევე, როგორც მაღაზიის თანამშრომელი.

„იმ ქალბატონის ძმა არის ჩვენი თანამშრომელი, ერთ-ერთი ცვლის უფროსია. მაგრამ მას დასვენება ჰქონდა და შინ იყო. როცა ეს ქალბატონი მოვიდა, მასთან მივიდა ნათესავი, რომელიც ასევე მუშაობს ჩვენთან. ეტყობა თავის დასახლებაში სიგარეტი ვერ შეიძინა და მის შესაძენად შევიდა აქ, ჩვენთანაც არის პატარა ჯიხური და იქ. ამის შემდეგ წავიდა უკან. სულ ეს იყო კონტაქტი. ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები“, - განაცხადა გია ხუბუამ.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ირწმუნება, რომ დადგენილია ყველა პირი, ვისთანაც კონტაქტი ჰქონდა COVID-19-ით დაავადებულს.

კორონავირუსის გავრცელებასთან საბრძოლველად დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილი ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, რომელსაც 31 მარტს სააგენტო „აფსნიპრესი“ ავრცელებს, გალის რაიონის მცხოვრები 29 მარტს დილით, ავიაკომპანია „ურალის ავიახაზების“ თვითმფრინავით, რეისით U6 407 მოსკოვიდან ჩავიდა სოჭში და ფსოუს გამშვები პუნქტიდან გაემგზავრა გალის რაიონის სოფელ საბერიოში.

შტაბის მტკიცებით, დადგენილია ქალის ხანგრძლივი და მოკლევადიანი შეჩერების ყველა ადგილი - ნათესავების სახლი და მაღაზიები და პირთა წრე, ვისთანაც კონტაქტი ჰქონდა. დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ყველა ეს პირი იზოლაციაშია, დეზინფექცია ჩატარდა ფსოუს და საბერიოს გამშვებ პუნქტებზე და დაიკეტა საბერიოდან გალისკენ მიმავალი გზა.

ამასთან, ე.წ. შტაბმა 30 მარტისგან განსხვავებით, 31 მარტს დაადასტურა, რომ გალის რაიონის მცხოვრებმა ქალმა ე.წ. გამშვები პუნქტი გადაკვეთა სოფელ საბერიოსთან და ზუგდიდის კლინიკაში გადაიყვანეს. ამჟამად პაციენტს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობენ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

XS
SM
MD
LG