Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის ვერ ნახავთ მიტინგებზე


"აგარის" ქარხნის თანამშრომლების საპროტესტო აქცია, თბილისი, 20 აპრილი, 2018 წ.
"აგარის" ქარხნის თანამშრომლების საპროტესტო აქცია, თბილისი, 20 აპრილი, 2018 წ.

საპარლამენტო უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივა მნიშვნელოვნად აფართოებს იმ პირთა წრეს, რომლებსაც აბსოლუტურად ეკრძალებათ მშვიდობიანი შეკრების უფლება. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ცვლილებები აუარესებს უფლების დაცვის კონსტიტუციურ სტანდარტს და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაოდ აღიარებულ საერთაშორისო პრინციპებს.

ჯერ კიდევ მოქმედი კანონებით („მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” და "შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ"), შეკრება-მანიფესტაციებში მონაწილეობა ეკრძალებათ მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსური პოლიციის თანამშრომლებს. ამას ითვალისწინებს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონის მეათე მუხლი, რომლის მიხედვითაც, პირს, რომელიც ჩაირიცხება თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, განწესდება მოსამართლედ, უწყდება პოლიტიკური პარტიის წევრობა და ეზღუდება მშვიდობიანი შეკრების უფლება.

მეტროს მემანქანეების მხარდამჭერთა საპროტესტო აქცია, თბილისი, 22 მაისი, 2018 წ.
მეტროს მემანქანეების მხარდამჭერთა საპროტესტო აქცია, თბილისი, 22 მაისი, 2018 წ.

კანონში შესატანი ცვლილების მიხედვით, „თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს მოსამსახურედ“ ჩაითვლება პირი, რომელიც არის:

ა) პროკურატურის მუშაკი;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე;

გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი;

დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელი;

ე) საქართველოს თავდაცვის ძალების მოსამსახურე;

ვ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურე;

ზ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურე;

თ) საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი;

ი) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური

პენიტენციური სამსახურის მოსამსახურე;

კ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო

დეპარტამენტის თანამშრომელი;

ლ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურე;

მ) საქართველოს გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტის მოსამსახურე.“

სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული განცხადებით, პირთა წრისათვის მშვიდობიანი შეკრების უფლების აბსოლუტური აკრძალვა არაერთხელ გამხდარა საქართველოს სახალხო დამცველისა და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის (ევროპული კომისია სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად) მწვავე კრიტიკის საგანი. კერძოდ, ვენეციის კომისია ამ საკითხს უარყოფითად გამოეხმაურა 2011 წლის მოსაზრებაში, სადაც ის აფასებდა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებებს, დისკრიმინაციის აკრძალვა ვენეციის კომისიის სახელმძღვანელო პრინციპებიდან ერთ-ერთია და ამ პრინციპების მიხედვით, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებით ყველა თანაბრად უნდა სარგებლობდეს.

მეტროს მემანქანეების მხარდამჭერთა საპროტესტო აქცია, თბილისი, 22 მაისი 2018 წ.
მეტროს მემანქანეების მხარდამჭერთა საპროტესტო აქცია, თბილისი, 22 მაისი 2018 წ.

„წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი არა თუ ხელმძღვანელობს ზემოაღნიშნული სტანდარტით, არამედ გვთავაზობს სახელმწიფო ორგანოების ვრცელ ჩამონათვალს, რომლებშიც დასაქმებულ პირებზე ვრცელდება მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვა. მათ შორისაა, მაგალითად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურე, საქართველოს გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტის მოსამსახურე და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურე. ისმის კითხვა, თუ რამდენად გამართლებულია ამ პირთა წრისათვის მშვიდობიანი შეკრების უფლების აბსოლუტური აკრძალვა, იმ პირობებში, როდესაც ცალსახად არ დგინდება მათი უშუალო პასუხისმგებლობა სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე“, - კითხვას სვამს სახალხო დამცველი.

საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთმა ავტორმა სოფიო კილაძემ განაცხადა, რომ ავტორთა მიზანი იყო კანონების ტექნიკურ შესაბამისობაში მოყვანა კონსტიტუციასთან.

„შესაძლებელია, ყველაფერი ისე არ გავაკეთეთ, როგორც უნდა გაგვეკეთებინა. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი სამოქალაქო საზოგადოების, სახალხო დამცველისა და მთელი საზოგადოების ჩართულობა. თუ რამე არგუმენტები არსებობს უკეთესი კანონპროექტის მისაღებად, განვიხილავთ და მივიღებთ. ჩვენ მზად ვართ ღია თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა სოფო კილაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთმა ავტორმა.

ცოტა ხნის წინ მწერლების, მხატვრების, მუსიკოსებისა თუ რეჟისორების ერთი ნაწილის პროტესტი გამოიწვია საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ინიციატივით, შესაძლოა, შევიდეს „კანონში კულტურის შესახებ“.

ეს ცვლილება ამბობს, რომ „დაუშვებელია... შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ის... აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ შუღლს, ქადაგებს ომსა და ძალადობას, პროპაგანდას უწევს პორნოგრაფიას.

ასევე საზოგადოების ნაწილის რისვა დაიმსახურა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, მეტროს თანამშრომელთა პროფესიულ გაერთიანება “ერთობა-2013“-ს, განუსაზღვრელი ვადით შეუზღუდა გაფიცვაში მონაწილეობის მიღების უფლება.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG