Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ იყო გენადი ბესტაევი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმმა ხუთჯერ დააპატიმრა


საოკუპაციო გამყოფი ზოლი სოფელ ერგნეთთან
საოკუპაციო გამყოფი ზოლი სოფელ ერგნეთთან

გარდაიცვალა საოკუპაციო რეჟიმის მიერ რამდენჯერმე უკანონოდ დაკავებული გენადი ბესტაევი. ის ბოლოს თბილისში, პალიატიურ კლინიკა „რედში“ იყო მოთავსებული. ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა.

გენადი ბესტაევი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარში ცხოვრობდა. ის საოკუპაციო ძალების მიერ 5-ჯერ იყო დაკავებული.

2021 წლის 16 ნოემბერს ბესტაევი ცხინვალის ციხიდან თბილისში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. „ცხელი ხაზით“ მიღებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მყოფ ბესტაევს 15 ნოემბერს განუვითარდა ინსულტი, ცხინვალის საავადმყოფოში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. ამის შემდეგ დე ფაქტო ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ის საქართველოს ხელისუფლებისთვის გადმოეცა.

ბესტაევი ჯერ ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაში მოათავსეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩებოდა. პაციენტი მართვით სუნთქვაზე, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მოგვიანებით ის პალიატიურ კლინიკა „რედში“ გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა. გენადი ბესტაევის და, ნაირა გუდაძე ძმის გარდაცვალებაში როგორც დე ფაქტო, ისე საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს. მისი თქმით, გენადის გასათავისუფლებლად საქართველოს ხელისუფლებამ საკმარისი ძალისხმევა არ გამოიჩინა, ხოლო დე ფაქტო ხელისუფლებამ ის მაშინ შეიწყალა, როცა მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა.

გენადი ბესტაევს საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლულად მიიჩნევს „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერი დავით ქაცარავაც. მისი აზრით, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მსგავსად, ბესტაევიც წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია.

გენადი ბესტაევმა და ექიმ-ტრავმატოლოგმა ვაჟა გაფრინდაშვილმა ცხინვალის ციხეში გარკვეული დრო ერთად გაატარეს. ვაჟა გაფრინდაშვილის თქმით, გენადი ბესტაევი ოპტიმისტურად იყო განწყობილი და გათავისუფლებასაც ელოდა, ბესტაევის თბილისში გადმოყვანის შემდეგ გაფრინდაშვილი საავადმყოფოშიც ხშირად მიდიოდა, მისი ინფორმაციით, ინსულტი მეორედაც განვითარდა და გადარჩენის შანსი თითქმის აღარ იყო.

2008 წლის აგვისტოს ომამდე ბესტაევი ოჯახთან ერთად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარში ცხოვრობდა. ომის შემდეგ ოჯახი გაიყო. ცოლ-შვილი ცხინვალში გადავიდა საცხოვრებლად, გენადი კი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩა. მის ეზოში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მავთულხლართები გააბეს. ომის შემდეგ ბესტაევი დასთან, სოფელ მერეთში რჩებოდა ხოლმე, თუმცა რამდენჯერმე სახლში მივიდა და საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ეზოშივე დააკავეს. მას არაერთხელ წაუყენეს ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდება, თუმცა დე ფაქტო ხელისუფლება ჯარიმის გადახდის შემდეგ ათავისუფლებდა. თანხას თანასოფლელები და ნათესავები უგროვებდნენ. 2019 წლის ნოემბერში, სახლში მორიგი მისვლისას, მეხუთედ დააკავეს. მას ე.წ. საზღვრის დარღვევასთან ერთად ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდებაც წაუყენეს. ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ბესტაევს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2 წელი უკვე მოხდილი ჰქონდა და გათავისუფლებაც ახლოს იყო, რადგან ცხინვალის ციხეში გატარებული ერთი დღე პატიმრებს დღე-ნახევრად ეთვლებათ. ბესტაევი ერთ კვირაში უკვე გათავისუფლებას ელოდა, თუმცა ცხინვალიდან რეანიმობილით გამოიყვანეს.

გენადი ბესტაევის დაკრძალვისთვის გარკვეულ ხარჯებს გორის მერია გაიღებს. ამის შესახებ გორის მერის წარმომადგენელმა მერეთის თემში, მერაბ მახარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ბიუჯეტიდან გამოიყოფა თანხები საკაცის შესაძენად. ბესტაევის ცხედარს თბილისიდან სოფელ მერეთში, დის სახლში გადაასვენებენ. მისი სახლი ოკუპაციის მავთულხლართებს შორის არის მოქცეული.

XS
SM
MD
LG