„კავკაზ. რეალიი“ არკვევდა, თუ რამდენად სამართლიანი იყო ეს ბრალდება. ვინ დგას ამ არხის უკან და იყო თუ არა ის ერთადერთი, ვინც ისრაელის წინააღმდეგ გამოსვლისაკენ მოუწოდა.
„დაუპატიჟებელი სტუმრები“
პირველი მოწოდება - დახვედროდნენ ისრაელიდან ჩამოფრენილ თვითმფრინავს - მართლაც „დილა დაღესტნის“ საიტზე გამოჩნდა, 29 ოქტომბერს, 2:47 საათზე. პუბლიკაციის ფოტოვერსიები რედაქციას შენახული აქვს. ჩვენ ასევე გვაქვს ბმულები მსგავს პოსტებზე, რომლებიც ღიად ვრცელდებოდა, თუმცა ეთიკური მოსაზრებების გამო არ ვაქვეყნებთ.
„დილა დაღესტანმა“ მოსახლეობას მოუწოდა, თელ-ავივიდან ჩამოსულ „დაუპატიჟებელ სტუმრებს დახვედროდნენ“ და „თვითმფრინავი უწმინდურებიანად უკან გაებრუნებინათ“. პოსტს ერთვოდა პირადი შეტყობინების ფოტო, რომელშიც უცნობი მოუწოდებდა, „მგზავრებს გარეთ დალოდებოდნენ“ და „დაეჭირათ“.
სწორედ ეს პოსტი მოედო მეორე დღეს დაღესტნის ტელეგრამარხებს. არხი მხოლოდ აეროპორტში წასვლის მოწოდებით არ შემოფარგლულა - „დილა დაღესტანმა“ ასევე გაავრცელა „ინსტრუქცია“, თუ რა უნდა ექნათ თვითმფრინავის დაშვების შემდეგ და როგორ გაერჩიათ „ვინ უბრალოდ ებრაელი იყო“ და ვინ „იუდეველი“.
ამ შეტყობინებას ათასობით ადგილობრივი გამოეხმაურა. 18 საათისკენ მათ მაჰაჩყალის აეროპორტთან შეკრება დაიწყეს. ბევრს პალესტინის დროშა და ანტისემიტური პლაკატები ეჭირა. აქციის დაწყების შემდეგ, 20:18 წუთზე „დილა დაღესტანმა“ პროტესტის მონაწილეებს აეროპორტის ბლოკირებისკენ მოუწოდა, რომ: „შეუმოწმებისლად ერთი მანქანაც არ გასულიყო“.
როდესაც აქციის მონაწილეები ასაფრენ ბილიკზე შეიჭრნენ, არხის ადმინისტრატორმა განაცხადა, რომ „ეს უკვე ზედმეტი იყო“. მან ხალხს მოუწოდა „მანქანების შემოწმებას მიბრუნებოდნენ“. თუმცა, აქციის მონაწილეები თვითმფრინავის შესამოწმებლად გაცვივდნენ.
აეროპორტში მომხდარ შემთხვევამდე „დილა დაღესტანი“ ისრაელის საწინააღმდეგო სხვა აქციებზეც წერდა. 28 ოქტომბრის საღამოს ჰასავიურტში, სასტუმრო „ფლამინგოს“ წინ სტიქიური მიტინგი გაიმართა. ამბობდნენ, რომ სასტუმროში შესახლდა ხალხი, რომლებიც გარეგნულად ებრაელებს ჰგავდნენ. აქციის მონაწილეებმა სასტუმროს ქვები დაუშინეს, შემდეგ კი შენობა შეამოწმეს. ისრაელის მოქალაქეები მათ იქ ვერ იპოვეს. ამის პასუხად ტელეგრამარხის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს“, მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, რომ „იუდეველებს ახლა ეშინიათ“. ხელმომწერებს მოუწოდეს, მეორე დღეს „დერბენტის ყველა სასტუმრო შეემოწმებინათ“ - ეს პოსტი გამოქვეყნებულია 29 ოქტომბერს, 4:23 საათზე.
დაღესტნის სახელმწიფო მეთაურის სერგეი მელიკოვის თქმით, ანტისემიტური დარბევა აეროპორტში „პროუკრაინულმა ტელეგრამარხმა“ დააორგანიზა. იგივე გაიმეორა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, პროტესტი მეტწილად უკრაინის ტერიტორიიდან არის ინსპირირებული, დასავლეთის აგენტურის გამოისობითო.
„პირველი განყოფილების“ უფროსმა დმიტრი ზაირ-ბეკმა შენიშნა, რომ რუსეთის დუმის ყოფილმა დეპუტატმა ილია პონომარევმა მაისში განაცხადა, „დილა დაღესტანს“ ვაფინანსებო. პონომარევი 2016 წლიდან უკრაინაში ცხოვრობს. აგვისტოში უკრაინულ არხზე („FreeДОМ“) ყოფილმა დეპუტატმა „დილა დაღესტანი“ მოიხსენია, როგორც „ჩვენი არხი“.
მაგრამ აეროპორტის დარბევის შემდეგ პონომარევმა თქვა, რომ 2022 წლის შემოდგომაზე არხის მესვეურები „თავისუფალ ცურვაში გავიდნენ“ და მათზე გავლენა აღარ ჰქონდა. მისი თქმით, არხის შესაქმნელად მას მიმართა „ისლამისტების ჯგუფმა დაღესტნიდან“, რომლებიც ომისა და მობილიზაციის წინააღმდეგ დაფინანსებას, საორგანიზაციო დახმარებას ითხოვდნენ.
„კავკაზ.რეალიისთან“ პონომარევმა განმარტა, რომ „საერთოდ არ არის მზად“ ეთანამშრომლოს ძალებს, რომლებიც ეთნიკურ სიძულვილს გამოხატავენ, ისიც საერთაშორისო მასშტაბით. მისი თქმით, პროექტი შეიქმნა კონკრეტულ თემაზე სამუშაოდ - უკრაინასთან ომისა და დაღესტანში მობილიზაციის წინააღმდეგ პროტესტზე. ამ სამუშაოს შედეგად ის ასახელებს საპროტესტო აქციებს, რომლებმაც თითქოსდა „დაღესტანში მობილიზაცია შეაჩერეს“. თუმცა, გამოცემა „მნიშვნელოვანი ისტორიების“ მონაცემებით, დაღესტანში სამხედრო სამსახურში გასვლის ვალდებულების მქონე ადამიანების 2.6 პროცენტი გაიწვიეს ომში. ეს კი იმაზე 2.5-ჯერ უფრო მეტია, რასაც რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ჰპირდებოდათ.
„ადამიანებს [რომლებიც „დილა დაღესტანს“ ხელმძღვანელობენ] ვიცნობ, ისინი თუ რადიკალური ისლამის მიმდევრები იყვნენ, არ ვიცოდი. რუსული ოპოზიციის ბევრი წარმომადგენლისგან განსხვავებით, ვერაფერ სამარცხვინოს ვერ ვხედავ იმაში, რომ ისლამისტურ დაჯგუფებებთან კავშირი მქონდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ ისრაელის შესახებ საკითხებს არ განვიხილავდით. ეს არ იყო აქტუალური პრობლემა. ათიოდე დღის წინ, გამომიგზავნეს, თუ რამდენად ხისტად საუბრობდნენ არხზე. მივწერე, რომ რბილად რომ ვთქვათ, ზედმეტი მოსდიოდათ, მათთვის ეს სასარგებლო არ იყო და რაღაც საკითხები ერთმანეთისგან უნდა გაერჩიათ“, - აღნიშნავს პონომარევი.
პონომარევის ტელეგრამარხების ერთ-ერთი თანამშრომელი ამბობს, რომ ბოლო დროს, ყოფილი დეპუტატი მართლაც აღარ აკონტროლებდა „დილა დაღესტანს“:
„რამდენიმე თვის განმავლობაში პონომარევი ნორმალურად აფინანსებდა ტელეგრამარხების მედიაჰოლდინგს. ფულს სხვადასხვა ადამიანისგან იღებდა, უცხოეთიდან. ზუსტად ვისგან, ამის თქმა არ შემიძლია. თუმცა, მათ შორის ებრაული წარმოშობის ბიზნესმენებიც იყვნენ. შემდეგ საქმიანობა შეფერხდა, ბევრმა სამსახური დატოვა, ბევრი შეამცირეს. ზოგ არხს უთხრეს, რომ შეეძლოთ „თავისუფალ ცურვაში წასულიყვნენ“ და თან ბრენდის სახელი „დილა“ შეენარჩუნებინათ. „დაღესტნის დილის“ მეპატრონეებიც ასე მოიქცნენ. შემდეგ მას „დილა დაღესტანი“ ეწოდა“.
რესპონდენტმა „კავკაზ. რეალიისთან“ საუბარში დაადასტურა, რომ თავდაპირველად არხის ხელმძღვანელი იყო აბაქარ აბაქაროვი, თანადამფუძნებელი მოძრაობისა „კავკასიის ხალხების რუსული კონგრესი“.
სხვა წყაროს ცნობით, რომელიც ასევე პონომარევის პროექტების ყოფილი თანამშრომელია, - აბაქაროვი არხის პოლიტიკას მართავდა. სად იმყოფებოდა, ამის თქმა წყარომ ვერ შეძლო: „პოლონეთში თუ თურქეთში“. გამომცემლობა „მედუზამ“, პონომარევის მედიარესურსების ყოფილ მთავარ რედაქტორზე ფეოდორ კლიმენკოზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ „დილა დაღესტნის“ რედაქცია სტამბოლში მდებარეობს. ეს ინფორმაცია სხვაგვარად ვერ დასტურდება.
პირველი რესპონდენტი ირწმუნება, რომ ახლა პონომარევის გუნდში გრანდიოზული სკანდალია. „სკანდალი იმის გამო, რომ „დილა დაღესტანმა“ ამ აქციებს საინფორმაციო მხარდაჭერა გაუწია. გამოდის, რომ პონომარევი აფინანსებდა ხალხს, რომელთა შეხედულებებსაც სხვები არ იზიარებდნენ. თუმცა, ისიც მართალია, რომ მთელი წელია, მას ამ არხზე კონტროლი აღარ აქვს“.
მაგრამ რატომ საუბრობდა პონომარევი აგვისტოში იმაზე, რომ არხს თითქოსდა აკონტროლებს?
„ილიას სურს ხოლმე, იმაზე გავლენიანი გამოჩნდეს, ვიდრე სინამდვილეშია. იმედოვნებდა, რომ ფულს იშოვიდა და ხალხი, არხიანად დაბრუნდებოდა“, - თქვა ექსდეპუტატის გუნდის ერთ-ერთმა წევრმა.
არხი „დილა დაღესტანი“ ერთადერთი არ იყო, რომელიც ანტისემიტური გამოსვლებისკენ მოუწოდებდა. ამასთან, აგრესიული პუბლიკაციები არხზე ინტერნეტში მანამდე გავცელებულ შეყობინებებზე რეაქციადაც შეიძლება შევაფასოთ.
ჯერ კიდევ 27 ოქტომბრის საღამოს, ტელეგრამჩატის „ЧП Кавказ“ წევრები წერდნენ, რომ ისრაელიდან დაღესტანში კვირაში სამჯერ პირდაპირი რეისებია. 28 ოქტომბერს უკვე რამდენიმე ინგუშურმა არხმა დაწერა, რომ „ისრაელიდან ხალხი მასობრივად გამორბის“. ამასთან, ამ ინფორმაციის ტექსტი იდენტური იყო, ინფორმაცია მოწოდებული იყო, როგორც უტყუარი, კატარის ტელეარხ „ალ-ჯაზირაზე“ დაყრდნობით დაწერილი.
„კავკაზ.რეალიის“ კორესპონდენტმა გამოცემის საიტზე მსგავსი ინფორმაცია ვერ მოიძია. მაჰაჩყალის აეროპორტის დარბევის შესახებ ტელეარხმა მხოლოდ დარბევის დაწყების შემდეგ გადასცა.
აეროპორტში მომხდარ ამბამდე რამდენიმე კვირით ადრე, ავიაკომპანია „Red Wings“-მა მართლაც დაამატა სპეცრეისები ისრაელიდან რუსეთის მოქალაქეების ჩამოსაყვანად. ისინი თელ-ავივიდან მოსკოვში უნდა გაფრენილიყვნენ, მაჰაჩყალაში გადაჯდომით. მაგრამ ეს შეთავაზება მხოლოდ ხუთ დღეს მოქმედებდა, 11-16 ოქტომბერს და რეგულარული რეისებისგან მხოლოდ მაღალი ფასებით გამოირჩეოდა, რადგან ისრაელში თვითმფრინვი მგზავრების გარეშე მიფრინავდა.
რამდენიმე დაღესტნურმა ტელეგრამარხმა ყურადღება მიაქცია პირველ „სპეცრეისს“, მგზავრებს „ისრაელიდან ლტოლვილებს“ უწოდებდნენ. ამ რეისის შესახებ ინფორმაცია 11 ოქტომბერს, თვითმფრინავის დაშვებამდე ოთხი საათით ადრე „დაღესტნის ეხომ“ გაავრცელა. მეორე დილას ამავე არხზე გამოჩნდა ფოტო, რომელზეც ათობით ახალგაზრდა მამაკაცი იყო ასახული, ისინი აეროპორტის შესასვლელთან პალესტინის დროშით იდგნენ.
მაშინ ამას არეულობა არ მოჰყოლია, თუმცა, როგორც ჩანს, სწორედ სპეცრეისებზე გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ გამოჩნდა ასეთი მოწოდებები: „დავხვდეთ ლტოლვილებს აეროპორტში და გავაპანღუროთ“. თანაც, 29 ოქტომბერს მოსალოდნელი აქციის შესახებ არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ ფედერალური მედიაც წერდა.
კვირის რეისიც ტრანზიტული იყო, თელ-ავივიდან მოსკოვში მიდიოდა. მაჰაჩყალის აეროპორტში მხოლოდ ცოტა ხნით უნდა დაყოვნებულიყო. პარტია „იაბლოკოს“ ხელმძღვანელი დაღესტანში, ალბერტ ესედოვი იხსენებს, რომ: „მართალია, აეროკომპანიაც და აეროპორტიც იტყობინებოდა, რომ ეს მხოლოდ ტრანზიტული რეისია, საიდანღაც გაჩნდა ინფორმაცია, რომ ესენი არიან ლტოლვილები, რომლებიც ებრაელთა განსახლების რაღაც პროგრამაში მონაწილეობენ. ვიღაცამ ეს თემა „ჩაუშვა“. მანამდე ჰასავიურტის სასტუმროში რომ ებრაელებს ეძებდნენ, ესეც მსგავს ხმებს უკავშირდებოდა“.
ანთროპოლოგმა ალექსანდრა არხიპოვამ აეროპორტის დარბევას „მორალური პანიკისა“ და „უცხოს შიშის“ მაგალითი უწოდა. მან აღნიშნა, რომ 10 ოქტომბრის შემდეგ მთელ რუსეთში ვრცელდებოდა ხმები საიდუმლო თვითმფრინავებზე, რომლებსაც ლტოლვილები ჩამოჰყავდათ. მაჰაჩყალაში მომხდარი მან ახსნა, როგორც „ბუნტი კონსპიროლოგიური პანიკის საფუძველზე“, რაც ჩრდილოეთ კავკასიისათვის დამახასიათებელია. მანამდე ჩრდილოკავკასიელები 5G ანტენებისა და QR-კოდების წინააღმდეგ გამოდიოდნენ.
„მიზეზები უფრო ღრმაა“
ალექსანდრ ვერხოვსკი, ექსპერტი ექსტრემიზმის საკითხებში, „კავკაზ.რეალიისთან“ საუბარში ამბობს, რომ „დილა დაღესტნის“ შემქმნელები რუსი სამართალდამცველებისთვის ხელმისაწვდომები რომ ყოფილიყვნენ, მათ აუცილებლად დააკავებდნენ.
სამთავრობო მედია ჯერ კიდევ 2022 წლის სექტემბერში წერდა, რომ ამ არხთან დაკავშირებული პირები თითქოსდა დააკავეს. მაშინ სახელმწიფო ტელე-რადიოარხმა „დაღესტანმა“ გამოაქვეყნა რამდენიმე ვიდეოჩანაწერი, რომლებზეც ხალხი ნიღბებითა და მუნდირებით (წარწერით „უსაფრთხოების ფედერალური სამსახური“ და „Z“) გამორბიან „გაზელიდან“ და შვიდ კაცს აკავებენ. ძალოვანებზე დაყრდნობით, გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისინი მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციების წამქეზებლები იყვნენ. მაშინ „დილა დაღესტნის“ ადმინისტრატორებმა ეს ინფორმაცია უარყვეს.
16 სექტემბერს ძალოვანებთან დაახლოებულმა ტელეგრამარხმა „SHOT“ დაწერა, რომ დაღესტანში ვინმე ისლამ მუსაგაჯიევი დააკავეს. მას სახლში თითქოს 11 მოლოტოვის კოქტეილი ჰქონდა, ასევე კამუფლაჟის ტანსაცმელი და ფურცლები, ტექსტით, რომელიც რუსეთიდან კავკასიის გამოყოფისკენ მოუწოდებდა. ის თითქოს ჰაკერული შეტევის დროს გაშიფრეს. 6 ოქტომბერს მუსაგაჯიევი დააპატიმრეს ბრალდებით „საჯარო მოწოდება სახელმწიფო უსაფრთოების წინააღმდეგ საქმიანობისკენ“. არხის ფუნქციონირებაზე მის დაპატიმრებას გავლენა არ მოუხდენია.
ალექსანდრ ვერხოვსკის ეჭვი ეპარება იმაში, რომ აეროპორტის დარბევისკენ მოწოდება ერთი კონსპირაციული ცენტრიდან მოდიოდა. მისი აზრით, ინფორმაცია „ჰორიზონტალურად“ ვრცელდებოდა: პროტესტისკენ მოუწოდეს ქვეყნის იმ მცხოვრებლებმა, რომლებიც რადიკალური შეხედულებებით გამოირჩევიან.
იმავე აზრზეა სარქის დარბინიანი, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „როსკომსვობოდას“ წარმომადგენელი.
„ეს იგივე ტალღაა, რომელმაც ჰიტლერი წარმოშვა: როდესაც არსებობს ანტისემიტური განწყობა, და ის რომ არის, ამას მომხდარიც ცხადყოფს, - ყოველთვის შეიძლება დაარბიონ. ვერსია, რომ კონკრეტული არხი არის დამნაშავე, ჩემთან ახლოს არაა. იქ უფრო ღრმა მიზეზებია“.
მისი თქმით, ანტისემიტური დარბევების განმეორების ალბათობა მით უფრო მეტია, რაც უფრო გულგრილები იქნებიან უფლებადამცველი ორგანოები: „აეროპორტში ნავალნის მომხრეები რომ ყოფილიყვნენ, ასაფრენ ზოლამდეც ვერ მოასწრებდნენ მირბენას“, - ამბობს დარბინიანი.
თათრეთის მუფტმა კამილ სამიგულიანმა მთავრობას მოუწოდა, ანტისემიტური აქციის მონაწილეების მიმართ ლმობიერება გამოეჩინა. მომხდარს მან უწოდა „პროვოკაცია დასავლური სპეცსამსახურებისგან, რომლებიც მორწმუნეების გრძნობებზე თამაშობენ“. მანამდე „გარედან ჩარევის შესახებ“ ილაპარაკეს ვლადიმირ პუტინმა, დაღესტნის სახელმწიფოს მეთაურმა სერგეი მელიკოვმა და კიდევ სხვა პროპაგანდისტებმა.