Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციები


ცნობილია ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნა „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევისთვის გამიზნულ კანონპროექტზე კომისია შემდეგ ძირითად რეკომენდაციებს იძლევა:

1. კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებში გათვალისწინებული უნდა იყოს: უფრო მაღალი ასაკობრივი ზღვარი, კანდიდატის გამოცდილება, ასევე მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, დამოუკიდებლობა და მრავალმხრივობა;

2. უნდა გადაიხედოს მოთხოვნა, რომ არამოსამართლე კანდიდატებმა ჩააბარონ იურიდიული კვალიფიკაციის გამოცდები. უზენაესი სასამართლოს არამოსამართლე კანდიდატები შეიძლება იყვნენ მხოლოდ „სამართლის სფეროში გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები“. ასეთი კვალიფიკაციის მქონე პირებს არ უნდა დაევალოთ გამოცდის ჩაბარება იმის დასამტკიცებლად, რომ შესწევთ უნარი იმუშაონ.

3. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაუქმდეს ფარული კენჭისყრები; კანდიდატებთან დაკავშირებული ინფორმაცია უნდა გახდეს საჯარო და პროცედურა დაეფუძნოს ობიექტურ კრიტერიუმებს, რომლებითაც ფასდება თითოეული კანდიდატი, რათა შეირჩეს იმ კანდიდატთა ჯგუფი, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ კრიტერიუმებს.

ამ ჯგუფში კანდიდატების რიგი დადგინდეს იმ ქულების მიხედვით, რომლებიც შეფასების პროცესში მიიღეს. ამგვარად შესაძლებელი გახდება, რომ პარლამენტს წარედგინოს საუკეთესო კანდიდატთა სია.

4. კანდიდატების შერჩევა და გამორიცხვა უნდა მოხდეს გონივრულ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობითა და იურიდიული გასაჩივრების შესაძლებლობით;

5. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია, არ უნდა მონაწილეობდეს არცერთ პროცედურაში, რომელიც დაკავშირებულია ამ კანდიდატების შერჩევასა და წარდგენასთან.

სხვა რეკომენდაციები:

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის დანიშვნის პროცედურა უნდა დაიწყოს მოსამართლის ვადის ამოწურვამდე, რათა უზენაეს სასამართლოს არ დააკლდეს მოსამართლეები;

საჭიროა ჩიხური მდგომარეობის თავიდან ასაცილებელი მექანიზმი ისეთი სიტუაციებისთვის, თუკი კანდიდატები მიიღებენ საჭირო რაოდენობის ხმებს კენჭისყრის მეორე რაუნდში გასასვლელად, მაგრამ ვერ მოაგროვებენ საჭირო ხმების 2/3-ს, თუკი ასეთი მოთხოვნა შენარჩუნდება.

XS
SM
MD
LG