Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ეს სიგიჟეა" - დევნილი, გაქცეული და გამქრალი „უცხოეთის აგენტები"


რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილმა კანონმა "უცხოელი აგენტების" სტატუსის შესახებ, რუსეთში უამრავი ადამიანის ცხოვრება ამოაყირავა - ჟურნალისტები, აქტივისტები, უფლებების დამცველები, მწერლები, პოლიტოლოგები, მსახიობები, მომღერლები, მხატვრები - ყველა, ვინც პუტინის რეჟიმს ღიად უპირისპირდებოდა, უცხოური აგენტების რეესტრში აღმოჩნდა. ამ სიაში მოხვედრა არ ამოწურულა რეჟიმისთვის მხოლოდ ფინანსური ანგარიშის ჩაბარებით ან თავის წარდგენისას „ინოაგენტის“ მიწერით. რუსეთში ამ სტატუსის მინიჭების შემდეგ ორგანიზაციები გააუქმეს, ადამიანები ქვეყნიდან გაიქცნენ, მწერლებს აეკრძალათ გამოსვლები, მსახიობები სპექტაკლებიდან მოხსნეს, სიმღერები აკრძალეს, ცალკეული მედიები დაბლოკეს და ა.შ. ეს არ არის სრული ჩამონათვალი.

აი, რამდენიმე მაგალითი იმისა, თუ რა ბედი ეწიათ უცხოეთის აგენტებს.

ლიკვიდირებული „მემორიალი“

ადამიანის უფლებების დამცველი ავტორიტეტული ორგანიზაციები „მემორიალი“ და „საერთაშორისო მემორიალი“ რუსეთში ჯერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი, 2022 წლის დეკემბრის ბოლოს, რუსეთის ფედერაციის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, გააუქმეს.

სწორედ ამ კანონის გამოყენებით, რუსეთში დახურეს ორგანიზაცია, რომელიც წლების განმავლობაში აცოცხლებდა საბჭოთა ეპოქის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნას და რეპრესირებულთა შესახებ ინფორმაციის შეგროვების პარალელურად, იცავდა ადამიანის უფლებებს. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ აცხადებდა, რომ იპოვიდა ლეგალურ გზებს მუშაობის გასაგრძელებლად. თუ დღეს მათ საიტზე შეიხედავთ, დაგხვდებათ წარწერა, რომ ორგანიზაცია გაუქმებულია.

თვალთვალი „ბიბისის“ ჟურნალისტზე

უცხო ქვეყნის აგენტად ცნეს „ბიბისის“ კორესპონდენტი ანდრეი ზახაროვი. ამ ვიდეოში ის და მისი რესპონდენტები ჰყვებიან, რას ნიშნავს უცხოეთის ქვეყნის აგენტობა - როგორ უნდა აბარო გამუდმებით ფინანსური ანგარიშები, როგორ უნდა ახლდეს შენს ყველა პოსტს სპეციალური განმარტება, ვინ ხარ და ყველა შენ მიერ გავრცელებულ მასალას ეს ტექსტი ეწეროს:

„ეს ინფორმაცია, მასალა, შექმნილი და გავრცელებულია უცხოური მასმედიის მიერ, რომელიც უცხოეთის ქვეყნის აგენტის ფუქციას ასრულებს ან/და რუსეთის იურიდიული პირის მიერ, რომელიც უცხოური ქვეყნის აგენტის ფუნქციას ასრულებს“.

ანდრეი ზახაროვი
ანდრეი ზახაროვი

როცა ანდრეი მიხვდა, რომ მოსკოვში მას მუდმივად უთვალთვალებდნენ, იძულებული გახდა რუსეთიდან დიდ ბრიტანეთში გადახვეწილიყო.

დაგეგმილი ინტერვიუები მან ლონდონიდან ჩაწერა. მისი კოლეგები ამბობენ, რომ „აგენტის სტატუსის“ ტარება იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინათ. ანდრეი ზახაროვის ყველა რესპონდენტს რეგალიაში უწერია: ჟურნალისტი, უცხოეთის ქვეყნის აგენტი.

ერთ-ერთი მათგანი, ოლგა ჩურაკოვა ანდრეის უყვება, როგორ დაპოსტა აგენტების რეესტრში შეყვანილმა მისმა მეგობარმა რაღაც მინიშნების გარეშე: „რომ დავინახე, გული გამისკდა, მაშინვე მივწერე, რომ „დისქლეიმერი“ აკლდა და მიეწერა“.

მეორე რესპონდენტი, ასევე ჟურნალისტი, ეკატერინა კლეპიკოვსკაია კი ანდრეის უჩვენებს გადახდის ქვითრებით სავსე ყუთს, რომ შემდგომ ეს ქვითრები შესაბამის უწყებაში წარადგინოს.

„დავუშვათ, ქათამი ვიყიდე, ან ტრუსები, ან ექიმთან წავედი და გადავიხადე - ეს ყველაფერი უნდა აღვნუსხო, სიგიჟეა“, - ამბობს პოეტი და ჟურნალისტი, ტატიანა ვოლტსკაია, რომელსაც, მას მერე, რაც ისიც აღმოჩნდა უცხოური აგენტების რეესტრში, უარი უთხრეს პოეზიის საღამოზე გამოსვლაზე, რომელიც ერთ-ერთ სახელმწიფო დაწესებულებაში უნდა გამართულიყო.

„ექსტრემისტული“ სიმღერა

2022 წლის ოქტომბერში უცხოეთის აგენტად გამოაცხადეს ცნობილი რუსი რეპერი ოქსიმირონიც (მირონ ფედოროვი).

ცოტა ხნით ადრე, ამავე წლის ზაფხულში, მოსკოვის პროკურატურამ მოითხოვა რეპერის ერთ-ერთი ცნობილი სიმღერის „ბოლო ზარის“ ექსტრემისტულად აღიარება.

რეპერი ოქსიმორონი
რეპერი ოქსიმორონი

პროკურატურა წერდა, რომ ეს სიმღერა „ძალადობრივ ქმედებებს საჯაროდ ამართლებდა“ და „ძალადობის იდეოლოგიის“ შემცველი იყო.

ოქსიმირონი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რუსული რეპერია, რომელიც ღიად ეწინააღმდეგებოდა უკრაინაში შეჭრას.

ომის დაწყების შემდეგ მან რუსეთი დატოვა.

"ძებნილი" დმიტრი გლოხოვსკი

2022 წელს რუსეთის მთავრობამ უცხოურ აგენტად აღიარა ცნობილი მწერალი, ტრილოგია „მეტროს“ ავტორი დმიტრი გლუხოვსკი.

ამავე წლის ზაფხულში, დმიტრი გლუხოვსკის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე "რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციისთვის" (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 207.3 მუხლის მე-2 ნაწილი) - სასამართლოს პრესსამსახური აცხადებდა, რომ ის დაუსწრებლად დააკავეს რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების მუხლით.

დმიტრი გლუხოვსკი
დმიტრი გლუხოვსკი

რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გლუხოვსკი ძებნილთა ფედერალურ სიაშიც კი შეიყვანა.

ომის დაწყების შემდეგ დმიტრი გლუხოვსკი ხშირად გამოდიოდა საჯაროდ უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ.

„თავისუფლების აღკვეთა“ - შენდეროვიჩის წასვლა

რუსეთის დატოვება ერთდერთი გამოსავალი აღმოჩნდა მწერალ ვიქტორ შენდეროვიჩისთვისაც. რუსეთის ხელისუფლებამ ისიც „უცხოეთის აგენტად“ აღიარა. შენდეროვიჩმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ რუსეთს ტოვებდა. მის პოსტს ერქვა "თავისუფლების აღკვეთა". ის თავის წასვლას იძულებითს უწოდებდა და ამას პუტინის ოლიგარქის, ევგენი პრიგოჟინის დევნით ხსნიდა.

ვიქტორ შენდეროვიჩი
ვიქტორ შენდეროვიჩი

24 დეკემბერს სანქტ-პეტერბურგის სასამართლომ შენდეროვიჩს 100 000 რუბლის გადახდა დააკისრა ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინის სასარგებლოდ, რადიოსადგურ „ეხო მოსკვიში“ მისი მისამართით გამოთქმული ბრალდებების გამო. სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია ევგენი პრიგოჟინის შესახებ შენდეროვიჩის მიერ მოტანილი ცნობები და დაავალდებულა მოპასუხე მხარე, რომ უარეყო საკუთარი სიტყვები. შენდეროვიჩმა ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ ბიზნესმენს პირდაპირ ეთერში „სისხლის სამართლის დამნაშავე“ და „მკვლელი“ უწოდა.

ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია. "უცხოეთის აგენტებად" გამოცხადებული ადამიანების ამბების მოყოლა უსასრულოდ შეიძლება. აგენტების რეესტრს კი რუსეთში ახალი სახელები და გვარები გამუდმებით ემატება.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG